შვიდფერა ვაშლის გამოსახულებით დამშვენებული კომპიუერები კარგა ხანია იშვიათობას არ წარმოადგენს. მათ უკვე ყველგან შეხვდებით. მაღალმა ხარისხმა, საიმედოობამ, ელეგანტურმა დიზაინმა და მისაღებმა ფასებმა კომპანია Apple მთელს მსოფლიოში კომპიუტერების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად აქცია. კომპანიის მიერ გამოშვებული კომპიუტერების გაყიდვამ გასაკუთრებით უკანასკნელ წლებში იმატა.
ჰაკერობიდან კომპანიონობამდე
სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი ჯერ კიდევ სკოლაში დამეგობრდნენ. ორივეს ელექრონიკის მიმართ სიყვარული და მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის ვარდისფერი ოცნება გამოარჩევდა. ბიჭები ერთმანეთისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ვოზნიაკი ბუნებით ალტრუისტი იყო, ჯობსი კი ბევრი ფულის შოვნისა და ფუფუნებისაკენ ილტვოდა.
მათი პირველი ერთობლივი პროექტი კომპიუტერებთან არ ყოფილა დაკავშირებული. 1972 წელს ვოზნიაკს ხელში ჩაუვარდა ჰაკერული მოწყობილობა Bluebox-ის სქემა, რომლის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უფასოდ დარეკვა შეიძლებოდა. მას ბევრი არ უფიქრია, სქემის მეშვეობით ახალი ტიპის ხელსაწყო ააწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში სად აღარ დარკეკა. ალბათ ამგვარი გართობა მალე მობეზრდებოდა, საქმეში გაჭრიახი ჯობსი რომ არ
ჩარეული. იგი უმალ მიხვდა, რომ ფულის შოვნის მშვენიერი შანსი ჰქონდათ.
მეგობრები საქმეს შეუდგნენ, დეტალები შეიძინეს, აპარატები დაამზადეს და თითო 150 დოლარად გაყიდეს. დაახლოებით 200-მდე რომ გაასაღეს და 2000 დოლარამდე მოგება ძმურად გაიყვეს, ბიზნესის შეწყვეტა მოუხდათ, რადგან მათი საქმიანობით პოლიცია დაინტერესდა. კალიფორნიელ სამართალდამცავებს რომ მეტი გონიერება გამოეჩინათ, Apple-ზე ალბათ ვეღარ ვისაუბრებით, მაგრამ, ორივე სტივი გადარჩა და მალე ხელი სერიოზულ საქმეს მოკიდეს. კერძოდ, ვოზნიაკმა მუშაობა დაიწყო „ჰიულიტ პაკარდში“ ინჟინრად, ჯობსი კი ელექტრონიკის და ვიდეოთამაშების მსხვილ კომპანია „ატარში“ მოეწყო.
ორი სტივის შემდგომ ერთობლივ პროექტად ვიდეოთამაში „ბრეკაუთი“ იქცა, რომლის დამზადება ჯობსს დაავალეს. საქმე რომ სწრაფად გაეკეთებინა, მან მეგობარ ვოზნიაკს უხმო და მიღებული თანხის ნახევარი, 350 დოლარიც მისცა, თუმცა, ვიდეოთამაშის სწრაფად და ხარისხიანად დამზადებისათვის პრემიის სახით მიღებულ 5000 დოლარზე სიტყვა არ დასცდენია. მოგვიანებით ვოზნიაკმა
ჯობსის სიმუხთლის შესახებ შეიტყო, მაგრამ დიდად არ განაწყენებულა. მას ხომ, როგორც აღვნიშნეთ, ფული ნაკლებად აინტერესებდა.
