შარშან, 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, ბებიის სახლში, სოფელ კოლაგში, წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მომხდარი დღემდე გაუხსნელია. საქმეს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს. რამდენიმე დღის წინ კი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რადგანაც შსს-მ დღემდე ვერაფერი გამოიძია, საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მივმართავთო. მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე ბავშვის დედაც და დეიდაც კვლავ ალაპარაკდნენ.
"ყველა სიახლე" გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის დეიდას, დალი მექერიშვილს ესაუბრა:
- თქვენ, ბარბარეს დედასთან ერთად, პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ გიორგი ღვინიაშვილმა 3 ათასი ლარი გადმოგცათ და დასძინეთ - თუ "ქართული ოცნებაა" გარეული ამ ტრაგედიაში, მაშინ ნაციონალებმა რატომ მოგვცეს 3 ათასი ლარიო. როდის გადმოგცათ ეს თანხა გიორგი ღვინიაშვილმა და რატომ განაცხადეთ ამის შესახებ მაინცდამაინც ახლა?
- უშუალოდ გიორგი ღვინიაშვილს არ მოუცია ეს თანხა, მან ის ერთ ადამიანს გამოატანა, ეს თანხა გამგეობამ გამოყო ჩვენი ოჯახის ჭირის დღისთვის დასახმარებლად, თან ასე გვითხრეს - ეს გიორგი ღვინიაშვილი დაგეხმარათ, მან გამოგიგზავნათო.
- თუ გამგეობა ფინანსურად დაგეხმარათ ჭირის დღისთვის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი ღვინიაშვილმა ეს ცუდი განზრახვით ჩაიდინა...
- ჩვენ მას ვაბრალებდით ამ ამბის ჩადენას და ლამის ხელს ვადებდით გიორგი ღვინიაშვილს, ის ხომ ნაციონალების მაჟორიტარი იყო და რატომ გვეხმარებოდა? რა გამოდის? - იმაში გადაგვიხადა 3 ათასი ლარი, ბარბარეს სიკვდილს რომ ვაბრალებდით? ესენი ტყულად ვის რას უხდიდნენ? ნაციონალებზე ვამბობ.
- თუკი არ გინდოდათ თანხის მიღება, რატომ მაშინვე არ გააპროტესტეთ?
- როდის უნდა გაგვეპროტესტებინა? ისეთი შოკირებული ვიყავით მომხდარით... თქვენ რომ ამბობთ, იქნებ სიკეთით გააკეთაო. იმდენი ტრაგედია დატრიალებულა ამ სოფელში და არავისთვის თავი არ მოუკლავთ და რაღა ჩვენზე გადაირივნენ? ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავდა გიორგი ღვინიაშვილს გუბერნატორობის დროს დახმარებისთვის, მაგრამ ის არავის დახმარებია. მით უმეტეს, ჩვენ მას ვაბრალებდით ყველაფერს და რა ვალდებულებას გრძნობდა ჩვენ წინაშე? ჩვენს სოფელში ბიჭი მოკვდა, ძალიანაც უჭირდათ, განცხადებაც დაწერეს, მაგრამ არაფერში დახმარებიან. რატომ იმ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს არ მისცა თანხა, როგორც ჩვენ მოგვცეს?
- "ქართულ ოცნებას" რომ მიეცა თქვენი დის ოჯახისთვის დახმარების მიზნით ფული, მათზეც, გაგიჩნდებოდათ ეჭვი?
- მე "ქართულ ოცნებაში" ვიყავი და მათ სასარგებლოდ ვმუშაობდი. მე ვთქვი, თუ "ქართულმა ოცნებამ" მოკლა ბავშვი, მაშინ რატომ გადაგვიხადეს ფული ნაციონალებმა, გიორგი ღვინიაშვილმა და არა "ქართულმა ოცნებამ"?
- განაცხადეთ, რომ საქმის გამოძიების თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართავთ. არადა, საქმეს შს სამინისტრო იძიებს. გამოძიებასთან არ თანამშრომლობთ? ცნობილია ისიც, რომ თქვენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეგხვდათ - საქმის გამოძიებას თავად მინისტრი აკონტროლებს.
- დიახ, შევხვდით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაგვპირდა საქმის გახსნას, მაგრამ საქმე დღემდე გაუხსნელია. გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ, ხშირად ვრეკავთ გამომძიებელთან და როცა ვეკითხებით, ხომ არაფერია ახალი საქმეში, გვპასუხობს - არაფერიო. საქმე დღემდე გაუხსნელია. რა აზრი აქვს საქმის პოლიციაში გაჩერებას? ამიტომაც გადავწყვიტეთ, განცხადებით მივმართოთ პროკურატურას, თავის
თავზე აიღოს საქმის გამოძიება და დადგინდეს ბარბარეს სიკვდილის მოტივი და ამ დანაშაულის ჩამდენის ვინაობაც გაირკვეს.
- ხომ არ აპირებთ გიორგი ღვინიაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას პროკურატურაში?
- დავეკითხები ჩემს ადვოკატს, როგორ და რანაირად უნდა მოვიქცე - მისგან ავიღებ კონსულტაციას.
- თქვით, პროკურატურას მივმართავთ და გაირკვევა ამ დანაშაულის მოტივიც და შემსრულებლებიცო. თქვენ დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობთ, არადა, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს თავიდან დანაშაულის ჩამდენად თქვენ და თქვენი ქმარი მიაჩნდით...
- კი, ასე იყო. პოლიცია მე და ჩემს ქმარს გვეუბნებოდა, სად გყავთ ბავშვი, გამოაჩინეთო. რა სისულელეა? იმასაც კი ამბობდნენ, ბავშვი ქვევრთან მიფოფხდებოდაო. ვეუბნებოდი, ხალხნო, როგორ მიფოფხდებოდა, ბავშვმა ფოფხვა არ იცოდა-მეთქი.
"ყველა სიახლე" გურჯაანის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილს გაესაუბრა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბარბარე რაფალიანცის გამოძიების საქმეს. მან ჩვენთან საუბარში მოკლე კომენტარი გააკეთა: - "რაფალიანცის დეიდა რამდენჯერ გააკეთებს არაადეკვატურ განცხადებებს, მე ამის მიხედვით კომენტარების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად. მით უფრო, ვიმედოვნებ, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული და გამოძიების დასრულებამდე მეტი კომენტარის გაკეთება არ მიმაჩნია სწორად".