ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობის დატოვებას აპირებს. პრესაში ისიც დაიწერა, თითქოს სუბარმა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თხოვნით პრემიერს თავად მიმართა. თუმცა მინისტრი ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.
- ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა. ზოგადად, ყველანაირ გამონათქვამს კუდს აბამენ ხოლმე. ამას წინათ მარგველაშვილის ინტერვიუს ვკითხულობდი და გამეცინა, ერთნაირ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. იგი ამბობს: ერთხელ ვთქვი, არ ვარ ის კაცი, სკამს ჩავებღაუჭოო და კომენტარებში დაწერეს - უხერხემლოაო. როცა ვამბობ, არსად მივდივარ-მეთქი - ამბობენ, მამამისის გამოჭედილი ხომ არ ჰგონია სკამიო... ყველა თანამდებობას ასე უნდა ვუყუროთ: დღეს ვართ, საქმეს ვაკეთებთ და არაა აუცილებელი, ამას მუდმივად ერთი და იგივე ადამიანი აკეთებდეს. რაღაც დროის შემდეგ ახალი სისხლია საჭირო, ამას ვგულისხმობდი, თორემ 8 თვე დიდი დრო არაა.
- მარგველაშვილი ახსენეთ და, ითქვა, რომ მისი წასვლის შემდეგ განათლების მინისტრის ვაკანტურ პოსტზე თქვენი კანდიდატურა განიხილება, რამაც, რატომღაც, შაშკინის მიერ განვლილი გზა გამახსენა.
- არა, ასეთი რამ არ ყოფილა. ისე, ჩვენს ქვეყანას თუ მომავალი სჭირდება, ეს გზა სწორედ განათლებასა და ჯანდაცვაზე გადის. სადაც მე ვარ, ეს სფერო ყველაზე რთულია ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, მაგრამ სამომავლოდ რეფორმირება ყველაზე მეტად სწორედ ამ სამინისტროებშია საჭირო. შაშკინისა და, ზოგადად, "ნაცმოძრაობის" გზისგან კი ღმერთმა დამიფაროს.
- თქვენი მინისტრობის პერიოდში რამდენი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა?
- ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ეს კალკულაციაზე არ დაიყვანება. რაც შესაძლებელია, ვაკეთებთ, მაგრამ ყველაფერს ვერ გამორიცხავ. 6 თვის განმავლობაში 12 პატიმარი გარდაიცვალა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ყოველ 10 000 პატიმარზე საშუალოდ 65 კაცი კვდებოდა, ეს რიცხვი 12-ზე ჩამოვიდა. ამას ძირითადად იმით მივაღწიეთ, რომ, პატიმრებს მკურნალობენ, ვისი მკურნალობაც ვერ ხერხდება, ისინი თავისუფლდებიან. 6 თვის განმავლობაში 6.000-ზე მეტ პატიმარს გაუკეთდა ოპერაცია.
- ეს ყველაფერი მისასალმებელია, მაგრამ ამბობენ, რომ პენიტენციარულ დაწესებულებებში კვლავ შედის ნარკოტიკული საშუალებები, აკრძალული ნივთები, გროვდება ე.წ. ობშიაკი, აღარაფერს ვამბობ აზარტულ თამაშებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ სიტუაციას. რისი ბრალია ეს და ხომ არ გადავვარდით ერთიდან მეორე უკიდურესობაში?
- სინამდვილეში, საქმე პირიქითაა. ადრე ხალხი არ ლაპარაკობდა იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა. რამდენიმე დღის წინ ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი უყვებოდა ჟურნალისტებს, რას აკეთებდნენ "მაყურებლები" იმავე მე-17 დაწესებულებაში და როგორ შეუკვეთა ადმინისტრაციამ "მაყურებლებს" პირადად მისი მკვლელობა. ჰკითხეთ გოგიჩაიშვილს, რა ხდებოდა იმავე ნარკოტიკების შეტანასთან დაკავშირებით და როგორ ამარაგებდა ამ "მაყურებლებს" ნარკოტიკებით ადმინისტრაცია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში 5 თანამშრომელი გავათავისუფლეთ ქსნის ციხიდან მარტო იმიტომ, რომ "მაყურებლებთან" თანამშრომლობასა და "ობშიაკის" წილში ჩაჯდომაში იყვნენ მხილებულნი, წინასწარ აფრთხილებდნენ, დღეს ჩხრეკა იქნება და "ობშიაკი" გადამალეთო. მართალია, ციხეებში დაგვხვდნენ "მაყურებლები", მაგრამ ნაციონალებისგან განსხვავებით, მათთან არ ვთანამშრომლობთ და არც მათ ძალაუფლებას ვიყენებთ სხვა პატიმრებთან საურთიერთობოდ. თუმცა ვაღიარებთ, რომ სუბკულტურა არსებობს და მის დამარცხებას სჭირდება ხანგრძლივი რეფორმების გზა, რომელსაც ვახორციელებთ და მალე დაინახავთ წინსვლას.
- როგორც ვიცით, მიმდინარეობს გამოძიება დაწესებულებებიდან ამოღებულ მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით. იმას თუ იძიებთ, როგორ მოხვდა აკრძალული ნივთები პატიმრების ხელში და რატომ უნდა დადგეს მხოლოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი?
