გასულ კვირას მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიხეილ სააკაშვილი ღამის კლუბს ესტუმრა. ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა _ პერანგი არ შემოუხევია, საფერფლეები არ უტყორცნია და არც მოცეკვავე გოგონებს დასხმია თავს. კი, ბატონო, ქანაობდა, მთლად გამართულად ვერ მეტყველებდა და უცნაური ჟესტიკულაციით დამსწრე ახალგაზრდებს ახალისებდა, მაგრამ ისეთ ეპიკურ სირცხვილს და თავის მოჭრას, როგორც თავის დროზე მახათას მთაზე, ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.
სააკაშვილს, პრინციპში, არაფერი დაუშავებია. ის, უბრალოდ, მივიდა იქ, სადაც მოლდოველმა მასპინძლებმა დაპატიჟეს და შეეცადა, შეძლებისდაგვარად გამართულად ევროინტეგრაციაზე ორიოდე სიტყვა ეთქვა. სივრცე, რომელსაც მოლდოვური მედია მოიხსენიებს, როგორც «ელიტურ ღამის კლუბს», ძლიერ მოაგონებდა 80-იანების პროვინციულ დისკოტეკას, რომელიც სადღესასწაულოდ საჰაერო ბუშტებით მორთეს, იქ შეკრებილი ახალგაზრდები კი მოლდოვას ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტები იყვნენ. ასე იყო თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი თავისთვის კომფორტულ გარემოში მოხვდა და ეს წერილი ეხება არა მხოლოდ და არა იმდენად მას, რამდენადაც სრულიად პოლიტიკური ელიტის გემოვნებას, ღირებულებებსა და ფარულ ვნებებს.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვხედავთ საგაზეთო სათაურის ნაწილს «მიხეილ სააკაშვილმა მილანში...». უმრავლესობა, ძალიან დიდი ალბათობით, იფიქრებს, რომ გაგრძელებაა «მაღაზიები მოიარა» (როგორც ეს რეალურად 2012-ში მოხდა) ან კიდევ «დებოში მოაწყო» (რაც, მედიის ცნობით, არაერთგზის და არაერთგან მომხდარა), მაგრამ არავის აზრადაც არ მოუვა, რომ მთლიანი სათაური ასე გამოიყურება «მიხეილ სააკაშვილმა მილანში უმბერტო ეკო მოინახულა» ან კიდევ «ლეონარდოს ხელნაწერები დაათვალიერა»; ყოველივე ეს მისგან და ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისგან ძალზე შორსაა.
მრავალწლიანი დაკვირვება ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე ცხადყოფს, რომ მისი წარმომადგენლების უმრავლესობისთვის სიამოვნებათა პირამიდის მწვერვალზე ნარკოტიკები, ალკოჰოლი, გულისამრევი სექსუალური თავაშვებულობა და მოოქროვილი აქსესუარების ფლობის სურვილია. მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკაში ყოფნა, სხვა ყველაფერთან ერთად, ძირითადი და სათადარიგო ინსტინქტების მოთოკვასაც გულისხმობს, მხოლოდ ერთეულები იზიარებენ, დანარჩენები კი განიხილავენ მას, როგორც სრული დაკმაყოფილების საშუალებას.
ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ისაა, რომ ფინანსური საშუალებები მათ შესაძლებლობას აძლევს, ვნებები ზედმეტი ხმაურის გარეშე დაიკმაყოფილონ (თუ ვერ უმკლავდებიან). მაგრამ ისინი ამას საკმაოდ ხშირად ისე აკეთებენ, რომ დილით მთელმა თბილისმა იცის, «ვინ, რა, ვისთან და როგორ». ისინი იქცეოდნენ ასე იმ პირობებშიც კი, როდესაც ცხადი იყო, რომ სააკაშვილის პოლიცია პოლიტიკოსებზე კომპრომატს აგროვებდა, თითქოსდა, რაღაც მომენტში, საღი აზროვნების უნარს კარგავდნენ ან კიდევ, თვითდამკვიდრების წყურვილი უბიძგებდათ, მოქმედება, ნაწილობრივ მაინც, საჯარო გაეხადათ.
დიდი პოლიტიკა და სტრატეგიული დაგეგმარება ისეთ სულიერ აღმაფრენას უკავშირდება, რომელსაც ვერც ერთი ნარკოტიკული საშუალება ვერ გამოიწვევს. თუმცა იმისათვის, რომ ამ ინტელექტუალური თამაშებისგან სიამოვნება მიიღოს, პიროვნება განვითარების ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე ის პოლიტიკოსები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ. მათთვის პოლიტიკისგან მიღებული სიამოვნება, როგორც წესი, ბავშვობიდან მომავალ კომპლექსებს და ადამიანების დაუსჯელი ჩაგვრის წყურვილს უკავშირდება, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო წლებში ქართული პოლიტიკა სადომაზოხისტურ ბორდელს დაამსგავსა.
