დედ ჰასანის მკვლელობის საქმე იტალიის პოლიციამ გახსნა

დედ ჰასანის მკვლელობის საქმე იტალიის პოლიციამ გახსნა

იტალიელი პოლიციელები მზად არიან რუს სამართალდამცავებს "კანონიერი ქურდის", ასლან უსოიანის (იგივე დედ ჰასანი) მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარონ. კარაბინერებმა ორი "კრიმინალური გენერლის" ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის საუბარი გაშიფრეს. უსოიანის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი მისი ლიკვიდაციის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

ცნობილი გახდა, რომ იტალიელი პოლიციელები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მერაბ ჯანგველაძის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ (იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ქვეყანაში იმყოფებოდა).
ჩანაწერებში სხვა კანონიერ ქურდებთან მერაბის საუბრებია აღბეჭდილი.

2012 წლის სექტემბერში მერაბმა რომში მყოფი "კოლეგები" შეკრიბა. "კანონიერმა ქურდებმა" დედ ჰასანის კლანთან ომი განიხილეს. მაშინ, იტალიური პოლიციის მონაცემებით, მერაბსა და ტარიელს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ჯანგველაძემ ონიანს შეატყობინა, რომ კანონიერი ქურდები წყვეტდნენ, როგორ უნდა მოქცეოდნენ უსოიანს. ჩანაწერების მიხედვით, ტარიელ ონიანმა მერაბს ამასთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი გასცა: "გააქრეთ ის და ყველა პრობლემა გაქრება".

იტალიელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაწყდა დედ ჰასანისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

2013 წლის იანვარში დედ ჰასანი მოსკოვში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მკვლელობიდან მალევე პოლიციელებმა ტარიელისა და მერაბის კიდევ ერთი საუბრის ჩაწერა მოახერხეს. მათ შემდგარი მკვლელობა განიხილეს. "ეს ჩვენთვის ყველასთვის დაბადების დღეა, ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი", - აცხადებენ "კრიმინალური გენერლები".

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ჩანაწერების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

"ეს ჩანაწერები უსოიანის მკვლელობის საქმესაც კი ვერ მიებმება, ვინაიდან მასში ცოტა კონკრეტიკაა, მხოლოდ ემოციაა", - აცხადებს Росбалт-ის წყარო.

მომზადებულია nakanune.ru-ს მიხედვით.