სოსო ჯაჭვლიანი ზეწოლასა და ცილისწამებაშია შემჩნეული?!

სოსო ჯაჭვლიანი ზეწოლასა და ცილისწამებაშია შემჩნეული?!

“ქართული კინოს განვითარების ცენტრის” ყოფილი დირექტორი მაია არეშიძე “ოცნებელ” დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს ბრალს ზეწოლა-ცილისწამებაში სდებს და მოითხოვს, რომ დეპუტატმა ბოდიში საჯაროდ მოუხადოს:

_ კინოსტუდიაში 1980 წლიდან ვმუშაობ _ ფეხი, პრაქტიკულად, გადაღების მოედანზე ავიდგი... როცა “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” დირექტორად დამნიშნეს, ვიცოდი, რომ მისი მართვა ადვილი არ იქნებოდა, რადგან იქაურობას წლების განმავლობაში აპარტახებდნენ და ყიდდნენ.

_ ვინ აპარტახებდა?

_ წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული ხალხი, რომელსაც 2008 წლიდან სერიოზულად ვებრძოდით, ხან სასამართლოში დავრბოდით და ხან _ პროკურატურაში... სხვათა შორის, დაშინების მიზნით, შინ ქურდები დამესხნენ და ეს შემთხვევით არ მომხდარა _ ძალიან დიდი დოკუმენტაციის დედნები მქონდა.

_ ეს დოკუმენტაცია რას ეხებოდა?

_ თანხების გაფლანგვას... 2012 წლის გაზაფულზე, 2 868 აქციონერს კინოსტუდიის ერთი მესამედი წაგვართვეს _ საუბარია ძალიან დიდ ქონებაზე, რაც ნამდვილად გემრიელი ლუკმა იყო... როცა “ნაციონალები” ხელისუფლებიდან მოვიშორეთ, ერთ-ერთმა აქციონერმა, გიორგი შენგელაიამ  ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ, მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელმაც დახმარება აღგვითქვა და, მინისტრთან ერთად, გიორგი შენგელაიას შესთავაზა, რომ ქონების უკან დაბრუნების საკითხი შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრს” მოეგვარებინა... სწორედ ამ შეხვედრებზე წამოიჭრა ჩემი კანდიდატურა... “ქართული კინოს განვითარების ცენტრში”, რასაკვირველია, რეფორმები უნდა ჩატარებულიყო, რადგან თუკი მენეჯმენტსა და მართვა-განკარგვაში არსებული პრობლემები არ აღმოიფხვრებოდა, წართმეული ქონება ვერ დაბრუნდებოდა. პირველი ბრძანება, რომელიც დავწერე, ორი დირექტორის ადგილს ეხებოდა, ანუ ჩავთვალე, რომ 15 თანამშრომელს ორი დირექტორი არ სჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ დამსახურებულ თანამშრომლებს ხელფასი 200 ლარი ჰქონდათ, დირექტორებს კი, _ 1500. მოკლედ, ერთი დირექტორის შტატი გავაუქმე.

_ შემცირებაში ვინ მოჰყვა?

_ დავით ნაცვლიშვილი, რომელიც იქაურობას, წლების განმავლობაში, ერთპიროვნულად მართავდა... მინდოდა, პატიოსანი და გუნდური რეჟიმით მეხელმძღვანელა, დავიწყე კვლევა, დოკუმენტების შესწავლა, ვთანამშრომლობდი ეკონომისტებსა და ფინანსისტებთან. ამასთან, მოვითხოვე, დაუყოვნებლივ შემდგარიყო კომისია და ჩაგვეტარებინა ინვენტარიზაცია. ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი, ფინანსთა სამინისტროს მივმართე, რომ გამოეყო აუდიტი. შევხვდი ნოდარ ხადურს და ვთხოვე, აუდიტის შემოსაყვანად დახმარება გაეწია... სხვა დარღვევებთან ერთად, დავით ნაცვლიშვილის მითითებით, მომარაგების განყოფილებას, სააქციო საზოგადოების სახელით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა შეძენილი, არადა, ამის საჭიროება არ არსებობდა. ხომ შეიძლება, იმ თანხით, რომლითაც იარაღი შეიძინეს, კამერა ან განათების აპარატურა ეყიდათ? ჩემამდე “ქართული კინოს განვითარების ცენტრს” მაია ავალიანი ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს ქალბატონი არაფერს წყვეტდა და დავალებებს ასრულებდა.

_ ვის დავალებებს?