ალტრუისტი ვოზნიაკი ბედნიერი იყო, რადგან დიდი ხნის ოცნება აისრულა და სახლში პერსონალური კომპიუტერი ააწყო. იმ პერიოდში უბრალო კალკულატორებიც კი ძალიან ძვირად ფასობდა, პერსონალური კომპიუტერი კი დიდი იშვიათობა იყო და, სულ მცირე, 3000 დოლარამდე ღირდა. თუმცა, ვოზნიაკს კომპიუტერის აწყობა ბევრად იაფი დაუჯდა, მას ხომ ელექტრონული სქემების მინიმალური ელემენტებით შექმნის საოცარი ტალანტი გააჩნდა. თანაც ჯობსიც გვარიანად დაეხმარა, რომელმაც ბევრი ნაწილი „ატარიდან“ მოიპარა.
მაშინ ორ სტივს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ვოზნიაკის საძინებელ ოთახში დაპროექტებული და გარაჟში აწყობილი ეს უზარმაზარი ყუთი, რომელსაც 1 მეგაჰერცი სიხშირის პროცესორი და 4 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა, ახალი იმპერიის საფუძველი იყო. სხვათა შორის, ამ დროს კიდევ ერთხელ შეიძლებოდა Apple არ დაარსებულიყო. საქმე ის გახლდათ, რომ ვოზნიაკმა თავისი პროექტი კიდევ უფრო გააუმჯობესა და „ჰიულიტ პაკარდის“ ბოსებს წარუდგინა, მაგრამ მათ ყურადღებაც არ მიაქციეს. სამაგიეროდ, ჯობსმა პერსპექტივის სუნი უმალ იყნოსა, თავისი „ფოლკსვაგენი“ გაყიდა, ვოზნიაკი დაითანხმა, თავის მანქანას მეგობრის პროგრამული კალკულატორი მიაყოლა და სიჭირო მასალების და მყიდველების ძებნას შეუდგა. თან „ატარიდან“ მეგობარი რონ ვეინი მოიწვია, რომელიც საჭირო დოკუმენტაციის და ლოგოტიპის მომზადებას შეუდგა.
პირველი ნაბიჯები და პირველი მილიონები
1976 წლის 1 აპრილს ჯობსმა, ვოზნიაკმა და ვეინმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს კომპანია, რომელსაც ჯობსის ინიციატივით Apple დაარქვეს. ამგვარ მონათვლას ძალიან მარტივი მიზეზი ჰქონდა: მეგობრებს სურდათ მათი კომპანია სატელეფონო ცნობარში „ატარიზე“ წინ ყოფილიყო.
მოხერხებულმა ჯობსმა 50 პოტენციური მყიდველი მალე იპოვნა, რომლებსაც Apple-ის კომპიუტერები 500 დოლარად შესთავაზა. ამასთან, იგი დეტალების მთავარ მომწოდებელს 15 ათასი დოლარის ოდენობის ერთთვიან კრედიტზე მოურიგდა. ჯობსის რისკიანმა ნაბიჯმა ბუნებით ფრთხილი ვეინი დააფრთხო და მან კომპანიაში თავისი 10% წილი ორ სტივს სულ რაღაც 800 დოლარად მიყიდა. ალბათ შემდეგ სასტიკად ინანა.
ჯობსმა და ვოზნიაკმა კი Apple1 მოდელის 50 კომპიუტერი 29 დღეში (!) ააწყვეს. ამ წარმატებამ ჯობს ახალ, ამბიციურ გეგმაზე ფიქრი დააწყებინა, რომლისთვისაც უკვე გაცილებით დიდი თანხა სჭირდებოდათ. ამ დროს მათ ბედმა გაუღიმა.
Apple 1-ის პირველი პარტიის ეგზომ სწრაფად გაყიდვამ ჯობსი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ იაფი პერსონალური კომპიუტერი უდავოდ დიდად მოთხოვნადი საქონელია. „ატარში“ მუშაობისას მან ბევრი საჭირო ნაცნობი შეიძინა, რომლებმაც იგი მილიონერ არმას კლიფ მარკულას წარუდგინეს. სტივების მსგავსად თავის დროზე ისიც ინჟინერი იყო, თუმცა შემდეგ მენეჯმენტზე გადაერთო და ჯერ „ფარჩილდ სემიკონდუქტორში“ მუშაობდა, შემდეგ კი „ინტელში“. სწორედ ამ უკანასკნელში დააგროვა მან გვარიანი კაპიტალი, რომელიც შემდეგ წარმატებით დააბანდა.
