ფულით გამოტენილი ეროვნული ბანკის საცავი და ფულის დეფიციტი ეკონომიკაში

ფულით გამოტენილი ეროვნული ბანკის საცავი და ფულის დეფიციტი ეკონომიკაში

დეფლაციური წნეხი ქართული ბიზნესისთვის - შემცირებული შემოსავლები და დამძიმებული სავალო ტვირთი


2013 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივნისის ინფლაციაში -0,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-9,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1,3 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (1,3 პროცენტი).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივნისის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ქვეჯგუფზე (-0,8 პროცენტი).
წლიურ ჭრილში კი 2013 წლის ივნისში 2012 წლის ივნისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ერთი წლის პერიოდში ფასები საქონლისა და მომსახურების ძირითადი ჯგუფების მიხედვით შემდგნაირად შეიცვალა:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18,4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (13,5 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-7,6 პროცენტი), თევზეული (-5,6 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12,6 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფზე ფასები შემცირდა 4,9 პროცენტით. ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6,2 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ დეფლაცია საქართველოში უკვე წელიწადზე მეტია შეინიშნება და ფასების ცვლილების უარყოფითი ტრენდი 2012 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ნარჩუნდება.

ერთი შეხედვით შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს, როდესაც მაღალი ინფლაცია მიმდინარეობს შესაბამისი უწყების აქტიური კრიტიკა და როდესაც საპირისპირო პროცესს აქვს ადგილი, კვლავ უკმაყოფილო ვართ. ანუ არც ერთი მოგვწონს და არც მეორე, რაც სავსებით ლოგიკურია.

დეფლაცია ფასების დონის შემცირების პროცესია, რომლის შედეგადაც იზრდება ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი და მცირდება სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი. როგორც წესი, დეფლაცია უფრო ნეგატიურ და არასასურველ მოვლენად მიიჩნევა, ვიდრე ინფლაცია.

ფასების დონის ვარდნას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის არის ფულის ღირებულების ზრდა. მეორე მიზეზად ეკონომისტები ფულადი მასის უცვლელობის პირობებში მწარმოებლურობის ზრდას მოიაზრებენ.

მესამე ფაქტორი მდგომარეობს ფულის ღირებულების ხელოვნურ ზრდაში. აქ იგულისხმება მიმოქცევაში ფულადი მასის ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ეს მეთოდი თანამედროვე მსოფლიოში ნაკლებად გამოიყენება, განსაკუთრებით ოქროს სტანდარტის გაუქმების შემდეგ. ხელოვნურ დეფლაციას ქვეყნის ცენტრალური ბანკები და ხელისუფლებები ინფლაციური პროცესების მოსათოკად იყენებენ. ამ დროს მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, გადასახადების ზრდა, შრომის ანაზღაურების ზრდის პრევენცია, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის გაზრდა კრედიტების მოცულობის შემცირების ხარჯზე და ა.შ., ანუ ნებისმიერი ნაბიჯი მიმართულია ფულადი მასის შემცირებისკენ.

როგორც წესი, დეფლაცია ეკონომიკის ვარდნაზე, გამოშვების მოცულობის შემცირებასა და უმუშევრობის ზრდაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ფასების შემდგომი შემცირების მოლოდინი ანეიტრალებს ინვესტირების სტიმულს. ეს ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ასტიმულირებს ფასების შემდგომ ვარდნას და გამოშვების მოცულობის შემცირებას.

დეფლაციური პოლიტიკა ნეგატიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე და უმრავლეს შემთხვევაში კრიზისს იწვევს. გარდა ამისა, ცNდება კიდევ ერთი ნეგატიური მომენტი – დეფლაცია კომოანიებს უმცირებს შემოსავლებს რეალიზაციიდან, იმ პირობებში, როდესაც მისი ხარჯების სტრუქტურა მოკლევადიან პერიოდში უცვლელია და ამავე დროს, თუ კომოანია სარგებლობს საბანკო კრედიტით, მას უმძიმდება საკრედიტო ტვირთი, ანუ ეზრდება რეალური საპროცენტო განაკვეთი. ამდენად, კომპანია ორმაგ წნეხშია და განვითარებისთვის ხელ-ფეხი, ფაქტობრივად, შეკრული აქვს.