- დღესდღეობით დაწესებულებებიდან 50-მდე მობილურია ამოღებული და სს საქმე აღიძრა არა მარტო პატიმრების, არამედ თანამშრომლების მიმართაც. ერთ-ერთი საქმე საზოგადოებისთვისაც ცნობილია, როცა მობილურის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ექთანი დააკავეს. ჯერ სასამართლო არ ყოფილა, ამიტომ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ.
- როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია, ციხის უფროსიდან დაწყებული, საქმის კურსში არ იქნებოდა?
- თუ ასე იყო, ადმინისტრაციის უფროსის გვარი დაგვისახელონ და ის წავა ციხეში. კონკრეტულ ფაქტზე როცა იყო ლაპარაკი, ლამის მთელი საზოგადოება დაგვიპირისპირდა, როგორ გაუბედეთ პატიოსან ექთანს გაჩხრეკაო. ყველა თანამშრომელი თუ ასეთი პატიოსანია, მაშინ როგორ ხვდება ტელეფონები, თუნდაც ნარკოტიკი ციხეში? ხშირად სვამენ კითხვას - რატომ მუშაობენ ისევ ის ადამიანები, რომლებიც წინა რეჟიმს ემსახურებოდნენო. ვპასუხობთ, რომ მათ შორის ბევრი ღირსეულია, მერე კი, ვინც გამოცდებს ვერ აბარებს - მიდის და იწყება სხვა შეძახილები, რატომ უშვებთ ამ პატიოსან ხალხსო.
- მაინც რა გზით ხვდება აკრძალული ნივთი, მაგალითად ტელეფონი დაწესებულებაში?
- ის შეაქვს ან კორუმპირებულ თანამშრომელს, ან ხდება ე.წ. პერებროსი - ახვევენ რბილ ქსოვილში რომ არ დაიმტვრეს და შურდულით ისვრიან. ასეთ ფაქტებზე უამრავი საქმეა აღძრული, ძირითადად, სააკაშვილის დროს. "პერებროსით" ხვდება ნარკოტიკებიც. მაგალითად, რუსთავში, ორივე დაწესებულება გზის პირასაა, ტრასაზე მიდის მანქანა, ვიღაცა იქიდან ისე ისვრის შურდულიდან ეზოში, რომ არც კი ჩერდება. პატიმრები დღისით სეირნობენ და "ძღვენს"იღებენ. რამდენიმე ექთანი დავსაჯეთ იმის გამო, რომ ციხიდან წამლები გამოჰქონდათ. ციხეში დანაშაული მაშინ აღარ მოხდება, როცა აღარ მოხდება ქვეყანაში და ადამიანი ანგელოზი გახდება. ჩხუბი, საქმის გარჩევა ხდება ყველგან და ჩვენთანაც. მთავარია, საით მივდივართ. იყო ეპოქა, როდესაც ცალკე "მაყურებლებით" და ცალკე სპეცრაზმით ტერორი იყო გამეფებული და ადამიანებს აწამებდნენ. როცა ეს ტოტალური გახდა და იმდენ ადამიანს შეერყა ფსიქიკა და ჯანმრთელობა, რომ შეუძლებელი გახდა მათი შეჩერება შიშველი ხელით, რათა მათ ხმამაღლა არ გამოეხატათ პროტესტი, დაიწყეს უზომო რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა, რომელიც ნარკოტიკზე უარესია, დიდი დოზა ჯანმრთელობას ანგრევს და ადამიანს, შესაბამისად, საფრთხეშია მთელი მომავალი თაობა. 24.000 კაციდან ნახევარი რომ ფსიქოტროპულ ნივთიერებას იღებს, წარმოგიდგენიათ, რომ გამოვლენ, რა უნდა ქნან? ამიტომ შევიმუშავეთ პროგრამა, როგორ გადავაჩვიოთ ადამიანები ამ ნივთიერებას. ამაზე დიდი ფული იხარჯება. ეს პროექტი ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან ერთად შევიმუშავეთ. თუ 1.000 კაცი თვეში 300-400 კოლოფს მოიხმარდა, ახლა ის ჩამოყვანილია 30-40 კოლოფზე.
- ვანო მერაბიშვილს ან ბაჩო ახალაიას თუ შეხვდით და როგორ გრძნობენ თავს?
- ორივეს ძალიან გაუმართლა, რომ ნაციონალების ზეობის წლებში არ მოხვდნენ ციხეში და მაშინ რასაც უკეთებდნენ პატიმრებს, ის არ აქვთ გამოვლილი. არიან ჩვეულებრივად, არ მინახავს.
- ბატონო სოზარ, ლევან კორტავას საქმეზე თუ დაასრულა პროკურატურამ ძიება? ხომ არ დადასტურდა ოჯახის ვერსია, რომ იგი ციხეში აწამეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა?
- პროკურატურა თვითონ იტყვის ყველაფერს და იმედი მაქვს, მალე საქმე სასამართლოში წავა. ცხადია, მაქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება მართებული, პროკურატურას დავასწრო და მის ნაცვლად ვილაპარაკო. ვიცი, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
- თქვენი ინფორმაციით, ბევრი ამნისტირებულ-შეწყალებული შებრუნდა ციხეებში?
- ბევრი არა, დაახლოებით 4% პრეზიდენტის შეწყალებული, 1,5% - პირობით ვადამდე გათავისუფლებული და 2%-მდე ამნისტიით გათავისუფლებული შებრუნდა, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი.