სულ ახალ-ახალი უბედურებები ატყდება თავს, სამწუხაროდ, ჩვენს ბედკრულ ქვეყანას _ ახლახან, ზვარაკად შეწირული ქართველი ჯარისკაცები ჩამოასვენეს ავღანეთიდან. მერე რა, რომ აგერ, ქართლის შუაგულში, გორსა თუ თბილისთან ორ ნაბიჯზე ოკუპანტები დგანან და... ნიშნს გვიგებენ, ესეც თქვენ, ბედოვლათო და ამბიციურო ქართველებო, სხვის საზღვრებს ხომ იცავთ სისხლის ფასად. აფერუმ და ვაშა-დიდება თქვენ და თქვენს გამორჩეულ, სახელოვან მთავარსარდალს _ უშიშარს, ვითარცა უხორცოს. მაგან უნდა დაიკვეხნოს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო!
გარეშე მტრების ქირქილი იქეთ იყოს, მაგრამ ეტყობა, ჩვენ მართლაც, ვართ ყველაფერში “გამორჩეული ერი”, გამორჩეული თუნდაც იმით, რომ ვერა და ვერ მოვიშორეთ თავიდან არამცთუ მხოლოდ დანაშაულებრივი “ნაცმოძრაობის” ე.წ. პარტია, არამედ, უკვე კონსტიტუციურადაც ყავლგასული ქართველთაყლაპია, გრანტიჭამია თუ ჰალსტუხღეჭია ე.წ. პრეზიდენტიო _ გაისმის აქა-იქ, მართალია, არცთუ ომახიანად, მაგრამ მაინც დაბეჯითებით.
არადა, სწორედ სააკაშვილისნაირებზეა ნათქვამი, ძალად მაცხონეო, ანუ გსურთ თუ არა, გინდათ თუ არა, მე უნდა ვიყო თქვენი პრეზიდენტი, რადგანაც ჯერ ერთი, მე ასე მინდა. მეორეც, ასე უნდათ ჩემს ოკეანეგაღმელ თუ გამოღმელ მრჩევლებს, რომ არაფერი ვთქვა ჩვენს აქაურ ჩიორებზე, ღაბუა ჩიტუნიებსა თუ ჩაკურატებულ, ჯიბესქელ და შუბლმაგარ ბუღა-ბუღებზე. ხოლო დანარჩენებს _ ერს თუ ბერს _ კისერი უტეხია, თავში ქვა უხლია და მუცელში სამართებელი. დიახ. ასე ვიცი ჯაყომაო.
ვერაფერს იტყვი! ისეთი “მყარი” არგუმენტებია, რომ როგორც იტყვიან, გასტეხს ქვასაცა მაგარსაო.
ისე, მართლაც და, ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე ერი? ან ვის ჰყავს სხვას ისეთი გულჩვილი, ლმობიერი და, რაც მთავარია, სამართლიანი მმართველი, ანუ ხელისუფალი თუ ძალისუფალი, როგორიც ჩვენია! ჯერ მარტო ის ნახეთ, როგორ შეუძლია გაუბედურებულ ჭირისუფალს მიუსამძიმროს, ან სულისმღაფავი პენსიონერი ანუგეშოს ცრემლის ღვარღვარით? რომ არაფერი ვთქვა დიდი დავით აღმაშენებლის საფლავზე გულისამაჩუყებელ ფიცზე _ მეც შენსავით, თუ მეტად არა, ვიღვაწებ ერთიანი საქართველოს ასაყვავებლადო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თუ არა, თბილისთან ახლოს ხომ არ გავაჭაჭანებ მტერსო. აბა, სად სტალინის ფიცი ლენინის ცხედართან და სად _ მ. სააკაშვილის!
ისე, ჩვენზეა ზედგამოჭრილი, უნახავმა რა ნახაო და, მართლაც: ვის ჰყავს აბა, ჩვენისთანა ქვეყნის აღმშენებელი? _ არავის. დიახ, ჩვენ ვართ მხოლოდ გამორჩეულნი ერთა შორის!
