“ქართული ოცნება” საარჩევნო დანაპირების შესრულებას იწყებს. ყოველ შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვა პირველი ივლისიდან უკვე სრული დატვირთვით ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამას ხარვეზები, რა თქმა უნდა, ექნება და ამას “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში არც ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს... დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საყოველთაო, ანუ უნივერსალური ჯანდაცვის უპირატესობა 2010 წელს აღიარა და საქართველო 33-ე ქვეყანაა, რომელიც ამ პროგრამას, ასე ვთქვათ, მიუერთდა. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ სუპერსახელმწიფოში, როგორიც აშშ-ია, მომავალი წლიდან ამოქმედდება...
_ ბატონო დავით, საუბარს, ცხადია, საყოველთაო ჯანდაცვით დავიწყებ. პროგრამა “დაიქოქა”?
_ საყოველთაო ჯანდაცვა იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ას პროცენტს ჯანდაცვის პრობლემებში გვერდით სახელმწიფო უდგას. ასეთი ფუფუნება ორასზე მეტი ქვეყნიდან მხოლოდ 32 ქვეყანას ჰქონდა და ამ კუთხით საქართველო 33-ა... პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 28 თებერვლიდან დაიწყო, მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობების მართვასა და ოჯახის ექიმთან ვიზიტს მოიცავდა, პირველი ივლისიდან კი, სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და უამრავი სერვისი დაემატა...
_ სხვათა შორის, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აამუშავებდა, “ნაციონალები” ერთობ გაოცდნენ. ამ კუთხით უშიშროების საბჭოს მდივნის თანამეცხედრე, თამარ ჩერგოლეიშვილი აქტიურობდა და ორაზროვნად კითხულობდა, რა სჭირს კახა ბენდუქიძეს საიმისო, რომ სახელმწიფომ უფასოდ უმკურნალოსო... ბატონო მინისტრო, აქვე, გეტყვით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიუხედავად, კლინიკებში პაციენტებს ფულს მაინც ართმევენ და შემიძლია, კონკრეტული მაგალითებიც დაგისახელოთ...
_ თქვენი შეკითხვა ორი თემისგან შედგება...
_ დიახ...
_ 2010 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მრავალწლიანი მსჯელობის შემდეგ, აღიარა, რომ საყოველთაო, ანუ უნივერსალური ჯანდაცვა ყველაზე ეფექტური მოდელია...
ახლა კი, მოკლედ გეტყვით, თუ რატომ უნდა გადაიხადოს მდიდარმა თავისი შემოსავალიდან _ ამ თანხით ბიუჯეტმა ღარიბისა და არამქონეს ჯანდაცვის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, ანუ მომავალში მდიდრებს საბაზო პაკეტს მივაწვდით და სამაგიეროდ, მოვითხოვთ, რომ მათი გადასახადებით, როგორც აქამდე ხდებოდა, უზრუნველყოფილი იქნას პოლუსის მეორე მხარეს მდგარი უპოვარი...
_ ბატონო დავით, მომიტევეთ და, ე.წ. საშემოსავლოს არამდიდრებიც ვიხდით...
_ შემოსავლის პროცენტს ყველა იხდის, მაგრამ თუ არამდიდრისთვის ეს პროცენტი თვეში, ვთქვათ, ასი ლარია, მდიდრისთვის ათი ათასია და სწორედ ამ ათი ათასიდან უნდა უზრუნველვყოთ ღარიბის სამედიცინო მომსახურება. სახელმწიფოს დედააზრი და სოლიდარობის პრინციპი სწორედ ისაა, რომ ძლიერმა სუსტი დაიცვას, მდიდარმა კი, _ ღარიბი. საერთოდ, უნივერსალური ჯანდაცვის კონცეფციაზე შემიძლია, დაუსრულებლად ვისაუბრო...
_ როგორც აღნიშნეთ, საქართველო 33-ე ქვეყანაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდა. თუკი ეს მოდელი იდეალურია, დანარჩენი სახელმწიფოები მისი დანერგვისგან თავს რატომ იკავებენ?
_ ჯანდაცვის სისტემა, სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, სწრაფად განვითარებადია, ამასთან, ამ სფეროში რეალობის გადაფასებებიც ყველაზე სწრაფად ხდება. სხვათა შორის, აშშ უნივერსალურ ჯანდაცვას მიერთებული არაა _ აშშ-ის მოსახლეობის 15 პროცენტი ჯანდაცვის ხარჯს მთლიანად საკუთარი ჯიბიდან იხდის, მაგრამ დაგეგმილია, რომ აშშ უნივერსალურ ჯანდაცვას 2014 წელს უნდა შეუერთდეს.
_ ესე იგი, დავეწიეთ და გავუსწარით ამერიკის შეერთებულ შტატებს?
