დავით საგანელიძე ხალხს მოუწოდებს, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია დააფინანსოს!

დავით საგანელიძე ხალხს მოუწოდებს, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია დააფინანსოს!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და, ამასთან, “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი დავით საგანელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიას ხალხი დააფინანსებს, აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო, როცა ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს:

_ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და, ბუნებრივია, პოლიტიკური პროცესებიც უფრო იძაბება. ზაფხულში კანონმდებლებს ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ჩვენი არ იყოს, სამართალდამცავ ორგანოებსაც, ბევრი საქმე აქვთ _ სხვა თუ არაფერი, აუდიტის სამსახურის დასკვნას უნდა გაეცნონ. საუბარია “ნაციონალების” მიერ 5 მილიონზე მეტი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ისე, ხსენებული დასკვნა გასაკვირი არაა, რადგან ძალიან კარგად ვიცოდით, თუ როგორ ფინანსდებოდა “ნაცმოძრაობა” საარჩევნო პერიოდში _ ყველაფრის უფლება ჰქონდა, “ქართული ოცნების” ანგარიშები კი მთლიანად დაყადაღდა. მეტიც, ჩვენი მხარდამჭერი 81 ადამიანი სახლიდან გამოაგდეს და ქონება, იმის მიუხედავად, რომ დასაბუთებული ჰქონდათ, საიდან და რა გზით მიიღეს, დაუყადაღეს. აუდიტის სამსახური მაშინ აცხადებდა, “ნაცმოძრაობას” ბუღალტერია წესრიგში აქვსო... მოვიდა დრო, რომ ფარდა ყველაფერს აეხადოს...

_ ბატონო დავით, იმ დროს, როცა ახალი კანონით, პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები ამნისტირებულნი არიან, “ნაციონალების” პასუხისმგებლობის საკითხი რატომ უნდა დადგეს?

_ დიახ, მართალს ბრძანებთ. პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები ამნისტირებულები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობა” პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ამიტომ, საუბარი მხოლოდ კონკრეტულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილების გადამეტებაზე შეიძლება.

15 წელია, პოლიტიკაში ვარ, აქამდე, ყოველთვის ოპოზიციაში ვიყავი და ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ვერ ვეღირსეთ ობიექტურ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. დღეს კი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კარგად ჩატარდეს. რა თქმა უნდა, იქნება ხარვეზები და წაგებული კანდიდატები ხელს ჩვენსკენ გამოიშვერენ, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ ეს ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები იქნება.

_ აუდიტის სამსახურის დასკვნა შეიძლება, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი გახდეს?

_ ვერაფერს გეტყვით, რადგან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები ჩემი გამოსაძიებელი არაა... ხედავთ, რა ხდება? _  “ნაციონალები” თბილისის საკრებულოს რიგ-რიგობით ტოვებენ.

_ ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა ხდება...

_ არა, ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა... არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ კონიუნქტურას ერგებიან _ იცვლება სიტუაცია და ისინიც იცვლებიან.

_ ბატონო დავით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თუმცა 9 თვეა, ხელისუფლებაში ხართ და წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი ჯერაც არ დაგიწყიათ. რატომ?

_ ამ ეტაპზე, ბიზნესმენებს კუთვნილი ქონება მარტივი მიზეზის გამო ვერ უბრუნდებათ _ პროკურატურაში ასეთი 4000 საჩივარზე მეტია შეტანილი და ქონება, რომელიც ფიზიკური პირიდან სახელმწიფოზე იქნა გადაფორმებული, ჯამურად, 6 მილიარდს ასცდა. შესაბამისად, ამ ზღვა მასალაში იმის გარკვევა, სად იყო ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული და სად ტერორს ჰქონდა ადგილი, რთულია... ისე, არის შემთხვევები, როცა წართმეული ქონება კანონიერ პატრონს დაუბრუნდა.

_ ასეთი მხოლოდ ორი შემთხვევაა _ ტელეკომპანია “იმედი” და “ქართუ ბანკი”. ეს სამართლიანობის აღსადგენად საკმარისია?