ისე, მგონი, სულაც არ გვაქვს საქმე სახუმაროდ. ქვეყანა, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ისევ ისე უფსკრულის პირასაა! თუნდაც ის ამბავი რად ღირს, ქვეყნის დამაქცევარნი, კვლავ “აღმშენებლებად” რომ გვევლინებიან, ოღონდ კოჰაბიტაციის კურთხევით და ოპოზიციის ნიღბით და ისე გვედიდგულებიან მავანნი და მავანნი, თითქოს მამა აბრამის ბატკნები იყვნენ და არა _ ნიუნბერგის მსგავსი სასამართლოს პრეტენდენტები! ამას ჰქვია სწორედ, ბედი მომეციო... არადა, “ქუდბედიანებმა” მშვენივრად უწყიან, ვერავინ რომ ვერაფერს უზამს, რადგან ისევ ისე ის ძალები მფარველობენ, რომლებმაც მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ არაფერი ვთქვათ იმ საგულდაგულოდ გადამალულ სიმდიდრეზე, რაც 9 წელიწადში “ოფლით და ჯაფით” მოიხვეჭეს!
ამასობაში, კიდურებმოგლეჯილი, სისხლმდინარე, მართლაც, შუა გულში მახვილგარჭობილი, გაღატაკებულ-განიავებული, შაგრენის ტყავივით დალეული ქვეყანა, ჯერჯერობით, საქართველო რომ ჰქვია, სულს ღაფავს უწინდებურად _ უკეთესი ხვედრის მოლოდინში (ღმერთმა ქნას, რომ ამ მოიმედე ხალხს იმედი ამჯერადაც არ გაუცრუვდეს!). დიახ, ქვეყანა, რომელმაც კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი შეძლო სხვა ე.წ. რესპუბლიკებს შორის გამორჩეული ყოფილიყო დოვლათით, კულტურა-ხელოვნებით, მეცნიერებით, ლიტერატურითა თუ სპორტით, დღეს თითქმის მიწასთანაა გასწორებული _ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში რომ არიან გახიზნულნი, ანუ... დაკარგულნი! საქართველო სწრაფი ტემპით “ვითარდება”, ანუ სიღატაკის, მათხოვრობის, გაუნათლებლობის გზაზე გამოსარჩევი ხდება კაზინოების, საროსკიპოების, ტრეფიკინგის, უწიგნურობისა და სხვა “სიკეთეების” მხრივ და კიდევაც უსწრებს განვითარებულ ქვეყნებს. “ნაცმოძრაობამ” კი, ლომის წვლილი შეიტანა ამ “განვითარების” პროცესის დაჩქარებაში... მიწა-წყალგაყიდული, სახლ-კარგასხვისებული, საბანკო ვალებით დახუნძლული, დამშეული (ამ სიტყვაზე, ალბათ, ეცინებათ მავანთ და მავანთ, რადგან მაძღარ კაცს მშიერიც მაძღარი ჰგონია!) _ ეს გაუბედურებული ქვეყანა, თითქოს პარადოქსია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა: ევედრება დახმარებას მათ, ვინც ამ დღეში ჩააგდო. უპატრონოდ დარჩენილ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან ხოლმეო, ნათქვამია. მართლაც, არ აქვთ, განა, სატრაბახო “ნაცმოძრაობის” მესვეურებს, აგრერიგად რომ გაისარჯნენ ქვეყნის “ასაყვავებლად”, აბა, სხვა დროს როდის იყო იგი ასე “დამშვენებული” ეს “გუშინ გამოჩეკილი” სახელმწიფო?
