„ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს აქცია დაანონსა და ახლა მელია ათამაშებს კუნთებს, მე შენზე მაგარი ვარო“

„ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს აქცია დაანონსა და ახლა მელია ათამაშებს კუნთებს, მე შენზე მაგარი ვარო“

ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გულის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებენ. როგორც აღმოჩნდა, თუკი მოსამართლე სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მელია ბრძოლას სრულიად სხვა წესებით გაგრძელებისთვის ემზადება. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მელიას ამ განცახდებით ენმ-ის ერთი ჯგუფის გეგმები წამოსცდა. როგორც ცნობილია ხაბეიშვილი 3 დეკემებრს „ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს, სავარაუდოდ, მელიას მიერ დაანონსებული პროტესტი ხაბეიშვილის საპასუხო იქნება.

 „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ნაცების ორივე ფრთის მთავარ მიზანს სააკაშვილის და მისი ამომრჩევლის გულის მოგება წარმოადგენს, დანარჩენი, ქვეყანა წყალსაც წაუღია, ამიტომ ერთმანეთს რადიკალური ქმდებებში და განცხადებებში ეჯიბრებიან.

თუ მოსამართლე სააკაშვილს „სიკვდილით დასჯას“ გამოუტანს „ვიმეორებ, ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება“, - დაემუქრა ხელისუფლებას ნიკა მელია და შეახსენა, რომ მსოფლიო ექსპერტების დასკვნაში გარკვევით წერია, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა ტყვეობის პირობებში შეუძლებელია.

„სადაც ვიწროა, იქ გაწყდება, დიახაც, არავინ არ შეეგუება, ჩვენ თავთან მართლები ვიქნებით ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიამ შეაფასოს თითოეული პოლიტიკოსის როლი ამ პროცესში, არა რიტორიკის დონეზე, საქმე საქმეზე რომ მიდგა, როგორ მივიქეცით, ვის აქვს უნარი თავდადების, ვის აქვს გამბედაობა, ბრძოლაში ღრმად შესვლის. ამ ყველაფერს ვიხილავთ“, - ამბობს ნიკა მელია.

ხაბეიშვილი კი მელიას პარტიის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნიკა მელია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც გუნდის დაყოფა და შემდეგ პარტიის კარის გაჯახუნება უნდა.

ეს მიზანი მან მელიას გეგმებში დაინახა, რომლის მიხედვითაც მოქმედი თავმჯდომარე „ალაპარაკებას“ აანონსებს.

ხაბეიშვილის ფლანგი პოლიტსაბჭოს თარიღს მიესალმება, თუმცა მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების თარიღია და ის ახალ წლამდე უნდა ჩაინიშნოს.

„გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური ხელისუფლება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას. ამიტომ, ჩვენ ვართ ადამიანები, მე და ჩემი თანამებრძელები, ვისაც გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ კარის გაჯახუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ სტაბილურად, მობილიზება დაიწყოს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, - ამბობს ხაბეიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარტია არის ორ ჯგუფად გაყოფილი. ერთ ჯგუფს ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს კეზერაშვილი, ხოლო მეორე ჯგუფი იძულებულია დაუპირისპირდეს მას და შეჯიბრება გამოუცხადოს ვინ უფრო მეტ რადიკალიზმს ჩაიდენს ქვეყანაში.

„ყველა, მათ შორის მელია თავის გამოსვლით მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, გამოვიდნენ ქუჩაში და დაანგრიონ ქვეყანა, რომ იქნებ, ამ ნანგრევებზე ან მელია აღმოჩნდეს აღმართული დროშით ან ხაბეიშვილი. აი, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ამ დამოკიდებულებას არ გააჩნია პერსპექტივა. შეიძლება წუთიერი წარმატება მოუტანოს რომელიმეს ამ არჩევნების დროს, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი. ერთი ჯგუფი არის მხარდაჭერილი კეზერაშვილის მიერ, შესაბამისად, მეორე გუნდი, რომელიც ამ მხარდაჭერით ვერ სარგებლობს, იძულებულია დაუპირისპირდეს და შეჯიბრება გამოუცხადოს სწორედ იმ ფორმატში, სადაც საუკეთესო შედეგები აქვთ და საუკეთესო შედეგები აქვთ იმაში, რასაც ჰქვია არეულობის შექმნა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას განცხადება კრივის შეჯიბრის დროს მეტოქის გაღიზიანებას ჰგავს. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ მელიას განცხადებები ეკუთვნოდა არა ხელისუფლებას, არამედ ეს ლევან ხაბეიშვილის და მისი მომხრეების გასაგონად ილაპარაკა. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ორივე მათგანი წინასაარჩევნოდ სააკაშვილს და მის ამომრჩეველს უმტკიცებენ, რომ თავმჯდომარეობის ღირსები არიან.

