ხელისუფლების შეცვლისთანავე ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლის გამოძიებაც დაიწყო, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალება გახლდათ. მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლებამ საქმის ძიება თითქოს დაასრულა და გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ვერსია, რომ პრემიერი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, უტყუარ ფაქტად გამოაცხადა. თუმცა ოფიციალურად საქმე არ დახურულა, შესაბამისად, ახალი ხელისუფლების პირობებში საქმის გამოძიება გართულებების გარეშე გაგრძელდა. საზოგადოება ელოდა, რომ მოკლე დროში მოხერხდებოდა სიმართლის დადგენა, თუმცა ასე არ მოხდა. უკვე რამდენიმე თვეა პროკურატურის განცხადებით, საქმის ძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა კულუარულად ვრცელდებოდა ხმები, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა, ამის მიზეზი კი საქმის ხანდაზმულობა და ექსპერტიზის გაყალბებული შედეგები იყო. ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებდა, მათ შორის არც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რომლებსაც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას. რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ თითქოს გამოძიება დასრულდა, მისი შედეგები კი საზოგადოებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. ბოლო ხანს პრესაში გავრცელებული ვერსიით, პრემიერი ზურაბ ჟვანია შავნაბადას რეზიდენციაში შელაპარაკების დროს უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის თანდასწრებით მოკლეს. ამავე ვერსიის გაგრძელებაა ის, რომ საქმის გამოძიება დასრულებულად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადდება, რადგან სააკაშვილის ბრალეულობის დამტკიცება მისი პრეზიდენტობის დროს გაჭირდება.
როგორც უკვე ვთქვით, ვისაც ხელი მიუწვდება პროკურატურის მასალებზე, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები არიან, ჩვენ სწორედ მათ დავუკავშირდით და შევეცადეთ გაგვერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება.
გიორგი ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა:
- გამოძიებამ ბოლო ხანს წინ მნიშვნელოვნად წაიწია, მაგრამ საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. საიდან ვრცელდება ეს ხმები, არ ვიცი. თუმცა, ჩემი აზრით, ვფიქრობ, დიდი დრო აღარ დარჩა საქმის გახსნამდე, წლის ბოლომდე საზოგადოებას უკვე ეცოდინება საქმის რეალური გარემოებები.
- თქვენ მიერ დასახელებული ვადა, გარკვეულწილად ემთხვევა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურა საქმეს გახსნილად მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემედეგ გამოაცხადებს, ანუ მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილს შეუწყდება უფლებამოსილება, რადგან საქმეში მისი ბრალეულობა იკვეთება...
- არ ვიცი, ვინც ამაზე ლაპარაკობს, რა ინფორმაციას ფლობს. მე ნამდვილად ვარ ინფორმირებული ვარ საქმის დეტალებზე, რომელშიც ნამდვილად არის ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი გარემოება. კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი, რასაც დრო სჭირდება.
- აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქმის გამოძიება შეფერხდა იმ ექსპერტიზის პასუხების გამო, რომელიც საქმეში იყო...
- მინდა, დაბეჯითებით გითხრათ, რომ არც ერთ ეტაპზე გამოძიება არ შეფერხებულა. მას მერე, რაც შეიცვალა ხელისუფლება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
- ფიქრობთ, რომ ამ საქმეში პრეზიდენტის ბარლეულობა გამოიკვეთება?
- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეს ხელს აფარებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ სიმართლე არ დადგენილიყო, რატომ და რისთვის, ამას უკვე ძიების დასრულების შემდეგ შეიტყობს საზოგადოება.
იაშარ უსუფოვი, რაულ უსუფოვის მამა:
- აქამდეც ყველასთვის ცხადი იყო, მაგრამ ახლა უკვე გამოძიებით დამტკიცდება, რომ პრემიერ-მინისტრიც მოკლეს და ჩემი ბიჭიც. ამ მკვლელობებში უშუალოდ მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, თუმცა ახლა გვარ-სახელებს ვერ დავასახელებ. რაც მოხდა, იმაში მონაწილეობდნენ ჟვანიას დაცვის წევრებიც, რომლებმაც ყველაფერი იციან, თუმცა გააჩუმეს. დაცვის წევრების ბრალეულობაც აუცილებლად გამოიკვეთება, მათი მოვალეობა პრემიერის დაცვა იყო, როგორ დაიცვეს, ყველამ ნახა. სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე, ამას გამოძიება იტყვის, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტის გარეშე პრემიერის მკვლელობა არ მოხდებოდა. ამ საქმის შესახებ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. მეშინია, გამოძიებას არ შევუშალო ხელი.