შეფარული თუ შეუფარავი მტერი კი, იცინის, იცინის, კვდება სიცილით. აბა, რა გეგონათ, ბედოვლათო ქართველებო? თავისუფლება და დამოუკიდებლობა რომ მოიწადინეთ ღლავების ხელში, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში თუ არა? მამული, ენა, სარწმუნოება რომ გინდოდათ, მრწამსად გექციათ, შეგარჩენდათ განა, ვინმე ამ “მკრეხელობას?” ისიც ხომ ნიშანდობლივია, თქვენს პრეზიდენტს ილია ჭავჭავაძის სურათი რომ უკიდია თავისი კაბინეტის კედელზე?! ცხადია, ბრიყვებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად, იმ ილიასი, ყოველ ხელსაყრელ მომენტში რომ აბიაბურებენ “თავისუფლების ინსტიტუტში” თუ სხვადასხვა აკადემიაში გამოწრთობილი ტვინის მაესტროები! არადა, თქვენი დიდი მეფის საფლავზე ფიცნაჭამმა პრეზიდენტმა ხომ სწორედ ამ ქართული მენტალიტეტის შეცვლა მოინდომა სხვადასხვა მეთოდით, უწინარესად კი, განათლების სისტემის მოშლით, სინგაპურიზაციის, ანუ გლობალიზაციის, ინტეგრაციის, ცრულიბერალიზმის, ცრუდემოკრატიის სახელით და ა.შ. დიახაც: “რის ქართველობა, რა ქართველობა, ვითომ რას გვავნებს უცხო ტომობა”. ამაოდ ღაღადებენ თქვენი ცოცხალი თუ გარდაცვლილი პოეტები, წერეთ და იკითხეთ, თქვე ბედკრულო ქართველო პატრიოტებოო! _ იქედნურად იცინიან მავანნი!
დიახაც, სხვადასხვა რჯულისა თუ საქმიანობის უცხოტომელებისთვის მიწის მიყიდვა გლობალიზაციის, ინტეგრაციის, ლიბერალიზმისა თუ დემოკრატიის სახელით, რითია ცუდი? რას ავნებს ეს... ქვეყანას? _ არც არაფერს, ძია ჯორჯ სოროსო, არც არაფერს. ამ გაგანია რეფორმების დროს, ეროვნებაზე და ეროვნულობაზე თავის გამოდება სად გაგონილა? დიახაც, რომ სწორად ირჯებოდა (ირჯება დღესაც!) “თავისუფლების ინსტიტუტი” თუ აკადემია, “კმარელების” თავგანწირული რაზმი ქ-ონ თ. თუთბერიძის ბელადობით, ბენდუქიძისა თუ ნოდია-თევზაძე-მერაბიშვილის თამადობით. აბა, არა? აკი ი. მერაბიშვილმა, პინოჩეტის რეჟიმის ღირსეულმა მემკვიდრემ, ბახტრიონის გმირებს უკიჟინა მტრის გაჟლეტა. მურვან ყრუს, თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს და სხვათა და სხვათა დამპყრობლებს, თურმე, ტოლერანტობით არ შეხვდნენ ქართველები! რამდენიც გინდათ, იმდენი გვჟუჟეთ, ჩვენ ხელს არ გავანძრევთ იმიტომ, რომ ჩვენ ტოლერანტები ვართ და საერთოდ, რა დროს მამული და ეროვნებაა 21-საუკუნეში, ამ მსოფლიო ინტეგრაციის და გლობალიზმის ეპოქაში? რა დროს ერზე და ეროვნულობაზეა ლაპარაკი? ან ვის რად უნდა ამდენი ხიჭუ-მაჭუ ტომების არსებობა? დიახაც, ძირს სიბნელე, ძირს მამული და მამულიშვილობა, ძირს, ძირს! დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ თუ... მავანნი და მავანნი მიბრძანებენ და თუ გაგვიმრავლებენ გრანტებს, ფულებს (ფულები არის ჩვენი გამხარებელიო, ჯერ კიდევ როდის იწონებდნენ თავს ჩვენებური კინტოები), დიახაც, ფული განაგებს დღეს მთელ მსოფლიოს, ანუ კაპიტალი ყოვლისშემძლე, ყოვლისმფლობელია. დიახაც, მიზანი ამართლებს საშუალებას, მიზანი კი, რაც შეიძლება ბევრი ფულის მოხვეტაა _ მე უნდა ვიცხოვრო დღეს მაძღრად, ხოლო ჩემს შემდეგ, თუნდაც ქვას უთოვია. მთავარია, დღეს მოვიხვეჭო ბლომად ფული. დიახ, დღეს უნდა ვეწიო საწადელს, მათ შორის, ქვეყნის გაყიდვის საშუალებით! რა დროს რწმენაზე, მამულზეა ლაპარაკი, მით უმეტეს, რატომაა დასაძრახი მამათმავლობა, ლესბოსელობა, თუნდაც ერთსქესიანთა ქორწინება, ინცესტი, ჯგუფური სექსი? მით უმეტეს მაშინ, როცა... ფულის შოვნის შანსი დგებაო!
