"ყველა სიახლეს" ესაუბრება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
- რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა მამუკა მიქაუტაძემ თავი მოიკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პოლიციაში დაკითხვისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ მივიდა თვითმკვლელობამდე. თქვენს კომიტეტს ადამიანის უფლებების დაცვა ევალება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რას მოიმოქმედებთ?
- ჩვენ არჩევნების გზით დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი რეჟიმი სწორედ იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიცია ადამიანებს სცემდა და აწამებდა. საზოგადოება სწორედ ამ ძალადობას დაუპირისპირდა, როცა უარი თქვა "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ჩვენ მოგვცა ხმა იმ იმედით, რომ მათ უფლებებს დავიცავდით. როგორც ადამიანის უფლებების დამცველი კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი წუთითაც ვერ დავუშვებ, რომ ვინმემ გაბედოს და წარსულში დაგვაბრუნოს, როცა სასურველი ჩვენების მისაღებად პოლიცია პატიმრებს აწამებდა და აუპატიურებდა. თუ დამტკიცდა, რომ მიქაუტაძე, პოლიციაში თუ პოლიციის გარეთ, ცემისა და ზემოქმედების შედეგად თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ყველა ის პირი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ცხადია, სისხლის სამართლის ამ კონკრეტულ საქმეზე კომიტეტი განსაკუთრებულ კონტროლს დააწესებს და გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლებს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში. ღრმად ვარ დარწმუნებული, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავად გააკონტროლებს ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და თუ პოლიციელთა ბრალეულობა გამოიკვეთა, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
- უმცირესობის წევრები დღემდე ლაპარაკობენ, რომ თქვენ მიერ ორგანიზებული ამნისტია არცთუ უანგაროდ განხორციელდა და პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა შეწყალების სიაში მოსახვედრად ფული გადაიხადა. მიანიშნებდნენ თქვენზე და ნანა კაკაბაძეზე.
- ამნისტია იყო უპრეცედენტო პოლიტიკური აქტი და შეეხო ყველა პატიმარს. ეს ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს ვალდებულება წინასაარჩევნოდ ავიღეთ. ამნისტიის პროექტი მე მოვამზადე, მაგრამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები დღე და ღამე, ერთი თვის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. რას ნიშნავს ანგარებაზე საუბრობენ? ვინ საუბრობს? გივი თარგამაძე თუ ირმა ნადირაშვილი? პარლამენტმა ანგარებით მიიღო ეს კანონი? არის ეს აზრი გონებასთან ახლოს? ან კაკაბაძე როგორ მიიღებდა კანონს, ჩვენ რომ არ მიგვეღო? ასეთ ბოდვასა და უზნეობაზე ვინც საუბრობს, თავად არის ყველაფრის მკადრებელი და იოლად წარმოუდგენია, სხვამ მსგავსი სიბინძურე იკადროს. სად არიან ანგარებით გამოშვებული პატიმრები? მოიყვანონ და მაჩვენონ, რომელია ასეთი? ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან სირცხვილია იმის გამეორება, რასაც თარგამაძე ან ნადირაშვილი იკადრებენ...
- ლაპარაკია იმაზე, რომ დანაშაულთა ჩამდენნი უმეტესწილად ამნისტიით გათავისუფლებული პირები არიან.
- ვერ დაგეთანხმებით, რომ დაკავებულთაგან უმეტესობა ამნისტიითაა გათავისუფლებული. სტატისტიკით მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ დიდია პრეზიდენტის მიერ პერსონალურად შეწყალებულ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი. მეორე მხრივ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ოდესღაც ყველა პატიმარი გარეთ გამოვა და როგორი გარემო დახვდება მათ, უნდა ვიფიქროთ მათ რეაბილიტაციაზე, დასაქმებაზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, ნუ გვავიწყდება, რა გზა გამოიარეს ამ ადამიანებმა. წამების კადრები, რომლის მცირე მონაკვეთი ვნახე, რადგან მეტი ვერ შევძელი, არ მიტოვებს კითხვას, უნდა გაგვეთავისუფლებინა თუ არა ეს ნაწამები ადამიანები, პირიქით - ვინც დარჩა ასეთები და ვერ ვეხმარებით, ის მაწუხებს... თქვენ ვერ შეძლებთ იმის ყურებას, რაც გადაღებულია და წარმოიდგინეთ, რა გადაიტანეს მათ... ისინი სიცოცხლეშივე მოკლეს... საქმეების შესწავლა ამნისტიის დროს არ ხდება, ეს ზოგადი კანონია, თუმცა ყველა მუხლი შესწავლილი იყო, ისე არ მიგვიღია ეს კანონი და შსს ჩართული იყო ამ პროცესში. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ყველა საქმე შესწავლილი იყო და მითხარით ერთი გვარი მაინც, ვინც არ იყო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული... ასე რომ, რასაც ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", ეს ბრალდებულების პოზიციაა, მათ ედებათ ბრალი ამ ყველაფრის გამო და რას იტყვიან, კარგია, რაც გავაკეთეთო? საერთოდ როგორ ლაპარაკობენ ამდენი სისასტიკის მერე? გიგი უგულავა დღეს რომ ამბობს "ყელს გამოვჭრიდი და გავგუდავდი მწამებლებსო", ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ისინიც ყელს ღადრავდნენ და გუდავდნენ ადამიანებს... ესაა ამათი მენტალიტეტი და შინაგანი მდგომარეობა.
- საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
- უნდა თუ არა საზოგადოებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მე არ ვიცი... ჯერ 8 თვეა გასული და არ ვიცი, რა უნდა დავუდოთ ამას საფუძვლად... უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური კულტურა, რომ არჩევნები არ იყოს ყველა გაბრაზების დროს დღის წესრიგის თემა... შეუძლებელია, ქვეყანა მუდმივად არჩევნების რეჟიმში ცხოვრობდეს. ასე ვერ შევძლებთ საზოგადოების გაძლიერებას და ინსტიტუტების შექმნას... ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ ყველაფერ იმის კეთება და შენება, რაც დეკლარირებული იყო, მაგრამ საპირისპირო კეთდებოდა. კარს მოგვადგა საპრეზიდენტო არჩევნები, მერე ადგილობრივი არჩევნებია და შუალედები ცოტაა... ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასალაგებელი.
- პოლიტპარტიათა ერთი ნაწილი ითხოვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს და ძველი ხელისუფლება, როგორც რეჟიმი, გასამართლდეს.
- წამების ამსახველი კადრები, მოსმენებისა და ფარული ჩანაწერების 13 000 ფაილი, ათასობით პატიმრის წამება და მათი საჩივრები... წამება პოლიციასა და ციხეში, პროკურატურის პოლიტიკური დავალებები და პოლიტიზებული სასამართლო სისტემა - აი, ესაა სისტემურ დანაშაულთა ფორმულა, სხვა რაღა მტკიცება გვინდა? კომიტეტში განსახილველად მაქვს მოქალაქეების განცხადება. ისინი ითხოვენ რეჟიმის გასამართლებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ და სხვა ათასობით განცხადებაზე. გვაქვს კონსულტაციები და უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმის გამო, რაც ხდებოდა წარსულში, სააკაშვილის რეჟიმი უნდა გამოცხადდეს, როგორც ძალადობრივი, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანურობის წინააღმდეგ სჩადიოდა დანაშაულებებს და ეს მუხლი გვაქვს კოდექსში. ამის შესახებ დეკლარაციის მიღება შესაძლებლად მიმაჩნია, ხოლო ცალკეული ქმედებები პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. მანამდე კი საჭიროა, პროკურატურა გათავისუფლდეს იმ პროკურორებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობასა და უკანონობაში. მაგალითად, გიორგი დავითაშვილმა, რომელიც ბათუმის პროკურორი იყო და დღეს მთავარ პროკურატურაშია, რა სამართლიანობა უნდა აღადგინოს, როდესაც თავად მონაწილეობდა დანაშაულებრივ ქმედებებში და ამის ფაქტები გვაქვს... ასეთი პროკურორები არ შეიძლება დღეს თანამდებობებზე იყვნენ. ვიცი, რამდენს მუშაობს ამ მხრივ პროკურატურის ხელმძღვანელობა, საჭიროა ახალი კადრები, რომ ამ მოზღვავებულ საქმეებს მოერიონ. ამაში ყველა უნდა დავეხმაროთ.
- სამეგრელოს სამალავებში საზარელი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ დაისვა კითხვა - იყო თუ არა საქმის კურსში პრეზიდენტი? თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც და მტკიცებულება, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების კადრები მიხელ სააკაშვილის უშუალო დავალებით იქმნებოდა. არსებობს ყველა მტკიცებულება იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ის პრეზიდენტის პოსტიდან ვადაზე ადრე გადააყენონ.