_ ჯანდაცვაში, ხარისხობრივად კი არა, კონცეპტუალურად, ანუ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლით, დიახ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ასეა! 2015 წლიდან ამ მოდელზე უფრო მეტი ქვეყნის მიერთება იგეგმება.
_ თუმცა, მთავარი მიერთება კი არა, შედეგია...
_ თავისთავად...
_ ბატონო მინისტრო, შეგეკითხეთ და არ მიპასუხეთ: მართალია, საყოველთაო ჯანდაცვა უფასო სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს, მაგრამ ცალკეულ კლინიკებში პაციენტებს ფულს მაინც სთხოვენ...
_ მოდით, ვეცადოთ, რომ კონცეფცია, სტრატეგია, სისტემური და კერძო მოვლენები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. კორუფცია უცხო არავისთვისაა და თუკი მოხდა, რომ პაციენტს ფული იმაში მოსთხოვეს, რაშიც არ უნდა გადაიხადოს, ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს და აუცილებლად დავეხმარებით. ამასთან, ჩემი სათხოვარია, რომ ერთეულ მოვლენებს სისტემასთან ნუ გავაიგივებთ!
_ არც ვაიგივებ და შეკითხვაშიც ხაზი გავუსვი, ცალკეულ კლინიკებში-მეთქი... სხვათა შორის, მოსახლეობა ჩივის, ჯანდაცვის მინისტრს მიღების დღე არ აქვსო...
_ ჯანდაცვის მინისტრს მოქალაქეთა მიღება მომავალი კვირიდან აქვს დაგეგმილი (ინტერვიუ 6 ივლისს, შაბათსაა ჩაწერილი _ ვ.პ.).
_ მოქალაქეებს აქამდე რატომ არ ხვდებოდით?
_ სამინისტროს მთელი რესურსები იქითკენ იყო მიმართული, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადავსულიყავით. ისე, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ მინისტრი არაა. მესმის, რომ მოქალაქეებს ურჩევნიათ, პირადად მინისტრს მიმართონ, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განსახილველად სხვადასხვა სტრუქტურა არსებობს. ეს სტრუქტურა დიდი ხანია, მოქმედებს და მოქალაქეთა განცხადებები შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან დელეგირდება, ანუ მართალია, ჯანდაცვის მინისტრს აქამდე მიღება არ ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეთა შეკითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა.
_ მესმის, მაგრამ გაჭირვებულ ადამიანებს შეხვედრა პირველ პირებთან ურჩევნიათ, მით უმეტეს, რომ თქვენ სახალხო მთავრობის წარმომადგენელი ხართ...
_ ეფექტურ მენეჯმენტში პირველი მცნება კომუნიკაციაა, მეორე კი, _ ფუნქციების დელეგირება. ამას სნობიზმის კი არა, იმის გამო ვამბობ, რომ თუ ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეთა მთელი სპექტრის საკითხების განხილვით დაკავდა, ჯანდაცვის სამინისტროს პარალიზება მოხდება, რადგან ფუნქციათა დელეგირება დაირღვევა.
_ ესე იგი, მოქალაქეებს უშუალოდ შეხვდებით?
_ რა თქმა უნდა...
_ მოქალაქეებს რომელ დღეს მიიღებთ?
_ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, კონკრეტული დღე არ იქნება გამოყოფილი, თუმცა კონკრეტულ ადამიანს, ალბათ, ორი დღით ადრე შევატყობინებთ, თუ როდის შეხვდება მინისტრს.
_ ბატონო დავით, ცუდი რამ უნდა გკითხოთ: მინისტრთან შეხვედრა “ჩაწყობით” ხომ არ მოხდება?
_ საერთოდ, შეკითხვაზე შეკითხვით პასუხი კარგ ტონად არ ითვლება, მაგრამ ეტიკეტს დავარღვევ და შეგეკითხებით: ჩემგან რა პასუხს ელოდებით?
_ თქვენი პასუხი რომ ვიცოდე, ცხადია, ამ შეკითხვას აღარ დაგისვამდით, თან უხერხული შეკითხვის დასმის უფლება, მგონი, მაქვს!
_ “ჩაწყობა”, რა თქმა უნდა, არ იქნება... იგივე წარმატებით შეგიძლიათ, მკითხოთ, მოქალაქეს ქრთამს ხომ არ გამოვართმევ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია!
_ ძალიან კარგი... ბატონო დავით, მხოლოდ ჯანდაცვის კი არა, შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრიც ხართ. შრომა იგივე დასაქმებაა, ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე და მთავარი პრობლემა უმუშევრობაა... შრომის კუთხით რას აკეთებთ?
_ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დასაქმება საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სამინისტროს ფორმატში შრომის მიმართულება რამდენიმე ფრონტს მოიცავს. პირველი შრომის უსაფრთხოების რეგულაციაა, რომელიც ძალიან შერბილებული ფორმითაა წარმოდგენილი. მეორე ფრონტი შრომის ახალი კოდექსის შექმნაში აქტიური მონაწილეობა იყო.
_ სხვათა შორის, შრომის ეს კოდექსი “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს არ მოსწონს...
_ იცით, რა?! _ პრივატულ საუბარში ნათქვამი ერთი ფრაზიდან დამოკიდებულებისა და პოზიციის აწყობა, არ მგონია, სწორი იყოს, მით უმეტეს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს ამასთან დაკავშირებით თავისი ოფიციალური პოზიცია არაერთხელ აქვს დაფიქსირებული...
_ ბატონმა მარგველაშვილმა შრომის კოდექსს “როზა ლუქსემბურგის შრომის კოდექსიც” ოფიციალურად უწოდა... საერთოდ, ჟურნალისტებთან საუბარი პრივატულად არ ითვლება...
_ ჯობია, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილს შეეკითხოთ...
ჩვენი სამინისტროს სათაურში გამოტანილი სიტყვა “შრომა”, ასევე, მოიცავს მონაცემთა ბაზის შექმნასა და შრომის ბაზრის შესწავლას, რაც მხოლოდ სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზის შექმნას არ ნიშნავს. როგორც წესი, გარკვეულ სპეციალობებზე კადრების მოთხოვნა არის, მაგრამ ამ სპეციალობის კადრები არ არსებობს. ამიტომ, ჩვენი ამოცანა ბაზრის შესწავლა მიწოდება-მოხმარების ჭრილში და იმ მიმართულებების უზრუნველყოფაა, რომლებიც გადამზადებას და ახალ საბაზრო მოთხოვნებზე მორგებას საჭიროებენ.
_ ბატონო მინისტრო, რა ამის პასუხია და, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე არაერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამასთან, სამედიცინო ობიექტების პრივატიზებაც განხორციელდა... გათავისუფლებულები, რომლებიც თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილებად თვლიდნენ, სამსახურებში ხომ არ აღადგინეთ?
_ ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობები შეზღუდულია და არ შეუძლია, კერძო კომპანიების გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, თუ ვინ უნდა დანიშნონ და ვინ გაათავისუფლონ. მიუხედავად ამისა, მიხარია და მივესალმები, რომ ჩემი კოლეგები დამცველად ჯანდაცვის სამინისტროს აღიქვამენ და დახმარებისთვისაც მოგვმართავენ, თუმცა თუ ადამიანები თვლიან, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, საამისოდ სამართლებრივი გზა არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი ვერ და არ გააკეთებს, რომ კერძო კომპანიის მმართველი დაიბაროს და უთხრას, ეს ადამიანი სამსახურში მიიღე, ან გაათავისუფლეო. ამ ქვეყანაზე არსებობს სამართალი...
_ ამ ქვეყანაში სამართალი ჯერ კიდევ ურმით დადის... ინვესტორს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება იჯარით, ან კერძო მფლობელობაში გადაეცა, როგორც ვიცი, სამინისტროსთან გარკვეული ვალდებულება აქვს. ამასთან, არ შეუძლია, 7 წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტს პროფილი შეუცვალოს... ბატონო მინისტრო, შეიძლება, ნეპოტიზმად ჩამითვალოთ, მაგრამ უნდა გკითხოთ: დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფო “ადითის” ხელშია და ექთნებს ოპერაციაზე 20 თეთრს უხდის, თუმცა თვეებია, ეს 20-თეთრიანი ხელფასიც არ დარიგებულა... ამასთან, “ადითს” სატენდერო პირობებიც არ შეუსრულებია _ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს საოპერაციოში “სალიარკის ღუმელი” დგას!
_ დამერწმუნეთ, დაზუსტებით ვიცი, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში რა მდგომარეობაცაა და ისიც ვიცი, როგორი ღუმელი დგას. “ადითი” ბოლო წლების სამედიცინო ინფრასტრუქტურაში ერთ-ერთი სკანდალური თემაა და ეს პრობლემები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა. “ადითს” ვალდებულებების შესრულება რამდენჯერმე გადაუვადეს. ამ თემაზე ბოლო მსჯელობა პარლამენტში ერთი თვის წინ გვქონდა და ამ კომპანიას ბოლო შანსი მივეცით, რომ ყველაფერი გამოესწორებინა.
_ ეს ბოლო ვადა როდის იწურება?
