"ოჯახური" "პო(ი)ნტები", ანუ რამდენ ხაჭოს იყიდი 11 მილიონად

საქართველოში აქციებით ვერავის გააკვირვებ და საპროტესტო თავყრილობები ლამის ეროვნულ ბრენდად იქცა. ყველანაირი აქცია გვინახავს და რა აღარ მოგვითხოვია - შუა აზიელი მეძავების "ექსპანსიის" შეჩერება, "ეშმაკისეული" "აიდი" ბარათების აკრძალვა თუ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

თუმცა იყო ერთი აქცია, რომელიც ბოლო წლებში პერმანენტულად იმართებოდა, იმის მიუხედავად, ზამთარი იყო თუ ზაფხული, ან ქვეყანას მიშა მართავდა თუ ბიძინა. ეს იყო "ცენტრ პოინტითა" და " დექსუსით" დაზარალებულთა აქცია. არ დარჩენილა სახელმწიფო დაწესებულება, დაზარალებულებს 2-3 აქცია მაინც რომ არ გაემართათ(თუმცა უფრო პრეზიდენტის რეზიდენციას და პროკურატურას "სწყალობდნენ"). მოკლედ, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის ეს აქცია ისეთივე "მშობლიური" გახდა, როგორც მაგალითად, მთავრობის ან პარლამენტის სხდომა.

ისე, მოდი და ნუ გააპროტესტებ, როდესაც ვირული შრომით მოგროვილი ფული წყალში ჩაგეყრება. მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი პირადად იცნობს ადამიანს, რომელიც წლობით ჰამბურგში მტვირთავად მუშაობდა იმისთვის, რომ თბილისში ბინა ეყიდა. ვიცნობ იმ ქალსაც, რომელმაც კვიპროსში ლამის შვიდი თაობის მომვლელად იმუშავა და გადაწყვიტა, რომ კვიპროსელების ბებია-ბაბუებისთვის პამპერსების გამოცვლისთვის მიღებული ფულით ბინა ეყიდა, გაექირავებინა და ცოტა სული მოეთქვა. რა ბედი ეწია ამ ფულს და რომელ კომპანიასთან დაიჭირეს საქმე ზემოხსენებულმა პირებმა, ალბათ, მკითხველი მიხვდება. სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამხელა ძალა აქვს რეკლამას - ერთ დროს ქართული სივრცე წალეკილი "ცენტრ პოინტის" რეკლამებით. ისე, არაფერზე არ მივანიშნებ, მაგრამ ცრუ რეკლამა იმას ჰგავს, გამოუცდელს აფერისტები "პონტზე" რომ ააგდებენ ხოლმე, რაც "დაგოიმებით" სრულდება.

რა ამის პასუხია და "ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს რუსული AO MMM-ის საქმეს. სხვათა შორის, AO MMM-ის დამფუძნებელი სერგეი მავროდი(რომლის კომპანიამაც 10 მილიონი ადამიანი აზარალა, 50-მა კი თავი მოიკლა) დღემდე ამტკიცებს, რომ პატიოსანი კაცია და ყველაფერი ხელისუფლების ხრიკების ბრალია.

დავუბრუნდეთ დაზარალებულებს - რაც მეტ ხანს გრძელდებოდა მათი აქციები, მით უფრო იხვეწებოდა(გამოცდილება საქმეს მოაქვს). ჯერ სტიკერები გააკრეს, მერე ვიდეოკლიპებიც გადაღებაზეც გადავიდნენ. ზოგჯერ დაზარალებულები "ოჯახსაც" ხვდებოდნენ, რის შემდეგადაც ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. მაგალითად, დაზარალებულებისა და ვახტანგ რჩეულიშვილის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რჩეულიშვილს უთქვამს - სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო(ამ შეხვედრისას არჩილ კბილაშვილი ჯერ კიდევ ადვოკატი იყო). თუმცა დაზარალებულების აქციის ორგანიზატორებს უფრო მეტი შთაგონება მისცა რუსუდან კერვალიშვილთან შეხვედრა, რომელზეც, თავად დაზარალებულების ინფორმაციით, კერვალიშვილს უთქვამს - ჩემთან რას მოხვედით, ხაჭოს ფულიც არა მაქვსო. ჰოდა, აქციის მონაწილეებმა ხაჭო დატოვეს ყველგან, სადაც კერვალიშვილი ცხოვრობდა ან მუშაობდა.

ისე, საინტერესოა, რამდენი კილო ხაჭოს ყიდვაა შესაძლებელი 11 მილიონად? ყოველ შემთხვევაში, პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამდენი მილიონი მიისაკუთრეს მენაშენეთა თანხებიდან დებმა - მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რის შემდეგაც, შეუძლებელი გახდა "ამხანაგობა 88"-ში გაწევრიანებულთათვის ბინების მშენებლობა.
საინტერესოა, "ოჯახის" პოზიციაც. კერძოდ. რუსუდან კერვალიშვილს გაუკვირდა, რომ ბრალის წაყენება მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. მაია რჩეულიშვილმა განაცხადა - ეს პოლიტიკასთან კავშირში არ არისო. ვახტანგ რჩეულიშვილმა კი თქვა - ერთ წელიწადში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, თუმცა ეს არ მოხდება, თუ მაიასა და რუსუდანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს,
კლიენტები ვერაფერს მიიღებენო. სხვათა შორის, რჩეულიშვილა გიგი უგულავას ინტერესებზეც მიანიშნა. მან ასევე განაცხადა - მაიამ და რუსუდანმა კომპანიის მართვისას შესაბამისი სიმკაცრე ვერ გამოიჩინესო.

ალბათ, სამ ძირითად ვერსიაზე შეგვიძლია საუბარი. 1)"ოჯახმა" ვერ მართა კომპანია და შარში გაეხვა და ვალებში ჩაიძირა (ვეჭვობ, რომ ამ ვერსიას ყველაზე ნაკლები მომხრე ჰყავს). 2)პროკურატურის ვერსია მართალია და "ოჯახმა" წინასწარი განზრახვით "გადააგდო" მენაშენები. 3)მესამე ვერსია თეორიულია, თუმცა პრაქტიკა ადასტურებს, რომ გამოსარიცხი არ არის. კერძოდ, ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხომ არ "შეაწერა" ფული "ცენტრ პოინტს" ძველმა ხელისუფლებამ. აპრობირებული მეთოდი იყო - "ნაციონალები" "წველავდნენ" ბიზნესმენს, სამაგიეროდ, მას აძლევდნენ "თავისუფალი თამაშის" უფლებას პრინციპით - ჩემი მომეცი და ფული, როგორც გინდა, ისე ამოიღეო. ამ სქემას აყოლილი ბიზნესმენი კი, ნელ-ნელა კრიმინალად იქცეოდა. შესაბამისად, ბევრი ვერც ამბობს, რომ ამ სქემის მონაწილე იყო. იქნებ დროა, რჩეულიშვილ-კერვალიშვილებმა დუმილი დაარღვიონ?

P.S. "ძაან ცოდვა ვარ, ხალხო", - ამბობს მაია რჩეულიშვილი(იხ. ვიდეო პალიტრატვ.გე-ზე). ამ ვერსიებზე საუბრებში ლამის მართლაც ყველაზე "ცოდვები" დაგვავიწყდა - დაზარალებულები. იმედია, სამართალი პურს ჭამს იმ კუთხით, რომ ეს ხალხი ბოლოს და ბოლოს თავის ჭერს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევრადსამართალს ნამდვილად არ აქვს აზრი.