"ძალიან დიდი განსხვავებაა, რაც ხდებოდა "ნაციონალების" მმართველობისას და რაც ხდება დღეს. განსხვავება ის არის, რომ დღეს გადაცდომებს საზოგადოებას არ უმალავენ და იწყებენ მის გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, დღეს ზეწოლას შენდობა არ აქვს. მეორეც - "ნაციონალების" დროს სისტემურად იყო დამკვიდრებული წამება და გაუპატიურება, რაც დღეს ნამდვილად არ ხდება. მიუღებელია ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ ვიმეორებ - მისი გაძლება შეიძლება. დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებათა შორის განსხვავება ის არის, რომ ცდილობენ რეაგირება მოახდინონ და ფაქტებს არ ჩქმალავენ", - აცხადებს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" "ნიურნბერგის პროცესის" მსგავს სასამართლოს ვერ ასცდებიან".
"არ გამოვრიცხავ, რომ ძველი კადრებისგან მართლაც იყოს პროვოკაციები და ასეთი ადამიანები მართლაც მუშაობდნენ გინდ შსს-ში და გინდ პროკურატურაში. მათგან შეგნებული და შეუგნებელი გადაცდომები ყოველთვის არის მოსალოდნელი, მთავარია მათი დროული გამოვლენა, ამას კი ირაკლი ღარიბაშვილის უწყება ნამდვილად აკეთებს. შესაძლოა, ღარიბაშვილს გარკვეული პროცესის სადავეები გაექცეს, მაგრამ ამის გამოსწორებას ახერხებს. სხვათა შორის, სულ რომ ახალი კადრებით დააკომპლექტო სამართალდამცავი ორგანოები, არ არის გარანტია, რომ ისინიც ისე არ მოიქცევიან, როგორც ძველი თანამშრომლები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე თვალჭრელიძე.
"ამ შემთხვევაში არჩილ კბილაშვილის მხარეზე ვარ. არსებობს სამართალი და არსებობს სამართლიანობაც. სწორედ სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ლადო ბედუკაძე, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა ციხის საზარელი ამბები და ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებას" არჩევნები მოაგებინა, არ ყოფილიყო დასჯილი. ამიტომ კბილაშვილის ადგილზე მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი. ყოჩაღ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც ივანიშვილის ზეწოლას გაუძლო და არ შეცვალა გადაწყვეტილება. კბილაშვილზე პრემიერმა სერიოზული ზეწოლა განახორციელა. ამის გარდა, მას ბედუკაძის გამო ლამის მთელი საპარლამენტო უმრავლესობა დაუპირისპირდა, მაგრამ მთავარმა პროკურორმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. პირდაპირ გეტყვით - მეც მივიჩნევ, რომ თავის დროზე ვლადიმერ ბედუკაძემ გმირობა ჩაიდინა, გმირი კი ჯვარს არ უნდა აცვა", - ამბობს რესპონდენტი.
"ცენტრ პოინტი" კლასიკური ფინანსური პირამიდა იყო. მივიჩნევ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადება ამორალური იყო - თუ რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს პატიმრობას შეუფარდებენ, კლიენტები დაზარალდებიანო. ამას რა მნიშვნელობა აქვს?! კანონი ხომ უნდა აღსრულდეს?! პირადად მეც, "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ვარ, მაგრამ ჯანდაბას ის 30 ათასი დოლარი - მირჩევნია, სამართლიანობა აღდგეს. არ მეშინია ვთქვა - "ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს, მის საარჩევნო კამპანიებს თუ სხვა პროექტებს. როდესაც რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, მაშინ ვთქვი - ეს არ შერჩება-მეთქი. ასეც მოხდა. არ გამოვრიცხავ, რომ "ცენტრ პოინტის" ჯაჭვი მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს. "ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებული მოვლენების მთავარი დირიჟორი მიხეილ სააკაშვილი იყო. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს მალე გამოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილთან ერთად, სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", - განაგრძობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
"შტეფან ფულემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა. მან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ არ დააყენა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელსაც შემდეგ ფულემაც გაუსვა ხაზი, - როდესაც პრემიერს ჰკითხეს, რომ იუსტიციის საბჭოს არჩევნებით საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოაო, მან თქვა, რომ ის კმაყოფილია, ოღონდ კმაყოფილია არა შედეგით, არამედ პროცესების დემოკრატიულად წარმართვით. ფულემ ისიც აღნიშნა, რომ ვინც კანონი დაარღვია, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის ვანო მერაბიშვილმაც, მიუხედავად იმისა, პარტიის გენერალური მდივანია თუ პრეზიდენტობის კანდიდატად უპირებდნენ დასახელებას. სწორედ ამით განსხვავდება ევროკავშირის პოზიცია ევროპარლამენტის პოზიციისგან. ევროკომისრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რაც ხდება საქართველოში. ფულეს ვიზიტმა დაადასტურა, რომ ევროპა ბოლოს და ბოლოს გაერკვა, რა პროცესები მიმდინარეობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდეს. ამაზე ფულემ საკმაოდ პირდაპირ მიანიშნა", - დასძენს რესპონდენტი.