„როგორ წარმოუდგენია ორბანს, რომ რუსეთი არ იყოს საფრთხე ევროპისთვის, ან რატომ ევროპისთვის და რატომ მსოფლიოსთვის არა?“

„როგორ წარმოუდგენია ორბანს, რომ რუსეთი არ იყოს საფრთხე ევროპისთვის, ან რატომ ევროპისთვის და რატომ მსოფლიოსთვის არა?“

უკრაინისთვის მომდევნო კვირა ძალიან რთული იქნება. რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. უკრაინის ხელისუფლება, სამხედროები, საგანგებო სიტუაციების სამსახურები რუსეთისგან მომდინარე თავდასხმისთვის შესაბამისად ემზადებიან. ომიდან ათი თვის თავზე უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ არ არის დაბომბილი.

როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა საფრანგეთმა.

უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ პრეზიდენტის, პეტრო კოტინის განაცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსი ოკუპანტები შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე ძალიან ადრეა დადასტურებულად ამაზე საუბარი.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპანტები შესაძლოა, ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. ბოლო დროს რუსულ მედიასაშუალებებში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რუსებს მოუწიოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება და მისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონტროლის ქვეშ გადაცემა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ოკუპანტები ბარგს ალაგებენ და ყველაფერს იპარავენ, რასაც ხედავენ“, - განაცხადა პეტრო კოტინიმ.

უკრაინაში არსებული ამ რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, NATO-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO უკან არ დაიხევს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რამდენიც ხანიც დასჭირდება. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა NATO-ს მეტის გაკეთება შეეძლო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და მისი თქმით, თუკი, უკრაინის მაგალითმა მსოფლიოს რაიმე ასწავლა, ეს ისაა, რომ უკრაინისთვის მხარი კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ადრე უნდა დაეჭირათ.

NATO-ს მიერ, რომ რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელი იყო, ეს ცხადია და ამის მაგალითი NATO-ს 2008 წლის აგვისტოს ომი, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. გარდა ამისა, დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა გააცნობიერა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. მისივე შეფასებით, ევროპა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ეკონომიკურ კრიზისთან და უკანონო მიგრაციასთან ერთად გამოწვევებში ორბანმა უკრაინის ომიც დაასახელა. მან სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. როგორც ორბანი აღნიშნავს, ომის გამო ენერგორესურსებზე ფასის ზრდა და ევროკავშირის სანქციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რეცესიის თავიდან აცილებას რთულს ხდის.

„მთავარია, რომ რუსეთი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის, ამისთვის კი საჭიროა სუვერენული უკრაინა. მოკლევადიან მიზანს რეცესიის თავიდან აცილება წარმოადგენს, თუმცა ომის გამო ენერგორესურსების ფასის ზრდა და ევროკავშირის სანქციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ამ მიზნის მიღწევას ართულებს“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რამდენად დასუსტებული უნდა იყოს რუსეთი, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდეს ევროპისთვის და, ზოგადად, მსოფლიოსთვის. 90-იანი წლებიდან მოყოლები დევს რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითები, მაგრამ მაშინ მსოფლიომ დაასკვნა რომ საბჭოთა კავშირი იყო აგრესიული და რახან საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამით პრობლემა მოიხსნა. როგორც ჩანს, პოლიტიკურ აზროვნებაში არსებული ეს ხარვეზი ისევ ძალაშია.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, პოლიტიკურ რეალიზმში ხარვეზი არის ყველაზე შემაშფოთებელი და შემაწუხებელი. მისი თქმით, მთელი მსოფლიო ოცნებობდა იმაზე, რომ საფრთხე მოხსნოდა, თუკი საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მაგრამ როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, სასურველმა აზრმა დაიკავა წამყვანი ადგილი.

„დაიშალა ე.ი. საფრთხე მოიხსნება - ჩვენ ჩვენსას ვჩივით - რაც გვინდა, სიმართლედ ის გვეჩვენება, რეალისტები არ ვართო. ამხელა ქვეყნები, რომლებსაც გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ, ამ გამოცდილების მიუხედავად, 90-იანი წლების მერე აღმოჩნდა, რომ დასავლეთის ქვეყნებიც იმას ფიქრობდნენ, რაც უნდოდათ და არა იმას, რაც რეალურად იყო. ჩივიან, რომ მიგვეცა თავის დროზე სწორი რეაქცია, გავაჩერებდით რუსეთის აგრესიაო. იმას არ ამბობენ, რატომ არ მისცეს ეს სწორი რეაქცია. მაგრამ, არ მისცეს სწორი რეაქცია იმიტომ, რომ დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხისადმი არ ჰქონდათ გააზრებული. ახლა ამბობენ, რომ უნდა გააჩერონ და უვნებელი გახადონ რუსეთი, მაგრამ იციან როგორ უნდა გახდეს უვნებელი? ან, დაფიქრდნენ იმაზე რატომ არის ასეთი სახიფათო? აქცენტს აკეთებენ ატომურ იარაღზე და უკვე ნახევარ მსოფლიოს, მათ შორის ინგლისს, საფრანგეთს, ამერიკას და ა.შ. ატომური იარაღი აქვთ. რატომ არ არიან ეს ქვეყნები სახიფათო და მაინცდამაინც რუსეთი რატომ არის? იმპერიული ამბიციებიო... იმპერიული ამბიციები ინგლისს რომ ჰქონდა იმისთანა უნდა. უზარმაზარი იმპერია იყო, მაგრამ გარემოცვისთვის და მსოფლიოსთვის სახიფათო ინგლისი მაინც არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ეს რუსეთი სახიფათოა, მაგრამ თუ არ იქნება პასუხი გაცემული - რატომ? - ვერასოდეს ვერ გაიგებენ რა უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ რუსეთი არ იყოს სახიფათო.

