აკაკი ბობოხიძე -

აკაკი ბობოხიძე - "ქართული ოცნება" "ნაციონალების" გზით მიდის"

"რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხმაურიანი გამოდგა, რისი მიზეზიც უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის გამოსვლა გახდა. შეხვედრაში მონაწილე რუსთავის მცხოვრებლების ერთმა ნაწილმა უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატა და მათ ოპოზიციონერი დეპუტატი ცხრა წლის განმავლობაში ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს, რის გამოც უმცირესობის წარმომადგენლის მოსმენა არ ისურვეს და შეხვედრა დატოვეს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "რატომ ისმის შიშინი ჩემს ტელეფონში?" / "ქართული ოცნება" "ნაციონალების" გზით მიდის".

"არაფერიც არ მომხდარა, ადამიანების ერთი ჯგუფი იმიტომ იყო იქ მოსული, რომ არეულობა მოეწყო, როცა ისინი წავიდნენ, განხილვა ჩვეულებრივად გაგრძელდა. უნდა გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" თუ "სახალხო კრების" წარმომადგენლები იზიარებენ ჩვენს პოზიციას. მართალია, ამას წინ ჩვენს ლანძღვა-გინებას დაურთავენ ხოლმე, მაგრამ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ისინიც ფიქრობენ, რომ მსგავსი ერთჯერადი გადაწყვეტილებების მიღების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, ეს არის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეკვეცა, ესეც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებას უკვე პარლამენტართა ხმების 3/4 დასჭირდება, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ "ოცნების" რომელიმე ჯგუფმა, თუნდაც უმცირესმა, უმრავლესობიდან გასვლა გადაწყვიტა. "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ხელისუფლების დაბალანსებისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს მხარი დაუჭიროს", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო კვორუმის 3/4-დან 2/3-მდე შემცირებას, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. როდესაც ეს ცვლილება მივიღეთ, ვფიქრობდით, რომ კვლავაც ვიქნებოდით ხელისუფლებაში და საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაში სწორედ ჩვენვე შევიქმენით პრობლემა კვორუმის გაზრდით, რათა ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე ვეღარ შეგვეტანა ცვლილებები. დღეს "ქართული ოცნება" უკან დაბრუნებას და "ნაციონალური მოძრაობის" განვლილი გზის გავლას აპირებს, იმავე შეცდომების დაშვებას, რაც ჩვენ დავუშვით. ეს არც ჩვენს დროს იყო კარგი და არც მომავალში მოიტანს რაიმე სიკეთეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.

"არსად მითქვამს, რომ მაინცდამაინც მერაბიშვილმა და სააკაშვილმა უნდა დატოვონ პარტიული თანამდებობები. მე ვთქვი, რომ ყველამ, ვისაც ჰქონდა პოლიტიკური თანამდებობები იმ პერიოდში, როდესაც არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, უნდა დატოვოს პარტიული თანამდებობა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ნამდვილად აღმაშფოთებელი ფაქტები. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ამა თუ იმ საკითხზე დახურული შიდა დისკუსიები მიმდინარეობდა და არა საჯარო მსჯელობა. გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობდა. ჩვენი ეს შეცდომა შემდგომმა ხელისუფლებებმა უნდა გაითვალისწინონ... "ნაციონალური მოძრაობა" არც არავის აწამებდა ადა არც არავის უსმენდა, მაგრამ იმან, რომ ძალოვანი სტრუქტურების ლიდერები პარტიული ლიდერებიც იყვნენ, პრაქტიკულად ჩამოაყალიბა და შეუვალი გახადა სისტემა, რომელმაც ჯანსაღ პროცესებს ნამდვილად ვერ შეუწყო ხელი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ის, რომ 17 ათასი ჩანაწერი არსებობს, ბევრს არაფერს გვეუბნება, ჩვენ არ ვიცით, ეს რა ჩანაწერებია. შეიძლება, ქვეყანას დასჭირდეს და კანონიერად ასი ათასი ჩანაწერი არსებობდეს, ის უნდა გაირკვეს, ეს ჩანაწერები არის თუ არა კანონიერი გზით მოპოვებული. ერთიც რომ იყოს უკანონოდ მოპოვებული, ესეც დიდი დანაშაული მგონია. ამ ყველაფერზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი რეაქცია, კარგი იქნებოდა, ამგვარი რეაქცია ჰქონოდა იმ წამების ფაქტებზე, რაც შევარდნაძის დროსაც ხდებოდა. Gგარდა ამისა, საჭიროა სიფხიზლე, რომ ახალ ხელისუფლებასაც არ წაუცდეს ამაზე ხელი. იქნებ დაინტერესდეთ იმითაც, თუ რატომ ისმის ჩემს ტელეფონში გამუდმებულად შიშინი და რატომ ხდება, რომ ლაპარაკისას ჩემი ხმა რამდენჯერმე მეორდება? ამას, სხვათა შორის, უმრავლესობის დეპუტატებიც უჩივიან", - დასძენს აკაკი ბობოხიძე და შეკითხვას - "ეჭვობთ, რომ თქვენს ტელეფონს უსმენენ? ხელისუფლებაში ყოფნისას ეგ შიშინი არ ისმოდა თქვენს ტელეფონში?" - პასუხობს:

"კი, მაშინაც იყო ამაზე ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ ჩვენ ხშირად გვაბრალებდნენ, რომ ტოტალურად ვუსმენდით ხალხს, მაგრამ ეს ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო, სხვათა შორის, როგორც ვიცი, დღეს ახალმა ხელისუფლებამ ბევრად უკეთესი მოსასმენი აპარატურა შემოიტანა. გაუთავებელმა ლაპარაკმა იმის შესახებ, რომ ყველას უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ, ქვეყანაში შიშის სინდრომი გააჩინა, ამგვარი განცდის ქვეშ ადამიანი დიდხანს ვერ ძლებს, ამიტომაც ყველა ხელისუფლებას იგივე მოუვა, რაც ჩვენ მოგვივიდა".