"არა მგონია, თქვენი ევროკავშირში გაწევრება უახლოეს 25-30 წელიწადში მოხდეს"

Realpolitik-ის სუსხიანი გაკვეთილი იუჯინ კოგენისაგან (ექსკლუზივი)

"ნაბუქო" ბრიუსელში ინტერესთა დაპირისპირებას შეეწირა"

"ნაბუქოს" "გარდაცვალება" და საქართველოს ევროატლანტიკური ილუზიები...

ალბათ გახსოვთ ის დრო, როდესაც აწ უკვე ყოფილი მთავრობა ყოველ მეორე დღეს შესაშური გულმოდგინებით გვიმტკიცებდა, რომ გაზსადენ "ნაბუქოს" აშენებით ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ ეშველებოდა, თავად აშენებას კი წინ არაფერი ედგა. ჰოდა, ერთი კვირის წინ ოპერის სეხნია "ნაბუქოს" "დრამა" საბოლოოდ დასრულდა - ერთ დროს გრანდიოზულ პროექტს მასშტაბებში გვარიანად შემცირებამ და "ნაბუქო ვესტ"-ად გადაქცევამაც ვერ უშველა. აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გადაწყვიტა, რომ "ნაბუქოს" მაგივრად გაზს ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენი (ტაპ) გაიტანს, "ნაბუქო" კი ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად საბოლოოდ "დასამარდა". "ნაბუქოს" აღსასრულსა და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე კავკასიის საკითხების მკვლევართა შორის ალბათ ყველაზე დიდ სკეპტიკოსს, დოქტორ იუჯინ კოგენს ვესაუბრეთ.

- როგორ მოხდა, რომ "ნაბუქოს" პროექტმა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოლიავებოდა ევროკავშირი, საბოლოოდ გაცილებით მოკრძალებულ TAP-თან დათმო პოზიციები?

- "ნაბუქოზე" დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი ჩანასახშივე განწირული იყო: პირველი - მასში მონაწილეობდა რვა მხარე, რომლებიც ვერ რიგდებოდნენ ერთმანეთში. მეორე: მოკინკლავე მხარეებმა ვერ მოახერხეს ამ მასშტაბის პროექტისათვის საჭირო ფინანსების მოძიება. ვერ შეთანხმდნენ, ვის რამდენი უნდა დაედო და ზოგადად, რისი მიღწევა სურდათ. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეფემერულ "ნაბუქოს" შაჰ-დენიზის კონსორციუმმა მოკრძალებული, მაგრამ რეალური და სანდო TAP-ი ამჯობინა.

- დიდი მოლოდინით იყო გამსჭვალული ქართველი საზოგადოებაც, მით უმეტეს, რომ წინა ხელისუფლებამ პროექტი ლამის ქვეყნის ყველა სატკივრის პანაცეად შერაცხა. რამდენად გაზვიადებული იყო ჩვენი მოლოდინი და რეალურად რა დავკარგეთ "ნაბუქოს" "გარდაცვალებით"?

- აშკარად გაზვიადებული იყო როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მოლოდინიც. მთავრობამ ხალხს "მიჰყიდა" იდეა, რომ ა) პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა და ბ) რომ ეს დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას შეგძენდათ. არ უარვყოფ, ეს პროექტი ფინანსურად გახეირებდათ და შეგმატებდათ სტრატეგიულ ღირებულებასაც, მაგრამ არა ისეთს, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტმა შეგძინათ. თუმცა, TAP-ის გამარჯვებით საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო კნინდება, რადგან მისი ბენეფიციარები არიან არა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები - რუმინეთი, ბულგარეთი, არამედ საბერძნეთი, ალბანეთი, მაკედონია და იტალია. რუმინეთს, ბულგარეთსა და საზოგადოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას კი რუსული "სამხრეთის ნაკადი" ჩაიგდებს ხელში...

- რამდენად დიდია რუსეთის "დამსახურება" "ნაბუქოს" დასამარებაში?