უცხო სახელმწიფოებს ხელს აძლევთ, რომ ქართული პოლიტიკური ოლიმპოს მწვერვალზე მოხვდეს რაც შეიძლება ნაკლები მოაზროვნე, დაღვინებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გაკონტროლება შეუძლია. გაუნათლებელი, სექსზე კონცენტრირებული, პრინციპების არმქონე ლოთებისა და ნარკომანების მართვა გაცილებით იოლია. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოსნაირ სუსტ ქვეყნებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მეტ-ნაკლებად ჯანსაღი პოლიტიკური ელიტა ჰყავდეთ და უცხო ძალების უნებისყოფო, კოკაინით გაბრუებული მარიონეტებით უნდა დაკმაყოფილდნენ. გონიერმა, კარგი გაგებით, «არასტანდარტულმა» ადამიანმა პატარა ქვეყნიდან, რომელსაც პლატონის გადაკითხვა უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე მოოქროვილი «როლექსი» ან მთვრალი მეძავი პლასტმასის პალმის ქვეშ, ზესახელმწიფოების ინტერესებს შეიძლება უფრო დიდი საფრთხე შეუქმნას, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს მართლაც ასეა და ამას, ალბათ, არ უნდა შევეგუოთ.
ცხადია, ოცნებები იდეალურ რესპუბლიკაზე, რომელსაც სუპერზნეობრივი ფილოსოფოსები მართავენ, არაფერს გვარგებს, მსგავსი ექსპრიმენტები ძალიან ცუდად სრულდება, მაგრამ, თუ პოლიტიკოსი ღორივით იქცევა, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას, რადგან ის, საბოლოო ჯამში, პრობლემას ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის. მართალია, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ვერიდებით და ჩვენთან ვერასოდეს დამკვიდრდება პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამერიკული ან ირანული ტიპის კონტროლი, მაგრამ გარკვეული ზღვარის გავლება, ალბათ, მაინც აუცილებელია.
მთავარი პრობლემა კი გაცილებით სერიოზულია. სააკაშვილის მმართველობის წლებში სიტყვა «წარმატება» მოქმედების შემდეგ ალგორითმს დაუკავშირდა _ მოიხვეჭე რაც შეიძლება მეტი და დაუყოვნებლივ დაიკმაყოფილე ყველა სურვილი, რომელიც გაგიჩნდება, თანაც ნებისმიერ ფასად, თუნდაც სხვა ადამიანის გაუბედურების ხარჯზე. ვიდრე პოლიტიკურ ელიტაში და საზოგადოების დიდ ნაწილში მსგავსი მიდგომა დომინირებს, საქართველო ვერასოდეს მოიგებს ომს, მუდამ გაჭირვებული და დამცირებული იქნება.
საინტერესოა, რომ ბოლო დროს დახასიათება «პატიოსანი» ან კიდევ «მშრომელი», როგორც წესი, ირონიულ დატვირთვას ატარებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ასე არ არის, თანამოსაუბრეებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ამ ქვეყანაში კიდევ დარჩა ვინმე მშრომელი და პატიოსანი, სადღაც იქ, საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაზე, სადაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ გარიყული და ყველასგან მივიწყებული «ლუზერები» ცხოვრობენ.
თავზე ნაცრის წაყრას აზრი არ აქვს; საჭიროა შეტევა ამორალური, ძარცვა-გლეჯაზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტის, პროსტიტუირებული «საზოგადო მოღვაწეების» და მათი ღირებულებების წინააღმდეგ. მართალია, სააკაშვილის რეჟიმი დაიმსხვრა, «ნაციონალების» ბელადი პოლიტიკიდან მიდის და მას სტვენით აცილებენ, მაგრამ «მენტალური რევოლუცია», რომელიც მან დაიწყო, შეჩერებული არ არის. «ახალი ქართველი», უფრო სწორად კი «იდეალური ღორი», რომლის გამოყვანა სააკაშვილს უნდოდა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ქვეყანაში დომინანტური პოპულაცია შექმნას.
არსებობს ანბანური ჭეშმარიტებები, რომელთა ჩამოთვლას აზრი, ალბათ, არ აქვს _ «ყველაფერი განათლების რეფორმით იწყება», «ჰუმბოლდტის რეფორმის გარეშე გერმანია ვერ გაერთიანდებოდა» და ა. შ. ეს ყველაფერი სწორია, თუმცა ამ თემაზე საუბრების ბოლოს, როგორც წესი, ხდება ყველა წარმოსადგენი მისიის დელეგირება მომავალ, უნაკლოდ აღზრდილ თაობაზე და ეს საკუთარი პასიურობის გამართლების ერთ-ერთი დახვეწილი საშუალებაა. რაღაც უნდა გაკეთდეს «აქ და ახლა» და არა მას შემდეგ, რაც საიდანღაც გამოიჩეკება ქართველი ჰუმბოლდტი და, ყველა შემაფერხებელი ფაქტორის მიუხედავად, თავის რეფორმას ჩაატარებს, რისი იმედიც პირადად მე არ მაქვს.