ვივა, ცივილიზაციავ! დიახაც, ეს მოიტანა კაცობრიობის პროგრესმა, ლიბერალიზმმა, ლიბერტარიანელობის ჩათვლით, დემოკრატიამ!
მახსენდება მთელ გერმანიაში სახელგანთქმული, ელიტურ გაზეთ “დი-ცაიტის” გამომცემლის, გრაფის ასულის, მარიმ დიონ-ჰოფის (აწ განსვენებულის) გამონათქვამი: “სიტყვა პროგრესი ჩემში შიშსაც კი იწვევს და მის წარმოთქმას დიდი სიფრთხილით ვეკიდები!”
“სამართლებრივი სახელმწიფო, ძალთა თანაბარი გადანაწილება, პლურალიზმი _ ესენი უმნიშვნელოვანესი წანამძღვრებია თავისუფლებისათვის, მაგრამ ტოტალურ აღვირახსნილ თავისუფლებას ველურობისა და დანაშაულისკენ მივყავართ... გამდიდრებისკენ სწრაფვა კი, საყოველთაო ხასიათს იძენს და იგი ისე ყოვლისმომცველია, რომ საზღვარი არ უჩანს _ აღარ არსებობს ეთიკური ნორმები და არც მორალური ბარიერები”.
კანტის თქმით, განცვიფრებას მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კი არ იწვევს, არამედ, ადამიანში ზნეობრივი კოდექსის არსებობაო. დიახ. ზნეობრიობაა ის, რაც ადამიანის თავაშვებულობას ამუხრუჭებს, ვინაიდან სრული თავისუფალი შეიძლება იყოს სინდისის არმქონე, ანუ უგონო არსება. სხვათა შორის, ქართული სიტყვას _ “თავისუფალი”, გენიალურად განსაზღვრავს _ შენ შენი თავის უფალი, ანუ მფლობელი უნდა იყო, შენი საქციელის, მოქმედების გამგებელი, წარმმართველი. კერძო სუბიექტს, სხვა სახელმწიფოში რომ უწევს ცხოვრება, მართებს და ვალდებულიცაა (თქვენ წარმოიდგინეთ, უფლების გარდა, არსებობს, თურმე, მოვალეობაც!) დაიცვას იმ ქვეყნის კანონები, სადაც ცხოვრობს, ანუ ქართული ანდაზის თანახმად, უნდა დაიხუროს იმ ქვეყნის ქუდი, სადაც მოღვაწეობს.
ისტორიის მამამთავარი ჰეროდოტე მცირე აზიაში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთ ტომზე წერს: “ისინი გარეთ იმას შვრებიან, რასაც სხვები შინ სჩადიანო”. ჰეროდოტე დღეს რომ გააცოცხლო და ანახო, ჩვენს ზოგიერთ ტელეარხზე ნაჩვენები ე.წ. ეროტიული სცენები, ალბათ შეძრწუნდება და, რომის იმპერიის გამოცდილების მიუხედავად, უსათუოდ იტყვის: ნუთუ, 2500 წელი კაცობრიობამ იმისთვის გაიარა, რომ კვლავ პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულისკენ ებრუნა პირიო?.. როგორც ცნობილია, ბიწიერ გონს ყოველგვარი სისაძაგლის არათუ წარმოდგენა, განხორციელებაც ძალუძს... ისე, უძველესი სახელმწიფოები, მათ შორის, ეგვიპტურიც ცოდვად მიიჩნევენ როგორც მამათმავლობას, ასევე, ლესბოსელობასაც!
