ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა კვების ობიექტებში ვირისა და ცხენის ხორცი იყიდება. შპს „ლიდერი“, რომელიც ასეთ ხორცპროდუქტებს ყიდდა, დაჯარიმდა და შეუჩერდა სამეწარმეო საქმიანობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ასეთი შემთხვევები სხვა მეწარმეებთანაც იქნება. უბრალოდ, მათი გამოვლენა არ ხერხდება.
სახედრის და ცხენის ხორცის გაყიდვა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ქვეყნიდან ახალგაზრდა საქონელი გადის არაბეთში, ირანში, აზერბაიჯანში, რაც საქართველოში ხორცის დეფიციტს განაპირობებს. იმის გამო, რომ საქართველოში ჯანმრთელ ვირს და ცხენს არავინ კლავს, ეს ხორცი იმთავითვე საეჭვო სურსათად არის მიჩნეული.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაოსაც მიაგნო. სოფელ ვაშლოვანში ფიზიკურ პირს საკუთარ ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო ჰქონდა, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა. მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ ბაზრებზე სახედრის და ცხენის ხორცის გამოჩენა განპირობებულია იმით, რომ არავინ მოითხოვს საბუთებს, რას წარმოადგენს ეს ხორცი.
„ჩვენ სასაკლაოზე ვიყავით, ვნახეთ, რა საქონელი იყო იქ. როგორც წესი, სასაკლაოებზე არ კლავენ ვირს და ცხენს. ამას უფრო კერძო პირები აკეთებენ. ცხენის ხორცის მირთმევა მიზანშეწონილი არაა, მაგრამ მავნებელიც არ არის. ვირის ხორცი კი საერთოდ აკრძალულია, არც არასდროს ყოფილა ვირის ხორცი ნებადართული, რადგან მავნებელია. რაც ადამიანს სჭირს ქრონიკული დაავადება, ვირის ხორცი იმ დაავადებებს აუარესებს. როცა ადამიანი ყიდულობს საქონლის ხორცს, სირცხვილი არ არის საბუთების მოთხოვნა, უნდა ჰქონდეს ფორმა 2, უნდა შეხედო, ბეჭედი, შტამპი დარტყმული აქვს თუ არა ხორცს“, - აცხადებს ამირან შენგელია.
მისივე თქმით, ზოგიერთი სასაკლაო სცოდავს იმ მხრივ, რომ, მაგალითად, ცხვარს ბოლომდე არ ამოწმებს, დაკვლის დროს რა მდგომარეობაშია და თავისთან არ კლავს. დეზერტირების ბაზარზე უნდათ გაყიდონ ცხვარი და ამ დროს უნდა წაიყვანონ სასაკლაოზე ნავთლუღის ბაზართან, წასვლისას და დაკლული საქონლის უკან წამოღებისას ჰიგიენას ვერ იცავენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საბარგულში ჩააგდებენ, ბინძურ გარემოში, თავიდან ვითომ ხორცის სუფთა ნაჭერია, მაგრამ სუფთა ნაჭერი იყო პირველ დღეს, მეორე დღეს კი ბინძურდება, სისხლი ბაქტერიებისთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგია, სისხლი ბაქტერიების ბუდე ხდება, ამ წესებს ვერ იცავენ.
ამირანს შენგელია წერილს ამზადებს ქალაქის მერის სახელზე, რადგან ახალი წელი მოდის, გარევაჭრობა ნებისმიერ ადგილას იქნება, სადაც მოეხასიათებათ, იქ გაყიდიან პროდუქტებს და გაურკვეველი წარმომავლობის უამრავი ხორცი გაიყიდება.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი ამბობს, რომ შეიძლება დედაქალაქს არ ჰყავს ამდენი ვეტექიმი, მაგრამ შეუძლიათ სტუდენტები მოიხმარონ, ვისაც შეუძლია საქონლის და ცხენის თუ ვირის ხორცის გარჩევა.
„შარშან თბილისობის დღესასწაულზე სპორტის სასახლესთან ცხენის ხორცს ყიდდნენ, თანაც კარგ ნაჭრებს. ვკითხე, რისი ხორცია ეს, ცხენის თუ ვირის-თქო და ფოკუსივით გაქრნენ იმ ადგილიდან, დაიმალნენ. ამას უნდა ამოწმებდეს პოლიციაც და ვეტსამსახურიც. ვეტერინარული სამსახური ფიზიკურად ვერ შეძლებს ყველა ადგილზე მისვლას, მაგრამ სადაც საჭიროა, იქ მაინც მივიდნენ“, - ამბობს სპეციალისტი.
მისივე თქმით, საქონელი დანომრილია, ყურებზე აქვს სპეციალური ნომერი. როდესაც დაკლავენ საქონელს, ის ნომერი უნდა მიუთითონ, ფორმა 2 რომ შეავსონ, ნომერი უნდა დაფიქსირდეს, ნომრის გარეშე პასუხს აგებს ყასაბიც და სასაკლაოც. ცხენს და ვირს კი არავითარი ნომერი არ აქვს, მინდორში ცხენებს და სახედრებს იპარავენ, ცხენის მოპარვა ძნელი არ არის, წაიყვანენ, დაკლავენ და ახალი წლისთვის ყიდიან. თუ არ გაიყიდება, იქვე ტოვებენ. სახედრისა და ცხენის გაყიდვა იაფი უჯდებათ. სახლში მომზადებისას ცხენის ხორცს სპეციფიკური სუნი აქვს, დიდად ვერც განასხვავებენ საქონლის ხორცისგან. ცხენის ხორცი მოკვლით არ მოკლავს ადამიანს, არ მოწამლავს, მაგრამ ვირის ხორცი მოწამლავს. თანაც, ცხენის ხორცი შედარებით იაფია, საქონლის ხორცი თუ 18-20-22 ლარი ღირს, ცხენის ხორცი 15 ლარია. ამიტომ ხორცი აუცილებლად მაღაზიებში, დაფიქსირებულ ადგილებში უნდა შევიძინოთ. მდიდარიც და ღარიბიც უნდა აკითხავდეს ერთ სანდო მაღაზიას, სადაც იყიდის ხორცს. მუდმივ კლიენტს ცოტას უკლებენ თანხას, კარგ ნაჭრებსაც აძლევენ. ასეთ მაღაზიებს წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც ამოწმებენ. ხორცის გასაყიდ ადგილას დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები, ყასაბი ყასაბს უნდა ჰგავდეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეთერ სარჯველაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შემოწმება სჭირდება, რათა მასობრივი ხასიათი არ მიიღოს ცხენის და სახედრის ხორცის გაყიდვამ.
„თეთრიწყაროში ყოფილა ცხენების სასაკლაო და დახურეს, გამიკვირდა, მიზერული თანხით რომ დააჯარიმეს ის ადამიანი. ზოგადად, ცხენის და ვირის ხორცის ათვისების ხარისხი ძალიან დაბალია, რთულად ითვისებს ორგანიზმი. მოწამვლას არ იწვევს, მაგრამ ცხენის და სახედრის ხორცი სასარგებლო ნამდვილად არ არის, დოზას და ხარისხს გააჩნია მოწამვლის დროს“, - გვითხრა ეთერ სარჯველაძემ.