_ მართალია, მხოლოდ ამ საქმეების გამოძიება საკმარისი არაა, მაგრამ როგორც ვიცი, რაიონებში ბევრი რესტორანი, ზღვისპირეთში კი, სასტუმროები პატრონებს დაუბრუნდათ. არ დაგავიწყდეთ: ქვეყანაში ჯერ კიდევ ორხელისუფლებიანობაა. როგორ შეიძლება, “ნაცმოძრაობა” თავის თავს ოპოზიციას ეძახდეს მაშინ, როცა მისი ერთი ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტია, მეორე კი, _ ქალაქის მერი? მათი მომხრეებითაა ყველა საკრებულო დაკომპლექტებული. ამის გამო ძალიან ბევრი საკითხის შესწავლა გართულებულია. იმედია, საპრეზიდენტო არჩევნების მერე, ორხელისუფლებიანობა რომ დამთავრდება, უკეთესობა იქნება.

_ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ პროკურორები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს საქმეებს კერავდნენ, ისევ ძველ ადგილებზე მუშაობენ. ზოგი კი, როგორც ამბობენ, დააწინაურეს კიდეც. “ოცნება” სამართლიანობის აღდგენას ასე აპირებს?

_ საკადრო პრობლემა, მართლაც, ბევრს აწუხებს, თუმცა ცალსახად გეუბნებით: გამოცდილ კადრებზე უარს ვერ ვიტყვით.

_ და თუკი ეს გამოცდილი კადრი “ნაციონალურ დაკვეთებს” ასრულებდა?

_ ასეთი პროკურორები, რა თქმა უნდა, მოსაცილებელნი არიან. რამდენიმე თვეში უწყება ასეთი კატეგორიის ხალხისგან ვერ გაიწმინდებოდა.

_ ბატონო დავით, მთავარმა პროკურორმა ექსკლუზიური უფლება გამოიყენა და ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალდებები მოუხსნა. ფიქრობთ, რომ ეს სამართლიანია?

_ ბედუკაძეს, რა თქმა უნდა, დანაშაული აქვს ჩადენილი და პასუხისგებაში უნდა ყოფილიყო მიცემული, მაგრამ საქართველოშიც, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, არის წესი _ თუ დამნაშავე სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობს და მისი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გახსნას ემსახურება, მაშინ საპროცესო გარიგება ფორმდება და ბრალდებული პატიმრობისგან თავისუფლდება. მთავარმა პროკურორმა მისთვის მინიჭებული ეს უფლება გამოიყენა, რადგან ბედუკაძისგან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო და ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ...

_ როგორც ვიცი, “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნებით...

_ შტაბის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მე დამევალება.

_ როგორი იქნება საარჩევნოდ გიორგი მარგველაშვილის ბიუჯეტი?

_ საპრეზიდენტო კამპანიაში ზუსტად იმდენ თანხას დავხარჯავთ, რამდენის მოზიდვასაც კანონიერი გზით შევძლებთ და როცა საპრეზიდენტო კანდიდატის ფონდი შეიქმნება, იმედი გვაქვს, მოსახლეობის ნაწილი ბატონ მარგველაშვილს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. პირველი მე ვიქნები, ვინც ფულს შეიტანს და ყველას მოვუწოდებ, რომ თანხები შემოიტანონ. კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რომ ხსენებულ ფონდში ფული სახელმწიფო უწყებებიდან შემოვიდეს...

_ დავიჯერო, ფონდის შევსებაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არ მიიღებს?

_ ვერ მიიღებს, რადგან ამას კანონი კრძალავს.

_ ბატონო დავით, “ქართული ოცნების” სუსტ რგოლად რას მიიჩნევთ?

_ მართალია, “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, მაგრამ პარტია ამ მხრივ ვერ დაიკვეხნის. რაც შეეხება კოალიციას, მისი სუსტი რგოლი ისაა, რომ ერთ იდეაზე შექმნილი პოლიტიკური ძალა არაა _ იქ სხვადასხვა აზრის მატარებელი პოლიტიკური პარტიები არიან. მე კი, ცუდი ფუნქცია მაკისრია _ კოალიციაში ექვსი ფრაქციაა, ერთ პოზიციაზე შეჯერება საკმაოდ რთულია. კოალიციის მრავალპარტიულობა ერთ-ერთი სუსტი რგოლია, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენთან ყველაფერი დიქტატით წყდებოდეს.