ნუთუ, შემთხვევითია ის, რაც დღეს ხდება ჩვენში?
ერთ-ერთი მასონური ლოჟის ფუძემდებლის ჯონ რედკლიფის (ჰერმან გედშეს) მიხედვით: “პირველი დარტყმა აქამდე გაუხრწნელ, აქამდე წმინდათა-წმინდა ოჯახურ საწყისს უნდა მივაყენოთ, ის როგორმე დაშლა-გახლეჩამდე მივიყვანოთ. მაშინ შესაძლებლობა გვექნება, ძირფესვიანად ამოვატრიალოთ ის, რისიც დღემდე სწამდათ ქრისტიანებს. სანაცვლოდ ამისა, აღვზარდოთ სხვადასხვა ვნებით გატაცებული არმია, თავისუფლად გამოვუცხადოთ ღია ომი ყველაფერ იმას, რისიც სწამთ და ეთაყვანებიან ჩვენი მტრები. ჩვენს საკუთარ საქმეებში ვიყოთ კონსერვატორები, ხოლო “გოებში” რეფორმატორული სული ავაღორძინოთ. შემდეგ კი, ამ რეფორმებს ჩვენი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი მიმართულება მივცეთ. ქრისტიანებს შორის რამდენადაც მეტი სხვადასხვა რგოლი თუ პარტია შეიქმნება, იმდენად მეტი იქნება უკმაყოფილება... ხალხი გაერთიანდება კაპიტალისტების ძალაუფლების ქვეშ. ეროვნული ტრადიციების უსუსურობა ჩვენი გავლენის ამაღლებას უწყობს ხელს. ამიტომაც, ჩვენ უნდა ჩავერიოთ უკმაყოფილების ყოველგვარ გამოხატულებაში და აქედან კოცონი ავაგიზგიზოთ. ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილი ყველა შეტაკება ხელს უწყობს ჩვენს გამდიდრებას და გვაახლოებს ჩვენს სანუკვარ მიზანს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი მიწის ხელში ჩაგდება, ადვოკატურის დაპყრობა. ასევე, მედიცინის და ა.შ. ხოლო თუკი ოქრო უძლიერესი მამოძრავებელი ძალაა კაცობრიობისა, მაშინ მეორე _ უეჭველად პრესაა!”
საოცარია, მე-19 საუკუნის ბოლოს შემუშავებული ეს სატანური პროგრამა როგორ “ემთხვევა” თავის სულისკვეთებითა და მიზანდასახულობით ე.წ. დალესის (თუ “კა-გე-ბე”-ს _ ეს სულერთია) დოქტრინას, რომელშიც წერია: “...სახელმწიფო მართვაში უნდა სუფევდეს ქაოსი და განუკითხაობა. ჩვენს მომხრეებს შევუქმნით ყალბ ავტორიტეტს, ფარულად, მაგრამ აქტიურად და გამუდმებით წავახალისებთ ჩინოვნიკების სირეგვნეს, უპრინციპობას, ბიუროკრატიზმს, საქმის გაჭიანურებას, გავამასხარავებთ პატიოსნებას და წესიერებას ისე, რომ არავის დასჭირდება ისინი და იქცევა წარსულის გადმონაშთად. შეუმჩნევლად დავნერგავთ თავხედობას, მატყუარობას, ლოთობას, ნარკომანიას, გარყვნილებას. მცირედნი თუ მიხვდებიან _ რა ხდება... ვინც მიხვდება, მას ჩავაყენებთ უმწეო მდგომარეობაში, გავხდით სასაცილოს, ცილს დავწამებთ და საზოგადოების ნაძირალად და მტრად გამოვაცხადებთ!”