„სულაც არ მივიჩნევ, რომ ნიკა მელია ხელისუფლების გასაგონად საუბროს, ან სჯერა, რომ „ოცნებას“ მისი აქციების ეშინია. მელიას საუბარი უფრო რინგზე გასვლისას მეტოქის გაღიზიანებას ჰგავს. ხელისუფლებაც კი ამით სარგებლობს და ლოგიკურია ამას ნაციონალების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს. ხაბეიშვილმაც და მელიამაც კარგად იციან, რომ სააკაშვილის ამომრჩეველი საკმაოდ რადიკალურია, ამიტომაც ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ გულს ის მოიგებს, ვინც უფორ რადიკალურ განცხადებებს და ქმედებებს მიმართავს. ხაბეიშვილმა, ვიცით, რომ 3 დეკემბერს აქცია დაანონსა და ახლა მელია ათამაშებს კუნთებს, რომ მე შენზე მაგარი ვარო. მისი ბაქიბუქის მთელი ანაბანა ესაა.

მაინც მგონია, რომ აქ დაპირისპირება ფინანსების გამო არის. რეალურად სააკაშვილი არც არავის ანაღვლებს. ამასთანავე მელია ცდილობს, რომ დასავლეთის თვალშიც უფრო აქტიური იყოს. ვნახეთ, ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა და სავარაუდოდ, პარტიის ეს დაპირისპირებული მხარეებიც ფიქრობენ, რომ თავადაც უნდა გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, ელექტორატის რაღაცა ნაწილის გამოყვანას ორივე მხარე შეძლებს. ალბათ ხაბეიშვილიც კეზერაშვილის ფულის მეშვეობით ვიღაცებს, ერთჯერადად, ქუჩაში გამოიყვანს. იგივეს იზამს მელია, მაგრამ მერე რა იქნება? ამით ხელისუფლება შეშინდება და სააკაშვილის გაათავისუფლებს? ეს ხომ ორივემ კარგად იცის, რომ ასე არ იქნება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ პარტიის შიდა არჩევნები ორივე კანდიდატისთვის მიხეილ სააკაშვილის ერთგულების და თავგანწირვის საგნად იქცა. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ნაწილი აქციების დაშლაში ადანაშულებს. ამიტომ მელია იძულებულია, რომ ამ რადიკალურ ფრთას ანგარიში გაუწიოს. საუბროს იმას, რათ ამ ძალას სურს.

„მართალია, მელიას განცახდება დიდად არაფერს ნიშნავს და ამით ხელისუფლებას გული არ უსკდება, მაგრამ 3 დეკემბერს ხაბეიშვილის მიერ ჩატარებული აქციიდან კიდევ ბევრი დასკვნის გამოტანა იქნება შესაძლებელი. ვნახავთ, ხაბეიშვილის და მისი რადიკალური მომხრეების აქციას რა შედეგი ექნება. ერთი რამ მნიშვნელოვანია, საზოგადოება არ არის მზად სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩის აქციები დაიწყონ. ეს ასე არ იქნება, ძალიანაც რომ უნდოდეთ, თავად პოლიტიკურ და პარტიულ ელიტაშიც კი ცოტა იქნება იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ქუჩის აქციებში სააკაშვილის გამო ჩაერთვებიან. მელიამაც და ხაბეიშვილმაც ძალიან კარგად იციან, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანა რომც შეძლონ, ხელისუფლება სააკაშვილს უფრო არ გაათავისუფლებს და არც სამკურნალოდ გაუშვებს.

მელიამაც გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, მაგრამ რა უნდა ექნა? „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მან ერთჯერადად დიდი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეძლოს. თუმცა მეორე პრობლემა ისა აქვს, რომ იმ ადამიანებში, ვინც სახლში რჩება და ამ პროცესს ტელევიზორიდან უყურებს, ნაკლები მხარდაჭერა აქვს. მიტინგზე გამოსული ადამიანების რაოდენობა ზუსტად არ ასახავს ქართველი ხალხის განწყობას. „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, შეიძლება ითქვას, რომ ერთგული ამომრჩეველი ერთნაირად ჰყავთ. თუმცა პრობლემა ისაა, რომ 2/3 ამომრჩევლისთვის ორივე მათგანი მიუღებელია. ენმ ოპოზიციურ ამომრჩეველს ვერ აერთიანებს. ოპოზიციის ამომრჩევლის 50% „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს“, - ამბობს ძაბირაძე.