_ “ნაციონალების” დროს კინოსტუდიაში რუხი კარდინალის მოვალეობას ნიკა რურუა ასრულებდა, რომელიც ყველაფრის დამკვეთი იყო. არსებობს კინოსტუდიის ორი ბაზა, ერთი პლეხანოვზეა, მეორე კი, _ დიღომში. ზუსტად რურუას მინისტრობის დროს გაჩნდა იდეა ამ ბაზების ერთმანეთში გაცვლის შესახებ. რაც ყველაზე გასაკვირია, ორივე ბაზა იდენტურად _ 12-12 მილიონად შეფასდა...

_ ქალბატონო მაია, მოდით, ისევ აუდიტის შემოსვლას დავუბრუნდეთ. რა მოხდა შემოწმების შემდეგ?

_ აუდიტის დასკვნას დრო სჭირდება, რადგან საუბარია დიდი მოცულობის მასალებზე... მათ, ვინც აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობას გამოხატავდა, შესაძლოა, აუდიტის დასკვნა რამე ფორმით შეხებოდა. ერთ დღეს დამირეკა ჩემმა წინამორბედმა, ქალბატონმა ავალიანმა და მითხრა, გადაწყვეტილებების მიღება იქნებ, ცოტა ხანი შეაჩერო, ეს მინისტრის სიტყვიერი ბრძანებააო. მალე, ჩემი შეზღუდვის ნამდვილი მიზეზიც გავიგე _ ადამიანმა, ვინც შემცირების ხარჯზე გათავისუფლდა, თანამშრომლებს დაურეკა და უთხრა, სოსო ჯაჭვლიანი იყო ეკონომიკის მინისტრთან და ნაცვლიშვილის გათავისუფლებაზე არეშიძის ბრძანება ამიტომაც შეჩერდაო. სამართლიანობის აღსადგენად სოსოსთან ერთად ვიბრძოდით... სოსოს შევხვდი და მომთხოვა, რომ თანამდებობიდან გადავმდგარიყავი.

_ რა მიზეზით?

_ ცნობადი ადამიანი არ ხარო... სოსოს ვკითხე, თუ რა ინტერესები ამოძრავებდა, მიპასუხა, პარლამენტში დიდხანს ვერ გავჩერდები, შემოქმედი ადამიანი ვარ და როცა იქიდან წამოვალ, მინდა, კინოსტუდიაში ჩემი ინტერესები მქონდესო. შესაბამისად, ეს ინტერესი იმ პირისგან, ვისაც დანიშნავდა, წინასწარ უნდა ჰქონოდა განსაზღვრული... ჩემს ადგილას აშშ-ის მოქალაქე, ვინმე გელა ენდრიუს სული წარადგინა... სოსოს შევთავაზე, შპს-ში სამეთვალყურეო საბჭო ჩამოგვეყალიბებინა, რომელშიც მისი, ეკონომიკის სამინისტროსა და გიორგი შენგელაიას წარმომადგენლები შევიდოდნენ. ეს იდეა სოსოს მოეწონა, მაგრამ გიორგი შენგელაია კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და განაცხადა, ვიცი, სოსოს რა ინტერესებიც აქვს და ამ “ბარდაგში” მონაწილეობას არ მივიღებო.

_ ქალბატონო მაია, სოსო ჯაჭვლიანი “შანტაჟისტკას” გიწოდებთ და ამბობს, არეშიძე ცრუობს, თორემ პარლამენტის წევრი ვარ და კინოსტუდიის საქმეებში ჩარევის უფლება არ მაქვსო...…

_ თუ ჯაჭვლიანი თვლის, რომ “შანტაჟისტკა” ვარ, მაშინ წლების განმავლობაში ჩემთან როგორ თანამშრომლობდა?

ისე, კარგია, თუ იმას მაინც ხვდება, რომ უფლება არ ჰქონდა, ჩვენს საქმეებში ჩარეულიყო. მხოლოდ მე კი არა, “ქართული ფილმის” აქციონერები მოითხოვენ, რომ ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა გამოიჩინოს კეთილი ნება და წინა მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოასწოროს _ 2868 აქციონერის უკანონოდ წართმეული წილის დაბრუნება უზრუნველყოს. დავით უსუფაშვილმა კი, უზრუნველყოს დეპუტატ ჯაჭვლიანის ინფორმირება, რომ არ აქვს უფლება, ზეწოლა მოახდინოს მინისტრებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე!

_ როგორც ვიცი, სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ...

_ დიახ, საქალაქო სასამართლოში უკვე შევიტანე სარჩელი თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით... ჯაჭვლიანი მაბრალებს, რომ მეორე დირექტორად თითქოს ჩემი მეუღლე მერაბ თავაძე დავნიშნე. მერაბ თავაძე ჩემი მეუღლე არასოდეს ყოფილა! ამიტომ, ჯაჭვლიანმა ბოდიში საჯაროდ მომიხადოს!