- რუსეთს ამ პროექტის თვით იდეაც კი აღიზიანებდა, რადგან მასში "სამხრეთის ნაკადის" პოტენციურ მეტოქეს ხედავდა. კრემლს სურდა, ძირი გამოეთხარა ამ პროექტისათვის და ამისთვის არაფერს იშურებდა. რუსეთისთვის "ნაბუქოს" თავდაპირველი, გრანდიოზული ვერსიის განხორციელება სტრატეგიული კოშმარი იქნებოდა, რადგან რუსეთს მოუწევდა, ბუნებრივი აირის მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპის მანიპულირებაზე ნაწილობრივ მაინც ეთქვა უარი. მეორე მხრივ, მოსკოვი ყოველთვის მისდევდა შემდეგ პრინციპს: "ნუ მივცემთ აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის გაყიდვის საშუალებას და თუ მაინც არ მოისვენებს, ჩვენვე ვიყიდოთ იაფად, შემდეგ კი სამჯერ ძვირად გავყიდოთ". ასე რომ, მოსკოვისგან გამუდმებული ზეწოლა იყო ალიევზე, რათა "ნაბუქო" არ შემდგარიყო. ევროკავშირი კი ამის გაუვნებლებაზე თავს მაინცდამაინც არ იწუხებდა, რადგან მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა - გერმანია მშვენივრად გრძნობდა თავს რუსეთთან ენერგოპარტნიორობისა და შეღავათიან ფასებში მიწოდებული ბუნებრივი აირის ხარჯზე.
ასე რომ, "ნაბუქო" საბოლოოდ ბრიუსელში ინტერესთა დაპირისპირებას შეეწირა.

- ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად რეალურად გეჩვენებათ საქართველოს გაწევრება ევროკავშირში? თუ ყველაფერს ეკონომიკური ბერკეტები წყვეტს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პერსპექტივა ბევრად შორეულია, ვიდრე ჩვენი წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლება გვარწმუნებს...

- როდესაც ევროკავშირზეა ლაპარაკი, ორი რამ უნდა გვახსოვდეს: ევროკავშირმა 30 წლის წინ თქვა უარი, ყოფილიყო Hard Power, ანუ სამხედრო ძალა და გარდაიქმნა Soft Power-ად, ანუ რბილ ეკონომიკასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ძალად. დემოკრატიული პრინციპები მისწრებაა თავისუფალი ბაზრისათვის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად და აბეზარი მთხოვნელებისა თუ სტუმრების მოსაგერიებლად. ასე რომ, ევროკავშირმა კიდეც რომ მიიღოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანისგან, ეს სულაც არ შეუშლის ხელს იმაში, რომ დამოძღვროს აზერბაიჯანიცა და საქართველოც, რომ მათ ქვეყნებში დემოკრატიულ პრინციპებს არ იცავენ და ამით ისინი სათანადო დისტანციაზე იყოლიოს. ევროკავშირს არ სურს, იმოქმედოს, მაგრამ ყოველთვის მზადაა სალაპარაკოდ.

საუბარი ევროკავშირის საყვარელი იარაღია, რომელსაც მაინცდამაინც დიდი შედეგი არ მოაქვს, მაგრამ არც უმოქმედობად ითვლება.

თუ შემეკითხებით, აღიქვამს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მომავალ წევრად, გიპასუხებთ, რომ თუ მართლაც აღიქვამს, მაშინ საკმაოდ შორეულ მომავალში, როდესაც არსებული მსოფლიო წესრიგი შეცვლილი იქნება და ძალთა ახალი გადანაწილება მოხდება, იმ დროისათვის, როდესაც რუსეთის ბუნებრივ აირზე ევროპის სუპერდამოკიდებულებას ბოლო მოეღება. რიცხვებით თუ ვიტყვით, არა მგონია, ეს უახლოეს 25-30 წელიწადში მოხდეს. სულ ბოლოს ევროკავშირის წევრი გახდა ხორვატია, თუ ვინმეა შემდეგი სიაში, ეს ბალკანეთის ქვეყნებია, თუმცა მე მათზეც ეჭვი მეპარება. ის კი საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირი მთელ ბალკანეთს გადაახტება, თურქეთსაც ზედ მიაყოლებს და მაინცდამაინც საქართველოს შეიფარებს ფრთებქვეშ. და ეს თუ არაფერს ვიტყვით ეკონომიკურ ფაქტორზე - ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენი შანსი, ამ კუთხით თავი რუსეთზე უფრო საჭიროდ და სასურველად წარმოაჩინოთ, თითქმის ნულის ტოლია.

- ეს უკვე წმინდა წყლის Realpolitik-ია..

- დიახ, ეს შეიძლება საკმაოდ მწარე მოსასმენი იყოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ლოგიკურად მოხდება - უსარგებლო საუბრებს მიღმა ცხოვრება Realpolitik-ის წესებით მიდის. თუმცა, შემიძლია იმით დაგამშვიდოთ, რომ ევროკავშირში შესვლის გადავადება შესაძლოა თქვენთვის სასიკეთოც კი იყოს - არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს ევროკავშირი დღევანდელი სახით, ისევე როგორც არავინ იცის, თუ რა ფორმა ექნება მას ტრანსფორმაციის შემდეგ.

- ამ ლოგიკით, მაინცდამაინც არც ნატოს იმედი უნდა გვქონდეს...

- ეს სხვა ისტორიაა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ნატო გამუდმებით სწევს გადასალახ ბარიერს მაღლა და მაღლა, რათა საქართველოს მიღების საკითხი გადაავადოს. გეუბნებიან, ყოჩაღები ხართ, რომ ეს შეძელით, მაგრამ ეს არ კმარა, ახლა მორიგი გამოცდა უნდა ჩააბაროთო. ამას გვერდითი ეფექტიც აქვს - ხალხი, რომელიც ხედავს, რომ ქვეყანა ნატოს მიერ დაყენებულ ამოცანას წარმატებით უმკლავდება, უფრო და უფრო აჯერებს საკუთარ თავს, რომ დღეს თუ არა, ხვალ ნატოში შევალთ, ეს კი რეალობისგან ძალიან შორსაა. ქართველი ერი თოკზე მიმავალ ეკვილიბრისტს ჰგავს, რომელსაც ნატო ეუბნება, კარგია, რომ მორიგი ნაბიჯი გადადგი, მაგრამ თოკის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია დარჩენილიო. თოკი კი ნატოსია, რომელსაც იგი საკუთარი სურვილისამებრ აგრძელებს ან ამოკლებს. საქართველოსთან დაკავშირებით ნატო ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რომლის მიღებაზეც გამუდმებით ყოყმანობს.

არსებობს სამი რამ, რაც ნატომ უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა თქვენი გაწევრება რეალური გახდეს - საკუთარ თავზე აიღოს პოლიტიკურ-დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური პასუხისმგებლობა. ეს სამი რამ ნიშნავს, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ნატო უკან არ დაიხევს და სრულ სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ-დიპლომატიურ დახმარებას გაგიწევთ. ამ შემთხვევაში რუსეთი უკან დაიხევს, ხოლო თუ ნატო შედრკება და მცირეოდენ სისუსტეს მაინც გამოამჟღავნებს, თქვენი საქმე ცუდად იქნება, რადგან პუტინს დიდებული "ყნოსვა" აქვს, ის იგრძნობს, ისინი ერთად არიან, მაგრამ ცალ-ცალკე დგანანო და მოქმედებას არ დააყოვნებს.
სწორედ ამიტომ ნატო ყველანაირად ითრევს ფეხს, რათა გადაავადოს ეს მომენტი - მომენტი საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობის აღებისა.

- თქვენი აზრით, ამ დროს ჩვენ როგორ უნდა ვიქცეოდეთ?

- ვფიქრობ, თქვენ ორი რამ გაქვთ გასაკეთებელი: უპირველესად, ნაკლები უნდა იფიქროთ ნატოსა და ევროკავშირის მიერ საქართველოს სასწაულებრივ გადარჩენაზე და საკითხს მეტი სერიოზულობითა და პრაგმატულობით მიუდგეთ. ეს ეხება პოლიტიკურ განცხადებებსაც და რასაც მე ვუყურებ, თქვენმა მთავრობამ ეს უკვე გაითავისა - შედარებით ნაკლებად ისმის განცხადებები დღეს თუ არა, ხვალ ნატოს კარის შეღებაზე. მეორე: არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც უნდა გსურდეთ ამის დაჯერება, რუსეთში მხოლოდ ბრიყვები და ლოთები არ ცხოვრობენ და კა-გე-ბეში ერთობ ჭკვიანი და ცბიერი ხალხი მუშაობს. მათ არ გაუჭირდებათ, გაარჩიონ, საქართველომ მართლა აიღო ხელი დასავლეთზე თუ უბრალოდ, ასე აჩვენებს. გულდასმით შეგამოწმებენ და ამას უნდა გაუძლოთ, ხუთიანზე ჩააბაროთ. დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა, კარგად დაფიქრებულიყავით თქვენ მიერ თავის დროზე მსოფლიო მასშტაბით გაკეთებულ განცხადებებზე ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოყვანისა და ისრაელიდან სამხედრო აღჭურვილობის შეძენის შესახებ. დასკვნების გამოტანა, ვფიქრობ, არ უნდა გაგიჭირდეთ.