ის ლეგენდარული რეფორმა შესაძლებელი გახადა იმან, რომ პრუსიელმა მაღალჩინოსნებმა მისი აუცილებლობა გააცნობიერეს და საკუთარი ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე, რეფორმატორს მოქმედების შესაძლებლობა მისცეს. «თქვენო უდიდებულესობავ, უსაფრთხოება პოეზიას ეფუძნება», _ წერდა მეფეს 1808-ში უდიდესი სამხედრო რეფორმატორი ავგუსტ ფონ გნეიზენაუ, მაშინ, როდესაც ნაპოლეონთან ომში დამარცხებულ პრუსიის ჯარს საბიუჯეტო სახსრები ჰაერივით სჭირდებოდა. «თუ ჩვენი შვილიშვილები ოდესმე თავისუფალნი გახდებიან, ეს ფილოლოგიის მეშვეობით მოხდება», _ წერდა ამავე წელს ისტორიკოსი ბარტოლდ გეორგ ნიბური მინისტრ (მაშინ ფინანსთა, შემდგომ კი განათლების) კარლ ალტენშტაინს. საბოლოოდ ყველა ამ მოღვაწემ ერთად მიიყვანა ფრიდრიხ ვილჰელმ III შემდეგ ფორმულირებამდე: «სახელმწიფომ დაკარგული მატერიალური რესურსები ინტელექტუალური ძლიერებით უნდა აანაზღაუროს». დაიწყო რეფორმა, რომელმაც გერმანიის მომავალ გამთლიანებასა და დიდებას საფუძველი ჩაუყარა. «პრუსია და გერმანია გადარჩება, თუ ყველანი ერთად შევძლებთ სწრაფვას დიადი მიზნებისკენ», _ წერდა ვილჰელმ ჰუმბოლდტი. პრუსიის ელიტამ შეძლო დაენახა ეს დიადი საერთო მიზანი და ის საკუთარ ამბიციებზე მაღლა დააყენა.
საინტერესოა, რას მიაღწევდა ჰუმბოლდტი, თუ იმ ქართველი პოლიტიკოსების გარემოცვაში აღმოჩნდებოდა, რომელთა ძირითადი პრინციპებია «ფული, ბაბა, ფული» და «სადაა ჩემი წილი (თანამდებობა)»? რამდენ ხანს გაძლებდა? გადარჩებოდა თუ არა საერთოდ?
დღეს ბევრი მოქალაქე ელოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი გაასუფთავებს პოლიტიკურ არენას, როგორც ჰერაკლე ავგიას თავლებს და ეს, ალბათ, ძალიან არასწორი მიდგომაა, რომელიც ისევ და ისევ სამოქალაქო პასიურობას ამართლებს. ერთი ადამიანი ამას ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გააკეთებს, რა თანამდებობაც უნდა ეკავოს და რა გეგმებიც უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ძლიერი, ყველასათვის იოლად გასაშიფრი იმპულსი «ქვემოდან» ამორალური პოლიტიკური ელიტის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, სავარაუდოდ, არაფერი დაემუქრება.
ეს მით უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც დასავლელმა პარტნიორებმა (მათი მოტივები ცალკე საუბრის თემაა) შეიძლება მიაღწიონ ფაქტობრივ ამნისტიას სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის. ეს კი პოლიტიკოსებში კიდევ უფრო გააძლიერებს «დაუსჯელობის სინდრომს», რომელსაც ასე ხშირად ვახსენებთ. ახლახან მათ პროკურატურისგან ახალი საჩუქარი მიიღეს _ არჩილ კბილაშვილის ცნობით, «პროკურატურა სტანდარტად იღებს, რომ არაძალადობრივი დანაშაულისას თავი შეიკავოს დაკავება-დაპატიმრებისგან, როდესაც ამის კრიტიკული აუცილებლობა არ არის». ამ ინიციატივას მხარი ამერიკელმა პარტნიორებმა დაუჭირეს. პრაქტიკულად ეს, სავარაუდოდ, ასეთ შედეგს მოიტანს: მაღალჩნოსანი ბრალდებულები პრაქტიკულად უპრობლემოდ გაიპარებიან ქვეყნიდან და ამათ მიერ მოპარულ ფულსაც, სავარაუდოდ, ვერასოდეს დავიბრუნებთ. აშშ-ს მსგავს სიტუაციებში შეუძლია მათთვის საინტერესო პირი «მიწიდან ამოთხარონ», ყოველ შემთხვევაში, მისი ადგილსამყოფელი დაადგინონ და იმ ქვეყნებზე, რომელთაც თავს აფარებს, სერიოზული ზეწოლა მოახდინონ. საქართველოს შესაძლებლობები კი, ამ მხრივ, განუზომლად მწირია. ცხადია, ეს მხოლოდ ერთი, ტექნიკური ხასიათის ნიუანსია, თუმცა ის საკმაოდ სიმპტომატურია.
პოლიტიკოსებმა უნდა იგრძნონ, რომ ამომრჩეველი მათ გაცილებით მკაცრად აკონტროლებს, ვიდრე ოდესმე საქართველოს უახლეს ისტორიაში; მათ არც ერთი, თუნდაც მცირე ტყუილი და ამორალური ქმედება არ უნდა შერჩეთ, დანაშაულზე ხომ საუბარი ზედმეტია. ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება საზოგადოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოკრატიული რევოლუცია გაგრძელდეს.