_ 29 ივნისს ამოიწურა, თუმცა ყველა პირობა მაინც არ იქნა შესრულებული და საქართველოს მთავრობა იმ ნაბიჯებს განახორციელებს, რომლებიც კანონით და ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
_ რა ეშველება “ადითისგან” დაზარალებულ დედოფლისწყაროელ მედპერსონალს? სხვათა შორის, საავადმყოფოს დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები, როგორც ამბობენ, სოლიდურ ანაზღაურებას ყოველ თვე იღებენ...
_ თუ “ადითთან” ხელშეკრულება შეწყდება და საავადმყოფო სახელმწიფო მართვაში გადმოვა, ყველაფერზე უკვე სახელმწიფო იზრუნებს...
_ რა ეშველებათ საავადმყოფოებს, რომელთაც კერძო სადაზღვევო კომპანიები კუთვნილ თანხებს არ ურიცხავენ? სადაზღვევო ბაზარზე არსებული მონოპოლია რატომ არ იშლება?
_ ისეთი რამ შემეკითხეთ, რაზეც პასუხის გაცემა შემიძლია! მონოპოლიაზე ანტიმონოპოლიურ სამსახურს უნდა მიმართოთ...
_ მივმართავდი, მაგრამ “ოცნება” ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნისგან თავს იკავებს...
_ თუ შეიძლება, მომეცით საშუალება, რომ გიპასუხოთ... თუ გინდათ, რომ მონოლოგი წაიყვანოთ, გადავჯდები...
_ მონოლოგი არ მიმყავს, ბატონო მინისტრო, უბრალოდ, ჩაგეკითხეთ და ახლა დაგელოდებით...
_ იმის გამო, რომ ასეთი სიტუაცია წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სახელმწიფო იძულებული გახდა, თვითონ გამხდარიყო იმ თანხის მმართველი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას უნდა მოხმარდეს, ანუ სახელმწიფო ჯანდაცვას კერძო კომპანიების გარეშე ანხორციელებს, თუმცა ისინი რამდენიმე პროექტში მონაწილეობენ. ამ დავალიანების გამო, შარშან, მედიაციის ცენტრი შეიქმნა. ეს დავალიანება 12 მილიონს აღწევს, ამაზე სასამართლო დავა მიდის და ის დავალიანება, რაც სასამართლოს მიერ იქნება აღიარებული, რა თქმა უნდა, გასტუმრებული იქნება...
_ ბატონო დავით, ისეთ თემაზე საუბარი, რომელიც ჯანდაცვას არ ეხება, როგორც ვიცი, არ გსიამოვნებთ, მაგრამ გინდათ თუ არა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი ხართ...
_ საიდან იცით, რა მსიამოვნებს და რა _ არა?
_ ასე ამბობენ...
_ ჯობია, მე შემეკითხოთ...
_ ამიტომაც გეკითხებით: მინისტრობას როგორ შეეგუეთ?
_ ადამიანს ყოველთვის უწევს ახლის კეთება. ეს, პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე ვალდებულებაა და ვიდრე ამ საქმეს აკეთებ, ვალდებული ხარ, კარგად გააკეთო და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენო.
_ თავის დროზე, როცა პრემიერმა მინისტრობა შემოგთავაზათ, მოულოდნელი იყო?P
_ გარკვეულად იყო, რადგან ამხელა პასუხისმგებლობის აღება რთულია...
_ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყავით?
_ პოლიტიკური მოძრაობა “ქართული ოცნების” წევრი არ ვყოფილვარ...
_ რას ფიქრობთ იმ ყბადაღებულ თემაზე, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, პრემიერის პოსტი დატოვოს და პოლიტიკიდან წავიდეს...
_ პრემიერმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ გეგმები ჯერ კიდევ არჩევნებამდე არაერთხელ განაცხადა...
_ თქვენ და პრემიერი მეგობრები ხართ?
_ რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს...
_ თქვენს ოჯახზე მიამბეთ...
_ ეს პირადი თემაა და თავს შევიკავებ...
_ ბატონო დავით, საჯარო მოხელე ხართ და უნდა ვიცოდეთ, ვინ ხართ...
_ ჩემზე იმ მოცულობით უნდა იცოდეთ, რა მოცულობითაც ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-საიტზე დევს...
_ არც თქვენი გვარის ისტორიას მიამბობთ?
_ არა... ჩემი სათხოვარია, რომ იმ ფრომატით შემოვიფარგლოთ, რაც მეხება, როგორც საჯარო მოხელეს და არა _ როგორც პიროვნებას...
_ ისე, თქვენზე ამბობენ, ცოტა უცნაური ადამიანიაო... ატყობთ თქვენს თავს უცნაურობებს?
_ დავასრულოთ ინტერვიუ... მადლობთ...
_ ბატონო მინისტრო, საუბრის დასრულებას ისეც ვაპირებდი... ნახვამდის!..