„პირველი მსოფლიო ომის მერე ძალისგან დაცლილმა ჰიტლერმა შეატრიალა მთელი გერმანია და წამოიწყო მეორე მსოფლიო ომი. ასე რომ, თუ დაასუსტებ ქვეყანას, ის მერე აღარ იომებს, ასე არაა. პირიქით, შეიძლება დასუსტებული უფრო გამწარდეს და მოემზადოს ომისათვის. იძახიან, რომ რუსეთი აღარ უნდა იყოს სახიფათო, მაგრამ ვერ ვხედავ იმ მონახაზს, რომ დაფიქრებულიყვნენ და პასუხი ჰქონდეთ კითხვაზე - რატომ არის რუსეთი სახიფათო, რა მიზეზებმა განაპირობა მისი ეს ხასიათი და როგორ უნდა შეიცვალოს საიმისოდ, რომ სახიფათო არ იყოს? რუსი ხალხის ხასიათი და მენტალობა უნდა შეიცვალოს, თორემ იარაღის გამოცლას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, როგორც ჩანს, დიდხანს ეს სანქციებიც ვერ გაგრძელდება. სწორედ იმ სიტუაციის გამო, რომ ევროპას უჭირს თვითონ ამ სანქციების გადატანა, ალბათ, დროთა განმავლობაში შერბილდება სანქციები. შესაბამისად, ძალით რუსეთის დაჩოქება და მისთვის ძალით აღვირის ამოდება შეიძლება არ იყოს ეფექტური. რუსი ხალხის მენტალობაა შესაცვლელი. აი, ამ მენტალობის შეცვლაზე მიდის თუ არა ფიქრი, ძნელი სათქმელია.

არსად ამდენ შეფასებებში არ ჩანს ის, რომ მენტალობის პრობლემა წამოწიოს დასავლეთმა წინა პლანზე. თან, პუტინის კი არა, არამედ მთელი რუსი ერის მენტალობის თემა. ბოლო-ბოლო ამ რუსეთის პროდუქტია პუტინი და მეტი არაფერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ 2008 წლიდან იყო ცნობილი, რომ არავითარი გადატვირთები არ იმუშავებდა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან, რუსები აღიარებენ მხოლოდ ძალას და თუკი ძალას დაუპირისპირდებოდნენ, მაშინ იქნებოდა შესაბამისი ქმედება რუსეთის მხრიდან.

„ეს ძალა არ დაუპირისპირა ევროპამ. მოინდომა დიპლომატიით და პოლიტიკით რუსეთთან საუბარი, რაც არ მუშაობს და ეს ყველამ დაინახა. ახლა არის გასარკვევი, რამდენად დასუსტებული უნდა იყოს რუსეთი, რომ აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ორბანს, რომ რუსეთი არ იყოს საფრთხე ევროპისთვის. ჯერ ერთი, რატომ ევროპისთვის და რატომ მსოფლიოსთვის არა?

გასაგებია, თვითონ ევროპაშია, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს საფრთხე მსოფლიოსთვის? აქედან გამომდინარე, გაურკვეველია რა უნდა ჩაითვალოს რუსეთის დამარცხებად. რისი ფასი უნდა გადაიხადოს რუსეთმა, რომ აღარ იყოს ევროპისთვის საფრთხის მატარებელი. ეს არის გასარკვევი და როგორც ჩანს, ახლა, ალბათ, ამაზე მიდის მსჯელობა და ფიქრი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

Aburjga Tasmanieli ნატომ ბევრი იარა თუ ცოტა იარა მიადგა რუსეთის საზღვრებს ჯერ პოლონეთიდან, შემდეგ ბალტიის პირეთიდან. რუსეთმა უთხრა კოლექტიურ დასავლეთს, გეყოფათ ქაქის ჭამა, უკრაინაში ნუ მოძვრებით მე ამას არ ავიტან და უკრაინა დაიქცევაო! ყურად არ იღეს დასავლელმა სვავებმა ეს გაფრთხილებები, რუსეთს აბუჩად აგდება დაუწყეს და დაიწყო ის რაც დაიწყო, გაასწორეს მიწასთან უკრაინის ენერგეტიკა, 10 მილიონი ლტოლვილი ჰყავს ევროპას უკრაინიდან, კიდევ რამდენი უბედურებაა ყველას აღარ ცამოვთვლი! ესსულ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და შესაბამისად ნატოს სამხედრო ინიციატივებს მოჰყვა საპასუხოდ! და რა, თქვენ გინდა ტქვათ, რომ რუსეთია დამნაშავე?! არ გამოვა!
1 წლის უკან