მარკულა Apple-ის პერსპექტივას უმალ ჩაწვდა, კომპანიაში 90 ათასი ჩადო და კიდევ 250 ათასის კრედიტი გამოიტანა. ამასთან, მისი ინიციარივით 1977 წელს Apple სააქციო საზოგადოებად იქცა.
ამავე პერიოდში ვოზნიაკმა დაამთავრა ახალი, Apple2 ტიპის კომპიუტერზე მუშაობა. იგი სიმძლავრით თავისი წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. მაგრამ, მანქანას მაღალი ხარისხის ფერადი გამოსახულების ჩვენება შეეძლო და, რაც მთავარია, მისი ნებისმიერ ფერად ტელევიზორთან მიერთება შეიძლებოდა. ამის გამო Apple2 ადრინდელ მოდელთან შედარებით გაცილებით ძვირი, 1300
დოლარი ღირდა. მაგრამ პერსონალურ კომპიუტერებზე დიდი მოთხოვნა არსებობდა, Apple2 მშვენივრად იყიდებოდა და მისი გამოშვებიდან 3 წლის შემდეგ, კერძოდ კი 1980 წელს კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 10 მილიონ დოლარს მიაღწია.
პარალელურად კომპანიამ შეიმუშავა ორი ახალი მოდელი: Apple3 და Apple Lisa. ჯობსის გადაწყვეტილებით ფირმამ თანდათანობით უარი თქვა ლოზუნგზე „იაფი კომპიუტერები ყველასათვის“. Apple3, რომელიც საკმაოდ ძლიერი კომპიუტერი იყო, უკვე 4500-7000 ათასი დოლარი ღირდა. სამწუხაროდ, წარმატებით თავბრუდახვეული ჯობსი ნოვაციების ფრქვევაში გაერთო, თანაც გვერდით ვოზნიაკიც, რომელიც ავტოავარიაში მძიმედ დაშავდა და კომპანიიდან წავიდა, არ ჰყავდა. ჯობსის ბრძანებით კომპანიის ინჟინრებმა ძალიან დააპატარავეს Apple3-ის კორპუსი, შიგნით ვენტილიატორები არ მოათავსეს და კომპიუტერები რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ ფუჭდებოდა. ეს კატასტროფა იყო და მარკულას ინიციატივით კომპანიის დირექტორთა საბჭომ ჯობსი Apple Lisa-ს წარმოებას ჩამოაშორა.
მაუსის და მაკინტოშის ნოვატორი
პირველი „ლიზა“ 1983 წელს გამოვიდა. ეს კომპიუტერი ტექნიკური სრულყოფილების ჭეშმარიტი განსახიერება გახლდათ. მას 5 მეგაჰერცი სიხშირის პროცესორი, 1 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 871 კილობაიტის ტევადობის, გაუმჯობესებული დისკის მოხმარების უნარი, პარალელური პორტი და, რაც მთავარია, ორი რევოლუციური სიახლე: გრაფიკული ინტერფეისი და მაუსი
გამოარჩევდა. მაგრამ მისმა ფასმა, რომელიც 9995 დოლარი გახლდათ, მყიდველები დააფრთხო. გარდა ამისა, „ლიზა“ საკუთარი, „ლოს“ ოპერატიული სისტემით მუშაობდა, რაც მას Apple-ის სხვა კომპიუტერებისადმი შეუთავსებადს ხდიდა.
კომპანიის ხელმძღვანელობის შემდეგი ნაბიჯი შედარებით იაფი კომპიუტერის გამოშვება გახლდათ. ამგვარად, ერთი წლის შემდეგ გაყიდვაში გამოვიდა Apple LIsa2, რომელიც წინამორბედთან შედარებით ორჯერ იაფი იყო. მალე მას მოჰყვა Apple Macintosh, რომელმაც «ლიზა 2» სრულიად დაჩრდილა.
ბევრი „მაკინტოშის“ მამებად ორ სტივს თვლის, მაგრამ ეს შეცდომა გახლავთ. როგორც გითხარით, 1981 წელს ვოზნიაკი ავტოავარიაში მოყვა, ჯობსს კი Apple 3-ის ჩავარდნამ პრობლემები შეუქმნა.
ამ მოვლენებამდე 5 წლით ადრე კომპანიაში მუშაობა დაიწყო პროფესორმა და კომპიუტერულმა კონსულტანტმა ჯეფრი რასკინმა. თავდაპირველად იგი ვიდეოთამაშების შექმნაზე მუშაობდა, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს „ყველასათვის მარტივი და იაფი კომპიუტერის“, რომელსაც მან „მაკინტოში“ დაარქვა, შექმნის იდეა გააცნო. მისი იდეური მოწინააღმდეგე ჯობსი იყო, რომელსაც ძვირფასი და ძლიერი კომპიუტერების გამოშვება სურდა. მას შემდეგ, რაც ჯობსის პოზიციები შეირყა, რასკინს თავისუფლება მიეცა, მან „მაკინტოშზე“
მუშაობა წარმატებით დაიწყო, თუმცა, რატომღაც, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და 1982 წელს კომპანიიდან წავიდა.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რასკინის საქმე მისმა იდეურმა მტერმა ჯობსმა გააგრძელა. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ პირველმა „მაკინტოშმა“ „ლიზას“ ყველა ნოვაციური სიკეთე შეინარჩუნა და თანაც საკმაოდ იაფი, 500 დოლარი ღირდა.
ეგზომ დიდი წარმატების შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ კომპანიამ მუშაობა ამ მიმართულებით გააგრძელა. 1987 წელს გამოვიდა „მაკინტოშ 2“, თუმცა ორი წლით ადრე Apple-მა მსოფლიო საორცარი ნოვაციებით გააოგნა.
სწორედ Apple-მა „მაიკროსოფტთან“ ერთად 1985 წელს გამოუშვა პირველი ელექტრონული ცხრილი Exel for Macintosh, რომლის ვერსია სხვა სისტემის პერსონალური კომპიუტერესითავის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. ამ ნოვაციას მოჰყვა პროგრამების Macintosh Aldus PageMaker და LaserWriter გამოშვება, რომლებმაც საგამომცემლო საქმეში გადატრიალება მოახდინა და Apple-ს დიდძალი მოგება მოუტანა.
1986 წელს Apple-მა გამუშვა SCSI ინტერფეისის მქონე პირველი კომპიუტერი „მაკინტოშ პლუს“, რომელთან ერთად შეიქმნა იეროგლიფებთან სამუშაო პროგრამა KadjiTalk. ამგვარად კომპანიამ აზიური ბაზრის დაპყრობა შეძლო.
ასე რომ, Apple-ის ბრუნვამ თანდათანობით იმატა და 1998 წელს კომპანიამ მეტი კომპიუტერი გაყიდა, ვიდრე თვით IBM-მა. 1990 წელს ბაზარზე გამოვიდა იმ დროისათვის უსწრაფესი და უძვირესი კომპიურერი Macintosh 2fx, რომელიც 10 ათასი დოლარი ღირდა. მას მოჰყვა იაფი, ულტრაბრტყელი კორპუსის მქონე Macintosh CL, რომელიც ბაზარზე საოცარი მოთხოვნილებით სარგებლობდა. შემდგომ წლებში მსოფლიო ბაზარი Apple-ის ნოუთბუქებმა დაიპყრო.
1997 წელს კომპანიას სათავეში კვლავ სტივ ჯობსი ჩაუდგა. მან არჩეული კურსი გააგძელა, Apple კომპიუტერულ ბაზარს გამუდმებით ათასგვარ სიახლეს სთავაზობს, მარტო iPone რად ღირს, და იმიტომაც არის, რომ მის დაახლოებით 37%-ს აკონტროლებს და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემოსავალიც წლიდან წლამდე ეზრდება.