პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი სკანდალური ინტერვიუების სერიას იწყებს

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი სკანდალური ინტერვიუების სერიას იწყებს

”სანამ ცოცხალი ვარ, მედიკო ალანიას არ გავახარებ, მაინც ამოვთხრი, ალანიასნაირი გათახსირებული და კორუმპირებული ადამიანი არ არსებობს”, _ ამბობს ყოფილი პატიმარი ქეთი ზარნაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა ციხიდან, სადაც მან 7 წელი გაატარა. ესაა ადამიანი, რომელიც აშკარად საუბრობს ყველაფერზე და ისე, რომ შიშის ნატამალი არ ეტყობა.

_ ვისაც ეშინია, სიკვდილი იმასთან მიდის. მე შიშის გრძნობა დიდი ხანია, დავკარგე. სანამ ციხეზე და ალანიას ამბებზე მოგიყვებოდეთ, მანამდე ამას რაც უძღოდა წინ, ის უნდა იცოდეთ: მე ვიჯექი 260-ე მუხლით, ესაა ნარკოტიკების რეალიზაცია. გავთავისუფლდი “უდოთი”. თავის დროზე კი ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე ჩამიდეს წამალი.

_ ინტერესი?

_ მე თავიდანვე მქონდა ინფორმაციები “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მათი მოძრაობის სქემებზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. სულ ახალგაზრდა ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ და 2001 წელს გადავედი ენერგეტიკის საბითუმო ბაზარზე იურიდიული სამსახურის უფროსად. იქ ისეთი რამეები ხდებოდა, რომ ჩემი ძველი პროფესია მოვიშველიე, გამოძიება ჩავატარე და გავარკვიე შემდეგი: დავადგინე, რომ მსოფლიო სავალუტო ფო
ნდიდან შემოსული სავალუტო თანხები სადღაც ქრებოდა. შემდეგ გამოდიოდნენ მიშა და მისი გუნდი და ამას ყველაფერს აბრალებდნენ საბითუმო ბაზარს. ამ ჩემს ახალ სამსახურში მუშაობდა უშიშროების ახალგაზრდა ოდეერი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ეს ის დროა, როცა “ტყიბული ფაუერის” ხელშეკრულება დაიდო ამერიკელებთან და ამას ხელს ორი ქართველი აწერდა. არადა ეს არის საკმაოდ კაბალური ხელშეკრულება და ამაზე დღეს არც არავინ ლაპარაკობს. გაგახსენებთ, ტყიბულში საკმაოდ მძლავრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენებულიყო და ამისთვის უკვე შემოსული იყო ძალიან დიდი თანხის ინვესტიციები. ამ ოდეერმა მითხრა, რომ ის ორი ქართველი, ეჭვი მაქვს, საერთოდ არ არსებობს ბუნებაშიო. მე საქმეში შსს ჩავრიე და ვერ ამოვაგდეთ ეს ხალხი. მართლაც, არ არსებობდნენ! ფაქტობრივად კი, ეს ფული აქ გათეთრდა. ამას დაერთო ის, რომ სააკაშვილმა, მიშა მაჭავარიანმა და ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანეს მოსკოვიდან უშიშროების თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომპანია “იმიჯკონტაქტი”, რომელიც მუშაობდა არჩევნებზე. მაშინ მილიონი გადაუხადეს ამ ჯგუფს.

_ რა გააკეთა ამ ჯგუფმა კონკრეტულად?

_ რა და 2005 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით გაწერეს გეგმა, რომელიც საქართველოს განადგურების გეგმა იყო, ფაქტობრივად. კახა თარგამაძეზე კი ლაპარაკობენ ცუდს, მაგრამ ამ კაცის პატრიოტიზმში მე ეჭვი არ მეპარება, რადგანაც თარგამაძე იყო ის კაცი, ვინც ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. შევარდნაძემ ამ ინფორმაციის ამოღება დამავალა სულხან პაპაშვილს. ამ “იმიჯკონტაქტის” ჯგუფს ორი კონსპირაციული ბინა ჰქონდა ჭავჭავაძის პროსპექტზე, გათამაშდა ძარცვის სცენა და მათი მთელი ინფორმაცია წამოიღეს. ეს მასალა კი გადაიგზავნა ამერიკაში გასაშიფრად. იქიდან რა პასუხი მოვიდა, დღესაც არ ვიცი, მაგრამ ფაქტები ხომ დაიდო. ეს ყველაფერი მე და ამ უშიშროების ოდეერმა ვიცოდით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რა თანხებით ამარაგებდა სოროსი ამ ახალ ძალას და ეს იყო, ფაქტობრივად, 2003 წლის რევოლუციისთვის მზადება. საერთოდ, ენერგეტიკაში რომ გადავედი, სულ მეგონა, რომ იქ დროებით ვიქნებოდი, მაგრამ ამ ინტრიგებმა ისე ჩამითრია, რომ შემოვრჩი. როგორც ხედავთ, ინფორმაციები საკმაოდ მქონდა. მე და ეს ოდეერი ამასობაში საკმაოდ დავმეგობრდით და რა ინფორმაციებსაც მოვიპოვებდი, მას ვამცნობდი და ერთხელაც ეს ჩემი მეგობარი ოდეერი ლუკა ნინოშვილი ვაკეში “ლუკოილის” ბენზინგასამართთან მოკლეს.

