შეთქმულება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

შეთქმულება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

მართალია, პოლიტიკოსთა უმრავლესობა შეთქმულების თეორიებს ემიჯნება, მაგრამ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ შეთქმულების თეორია აქტუალობას არ კარგავს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი პირი უჩანს, რომ ვიღაცამ თუ ვიღაცებმა დიდი პოლიტიკური თამაში წამოიწყეს, რომელიც მიზნად შს მინისტრის დისკრედიტაციას ისახავს. საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ღია თუ ფარული ბრძოლა, ახლა არ დაწყებულა, თან რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ამ ბრძოლაში მხოლოდ ნაციონალები კი არა, როგორც კულუარებში ამბობენ, თავად ,,ოცნების’‘ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

და მაინც, ვინ და რატომ უწყობს შეთქმულებას ირაკლი ღარიბაშვილს? _ ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია: ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული და საიმედო თანამებრძოლია; ამასთან, ღარიბაშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი ადამიანია, რომელიც პრემიერმა ახლახან ანუ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კი არა, წლების წინ გაიცნო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ივანიშვილს ღარიბაშვილი ყველა სიტუაციაში ჰყავს გამოცდილი. სხვათა შორის, ვიდრე მსოფლიოში ცნობილი მილიარდერის ნდობით აღჭურვილი პირი გახდებოდა, ღარიბაშვილმა ,,ქართუ ბანკში’‘ თითქმის ყველა საფეხური გაიარა. ივანიშვილი მის მუშაობას, როგორც ჩანს, გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ თავისი ფონდი ანდო. უფრო მეტიც, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, როგორც კულუარებში ამბობენ, ივანიშვილმა მთელი თავისი ქონების განკარგვის უფლება ღარიბაშვილს გადააბარა _ ეს ის დროა, როცა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაციამ გაჟონა. ითვლება, რომ სახელმწიფოს, უფრო სწორად, ხელისუფლების სიმყარის გარანტი შს სამინისტროა. ეს მოსაზრება, შესაძლოა, მცდარია, მაგრამ არავინ კამათობს, რომ მაგალითად, შევარდნაძის, როგორც პრეზიდენტის სადავეები მას შემდეგ შესუსტდა, რაც უშიშროების საბჭოს იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სხვათა შორის, თავის დროზევე გაჩნდა ეჭვი, რომ საჯაიას თვითმკვლელობა დადგმული იყო და საქმე, რეალურად, მკვლელობასთან გვქონდა... ,,ვარდების რევოლუციის’‘ შემდეგ, შევარდნაძემ რამდენიმე ინტერვიუში, პირდაპირ თუ ირიბად, აღიარა, რომ წელში საჯაიას თვითმკვლელობამ გატეხა ანუ მის ძალაუფლებას წყალი მას შემდეგ შეუდგა, რაც ძალოვნებზე კონტროლი დაკარგა... ერთი სიტყვით, ზემოხსენებული ფორმულა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის და ამიტომ შს სამინისტრო ყველაზე ერთგულ და სანდო ადამიანს ჩააბარა. სხვათა შორის, ივანიშვილი, ალბათ, იმასაც ხვდება, რომ ღარიბაშვილს, ნაციონალებთან ერთად, კოალიციის ცალკეული წევრებიც ებრძვიან. ჰოდა, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე ერთი მნიშვნელოვანი სვლა გააკეთა _ შს მინისტრს ხელი მამაშვილურად გადახვია! ნიშანდობლივია, რომ ამ დროს, პრემიერის მეორე მხარეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეუღლითურთ იჯდა. საერთოდ, კულუარებში არსებობს ვერსია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ძირის გამოთხრას თინა ხიდაშელი ცდილობს. ძნელი სათქმელია, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ როგორც ,,ოცნებელები’‘ პრივატულ საუბრებში ამბობენ, ხიდაშელი ღარიბაშვილს იმ სიტყვებს ვერ პატიობს, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ინტერნეტში გავრცელდა... შს მინისტრზე პირველი იერიში, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიტანა _ ბათუმის პოლიციის უფროსს საია- ს წარმომადგენელთან ინციდენტი მოუვიდა, რის გამოც, ღარიბაშვილი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ საია- ს უკან ,,რესპუბლიკელები’‘ იდგნენ. ეს შეიძლება, მცდარი მოსაზრება იყო, მაგრამ ფაქტია: დავით უსუფაშვილის და ასევე, თინა ხიდაშელის პოლიტკარიერა სწორედ საია- დან დაიწყო... ძნელი სათქმელია, შს მინისტრს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც ებრძვის თუ არა, მაგრამ კულუარებში ეს ვერსიაც აქტიურად მუსირებს. უფრო მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ ნაცვლიშვილი, გია ხუხაშვილთან ერთად, რუხი კარდინალის მანტიის მოსხმას ცდილობს და ამბობს, მე რომ არ ვყოფილიყავი, ,,ოცნება’‘ არჩევნებს ვერ მოიგებდაო.

