ჩემი ბავშვობის ქუთაისში, შაუმიანზე, სინაგოგამდე არმისული, ერთი ებრაელი სპეკულიანტი იდგა ხოლმე, დიდი და პატარა ისინკას ეძახდა. ზამთარ-ზაფხულ ჩამოფლეთილი “პლაშჩი” ეცვა და “უშანკა” ქუდი ეხურა. მის უმეტყველო სახეზე, ერთი შეხედვით, ვერაფერს ამოიკითხავდით, მაგრამ მთელ ქუჩას ფელდმარშალივით კი აკონტროლებდა. როგორც კი ტროტუარზე მიმავალი კედელთან ატუზულ ისინკას გაუსწორდებოდით, მაშინვე გაიგონებდით ხმადაბლა ნათქვამ, ყველა ქუთაისელისთვის ეგრერიგად ნაცნობ სიტყვებს:
-ეძებ რამეს, დაგენაცვლეე?
ყველაფერი მოეძევებოდა ისინკას, აბსოლუტურად ყველაფერი, რის დეფიციტსაც “ზასტოისდროინდელი” საბჭოთა მოქალაქეები განვიცდიდით. შეიძლება ფასზე გაჯიქებულიყო, მაგრამ საკმარისი იყო ჯიბიდან წითელი ან ნარინჯისფერი ლენინისთავიანი კუპიურები ამოგეცოცებინა, ისინკას ხმა რიხს ჰკარგავდა და მისი მონადირება ძნელი აღარ იყო.
- ასე კაი ბიჭს უარს რავა გეტყვი, დაგენაცვლეე…
ისინკასთან რა მოსატანია, მაგრამ ამ დილით აკაკი ბაქრაძის ბრწყინვალე წერილი გამახსენდა: “უღირსებო კაცი”, რომელიც 1984 წელს გამოქვეყნდა “მნათობში”. მასში ბ-ნი აკაკი 30-იანი წლების პროლეტარული მწერლობის მიერ დახატული “იდეური”, მაგრამ უღირსებო პერსონაჟების შესახებ მსჯელობს და შედარებისთვის იშველიებს პარალელებს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკიდან. მის მიერ მოხმობილი მაგალითებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჰიუგოს “საბრალონის” გმირის, პატიოსნებით ცნობილი მონაზონ სიმპლიციას საქციელი, რომელმაც ინსპექტორ ჟავერისგან დევნილი ჟან ვალჟანის გადასარჩენად გააკეთა ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ უკადრებია – ტყუილი თქვა…
უდიდესი იყო სიმპლიციას ტანჯვა სულის შემაწუხებელი ქმედების გამო, მაგრამ მკითხველის თვალში ორჯერ უფრო ამაღლდა იგი ზნეობრივად, რადგან ამ ტყუილის უკან იდგა დევნილი ადამიანის გადარჩენის კეთილშობილური ჩანაფიქრი.
სიმპლიციასთან რა მოსატანია, მაგრამ ყველაფერი ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ, გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით გამახსენდა. საქართველოს პრეზიდენტობის ფრიად “საამაყო” კანდიდატმა ერთ-ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, – ღირსეული კაცი ვარ, ჩემს შეშინებას ტყუილად ნურავინ ეცდება და მეგობრისთვის არასდროს მიღალატიაო.
ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მოაყოლა ეს სიტყვები მოწოდებით კომკავშირელმა და ხელობით უმაქნისმა სუბიექტმა, რომელიც ბოლო ოცი წელია, ცნობილი ორგანული ნაერთივით ტივტივებს ქართულ პოლიტიკაში და სულ არ აწუხებს იმის განცდა, რომ მისი სახელი კაცისთვის საძრახის უამრავ ნაბიჯთან ასოცირდება.
ორი აზრი არა არის – ტყუილს ამბობს გიორგი ბარამიძე, მაგრამ მონაზონი სიმპლიციასგან განსხვავებით, ეს ტყუილი სულაც არ ემსახურება დევნილისა და უსამართლო კანონისგან განწირულის გადარჩენის კეთილშობილურ მიზანს. მას მხოლოდ საკუთარი ტყავი ადარდებს და ალღოიანი ვირთხასავით ჩასაძირად განწირული გემიდან დროულად გადახტომას ლამობს. სხვა რა უნდა იფიქრო, როცა ამ “არარა ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელის” სიტყვებს წაიკითხავ, – პირველი ოქტომბრის არჩევნებში დამარცხება ჩემთვის შვება იყო, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ უამრავი მიუტევებელი შეცდომა ჩაიდინაო.
გაგახსენებთ, ამას ის გიორგი ბარამიძე ამბობს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე “ნაცაქტივთან” შეხვედრაზე რიხით რომ გაიძახოდა ბათუმში, ჩვენ სუფთა გულით მივალთ ჩვენს ამომრჩეველთან და თვალებში ჩავხედავთო. მაშინ, რატომღაც, არ ფიქრობდა ბიჭი დაშვებულ შეცდომებზე და არც იმაზე, რომ რამდენიმე თვეში “შვებას” იგრძნობდა არჩევნებში განცდილი მარცხის გამო.
ღირსების დეფიციტია, ზოგადად, საქართველოში და რა გასაკვირია, მის ყველაზე უღირსებო ელიტაში, რომელსაც ბედის ირონიით “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია სახელად.
სწორედ ამის გამოა, რომ თანამედროვეობამ არ იცის ჰაჯი უსუბისა და თორნიკე არავიძის ლიტერატურული თუ კინოგმირების ზნეობრივი საქციელის ფარდი პრეცედენტი, პრეცედენტი, რომელიც ღირსების (თუნდაც სხვისი საქციელით გამოწვეულის) შელახვით მიღებულ შოკს ემყარება.
მშვიდად იყავით, მეგობრებო, გია ბარამიძესა და ბარამიძისნაირებს მსგავსი არაფერი ემუქრებათ. ისინი მშვიდად იცხოვრებენ ღრმა მოხუცებულობამდე (თუმცა, საკითხავია, სად გაატარებენ სიბერის წლებს?) და ერთხელაც არ შეაწუხებთ სხეულიდან აპენდიქსივით ამოკვეთილი ღირსების გრძნობა.
რას არ მივცემდი, ჩემი ბავშვობის შაუმიანზე გაატარა პრეზიდენტობის ბედასლი კანდიდატი. ერთს შეხედავდა ისინკა და ეგრევე ეტყოდა:
- ღირსებას ეძებ, დაგენაცვლეე? გაიარე!