საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები უდიდეს სატრასპორტო სქემაში ჩასართვად ემზადებიან. შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება, მისდამი ინტერესს კი როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნები ამჟღავნებენ. სწორედ ამიტომ ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდაზე შეთანხმდნენ.
შესაბამისი შეთანხმების მიღწევა ყაზახეთში მოხდა, სადაც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ.
მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით 2022-2027 წლების სამოქმედო გეგმას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები.
ლევან დავითაშვილის თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას კონტეინერს.
„მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, შუა სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით, ექვსჯერ მეტი იქნება. იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შანსი, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და კომუნიკაციის ბარიერების მოხსნა“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობის ტრანსპორტირება ხდება აზიასა და ევროპას შორის, ხოლო „შუა სატრანსპორტო დერეფანი“ რჩება ტვირთების გადაზიდვის უმოკლეს და მომგებიან მარშრუტად.
თურქეთის პირველი დიპლომატის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და ამასთან, ღრმავდება წინააღმდეგობები აშშ-სა და ჩინეთს შორისაც. ჩავუშოღლუს თქმით, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ეძებს გზებს პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებისთვის.
ქართველი სპეციალისტები შექმნილ შესაძლობლობას ძალიან დადებითად აფასებენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხით ეძლევა სარგებლის მიღების კარგი შანსი.
„ძალიან მნიშვნელოანი ამბავია შუა დერეფნი, რომელიც არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სამარშრუტო გზა და ტრანზიტი. აქ საქართველოს უმთავრესი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი პერსპექტივას უქმნის ჩვენს ქვეყანას, რადგან გაიზრდება (და უკვე ასეც მოხდა) გადაზიდვები. ვგულისხმობ, როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო მიმართულებას. ზოგად მონაცემებს თუ ავიღებთ, სახმელეთო და საჰაერო მიმართულებით, ჯამურად, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი გადაზიდული ტვირთების მოცულობა, ზღვის მიმართულებით, დაახლოებით 15%-იანი მატებაა, 2021 წლეთან შედარებით.
ევროპა აქტიურად ეძებს ალტერნატივებს რუსეთის მიერ ომის დაწყების პარალელურად. ერთ-ერთი მთავარი სწორედ საქართველოა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ, ვინაიდან ამით ისარგებლებს როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ისე მოსახლეობაც, გამომდინარე იქიდან, რომ გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რაც განაწილდება ჩვენს მოსახლეობაზე. განვითარდება ბიზსნესი, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
თუ მხოლოდ გადაზიდვებს არ მოვიაზრებთ და განვიხილავთ ნავთობსადენსაც, როგორც არის ბაქო-თბილის-ჯეიჰანი და აზერბაიჯანისგან მომავალი ნავთობსაც, ვიცით, რომ დღესდღეობით ტრანზიტის საშუალებით, რასაც აზერბაიჯანი ახორციელებს საქართველოს გავლით, ქვეყანას რჩება იაფი გაზი და ის ენერგოკრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაშია, საქართველოს არ შეხებია. შესაბამისად, მსგავსი ტრანზიტები და სატრანზიტო მდებარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ კუთხითაც ისარგებლოს, უფრო დაბალ ფასად მიიღოს ენერგორესურსები, გაზარდოს შემოსავალი და ა.შ. ასე რომ, ძალიან ბევრი კუთხით ეძლევა საქართველოს ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.