შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტ „Twining"-ის დასკვნითი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები განიხილეს.
„Twining"-ის პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავდა: შს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის რისკების რუქების მომზადებას და რეაგირების საშუალებების განვითარებას, საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების გაუმჯობესებას, ეროვნულ დონეზე პრევენციული მოქმედებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას და მოსახლეობაში რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ითვალისწინებდა სამოქალაქო თავდაცვის სფეროსა და საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით რეკომენდაციები მისცეს და მომზადდა შესაბამისი ინსტრუქციები.
პროექტი „Twining“ ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესების საკითხში.