თბილისი სულ უფრო გაუვალი ხდება. დედაქალაქში საცობების საკითხი ვერაფრით ვერ მოგვარდა. ვითარებას ვერ აბალანსებს ვერც რეაბილიტირებული გამზირები, თავისი ახალი კონცეფციითა თუ „ბასლაინებით“. მერიაში სატრანსპორტო ქაოსს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით ებრძვიან, მაგრამ რამდენად ეფექტურად, ეს სხვა საკითხია.
თბილისის მერი საცობების პრობლემას ნაწილობრივ ავტომობილების ოდენობას უკავშირებს. კახა კალაძემ, მთავრობის სდომაზე თბილისში ავტომობილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოიშველია და აღნიშნა, რომ ეს რიცხვები დედაქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობას ცხადყოფს.
„2017 წელს ავტომობილების მფლობელთა რიცხვი დაახლოებით 31%-ს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 48%-ს აღწევს. საშუალო წლიური ზრდა 8-9% გვაქვს. 5-7 წელიწადში ჩვენ ავტომობილის ფლობის ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს მივაღწევთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ქვეყნებში 5 ან მეტი დღით ავტომობილს მოსახლეობის მხოლოდ 8% იყენებს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია და ეკომეგობრულ ტრანსპორტს იყენებენ. საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
თბილისში 2012 წელს 250 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ეს რიცხვი 380 000-მდე გაიზარდა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, პიკის საათებში თბილისში 600 000 მეტი ავტომობილი მოძრაობს, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ სატრანსპორტო კოლაფსის განმუხტვის მიზნით ესტაკადების მშენებლობა სწორი მიდგომა არ არის, რადგან რამდენიმე წელიწადში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობის გამო გამტარუნარიანობა კვლავ შეიზღუდება.
„ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე - რატომ არ ვაკეთებთ დამატებით ესტაკადებს - ეს უტოპია და არასწორი მიდგომებია. მაგალითისთვის, გმირთა მოედანზე განხორციელებული ესტაკადები თავის დროზე გამტარი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ეს ესტაკადა ავტომობილების შესაბამის რაოდენობას ვეღარ ატარებს.
ვთქვათ, ახლა ავაშენეთ ახალი ესტაკადები 5-7 წლის შემდეგ ავტომობილების დამატების შემდეგ რას ვშვრებით, კიდევ ახალი ესტაკადები უნდა დავამატოთ და ესტაკადების ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი?! ეს არასწორი მიდგომებია, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ასეთი პროექტებით შეიძლება პრობლემა მოიხსნას, ეს დიდი შეცდომაა“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ 2023 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 13 კვანძის დასრულება. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, ყველა ქალაქში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყო ერთი და იგივე მიდგომა.
„რამდენიმე ასპექტია აქ: მანქანების რაოდენობა იზრდება და ურბანული სივრცე, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ეყოფა ამ ზრდის ტემპს, ვერც ერთი ქალაქი, რომელმაც დაშვება გააკეთა ამ მიმართულებით, ვერ განვითარდა. გადაადგილება პრობლემურია და ხდება იმ მოდელზე გადასვლა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ“, - განაცხადა წილოსანმა.
მისივე აზრით, სატრანსპორტო პოლიტიკის იმ მოდელს, რომელიც საქართველოში ვითარდება, ალტერნატივა არ აქვს.
„ბერლინს დასჭირდა 30 წელი, მაგრამ ჩვენ უფრო ცოტა დრო დაგვჭირდება, რადგან ამ მცირე დროში მოვახდინეთ ძირეული ცვლილებები და ის ეტაპი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღარ ჰქონდეს შეფერხებები, დაგეგმილი გვაქვს, რომ 2023 წლისთვის დავასრულოთ. ამასთან, დასრულდება 13 კვანძის მოწყობაც, რომელიც დავაანონსეთ“, - აღნიშნა წილოსანმა.
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, მერიის მიზანი ავტომობილების დამოკიდებულების შემცირებაა.
„ჩვენი მიზანია ავტომობილებზე დამოკიდებულება შევამციროთ. არავის არსად გადასმას არ ვაპირებთ, ეს შეიძლება მოხდეს იმ გზით, რომ ყველა ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და უსაფრთხო“, - აღნიშნა წილოსანმა.
სრულიად სხვა მოსაზრება აქვთ სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებს. „ეკო-ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობების მთავრი გამომწვევი მიზეზი არის არასწორად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა.
„კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, პიკის საათში, დაახლოებით, 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ძალიან მაინტერესებს, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან ეს ციფრი. თითქოს, ქალაქში საცოცები და სატრანსპორტო კოლაფსი იმიტომ გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი გადაადგილდება ავტომობილით, რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
თბილისში საცობების მთავრი გამომწვევი მიზეზი არის არასწორად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა. აქ მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს. წლებია ვხედავთ, რომ გაუაზრებლად ხდება ხელოვნური ჩარევა საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცვლილებებში ისე, რომ წინასწარ არ არის გათვლილი მოსალოდნელი შედეგი და დღეს, ჩვენ, რეალურად არ გვაქვს საერთო სურათი, თუ რამდენი ავტმობილი გადაადგილდება, როგორია მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რამდენი გამტარუნარიანობის შესაძლებლობა გააჩნია მეტროს, ავტობუსებს და ა.შ.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.