პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს ბათუმელი ჰომოსექსუალები დაუპირისპირდნენ. ვრცელდება მათი მიმართვა, სადაც ისინი ბურჯანაძის უკანასკნელ ინტერვიუს აპროტესტებენ. ბურჯანაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობა საამაყო არ არის, გეებს არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ვებსაიტის შექმნის უფლება, ხოლო მათ მიერ ბათუმის გეი-ტურისტებისთვის სასურველ ადგილად პრომოტირება კრიმინალად უნდა ჩაითვალოს.
"ერთ რამეში ბურჯანაძე მართალია - წერენ gaybatumi.ge-ზე - ჯერ-ჯერობით ბათუმი ნამდვილად ვერ ჩაითვლება გეი-ტურიზმის ცენტრად, მაგრამ ამას მალე გამოვასწორებთ. ბურჯანაძეს კი, დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯის მორგება რომ სურს, უნდა რცხვენოდეს რომ მან, დასავლური განათლებისა და ღირებულებების მქონე ქალბატონმა, ასეთი განცხადება გააკეთა. ალბათ რუსეთში ხშირმა ვიზიტებმა იქონია მასზე ასეთი ზეგავლენა.
როგორც აღმოჩნდა, ბურჯანაძემ აღმოაჩინა ჩვენი საიტი და მისი კრიტიკაც სწორედ მას ეხებოდა. "მე ვნახე რამდენიმე ვებსაიტი, რომელსაც არ იწონებს არც "ქართული ოცნება" და არც "დემოკრატიული მოძრაობა". საიტები, სადაც ხდება ბათუმის, როგორც გეი-ტურიზმისთვის იდეალური ქალაქის პრომოტირება. ეს დანაშაულია და უნდა დაისაჯოს" -განაცხადა მან და ჩვეულებისამებრ, სააკაშვილის მთავრობა დაადანაშაულა, ამჯერად გეი-ტურიზმისთვის ხელის შეწყობაში. არადა, რომ ჰკითხოთ, მას და მის პარტიას დასავლური კურსი აქვთ. დასავლური თუ ჩრდილოური? "