მიგრაციის მეორე ტალღამ ოქტომბერში თბილისში ბინის ქირაზე ფასი რეკორდულად გაზარდა. პარალელურად მატულობს ფასები უძრავ ქონებაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზი მიგრანტების ნაკადია, ხოლო მეორე შემთხვევაში, უფრო მეტად, მშენებლობის თვითღირებულების ზრდა.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, გასულ თვეში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე წლიურად ფასი 120%-ით, ხოლო თვის ჭრილში 25%-ით იყო გაზრდილი. შედეგად, ოქტომბერში თბილისში ერთ კვადრატულ მეტრზე ქირის საშუალო ფასმა 11.2 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკურ ორგანიზაციაში ქირაზე ფასის მკვეთრ ზრდას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში წამოსული მიგრანტების მეორე ტალღას და შესაბამისად, მიგრანტების მხრიდან ქირაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ.
ამასთან, როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა, ირინა კვახაძემ განაცხადა, მიგრანტების მხრიდან მზარდ მოთხოვნას გარკვეული გავლენა გასაყიდი უძრავი ქონების ფასზეც აქვს.
„ოქტომბერში ქირის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ჩვენი შეფასებით, ასეთი ზრდის მიზეზი სწორედ მიგრაციის მეორე ტალღა იყო, როდესაც ოქტომბერში დამატებით ბევრი მიგრანტი ეძებდა საცხოვრებელ ადგილს თბილისში. რაც შეეხება შემდეგ თვეებს, მოსალოდნელია, რომ ქირაზე ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა არა ამ ტემპებით.
ქირაზე მოთხოვნის ზრდა უძრავი ქონების გასაყიდ ფასებსაც ზრდის. არსებული ვითარების გამო იზრდება უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა, სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ბინას შემდგომი გაქირავების მიზნით და შესაბამისად, გასაყიდ საცხოვრებელ ბინებზე მზარდი მოთხოვნა ფასის ზრდასაც იწვევს“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.
რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასებს, „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 28%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 7.2%-ით იყო გაზრდილი. გასულ თვეს ერთი კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 1037 დოლარი იყო.
უძრავი ქონების რეალიზაციის სეგმენტში ფასის ზრდის მთავარ მიზეზად „არქის“ გენერალური დირექტორი, მიგრანტების ნაკადთან ერთად, თვითღირებულების ზრდას ასახელებს. შიო ხეცურიანის აზრით, გაყიდვაზე მეტად შემოსულმა ნაკადმა გავლენა უფრო მეტად გაქირავების სეგმენტზე მოახდინა.
„ფასის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი თვითღირებულების ზრდაა, მხოლოდ მეორეა მიგრანტების ტალღა. მეორემ უფრო მეტად ქირაზე მოთხოვნა გაზარდა, ვიდრე გაყიდვებზე. ყველამ ვიცით, რომ შემცირდება მიგრანტების ტალღა. იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება უკრაინაში ომის დასრულებით. ამიტომ, ნამდვილად არ ხდება ზედმეტი ინვესტიცია და დღევანდელი მომენტით არ ვმსჯელობთ არც „არქი“ და ჩემი ინფორმაციით, არც უძრავი ქონების ბაზარზე მყოფი სხვა მსხვილი კომპანიები და დამატებით ინვესტიციებს არ განვიხილავთ დღევანდელი მომენტის გამო.
ყველას კარგად გვესმის, რომ გარკვეულწილად ეს მოთხოვნა შემცირდება და ეს არ იქნება ჩვენთვის რისკის მატარებელი, რომ ბაზარზე რყევები გამოიწვიოს. ჩვენი, „არქის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დაგეგმვა არის ძალიან კონსერვატიული. არ ვისახავთ ზედმეტ პერსპექტივებს და არ ვახორციელებთ ზედმეტ ინვესტიციებს, რაც განაპირობებს, რომ მიწოდება არ იქნება ისეთი, რომ მოთხოვნის შემცირებამ ბაზარი კრიზისისკენ წაიყვანოს“, - განაცხადა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში ხეცურიანმა.