ხომ არ გენიშნება, ძვირფასო მკითხველო, ყველაფერი ეს ჩვენს დღევანდელობაში?! მაკიაველიზმისა და ბოლშევიზმის ნაჯვარი, მეოცე საუკუნისეული ეს სატანური დოქტრინა და მისი მსგავსი “თეორიები”, შენიღბულნი სხვადასხვა სახელწოდების “იზმებით”, ხომ ერთობ თვალში საცემია ჩვენს სინამდვილეშიც _ ვის მიერადაც არ იყოს იგი შემუშავებული! ამასთანავე, სამწუხაროდ ჩვენდა, ამ სატანისეული დოქტრინის ხელშემწყობთა და გამტარებელთა რიცხვი _ “ნაცმოძრაობის” ფარული თუ აშკარა დასტურით, აგრეთვე, ზოგი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის თაოსნობით, დღითიდღე მატულობს საქართველოში, რასაკვირველია, უზარმაზარი თანხებით მათი დაფინანსების წყალობით. დიახ, ეს უშველებელი თანხები განაპირობებენ სწორედ ამ “უჩინარი” დამკვეთების, ანუ მაესტრო-რეჟისორების იდეოლოგიურ თუ ეკონომიკურ მიზანსწრაფვას...
ცნობილია, რომ მოზარდების ფსიქიკა, როცა ის ჯერ კიდევ არამყარია, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების პროცესშია, ადვილი შესაძლებელია, მრუდე გზით წარმართო, ანუ გადააცდინო ჭეშმარიტ, მარადიულ ღირებულებას, მაღალ, ზნეობრივ მრწამსს და იდეალებს, ანუ ჩვენი დადებული პოეტის, დავით გურამიშვილის თქმით, “ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების”. ხოლო რუსთაველის აზრით, “გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო” და კიდევ: აკი ძალადობის და უზნეობის კულტის პროპაგანდამ თვით აშშ-ში უკვე გამოიღო სავალალო შედეგი (და არა მხოლოდ აშშ-ში!) და უკვე შესაძლოა, გვიანიცაა თავში ხელის ცემა! ჩვენ, ქართველებს, მართალია, მიბაძვის დიდი ნიჭი გვაქვს, მაგრამ... ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ან რას მივბაძოთ? “სხვის მისაბაძი რა მჭირს, თორემ კი...”
“ყველაზე მეტად მაშფოთებს სულიერი კატასტროფა, ჩვენ რომ გველოდება, _ აცხადებს არგენტინის თვალსაჩინო მწერალი ერნესტო საბატო, _ ჩვენ ვცხოვრობთ ნევროზულ, მტანჯველ, არასტაბილურ საუკუნეში. აქედანაა ფსიქიკურ დაავადებათა ესოდენი სიმრავლე, ძალადობის ზრდა და ნარკომანია... ინტელექტუალურ კატასტროფას მივყავართ საშინელ ფსიქიკურ და სულიერ აფეთქებამდე...”
დიახ, შემთხვევით არ ხდება ყოველივე ეს, ანუ შემთხვევით არაა აღვირახსნილობის პროპაგანდა. დიახ, შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ სწორედ ორგანიზებულად, მეთოდურად უტევენ მართლმადიდებლებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს _ სწორედ პატრიარქი არის განსაკუთრებით მიზანში ამოღებული. ჯერ ხომ იმისთვის სძრახავდნენ გარკვეული პირები, როგორ გაბედა და ილია ჭავჭავაძე და ცოტნე დადიანი ეკლესიამ წმინდანებად შერაცხაო, ქართველი ერის ესოდენი თაყვანისცემა და გაიგივება ლაზარესთან რას ნიშნავსო? ქართული ენის დღესასწაულის დადგენა როგორ შეიძლებაო. ერთმა “ინტელექტუალურმა” ქალბატონმა პატრიარქს ინკვიზიტორობაც კი დასწამა, მავანთა და მავანთა დაუკითხავად, როგორ გაბედა დამნაშავე მღვდლების დასჯაო! ამით ხომ დაარღვია ადამიანის უფლებებიო!..