ამასთან, კონფიდენციალური წყაროები იმასაც ეჭვობენ, რომ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ციხის კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწორედ ნაცვლიშვილმა მიაღებინა. საერთოდ, ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებამ ,,ოცნება’‘, უფრო სწორად, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა... მოგვიანებით, კბილაშვილმა განაცხადა, რომ ბედუკაძის პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მიიღო და ამ განცხადებით გორდიას გორგალი კიდევ უფრო აიბლანდა _ მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრსაც აღარ ექვემდებარება და რა მოვალეობა ჰქონდა არჩილ კბილაშვილს, რომ ბედუკაძის შეწყალება შს მინისტრს შეუთანხმა? ეს ყველაფერი იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, ხელები ირაკლი ღარიბაშვილს შეაწმინდონ და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრემიერი დაარწმუნონ, რომ ღარიბაშვილი ურეიტინგო მინისტრია და აიძულონ, იგი თანამდებობიდან გაუშვას? ივანიშვილს არაერთხელ, ხაზგასმით უთქვამს, რომ სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევა და, ცხადია, ვიღაცის (ვიღაცების) სურვილის გამო, არც შს მინისტრს მოხსნის, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრიაო და შეთქმულებიც, როგორც ჩანს, ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ... ეჭვს, რომ ვიღაცები ირაკლი ღარიბაშვილს შეთქმულებას უწყობენ, კიდევ ერთი გარემოება ამყარებს: ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიონებში პოლიცია დაკავებულებზე თითქოს ძალადობს. ორი კვირის წინ კი, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თბილისის ზღვაზე თავი იმ მოტივით მოიკლა, რომ ძალოვნებმა მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიქაუტაძეს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა... ჰოდა, ნაციონალებს მეტიც აღარ უნდოდათ და სოციალურ ქსელებში აგნიასდნენ, აი, ეს ყველაფერი ,,ოცნების’‘ პოლიციაში ხდებაო. კი, ბატონო, ხელისუფლებაში ,,ოცნებაა’‘, მაგრამ არსებობს ერთი ,,მაგრამ’‘: შს სამინისტროში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მუშაობს, არჩევნების შემდეგ, ახალმა მინისტრმა მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირები შეცვალა, ე.წ. წვრილფეხობა კი, რომელიც ნაცმოძრაობასთან, როგორც ამბობენ, პოლიტიკური ჭიპლარითაა გადაბმული, შსს-ში მუშაობას განაგრძობს.

ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციელები არჩევნების შემდეგ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. ასე, მაგალითად, პოლიციელი, რომელმაც თავის დროზე, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო, ახლახან, თურმე, ერთ-ერთი რაიონის კუდ-ის უფროსად დაინიშნა. ირაკლი ღარიბაშვილი ყველა პოლიციელს, ცხადია, არ იცნობს. ჰოდა, როგორც ამბობენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი ,,პაგონიანები’‘ თანამდებობაზე მინისტრის მრჩეველთა ლობირებით ხვდებიან... შესაბამისად, გამორიცხული არაა, მიქაუტაძის ტრაგედიის საბაბიც სწორედ დიდი პოლიტიკური თამაში გახდა ანუ გარკვეული ძალები დაკავებულთა წინააღმდეგ სააკაშვილისეულ ცემა- წამებას იმ მიზნით იყენებენ, რომ საზოგადოების თვალში ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაცია მოხდეს, თუმცა მიზანი საშუალებას ყოველთვის არ ამართლებს... იმას, რომ გარკვეული ძალები შს მინისტრის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ადასტურებს. ,,გვაქვს ინფორმაცია, რომ შს სამინისტროში დარჩენილია სააკაშვილისა და მერაბიშვილის ერთგული კადრები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას აპირებენ. ყველაფერ ამის მიზანი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რგოლის _ შს მინისტრის შესუსტებაა’‘, _ აცხადებს ათი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’‘ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება და პროვოკაციები მზადდება, შესაძლოა ისაა, რომ კულუარებში გავრცელებული ხმით, იმ შემთხვევაში, თუკი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს მართლა დატოვებს და პოლიტიკას გაემიჯნება, შემცვლელად ანუ ახალ პრემიერად, გამორიცხული არაა, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელოს, რაც, თითქმის ჩაძირულ ნაცმოძრაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში’‘ შემავალი პარტიებისთვისაც ერთგვარი შოკი იქნება. არადა, პრემიერობა, უხეშად რომ ვთქვათ, ერთგვარი მენეჯერობაა. ღარიბაშვილი კი, როგორც ამბობენ, კარგი მენეჯერია და ამას ,,ქართუ’‘ ფონდის მუშაობაც მოწმობს. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან, პრაქტიკულად, პირველი იყო, ვისზეც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ნაციონალებმა იერიში მიიტანეს _ ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი იარაღის უკანონო ტარების საბაბით დააკავეს...