_ როგორ თუ მოკლეს?

_ ესაა ისევ 2001 წელი. ლუკა შევიდა “ლუკოილის” “კალონკაზე” და იქ ესროლეს. ეს არ იყო ყაჩაღობა, ეს იყო გამიზნული სიკვდილი, რადგანაც “ბარდაჩოკში” მკვლელმა დატოვა თანხა და იარაღი.

_ ეს თქვენი მეგობარი რომ მოკლეს, თქვენ არ შეგეხნენ? ცუდად ვსვამ კითხვას, მაგრამ დასასმელი კითხვაა.

_ მე ამ დროს დამდევდნენ უკვე, ამიტომ ბავშვები გავიყვანე ქალაქიდან. ამ ხალხს ახლა არ ვასახელებ, რადგანაც ცოტა უნდა მოვმაგრდე. ეს ერთადერთია, ვისაც კონკრეტულად არ დავასახელებ, თუ ვინ დამდევდა და ოდეერის სიკვდილში ვისი ხელი ურევია. მე ეს ვიცი და ვიმეორებ, მარტო გვარს არ ვასახელებ. მაგისი დრო მოვა და თქვენ გეტყვით, რა მოხდა. მახსოვს, მანქანები დამყვებოდნენ და სულ მზვერავდნენ, არადა 17 წლიდან ძალოვან სტრუქტურაში ვარ და ამას ვერ შევამჩნევდი? “ემვედეს” მე-7 განყოფილება ეს არ იყო, ეს არ იყო უშიშროება და ვერც წარმოვიდგენდი, თუ მომავალ ნაციონალებს ამხელა “უსტანოვკები” ჰქონდათ უკვე. შემდგომში რომ შევხვდებით ერთმანეთს, მოგიყვებით, გულუა როგორ მოკლეს, გამსახურდია როგორ მოკლეს, ეს ფაქტები ვიცი და ამას მოგიყვებით. მოკლედ, ბავშვები გავხიზნე და მე ვაგრძელებ მუშაობას, ამასობაში კი გამაგებინეს, რომ, თუ არ გავჩერდებოდი, მომიცილებდნენ.

_ როგორ გაცნობეს?

_ ეს მითხრა დავით კეკუამ, რომელიც ქალაქის კრიმპოლი იყო. მუქარა კი მოდიოდა მათგან, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია. ამასობაში ნაციონალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე ცოტათი თვალს მივეფარე და გადავედი ეკონომიკის სამინისტროში. მაგრამ ამ ხალხს ყველაფერი ახსოვდა და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, დამაპატიმრებდნენ. ჩემი აყვანა მოხდა 2005 წელს და მოვხვდი მატროსოვზე, ქალების ციხეში. ციხეზე გადამიყვანეს და ორ დღეში მოდის ვალერი გრიგალაშვილი, ქალაქის პროკურორი და მეუბნება, რომ შენი ინფორმაციების პირველი პირები მომეცი და საპროცესოს გაგიკეთებთო.

_ კონკრეტულად რა ინფორმაციებს ითხოვდა თქვენგან გრიგალაშვილი?

_ ნაციონალებზე ჩანაწერებს. მაგალითად, მე მქონდა ჩანაწერი, როგორ მაგინებს გივი თარგამაძე, რომელიც ამბობს, რომ ქეთის არავინ გაეკაროს, რადგან საშიში ვარ მაგათთვის.

_ ვის ეუბნება ამ სიტყვებს?

_ მას ჰყავდა შნირი და ეს იყო ირაკლი კაკაბაძის მოადგილე პაატა ვარდოსანიძე, რომელიც იყო ნარკომანი და მაგათზე მუშაობდა. ეს ვარდოსანიძე სემეკში იყო შეგზავნილი და ერთ შენობაში ვმუშაობდით.

_ კი, მაგრამ გივი თარგამაძე როგორ ჩაწერეთ?

_ მე “ემვედეს” კადრი ვარ და მოვახერხე (ეცინება). გრიგალაშვილს საპროცესოზე უარი ვუთხარი. თან ვეხუმრე, მეორე პირები რომ მოგცეთ, არ გინდა-მეთქი? და არაო. მაშინ გამაფრთხილა, დიდხანს მოგიწევს ციხის ხეხვაო. მართლაც, ის წლები, რაც მე მოისაჯეს, წარმოუდგენელია.

_ რამდენი მოგისაჯეს?