დიახ, საკუთარი სულგაყიდულობა და მანკიერება რომ დაფარონ, მართლაც, რაღაც განსაკუთრებული ჟინით და აღტკინებით, ათასგვარი ბინძური საშუალებით, ჩუმად, ფარულად თუ აშკარად, ებრძვიან მავანნი და მავანნი საკუთარ ქვეყანას _ საქართველოს _ უძველესი კოლხ-იბერიული ცივილიზაციის მატარებელს, ჯერ კიდევ ქართველთა ქვეყნად რომ მოისაზრება და რაც განსაკუთრებულ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას იწვევს ემზარ ჯგერენაიასი და სხვათა, ანუ გრანტებით დაპურებულ, გამძღარ-გასისიანებულნი, ვითომ ლიბერალიზმის, “თავისუფალი იდეის” სახელით, მზად არიან, საერთოდ აღმოფხვრან ქართველობის ყოველგვარი ნიშან-სვეტიც კი. არადა, სწორედ ქართველობის, მართლმადიდებლობის, ანუ მამულის, სარწმუნოების ენის შესანარჩუნებლად ღვრიდნენ სისხლს ჩვენი წინაპრები _ სახელიანი თუ უსახელო გმირები _ ათასწლეულების განმავლობაში... მართლაც, შაგრენის ტყავივით დავილიეთ ჩვენი შინაგამცემების, კონდოტიერების წყალობით (!), მაგრამ, მაინც მოვაღწიეთ 21-საუკუნის კარიბჭემდე. ეროვნული მოძრაობის უმთავრესი მიზანიც ხომ ჩვენი ეროვნულობის გადარჩენა, დამოუკიდებელი, ქრისტიან-დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა იყო. ყველაზე ანტიეროვნულმა ძალებმა, “ნაცმოძრაობის” სახელითა და მანიპულირებით კი, ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს!
ილია ამბობდა: “დას-დასად დაქუცმაცებული და ასო-ასოდ დაჭრილ ქვეყანაში, აღარ ისმის რუსთაველის მარმარილოს სიტყვა. ისმის მხოლოდ ველური ენა გადაგვარებულთა. აღარ ისმის უკვე თაყვანისცემის გრძნობა წარსულისადმი _ არის მხოლოდ ქამური უარყოფა ყოველივე მაღლისა დეგენერატის დაცინვითა, არწივის ფრთაგაშლის მაგიერ ვხედავთ თავისუფლებისადმი მონის ქედმოხრას გარეგანი ძალის წინაშე”, ანუ მონური ფსიქოლოგია ინიღბება თავისუფლების შირმით!
არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ სწორედ საინფორმაციო საშუალებებით (ტელევიზია, რადიო, მედია) მეთოდურად მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ქართული ცნობიერების, მართლმადიდებლობის, ქართული კულტურისა და ენის წინააღმდეგ ფარული თუ აშკარა ბრძოლა, რასაც ზურგს უმაგრებდა “უძლიერესი მამოძრავებელი ძალა-ოქრო!”, ანუ რუსთაველის თქმით, ეშმაკის ოქროს კვერთხი!
ამ საყოველთაო მორალურ-ზნეობრივი დეგრადაციის ატმოსფეროში, საყოველთაო ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმის, გლობალიზმისა თუ ინტეგრაციის ფონზე წინ წამოსაწევია საკაცობრიო, წარუვალი ღირებულებანი, მათ შორის, ჩვენი ერის ეთიკურ-ზნეობრივი ნორმები, მართლმადიდებლობას რომ ეფუძნება, ვინაიდან: “სულის განვითარება არ განიცდის სოციალური და ტექნიკური პროგრესის ზეგავლენას... მას საკუთარი კანონები აქვს და მხოლოდ მას ემორჩილება... ძველ ტრადიციებს... ვერ შეცვლი ტრანზისტორებით!” ეს მავანთ და მავანთ, ანუ მანქურთებს მიაჩნიათ ტრადიცია აბუჩად ასაგდებად და დასაცინად!
