„გამორიცხული არაა, რამდენიმე თვეში ლევან ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილმა ჩაანაცვლოს“

„გამორიცხული არაა, რამდენიმე თვეში ლევან ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილმა ჩაანაცვლოს“

„ნაციონალური მოძრაობაში“ პოლიტიური დაძაბულობა პიკს აღწევს. პარტიის თავმჯდომარის სკამის დასაკავებლად ლევან ხაბეიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - დადის რეგიონებში და თან ექს-პრეზიდენტის დასახსნელად საპტროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს. ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანია მისი ოპონენტისგან განსხავავებით მშვიდია.

რა შეიცვლება მელიას ან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევნის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“? დატოვებს თუ არა დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარედ თუ მასაც გვერდზე გაიყვანს? for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პასუხობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას არჩევის შემდეგ რა შეიცვლება ან ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა რას მისცემს პარტიას?

ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ის მაქსიმალურად შეეცდება პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს. ამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძებნილი კეზერაშვილის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოს. რაც შეეხება მელიას, არ მგონია ის ხელახლა აირჩიონ. მელია რომც აირჩიონ, მისი თავმჯდომარეობა ხანმოკლე იქნება, რადგან მას კეზერაშვილი და მისი გარემოცვა აშკარად დაუპირისპირდა. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტია დაშლას გააგრძელებს, რადგან სხვადასხვა პოლუსები გაჩნდა, მით უმეტეს, ნიკა მელია ვერ გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით, რის გამოც პარტიის მშენებლობა არ გამოუვიდა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ამავდროულად, დაბალი კვალიფიკაციის პოლიტიკოსი, როგორიც არის ლევან ხაბეიშვილი, საერთოდ ჩამოაქცევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უფრო მეტ დაპირისპირებებს გამოიწვევს.

ცნობილია ლევან ხაბეიშვილის გეგმები, ის დადის რეგიონებში, აანონსებს აქციებს, თუმცა აქციებთან დაკავშირებით პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქციების დრო არ არისო. თქვენ პარტიის დაშლა ახსენეთ და ხაბეიშვილს აქციებში რამდენად აჰყვებიან პარტიის წევრები და იქნება ეს ფაქტი დაშლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი?

- სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა ანტურაჟმა კარგად დაინახეს, რომ საპროტესტო აქციებს აზრი არ აქვს, რადგან ხალხი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მოწოდებას აღარ მიჰყვება. ხაბეიშვილი ქარიზმატული თვისებებით არ არის დაჯილდოვებული, მას პრიმიტიული ლოგიკა აქვს. ის, უბრალოდ, დამკვეთი კეზერაშვილის დავალებებს ასრულებს. ზოგადად, როდესაც ადამიანს პოლიტიკური წონა არ აქვს, მის გვერდით სხვადასხვა პოლიტიკოსები ვერ შეიკრიბებიან. ამიტომ ხაბეიშვილი დარჩება მარტო. შეიძლება „ნაცონალური მოძრაობიდან“ წასულებმა ახალი პარტია შექმნან, ან შეიძლება ხაბეიშვილი აიძულონ, რომ, ადრე თუ გვიან, წავიდეს. ძველი პოლიტიკოსები სად წავლენ უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ უკანონობის ჩადენას არავინ აპირებს და სააკაშვილს უცხოეთში არავინ გადაიყვანს, საქართველოში საკმარისი რესურსია, რომ მას უმკურნალონ. ის თავისი ვადის მოხდას საპატიმროში გააგრძელებს, ხოლო „ნაცმოძრაობაში“ რღვევა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დავით კეზერაშვილს ახლა ლევან ხაბეიშვილი სურს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ შესაძლებელია შემდეგ კეზერაშვილმა ისიც ჩამოიცილოს?

- გამორიცხული არ არის ზუსტად ეს იყოს კეზერაშვილის გეგმა. უბრალოდ, რაში სჭირდება ყველასგან სასაცილოდ მიჩნეული ხაბეიშვილის წინა პლანზე გამოყვანა, უცნობია. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ ხაბეიშვილი რამდენიმე თვეში ვანო მერაბიშვილმა ჩაანაცვლოს. ძველი სახეები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ პეროდში ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი საჯარო სივრცეში არ ჩანან, არ ვიცით მათი აზრი მიმდინარე პროცესებზე. მათ შორის არც ის ადამიანები ჩანან, რომლებიც სააკაშვილის გვერდით იდგნენ, როდესაც ეს პარტია დაფუძნდა. ასე რომ, რომელ მხარეს არიან, თუ საერთოდ ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, ჯერჯერობით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

პარტიაში დაპირისპირება ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიგურის გამოჩენამაც გამოიწვია. თქვენ როდესაც ახსენეთ, რომ ძველმა სახეებმა შესაძლებელია ახალი პარტია შექმნან, ძველ სახეებში გულისხმობთ ჭიაბერაშვილს, სააკაშვილის ოჯახის წევრებს და მათ შორის მელიას, რომლებიც ერთად დაუპირისპირდნენ უკვე კეზერაშვილ-მერაბიშვილის კლანს?

