“ქვეყანაში კონტრდაზვერვის პარტიული სტრუქტურები მოქმედებდნენ და ასეთი სამსახური “ნაცმოძრაობას” ახლაც ჰყავს”, _ აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სწორედ ზემოხსენებულ სტრუქტურებს უკავშირებს. მაისაიას თქმითვე, სწორედ პარტიული კონტრდაზვერვაა ცნობილი “ჯიჰადის კლიპების” ავტორი. ამასთან, პარტიულმა კონტრდაზვერვამ მოაწყო საბოტაჟი, რასაც მერიის მაღალჩინოსნების დაკავება, გათავისუფლება და ისევ დაკავება მოჰყვა. “კონტრდაზვერვის ეს სამსახური, რომელიც მხოლოდ “ნაცოძრაობას” ემსახურება, საარჩევნოდ არაერთ მსგავს პროვოკაციას გეგმავს”, _ ამბობს მაისაია.
_ ბატონო ვახტანგ, ნატო-ს გენერალური მდივნის, რასმუსენის თბილისში ვიზიტს, თქვენი აზრით, რა შედეგი მოჰყვება?
_ რასმუსენის ვიზიტი იმის კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ ნატო-ს ინტერესი მხოლოდ საქართველოს კი არა, რეგიონის მიმართ აქვს. ეს ვიზიტი იმ პროცესებისადმი, რომელიც პირველ ოქტომბერს დაიწყო, კეთილი ჟესტი იყო. ეჭვი არ მეპარება, არჩევნებში წინა ხელისუფლებას რომ გაემარჯვა, რასმუსენის ვიზიტი არ შედგებოდა. იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელებთ დემოკრატიის გზას და როგორ ჩავატარებთ საპრეზიდენტო არჩევნებს, ნატო-მ კრედიტი მოგვცა და რასმუსენის ყველა გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა იმედი, რომ კიდევ ერთ ტესტს წარმატებით გადავლახავთ. ეს კი, ალიანსის წევრობამდე მიგვიყვანს.
საქართველო ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის მსხვილი კონტრიბუტორია. რასმუსენის ვიზიტამდე საშიში სიგნალები მივიღეთ და მისიის შესრულებისას ჩვენი ჯარისკაცებიც დაიღუპნენ. ამ ფონზე ნატო-ს ასეთი მასშტაბის ღონისძიება ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულება იყო.
რასმუსენის ვიზიტი შეიძლება, გლობალური პოლიტიკის კონტექსტშიც განვიხილოთ _ ბოლო დროს რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ რუსეთმა აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი, სნოუდენი შეიფარა. გარდა ამისა, საუბარია თავდაცვითი სისტემების განლაგებაზე _ ბოლო დღეებში რუსეთმა ბელორუსიის ტერიტორიაზე სტრატეგიული ავიაციის გადასროლა და ბირთვული კონტიგენტის მატარებელი ისკანდერების განთავსება დაიწყო, ანუ სიტუაცია ცივი ომისდროინდელ გარემოს უახლოვდება. ამიტომ, რასმუსენის თბილისში ვიზიტი მოსკოვისადმი ერთგვარი მინიშნებაც იყო, რომ ნატო თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ დათმობს.
_ ალიანსის კეთილგანწყობის მიუხედავად, 2006 წლის შემდეგ, ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წავიწიეთ _ მაპ-ი ისევ ოცნებაა...
_ მაპ-ის მიღებისათვის აუცილებელი პირობა მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობებია. თავის დროზე რუმინეთს უკრაინასთან, შავ ზღვაზე კუნძული “ზმეინაია” ჰქონდა სადაო, მაგრამ როგორც კი რუმინეთის ნატო-ში შესვლის საკითხი დადგა, ამ კუნძულზე უარი თქვა.
_ ანუ, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობას არ მოვაგვარებთ და ეს მოგვარება თუნდაც ჩვენს ტერიტორიებზე უარის ფასად დაგვიჯდეს, მაპ-ს ვერ მივიღებთ?