ისმის კითხვა: რას აკეთებს ეროვნული ბანკი, რომლის პირდაპირი მოვალეობა ფასების სტაბილურობაა (ფასების კლება სტაბილურობას არ ნიშნავს). ამ კითხვაზე ექსპერტების პოზიცია საკმაოდ მკაცრია. საბანკო ექსპერტი ლია ელიავა მიმდინარე დეფლაციურ პროცესებში ეროვნული ბანკის დანაშაულებრივ ქმედებას (ან გნებავთ უმოქმედობას) ხედავს.
~იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას დეფლაცია და დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ვერ ღებულობს მეტ–ნაკლებად ეფექტიან ზომებს. მის ხელთ არსებული მონეტარული პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი გათვლილია ინფლაციის შესამცირებლად და არა მის გასაზრდელად, რაც ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია დღევანდელი საქართველოს ეკონომიკისათვის. იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას დეფლაცია, ეროვნულმა ბანკმა, სულ მცირე, უნდა იცოდეს როგორ განახორციელოს ანტიდეფლაციური ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ -2.2%–იანი დეფლაციის დროს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი უმთავრესად საბაზრო ეფექტით არის განპირობებული და ეკონომიკის გადახურებისა და მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ წარმოშობს. დეფლაციის ამდაგვარი არაადეკვატური აღქმა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მასთან ბრძოლის ხერხებიც იქნება არაადეკვატური, რასაც მოწმობს რეფინანსირების განაკვეთის გაპიარებული შემცირება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ანუ ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ის მეთოდოლოგიური ბაზა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ამ პოლიტიკის ეფექტიანი წარმართვა. შედეგად ამისა, მაკროეკონომიკის სფეროში ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთადერთი ორიენტირი გახდა სავალუტო კურსის რეგულირება პერიოდული ინტერვენციების მეშვეობით. იმავდროულად ეროვნული ბანკი ცდილობდა მოეთოკა ინფლაციის მაჩვენებელი, რისთვისაც ეკონომიკას არ აწვდიდა და ახლაც არ აწვდის საკმარის ფულს. ის, რომ ეკონომიკის მონეტიზაციის დონე კრიტიკულად დაბალია და ბიზნესპროცესების ეფექტიანი წარმართვისათვის ფულის მოცულობა არ არის საკმარისი, ეროვნული ბანკისათვის მეორეხარისხოვანი ამოცანაა. თუმცა თავის მთავარ ამოცანასაც იგი ვერ ასრულებს, ვინაიდან ფასების სტაბილურობის პრობლემა თითქმის ორი წელი გადაუჭრელია”, - აცხადებს ექსპერტი.

ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ბიზნესიც. ,,ისთ გეისთ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი შექმნილ ვითარებას შემდეგნაირად აფასებს:

,,ეროვნულ ბანკს ფულის მასის მიწოდების რეგულირება ნამდვილად შეუძლია. ჩვენისთანა ქვეყნის ინფლაცია უნდა იყოს დაახლოებით 5-8%. დეფლაცია ძალიან ცუდია, რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, ინფლაციის პირობებში უფრო მეტი სტიმულირებაა წარმოების განვითარების, ვიდრე დეფლაციის. დეფლაცია საერთოდ კატასტროფაა. გასაგებია, წინასაარჩევნო დაპირება იყო, ფასებმა დაიკლო გარკვეულ პროდუქციაზე და მივიღეთ ინფლაცია ფაქტიურად ნულოვანი, 1–1,5%, ჩვენთვის ეს არ არის კარგი. 5-8% ინფლაცია სტიმულს აძლევს ეკონომიკის განვითარებას, აქედან გამომდინარე, ბანკის როლი არის აბსოლუტურად ცალასხა, რომ მან, ასე ვთქვათ, ფულის მიწოდება ბაზარზე უნდა გაზარდოს და სტიმული მისცეს ეკონომიკის განვითარებას, მას აქვს ეს ბერკეტები, ზუსტად იცოდეს რამდენი უნდა მიაწოდოს, როგორი მონეტარული პოლიტიკა უნდა განახორციელოს და ა.შ. თუ დავაყენებთ საკითხს ასე, რა უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელი 1%–იანი ინფლაციის პირობებში, შევინარჩუნოთ ეს ინფლაცია თუ შემდგომი სტიმული მივცეთ ეკონომიკას, მე ვიტყოდი, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სტიმული მივცეთ ეკონომიკას. ამ წუთას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა ეს უნდა გააკეთოს”.

ეროვნული ბანკი ამ ყველაფერს მიკერძოებულ კრიტიკად ჩათვლის თუ არა, ამ შემთხვევაში, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ ეკონომიკაში საკმარისი რაოდენობის ფული არ არის. სამაგიეროდ ფული უხვად არის ეროვნული ბანკის საცავებში. შეგახსენებთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა ეროვნული გამოცდების ადმინისტრაციას გამოცდების ტესტების შენახვაზე უარი განუცხადა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საცავები ფულით იყო სავსე.