მთავრობამ ფარმაცევტული ბაზრის კონტროლს ხელი სერიოზულად მოჰკიდა. ფასების შემცირების მიმართულება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნებისმიერ გადაცდომაზე რეაგირება მწვავე იქნება. პირველი ამგვარი სიგნალი უშუალოდ პრემიერისგან გაისმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული კომპანია „პეესპეს“ მხრიდან მომხმარებლის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ფაქტზე საუბრობს. საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოში თურქული მედიკამენტები შემოტანა ნებადართული გახდა, რამაც ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. პრემიერის თქმით კი, არსებობს ინფორმაცია, რომ „პეესპეში“ ფარმაცევტები მომხმარებელს მიზანმიმართულად ატყუებენ, რომ თურქული მედიკამენტები უხარისხოა.
„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. რეფორმა იანვარში დავიწყეთ. ჩემი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და მაშინ ვთქვით, რომ თურქეთიდან შემოვიდოდა ხარისხიანი GMP-სტანდარტის მქონე მედიკამენტები. ეს განხორციელდა წარმატებით. მაშინ სკეპტიკურად იყო განწყობილი ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის. ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ღიად აკრიტიკებდა ამ პროგრამას, მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო დიდი დარტყმა. თუმცა ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს წელიწადში.
მედიკამენტები საკმაოდ გაიაფდა, 200-ლარიანი მედიკამენტები გახდა 30, 40, 50 ლარი. მინდა პირდაპირ დავასახელო კომპანია და განვაცხადო, რომ საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, ითქვა თითქოს „პეესპეს“ აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. არსებობს ასეთი ინფორმაცია და ამას გადამოწმება სჭირდება.
როცა შედის მომხმარებელი აფთიაქში და სურს კონკრეტული მედიკამენტი, ფარმაცევტი ეუბნება, რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ეს არის მტრობა პირდაპირ, უმსგავსობა. ამას სჭირდება რეაგირება. მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელია. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს... ეს არ არის სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის... მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება არის ხალხზე ზრუნვა და რაც მათ სჭირდებათ, ის უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, რეფორმას ვერავინ შეაჩერებს. შესაბამისად პარლამენტში ინიცირებულია ახალი კანონპროექტი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, რაც წამლებზე ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს. პრემიერს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენ პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეფერენტული ფასების დაწესებას, რაც დამატებით თითქმის 40%-მდე გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა, ძალიან დიდ თანხას დაზოგავს. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტის მხარდაჭერის.
ეს არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, ეს არის აპრობირებული ევროპული გამოცდილება, ჩვენ ევროპული ქვეყნებიდან გადმოვიღეთ აღნიშნული პრაქტიკა და ამ რეფორმასაც წარმატებით განვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და ასევე, იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. აი, ეს პროცესი შევაჩერეთ ამ ერთ წელში, წელს უკვე 80 მილიონ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ჩვენმა ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად და ჯამში, გაისად უკვე 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის მწვავე კრიტიკას მაშინვე გამოეხმაურა დადანაშაულებეული ფარმაცევტული კომპანია. „პეესპეს“ განცხადებაშია აღნიშნულია, ირაკლი ღარიბაშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
„დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს „პეესპე“ არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. „პეესპესთვის“ მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.
ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრომაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“ -, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
რაც შეეხება პრემიერის მიერ ნახსენებ წამლებზე „რეფერენტული ფასის“ კანონპროექტს, მას დაჩქარებულად აღარ განიხილავენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს და მხარიც დაუჭირეს, თუმცა კომიტეტმა მიიჩნია, რომ პროექტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები დამატებით შესწავლას და მსჯელობას საჭიროებს. ამიტომ კანონპროექტს დაჩქარებული სტატუსი უნდა მოეხსნას და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს მისი განხილვა. დეპუტატებმა, ამ დათქმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტთა პაკეტს.