_ 15 წელი ორ გრამ-ნახევარ ჰეროინზე. ამ დროს არც მტკიცებულება, არც მოწმეები და ამხელა წლები კი მომისაჯეს. კილოობით ჰეროინზე იყვნენ დაჭერილები მეხუთედ, მეექვსედ და მათ ჰქონდათ 4-5 წელი. ციხეში მაშინვე მომცეს ტელეფონი და ვიცოდი, რომ ყოველი ჩემი სიტყვა კონტროლდებოდა. სამი თვის შემდეგ ჩემთან რეჟიმის უფროსი გაბისონია მოვიდა და მითხრა, შენზე პროკურატურაში მითხრეს, რას “აგულავებთო”. ვკითხე, ვინ ამბობდა ამ სიტყვებს. არ მითხრა, მაგრამ მე მივხვდი.

_ სიტყვების ავტორი ვინ იყო?

_ ეს მოდიოდა ადეიშვილისგან. ეს ერთი ჯაჭვია და ყველა ერთია: ციხეში რომ ვიყავი, მახსოვს ის დღე, რომ გავიფიქრე, რომ გამიშვან, მაგათ ერთ ტყვიას არ ავაცდენდი. მერე მღვდელსაც ვუთხარი ეს, რადგანაც შემაწუხა ამ აზრებმა.

_ და რა გითხრათ მღვდელმა?

_ მამაომ მითხრა, ჩახმახს მეც გამოვკრავდიო და პირჯვარი გადაიწერა. ციხეში ვიყავი, “მალალეტკების” ბუნტი რომ იყო ქუთაისში, ესაა 2006 წელი. არაადამიანური მოპყრობის გამო ბავშვები აჯანყდნენ და ისეთი ნაცემები ჩამოიყვანეს თბილისში, რომ დილამდე ამ ბავშვებს კერავდნენ, რადგან დასახიჩრებულები იყვნენ. ასეთი რამდენია მოსაყოლი. მე ისიც ვიცოდი, რომ წლების მანძილზე ციხიდან გარეთ იყიდებოდა ნარკოტიკები, მაშინ იუსტიციის მინისტრი მიშა სააკაშვილი იყო და ეს მივანიშნე მედიკო ალანიას, მიშას ფანს. ეს წამალი ძირითადად ქსანში შედიოდა და გამოდიოდა.

_ რატომ უთხარით ალანიას ამის შესახებ?

_ ვაგრძნობინე, რომ ინფორმაციები ისევ ჩემთან იყო და არ შემხებოდა. ალანიამ გაიკითხა ჩემზე და უთქვამთ, ქეთი ზარნაძე ატომური ბომბია და თუ არ მოერიდები, არ დაგინდობსო. მაგრამ ალანია მაინც არ მეპუებოდა: წამართვეს ტელეფონი და ბავშვი დავიფიცე, თუ არ შემეშვებოდა ალანია, დედა აღარ ეყოლებოდა. ამის შემდეგ მე მკლავდნენ. ადვოკატის ხელით ჩემს ძმას გამოატანეს აბი, რომელიც თურმე ნერვულ სისტემას დამიწყნარებდა. მე ამ აბს დავხედე თუ არა, გულმა არ გამიშვა. ეს იყო ჩემი ლიკვიდირების მცდელობა.

_ რა იცით, რომ ეს ნამდვილად სასიკვდილო აბი იყო?

_ მე სახელწოდება დავიმახსოვრე და ინტერნეტით გადავამოწმებინე, ეს იყო აბი, რომელიც გაძინებდა ისე, რომ ვერ იღვიძებდი. იცოდნენ ციხეში, რომ თავს არ მოვიკლავდი, მაგრამ შეიძლება სიტუაცია შექმნან ისეთი, რომ ვიღაცა შემოგაკვდეს. მიწვევდნენ, წონასწორობა რომ დამეკარგა. მაგალითად, მაჯახებდნენ პატიმარს, ისე, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი. მაჯახებდნენ ციხის თანამშრომლებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, რაც რეჟიმის უფროსმა მითხრა, ადეიშვილის ის სიტყვები, მე ეს ჩავწერე და თოფურიძეს დავუკავშირდი და ვუთხარი: რომ ამ გაბისონიას ან დაიჭერთ და ან ამ ჩანაწერს “იმედს” გადავუგზავნი-მეთქი და თოფურიძემ გაბისონია დაიჭირა, რადგანაც იცოდა, რასაც ვიტყოდი, გავაკეთებდი. ამაზე გაგიჟდა მედეა ალანია და ასე განაცხადა, რომ აქ ზარნაძე ყოფილა დირექტორიო. ალანიას ციხეში ჰყავს მთელი თავისი სანათესაო: კონტროლიორებად, კადრების უფროსია მისი დისშვილი, ქმარი _ რეჟიმის უფროსი და ასე შემდეგ. დანარჩენს შემდეგ მოგიყვებით.