ბატონო ბიძინა, მრჩევლები და პრესსამსახურის ხელმძღვანელობა, გატყუებთ!!!

ბატონო ბიძინა, მრჩევლები და პრესსამსახურის ხელმძღვანელობა, გატყუებთ!!!

ციხის კადრების ავტორად სახელდებული ვლადიმერ ბედუკაძე მავრი არაა, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და უნდა წავიდეს. ბედუკაძე ერთგვარი კატალიზატორია. ყოველ შემთხვევაში, მის გარშემო ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ნათელყო, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გარემოცვა _ მრჩევლები და, განსაკუთრებით, პრესსამსახურის ხელმძღვანელობა ატყუებს!!!

სხვათა შორის, “ქართული სიტყვა” ჯერ კიდევ სამი თვის წინ წერდა, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ვინმე ნონა ყანდიაშვილი ქართული მედიის პრემიერთან დაპირისპირებას ცდილობს _ მედიას ცენტრალურად და არაცენტრალურად ყოფს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს ამის მიხედვით ეპატიჟება.

“ქართული სიტყვა” ეჭვობს, რომ ეს ქალბატონი და, ასევე, კოკა ყანდიაშვილი, რომელიც პრემიერის აპარატში, როგორც ამბობენ, მინი რუხი კარდინალია, პრემიერს “საინფორმაციო საბოტაჟს” მიზანმიმართულად უწყობენ! აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, ქვეყანა “ნაციონალური” სენისგან განკურნოს და ქვეყანაში სამართლიანობა აღადგინოს, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, როგორიც მთავარი პროკურორის მიერ, ექსკლუზიური უფლების გამოყენებით, ვლადიმერ ბედუკაძისთვის ბრალდების მოხსნაა, პრესკონფერენციაზე იგებს?!

რისთვის არსებობს პრემიერის პრესსამსახური და რაში იღებენ ამ უწყების წარმომადგენლები _ ქალბატონი და ბატონი ყანდიაშვილებიდან დაწყებული რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, სოლიდურ ხელფასს და, პლუს, პრემიას? სხვათა შორის, პრემიერის უცხოური ვიზიტებისას პრესსამსახურის თანამშრომლები სოციალურ ქსელებში “დასვენების დღეების” ამსახველ ფოტოებს გამოფენენ ხოლმე. არადა, საზოგადოება, ხალხი “ნაციონალებს” სწორედ ამას ედავებოდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით “გულაობდნენ”. ძნელი დასაჯერებელია, რომ პრემიერის პრესსამსახურის “სტაფი”, ვიზიტების დროს, პირად ფულს ხარჯავს?!

ერთი სიტყვით, პრემიერის მრჩევლებმა და პრესსამსახურის ხელმძღვანელობამ, ანუ ქალბატონმა და ბატონმა ყანდიაშვილებმა, როგორც იტყვიან, ცხოვრება მოიწყვეს _ მშვენიერი ხელფასი აქვთ, არც ცივი აკლიათ, არც _ ცხელი და ამასობაში, თავიანთი ძირითადი ფუნქცია, ანუ ის, რომ პრემიერ-მინისტრს, სხვა თუ არაფერი, პრესის დაიჯესტი უნდა მიაწოდონ, სულ “დაავიწყდათ”.

ისე, საკითხავია, ამ “დავიწყების სცენარი” სადმე სხვაგან, ვთქვათ, ჩრდილოეთში ხომ არ დაიწერა, რათა არაინფორმირებული პრემიერი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს?

მოკლედ, ზემოხსენებული სუბიექტების წყალობით, ბიძინა ივანიშვილი უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეს: მას შემდეგ, რაც შემთხვევით, ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ მთავარმა პროკურორმა “ციხის ვიდეოების” ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ბრალდებებისგან გაათავისუფლა, პრემიერმა არჩილ კბილაშვილს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

პირადად მე, არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი იმ არგუმენტებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმარისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადექვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.

მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.

მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო: კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის!”

ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს, რომ სამართალდამცავი უწყებებისა და სასამართლოს საქმიანობაში არასოდეს ჩაერევა, მაგრამ ახლა რა გამოდის? _ ყანდიაშვილებისა და სხვათა მიზანმიმართული დაუდევრობით პრემიერი იძულებული გახდა, მთავარი პროკურორის საქმიანობაში ჩაერიოს. ჰოდა, “ნაციონალებსა” და ბიძინა ივანიშვილისადმი სხვა მტრულად განწყობილებს მეტიც აღარ უნდათ, გნიასს ატეხენ, აი, ივანიშვილი პროკურატურას აკონტროლებსო.

