"სააკაშვილი მზადაა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ჩამორთმეული მოქალაქეობა აღუდგინოს, ასეთი კი, სულ მცირე, 10 ათასამდეა (ეს ის ციფრია, რამდენმაც მოქალაქეობის აღდგენაზე განაცხადი შეიტანა)", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურში "რა მიზნით უბრუნებს სააკაშვილი ჩამორთმეულ მოქალაქეობას ათი ათას ემიგრანტს?".
"ჩვენი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. განსაკუთრებულ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს, მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა. კარგია, თუ ამ ადამიანებს მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, ის არაფერს ის ეარ აკეთებს, თუ სარგებელი არ მიიღო. მას არასდროს ედარდება ემიგრანტების ბედი", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი.
"ვფიქრობ, რომ წასვლისას აპირებს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის გულის მოგებას. ახლა სააკაშვილი ქმნის ისეთ სურათს, რომ ამ მთავრობამ წაართვა მოქალაქეობა ათასობით ადამიანს და ახლა თვითონ უბრუნებს და აგერ კეთილი პრეზიდენტის როლშია. მე ამ საკითხს ამ მასშტაბით ვუყურებ. ივანიშვილის მთავრობის საწინააღმდეგო ქმედება მგონია მე ეს და სხვა ვერსიებს ჯერ ვერ განვიხილავ", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს იმდენ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა მიღებული და ისეთი წარმომავლობის ხალხს, რომ ბევრი ეჭვი ჩნდება მოტივაციასთან დაკავშირებით. ასეთი ეჭვის თვალით შეხედვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. შესაძლოა, პრეზიდენტი კიდევ სხვა საკითხებს დებს ამ განზრახვაში, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების გარდა, მისცეს მოქალაქეობა ისეთ პირებს, ვინც მასთან ერთად უცხოეთში სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდა და ახლა თავშესაფარს უმზადებს. ან კიდევ კონკრეტულ პირებს მისცემს მოქალაქეობას, ვინც მას აწყობს და ამ მასშტაბის აქციაში ისინი შეუმჩნეველნი იქნებიან. ბუნებრივია, ეს ეჭვებია და ამ საკითხში კითხვის ნიშანი ძალიან ბევრია", - დასძენს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.