_ თურქეთს საბერძნეთთან კვიპროსის პრობლემა ჰქონდა, თუმცა დღეს ორივე სახელმწიფო ნატო-ს წევრია. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, ცხინვალისა და აფხაზეთის პრობლემა არ იყოს გადაწყვეტილი, იურიდიულად, ისინი მაინც ჩვენი ტერიტორიებია, მაგრამ უნდა იყოს მეზობელ სახელმწიფოებთან სტაბილური ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო-ს ახალ მექანიზმზე მუშაობა, რომელიც კონკრეტულად ჩვენს სიტუაციას მოერგება. სხვათა შორის, მაპ-ის სტატუსიც თავის დროზე ასეთი გამოუვალი მდგომარეობის გამო შეიქმნა.
ახლანდელი მდგომარეობით, ნატო-ს გარკვეულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ არსებობს მეორე მომენტიც _ დემოკრატიის დონე. ამ მხრივ ჯერ კიდევ მოვიკოჭლებთ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმის გადმონაშთები. ისე, თავის დროზე ამ რეჟიმის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ნატო იყო.
_ რას გულისხმობთ?
_ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, ნატო-ს მაშინდელმა გენმდივანმა სხეფერმა უმწვავესი განცხადება გააკეთა. ასეთი განცხადება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გაუკეთებიათ. 7 ნოემბრის შემდეგ, ნატო-ს ქართველი თანამშრომლები, სირცხვილით, შტაბბინაში ვერ შევდიოდით. საქართველოს მისიის მიმართ, პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოცხადდა. სიტუაცია მას შემდეგ დამშვიდდა, როცა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ეუთო-მ, ბუშთან ერთად, “გააპრავა”.
ბუქარესტის სამიტზეც რეჟიმის მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა დაფიქსირდა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. ბუქარესტში პირდაპირ მიგვანიშნეს, მაპ-ს იმიტომ არ მოგცემთ, რომ ღირსები არ ხართო. ასეთი დამოკიდებულება საქართველოში არსებული ავტორიტარული რეჟიმის გამო იყო.
ნატო-ში ვმუშაობდი და საქართველოს მისიის მხოლოდ დავალებებს კი არა, იმ დაკვეთებსაც ვასრულებდი, რომლებშიც ფულს ნატო იხდიდა. ნატო-ს შიდა პროცესები ვიცი და მოვლენებს გარედან არ ვუყურებ. ამიტომაც ვიმეორებ: პირველ ოქტომბერს სააკაშვილის რეჟიმს რომ გაემარჯვა, რასმუსენის ვიზიტი არ შედგებოდა. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა სოლიდურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მრავალმილიონიანი პროექტები, რომლებიც ხელს საქართველოს ნატო-ში შესვლას შეუწყობდნენ, მხოლოდ იმიტომ ჩააგდო, რომ საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი არსებობდა. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციამ ეს პროექტები ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ აღადგინა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წარმოიდგინეთ, რა ხასიათზე იქნებოდნენ ნატო-ში, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხუთი ადამიანი რომ დააკავეს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჩემს გარდა, დაიჭირეს ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბატკუაშვილი და, ასევე, ნატო-ს ეკონომიკური კომიტეტის ექსპერტი ბესო ბროლაძე.
_ ამბობენ, რომ სააკაშვილმა რუსეთის დაკვეთით დაგიჭირათ...
_ მე ვანო მერაბიშვილმა დამიჭირა, რომლის რუსეთთან ურთიერთობაზეც მისივე თანამოაზრეები ლაპარაკობენ... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცნობილია ვანო მერაბიშვილის დამოკიდებულება ლუკაშენკოსა და მის რეჟიმთან _ პრემიერობის დროს, მერაბიშვილმა ბელორუსიიდან ტრაქტორები შემოიყვანა და ამით ის ეკონომიკური სანქციები დაარღვია, რომელსაც ევროპა ბელორუსიის მიმართ იყენებდა _ ბელორუსიისგან ტრაქტორებს მხოლოდ რუსეთი ყიდულობდა.
კიდევ ერთ ამბავს გაგახსენებთ, რომლითაც დარწმუნდებით, რომ ვანო მერაბიშვილი მოსკოვიდან დანიშნული აგენტი იყო: 1999 წელს, შევარდნაძის წინააღმდეგ პირველი კრიტიკული შენიშვნა სწორედ მერაბიშვილმა “გააკეთა”. ეს განცხადება საეჭვოდ დაემთხვა ერთ ფაქტს _ იმავე პერიოდში საქართველომ დატოვა პრორუსული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება და დაიწყო პრონატოური პოლიტიკის გატარება. სწორედ აქედან დაიწყო შევარდნაძის პოლიტიკის აქტიური კრიტიკა, რაც საბოლოოდ, “ვარდების რევოლუციით” დამთავრდა.
_ ბატონო ვახტანგ, ინტერნეტსივრცეში ჯიხადის ცნობილი კლიპების გამოჩენაც იმას ხომ არ ემსახურებოდა, რომ ნატო-მ საქართველოზე გული აიცრუოს?
_ ორი აზრი არ არსებობს, კლიპები საქართველოშია დამზადებული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა. მინდა გითხრათ, რომ “ნაცმოძრაობაში” სპეციალური კონტრდაზვერვის სამსახური შექმნეს, რომელსაც სათავეში კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მაზმიშვილი ჩაუდგა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს ჯგუფი აპირებს პროვოკაციების მოწყობას არჩევნების პერიოდში. ავიღოთ მერიის ფინანსური სკანდალი, რომელიც რასმუსენის ვიზიტის დროს განხორციელდა, დარწმუნებული ვარ, ესეც პარტიული სპეცსამსახურის მოწყობილია. ასეთი სპეცსამსახურები არსებობენ ავტრორიტარულ პარტიებში, “ნაცმოძრაობა” კი სწორედ ასეთი ორგანიზაციაა. სპეცსამსახური ჰყავდა კომუნისტურ პარტიას და მესამე რაიხსაც.
რატომ გახდა “ნაცმოძრაობის” გენმდივანი ვანო მერაბიშვილი? _ არც ესაა შემთხვევითი. მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ბუნებრივია, სახელმწიფო სტრუქტურებში თავისი აგენტურა ჰყავდა ჩანერგილი. მოგიყვანთ კონკრეტულ ფაქტებს: კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ვანო მერაბიშვილთან მუშაობდნენ. მაგალითად, ვალერი ზუმბაძე, რომელიც ახლა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსია. ადრე კი ჩვეულებრივი გამომძიებელი იყო და ჩემი, ასევე, “ენვერის” საქმეები შეკერა და საქართველოში ნატო-ს ჯაშუშები გამოავლინა. ეს ის ადამიანია, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე, ვინმე ორჯონიკიძე, რომელიც ადრე “კომანდოს” ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო, დღეს კი, მოქმედი რეზერვის ოფიცერი და განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს მაღალჩინოსანია. ვალერი დათაშვილი კი, რომელიც უდიდესი სისასტიკით გამოირჩეოდა, დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთი წამყვანი სამმართველოს უფროსია.
დარწმუნებული ვარ, ეს სამი კაცი ისევ ასრულებს გიორგი მაზმიშვილის დავალებებს. მეტიც, ვალერი ზუმბაძე დღეს ლაფანყურის ოპერაციის საგამოძიებო ჯგუფის წევრია _ ეს ადამიანი საბოტაჟს მოაწყობს და მტკიცებულებებს გაანადგურებს. საბოტაჟის სუნი უდის ხვედელიძის მოქმედებასაც _ სპეცსამსახურების მხრიდან დევნის ეს გზა უკვე გავიარე და ვიცი, თუ როგორ მოქმედებენ. ჩემს საქმეს საიდუმლო გრიფი რომ მოეხსნას, პასუხი ძალიან ბევრ შეკითხვას გაეცემა და გრიფით “საიდუმლოს” ამიტომაც არ ხსნიან. მეტი რაღა გითხრათ _ ეს კოჰაბიტაციის ნათელი მაგალითია.