ისე, ხომ შეიძლება, “ნაციონალებს” გარკვეული კომპრომატები პრემიერის მრჩევლებსა თუ პრესსამსახურის თანამშრომლებზეც ჰქონდეთ. კომპრომატები კი, ადამიანის “დასავერბოვკებლად” ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და აპრობირებული საშუალებაა, ანუ რატომაა გამორიცხული, რომ ზემოხსენებული პერსონები “ნაციონალების” დანაშაულებრივ რეჟიმთან გარიგებაში არიან და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას გულწრფელად ცდილობს, რბილად რომ ვთქვათ, კვანტს უდებენ?! ყოველ შემთხვევაში, პრესსამსახურის მიერ პრემიერისთვის ინფორმაციის დამალვას სხვა ახსნა არ აქვს..

საინტერესოა, ქალბატონი და ბატონი ყანდიაშვილები თავს რითი იმართლებენ, თუ რატომ არ აცნობეს პრემიერს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილების, ანუ იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალდებები მოეხსნა?

ასევე, საინტერესოა, რატომ არ უმზადებენ ქალბატონი და ბატონი ყანდიაშვილები პრემიერ-მინისტრს პრესის დაიჯესტს?

სხვათა შორის, კოკა ყანდიაშვილს წლებია, ვიცნობ. მართალია, დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ვინმე, ალბათ, მეტყვის, არ გერჩია, კოკასთან ინტერვიუ ჩაგეწერა და იმის შესახებ, თუ რატომ ამყოფებს პრემიერს ინფორმაციულ ვაკუუმში, პირისპირ გეკითხაო. რასაკვირველია, შემეძლო, თუმცა ჯერ ერთი, როგორც კოლეგებისგან ვიცი, ყანდიაშვილი “ინტერვიუს არ იძლევა”. მეორეც, ცნობილი სიბრძნეა, მოყვარეს პირში უძრახეო, თან ყველაფერი ეს ვიწრო, ანუ პირადული კი არა, საზოგადო ჭირია!

და კიდევ ერთი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხალხმა “ქართულ ოცნებას” მხარი იმიტომ კი არ დაუჭირა, რომ სააკაშვილის გაზულუქებული მრჩევლები ახალ “უშრომელშემოსავლებს” შეეცვალათ. დიახ, ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაღალ ხელფასს, ვთქვათ, ალანა გაგლოევა აიღებს თუ “მისის და მისტერ” ყანდიაშვილები.

ბატონებო, თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა პრემიერის ინფორმირებულობაა, რასაც არ აკეთებთ და ამას თავად ბატონი ბიძინაც აღიარებს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილ ზემოხსენებულ განცხადებაში. ჰოდა, აბა, ერთი, გამოდით და გაგვიმარტეთ, ჯამაგირს რაში იღებთ?! არადა, ჯამაგირი და, პლუს, პრემია, კოლოსალურია: როგორც თავის დროზე გავრცელდა, 2012 წლის დეკემბერში, ნონა ყანდიაშვილმა, პრემიის სახით, 10 და 21 დეკემბერს, 3750-3750 ლარი მიიღო, ხოლო 28 დეკემბერს _ 625 ლარი, რაც ყანდიაშვილმა იმით ახსნა, რომ საღამოს 7 საათამდე კი არა, უფრო გვიანობამდე მუშაობს. “გვიანობამდე მუშაობა” კი, როგორც ჩანს, პრემიერის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას ნიშნავს, ანუ ყანდიაშვილი პრემიას ბიძინა ივანიშვილის მოტყუებაში იღებს!!!

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მიერ ბედუკაძისთვის ბრალდებების მოხსნას, არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება.

“ამ მხრივ საპროცესო კანონი არ უშვებს რამე შესაძლებლობას, ამიტომ სურვილიც რომ მქონდეს რამის შეცვლის, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია”, _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, “პრემიერი არ იყო საქმის კურსში იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მივიღე. ესაა კანონით კონკრეტულად მთავარი პროკურორის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მას წინ უძღოდა თათბირი ჩემს კოლეგებთან, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის მსჯელობის საგანი, მათ შორის, საქმის კურსში არ იყო არც იუსტიციის მინისტრი”.

ერთი სიტყვით, დღითიდღე ნათელი ხდება, რომ ყველაფერი “აჟურში” არაა და ამ ფონზე აქტუალურია შეკითხვა: გარემოცვა პრემიერს რატომ ატყუებს?