- ეს გამორიცხული არ არის. საერთოდ, ჭიაბერაშვილი ცნობილია, რომ ბოლოს „ევროპულ საქართველოში“ იყო, რომელსაც რეიტინგი აღარ აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ძალიან აქტიურობს პოლიტიკური განცხადებებით სოციალური ქსელიდან. ამიტომ, გამორიცხული არაა ე.წ. დიდი გაერთიანება ვნახოთ, თუმცა შესაკრებლთა გადანაცვლებით ჯამი მაინც არ იცვლება.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ხაბეიშვილის და მისი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ეს ადამიანები აღარ გამორიჩევიან ხელისუფლების მიმართ დიდი კრიტიკით. იმ შემთხვევაში, თუ მათ შექმნეს ერთად ახალი პარტია, იქნებიან კონსტრუციული ოპოზიცია?

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა კონსტურქციულობა ბოლომდე შეინარჩუნონ, ვერ წარმომიდგენია. შეიძლება ეს არის დროებითი თვალთმაქცობა, თუმცა ხანგრძლივ პერიოდში ყოველთვის ჩანს, რომ ისინი კონსტრუქციის მხარეს არასოდეს არიან. ყოველთვის ცდილობენ, როგორმე ქვეყანაში ვითარება შეარყიონ, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით.

ასევე საინტერესო ფრაზა გააჟღერა თამარ ჩარკვიანმა, რომელიც ნიკა მელიას შემდეგ მამუკა ხაზარაძეს გადასწვდა და განაცხადა, რომ ხაზარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება უნდა. შეიძლება იყოს ამაში სიმართლის მარცვალი?

- არ ვიცი თაკო ჩარკვიანს რა ვერსიები აქვს, თუმცა მისი პოლიტიკური პროგნოზები ნამდვილად საინტერესო არაა. ისე კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერია მოსალოდნელი. ისინი, ვინც მის სატელიტებად მოიაზრებიან, შესაძლოა ჩაანაცვლონ „ნაცმოძრაობის“ არსებული ხელმძღვანელობა. მამუკა ხაზარაძე რომელი პარტიის მხარეს დადგება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ის და მისი კომპანიონი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ ოფიციალურად თაღლითებად არიან შერაცხულნი. არიფები პოლიტიკაში არანორმალური მოვლენაა.

საინტერესო ფაქტი მოხდა საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით. სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტკური განხილვის თემა გახდა, ოპოზიცია აპილირებს, რომ უკრაინაში ომია და ეს სლოგანი მიუღებელია. რატომ იქცა ერთი უწყინარი სლოგანი პოლიტიკურ თემად?

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დედაქალაქში ახალი რაღაცები კეთდება, ნაცმარგინალების მხრიდან არაერთხელ გვსმენია ობსტრუქციული გამონათქვამები. ახლაც ნამდვილად არ გამკვირვებია. მათი ე.წ. აქცია მეტყველებს იმაზე, თუ რა მხარდაჭერით სარგებლობენ საზოგადოებაში - 5 ადამიანი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე და მეტი თანამზრახველი ვერ შეკრიბეს. ამიტომაც არიან მარგინალები, მათ ქვეყნის განვითარება არ უნდათ. ისიც კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვარდების მოედანზე ნაძვის ხე რომ დაიდგა, მაშინაც არ მოსწონდათ, წაქცევაც კი სცადეს, კახა კალაძეს დაუპირსპირდნენ - ეს მათი ჩვეული ბუნებაა.

Aburjga Tasmanieli ჩაანაცვლოს მერე, რატომ არ უნდა ჩაანაცვლოს? თქვენ რას იხოკავთ ღაწვებს წინასწარ?! კაცმა 19 წელი ციხე მოიხადა. ერთი არ დაუკვნესია! ახლა რა გინდათ? !
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 19 ---- 9!
1 წლის უკან