გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის მთავრობამ ინვესტორებს 4-თვიანი ვადა მისცა

გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის მთავრობამ ინვესტორებს 4-თვიანი ვადა მისცა

სახელმწიფო გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის ინვესტორებს 4-თვიან ვადას აძლევს. თუ მსხვილი პროექტების შესრულება ოთხ თვეში დაიწყება, მაშინ შესრულების ვადები განახლდება, ხოლო სატარიფო და სხვა ძირითადი პირობები უცვლელი დარჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ 4-თვიან პერიოდში მიმდინარე მიმართებით პროგრესი არ იქნება, სახელმწიფო ამ პროექტებს დაიბრუნებს და მათ შესასრულებლად ინვესტორთა შერჩევას ახალი სქემით განახორციელებს.

„აუქციონის მოქმედების ვადა იქნება 45 დღე, აუქციონში შემოსვლა ყველას შეეძლება, ვისაც პროექტი მშენებლობის ეტაპამდე აქვს მიყვანილი. თუ დეველოპერი უკვე აშენებს ჰიდრო ელექტროსადგურს ან ნებისმიერ სხვა ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მას მხარდაჭერის სქემა არ სჭირდება. ახალი გეგმა იმ პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც ვერ ვითარდება, სჭირდება დამატებითი სტიმული, რომ მისი განვითარება მოხდეს.

სამართლიანი იქნება თუ კომპანიების მიმართ რამე შეზღუდვებიარ იქნება და შემოსვლა ყველას შეეძლება. რაც შეეხება უშუალოდ აუქციონის პროცესში პროექტის დეველოპმენტით ვინც არის დაკავებული, შემოსვლა ყველამ უნდა შეძლოს. იმის შემდეგ, რაც ესა თუ ის სუბიექტი გადაწყვეტს მშენებლობას უკვე კონტრაქტორი კომპანია თავისთავად გარკვეული ისტორიის მქონე უნდა იყოს“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ.

ახალი შეთავაზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რათა საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით კერძო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერა იგრძნობოდეს. ეკონომიკის მინისტრი ამისათვის საგანგებოდ ბიზნესსექტორს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობენ.

„ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გარკვეული სახელმწიფო გარანტიები, რათა კერძო სექტორმა რეალურად მოახერხოს ფინანსების მობილიზება და პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ენერგეტიკა განსაკუთრებული პრიორიტეტია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ენერგეტიკის სფეროს განვითარებას.

„ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპით განხორციელდეს განახლებადი ენერგეტიკული პროექტები. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და მექანიზმები, რომელიც დღეს კერძო სექტორს შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, კერძო სექტორთან ერთად აქტიური განხილვისა და პოზიციების შეჯერების შედეგად მხარდაჭერის მექანიზმი ამოქმედდება მიმდინარე წელსვე, ამავე წელს მოხდება კონკურენტულ პირობებში პროექტების შერჩევა და უკვე მომავალი წლიდან პროექტების განხორციელება დაიწყება საკმაოდ სწრაფი ტემპით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას მხარს უჭერს ევროკავშირიც“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასულ კვირას შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში და საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები ზუსტად, სრულად არის თანხვედრაში ევროპულ პოლიტიკასთან.

სახელმწიფოს მიერ დაწესებულ 4-თვიან ვადას დადებითად აფასებს დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი დავით მირცხულავა და ამბობს, რომ გაჩერებული ენერგოპრექტების ასამუშავებლად ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„უამრავი პროექტია გაცემული და რეალურად არაფერია გაკეთებული, თუნდაც ის, რომ კვლევითი სამუშაოებიც კი არ არის ზოგ პროექტზე ჩატარებული და ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთება არ გაკეთებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს 4-თვიანი პერიოდი ძალიან სამართლიანია და თუ დეველოპერმა არაფერი გააკეთა, სახელმწიფოს პროექტის წამოღება მოუწევს“, -განაცხადა დავით მირცხულავამ და დასძინა, რომ სახელმწიფო „ხუდონჰესის“, „ნამახვანჰესისა“ და „ნენსკრაჰესის“ პროექტებზე ინვესტორებთან მუშაობს, რადგან ეს პროექტები ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანია.

გაჩერებული ენერგოპროექტების სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და ახალი ინვესტორების შერჩევის გადაწყვეტილებას ემხრობა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილიც და ადასტურებს, რომ ბევრი პროექტია ისეთი, რომლის განხორციელებისთვის დეველოპერს ადამიანური და ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის.

„სახელმწიფო თავად კი არ განახორციელებს ამ პროექტებს, არამედ დაიბრუნებს, რომ ახალ ინვესტორებს გადასცეს. ჩვენი აზრით, ბევრი პროექტია, რომელსაც განვითარების რესურსი არ ჰყოფნის. მისასალმებელია, რომ ამ ნაწილში სახელმწიფო მკაცრად მიუდგება, რეალურად დაიბრუნებს იმ პროექტებს უკან, რომ ახალ ინვესტორებს გადასცეს, ვისაც ამის განხორციელების ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს. ოთხი თვე არის იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეაფასოს დაიძრა თუ არა ეს პროექტები და თუ არ დაიძრა, ჩამოართვას“, - განაცხადა აბრამიშვილმა.