პურის გაძვირების თაობაზე ყველანაირი საუბარი შეწყდა - ზამთრის წინ ყველა პრობლემა მოიხსნა

პურის გაძვირების თაობაზე ყველანაირი საუბარი შეწყდა - ზამთრის წინ ყველა პრობლემა მოიხსნა

როგორც იქნა, ხორბლისა და ფქვილის ბაზარი დასტაბილურდა და რამდენიმე თვე არანაირი საფრთხე მოსალოდნელი არ არის. პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული პირველად ხდება, რომ მარცვლეულის მიწოდების მხრივ არანაირი პრობლემა აღარ შეინიშნება. სიმშვიდეა საქართველოშიც, სადაც პურპროდუქტების გაძვირების თაობაზე ყველანაირი საუბარი შეწყდა.

ხორბლისა და ფქვილის ფასებზე ახალ წლამდე სტაბილურობა შენარჩუნდება. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, ეს რუსეთში ხორბლის რეკორდულად დიდი მოსავლით არის განპირობებული. სწორედ ამის გამო საქართველოში საკმაო მარაგი არის შექმნილი და ქვეყანაში 2-3 თვე პრობლემები არ შეიქმნება. შემდეგ კი გაზაფხულიც დადგება, როდესაც მარცვლეულზე ფასები ისედაც დაბლა მოდის.

„რუსეთს წელს რეკორდული მოსავალი აქვს და შესაბამისად, საექსპორტო გასაყიდი მაჩვენებელი 50 მლნ ტონაა, რაც ძალიან მაღალია. შესაბამისად, ეს რეგიონალურად აისახება ჩვენს ბაზარზეც და აქედან გამომდინარე, დღეს როგორც ფქვილის, ისე ხორბლის შემოტანის ფასი სტაბილურია. 1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი არის 70 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 ტონა ხორბლის შემოტანის ფასი 300-320 დოლარის ფარგლებშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ წლამდე მარაგების თემაზე სანერვიულო არაფერი გვექნება“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

ხორბლისა და ფქვილის ფასზე გავლენა აქვს „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებასაც, რომლის 6-თვიანი ვადა 19 ნოემბერს სრულდება. ლევან სილაგავა ამბობს, რომ მხარეები (რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, გაერო) ახლა შეთანხმების 1 წლით გაგრძელებაზე იმსჯელებენ.

„19 ნოემბერს მარცვლეულის დერეფნის ვადა იწურება და მხარეებმა მის გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ. გარკვეული პოზიტიური სიგნალები უკვე არსებობს. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია მსოფლიო ბაზარზე მათი სასუქებისა და ხორბლის გატანასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთს ჰქონდა პრეტენზია.

იმ დადებითი სიგნალებიდან გამომდინარე, რომელიც გაეროდან, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებიდან მოდის, მსოფლიო ელოდება სტაბილიზაციას. ეს დერეფანი მუშაობდა 6 თვის განმავლობაში, ახლა მიდის მუშაობა, რომ 1 წლიანი შეთანხმება შედგეს, რაც მეტ სტაბილურობას შესძენს მსოფლიო ბაზარს“, - თქვა სილაგავამ.

მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით მართლაც არის გარკვეული წინსვლა. ეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც დაადასტურა, როდესაც 16 ნოემბერს განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს და რომელსაც ვადა ეწურება, მისი აზრით, ძალაში დარჩება.

„მე იმ აზრისა ვარ, რომ ეს შეთანხმება გაგრძელდება“, - განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე ბალიზე, ინდონეზიაში, დიდი ოცეულის სამიტზე.

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. რუსეთის შეჭრამ ქვეყანაში 20 მილიონი ტონა მარცვლეული შეაყოვნა ნავსადგურებში, სანამ ივლისში ხელი არ მოეწერა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ ის მოელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და სავარაუდოდ, ყველაფერი სწორედ მაშინ გადაწყდება.