რაც შეეხება რჯულთშემწყნარებლობას, ქართველ ერს არ ესწავლება ტოლერანტიზმი. დიახ, საქართველო, იაკობ გოგებაშვილის თქმით, თუმცა მთელ აღმოსავლეთში ქრისტიანთა მფარველად გამოდიოდა, მაგრამ თავის სახელმწიფოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში შეუდრეკლად იცავდა სარწმუნოებრივ მომთმენლობის პრინციპს, ეს მაშინ, როდესაც, ივანე ჯავახიშვილის თქმით, თავად “მრავალი უსამართლობა, დევნა და შევიწროება გადაუტანია მაჰმადიანური ქვეყნებისგან”. სისხლის წვიმების დროსაც, როცა სწორედ თათრების შემოსევისაგან ინგრეოდა ქვეყანა, ქართველი კაცი ამბობდა: ყველა ადამის შვილნი ვართ, თათარიც ჩემი ძმა არისო!” საილუსტრაციოდ თბილისში თითქმის გვერდი-გვერდზე მდგარი მართლმადიდებლური ტაძარი, ისლამური მეჩეთი, გრეგორიანული სომხური ეკლესია და ებრაული სალოცავი გამოდგება.
მართლაც, რომ ქვანი ღაღადებენ!
P.S. რაც შეეხება ბოლო დროის აჟიოტაჟს, აღმოჩენილმა სამალავებმა და ფირებმა რომ გამოიწვია, სავსებით კანონზომიერი გახლავთ ეს მათთვის, როჭიკისთვის სულგაყიდულებისთვის, გარეშე ძალების დაკვეთით რომ მოქმედებენ და მათი ყურმოჭრილი მონები არიან, თუმცა... მაინც საკვირველია, რომ ამ ძალად მაცხონე ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს და მათ სვებედნიერ, ქუდბედნიერ წინამძღოლს თვალთმაქცობისა და ცინიზმის ასეთი დიდი ნიჭი რომ აღმოაჩნდათ, თუმცა, როცა შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ვინმეს, ამაოა ყოველგვარი მცდელობა, ნამუსში ჩააგდო: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო!
...რაც შეეხება ნატო-ს წარმომადგენელთა ამასწინანდელ ვიზიტს, ერთხელ კიდევ დავრწმუნდით, რომ აღვირახსნილობა, უზნეობა, და უტიფრობა _ თურმე “დემოკრატიის” დამამშვენებელი თვისებები ყოფილა! ამაზეა ნათქვამი, თუ კაცს არ უნდა, რიყეზე ქვას ვერ დაინახავსო! ჩვენ კი, _ ჩვენი მოსამართლე იყავითო, _ საშველს არ ვაძლევთ ამ დემოკრატიის ადეპტებს.
ისე, “ნატოელებს” უნდა შევახსენო, საქართველოს, ანუ კოლხ-იბერიას, თავისი მრავალათასწლიანი ისტორიის განმავლობაში, უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი კაცობრიობის ცივილიზაციაში, მის კულტურაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ევროპის ქვეყნების ხსენებაც არ იყო მსოფლიოში!
ისე, პარტია, რომელმაც ბოლშევიკურ-ფაშისტური მეთოდებით საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო და ქვეყანა ლამის აუქციონზე გაიტანა გასაყიდად, კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს პრეზიდენტითურთ, ანუ დღევანდელ ორხელისუფლებიანობას აღარ სჯერდება _ ეპატარავება!
მართლაც, საზღვარი არ აქვს თავგასულობას, ცინიზმს, ურცხვობას...