გიორგი შენგელაია: კოცნა-ხვევნაზე ფული ვიხადოთ, რა, ირანია ეს უპატრონო?!

გიორგი შენგელაია: კოცნა-ხვევნაზე ფული ვიხადოთ, რა, ირანია ეს უპატრონო?!

ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების შესახებ კანონის გამკაცრებაზე კომენტარს აკეთებს:

- კოცნა და ხვევნაზე, როგორიც არ უნდა იყოს, ჯარიმა ვინ ოხერმა მოიგონა?!... აღარ გინახავთ, ამერიკაში და ევროპაში რომ დადიან ხალხი და სადაც უნდათ კოცნიან ერთმანეთს?! - დიდი ამბავი რა... ასეთი მასშტაბით ნამდვილად არ არის ჩვენთან რომ ახალგაზრდები იყვენ გამოსულები და დღე და ღამ ქუჩებში ერთმანეთს ეხვეოდნენ. საიდან მოიგონეს საერთოდ, რა აღვირახსნილობაზეა საუბარი?! ყველანაირი კოცნა არის მიღებული ცივილიზებულ სამყაროში სადაც უნდათ, ბოდიში და ჩვენთან სექსით არიან დაკავებულები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ რა აღვირახსნილობაზეა საერთოდ აქცენტი?! შეყვარებული იმისაა, რომ ჩაეხვიო, აკოცო და მოეალერსო, რა პრობლემაა ერთი ამიხსენით?.. ეს არის სრული უმეცრება და მეტიჩრობა. ან ჯარიმის გადასახდელი ფული ვის აქვს, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში აღარ ფიქრობენ?! ვისი მოგონილია, ვინ დააწესა ეს ყველაფერი, მართლა არ ვიცი, ან რა მნიშვნელობა აქვს - სრული იდიოტობაა.

- ანუ თქვენ არ შეგინიშნავთ თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის ამგვარი დარღვევები?

- კარგით რა, რა სისულელეზე მალაპარაკებთ. სასაცილოა პირდაპირ, სულ მთლად აზიატები ნუ გავხდებით. მუსლიმანურ სამყაროშია ყველაფერი აკრძალული და საერთოდ ჩადრებით დადიან. თავისუფალი ხალხი ვართ და ერთმანეთს რომ ვაკოცოთ და ჩავეხუტოთ, ფული უნდა ვიხადოთ?! ირანია ეს უპატრონო?!

- თავისუფალი ხალხი ვართ, მაგრამ დღემდე მეტისმეტად თამამ ფილმად ითვლება თქვენს მიერ გადაღებული "სიყვარული ვენახში"...

- გეტყვით, რომ ამ ფილმში არაფერი უწმაწური არ არის. კომედიაა, ჩვეულებრივი ცოლის და ქმრის სიყვარულის ამბავი. ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემი ფილმის სცენარის ავტორებმა და მიღებული რამ გავაკეთეთ. შუა საუკუნეებში იყო ეგეთი ლიტერატურა კაცო! ბოკაჩოს ნოველები აღარავის წაუკითხავს თუ რა?! სიყვარულზეა და ეროტიული ამბებია, პორნოგრაფია კი არ არის. ეროტიკა არსებობს, აბა საიდან იბადებიან ეს ბავშვები?! მამაკაცს ქალიასკენ ლტოლვა აქვს, ქალს მამაკაცისკენ და ამაში ცუდი არაფერია. ვიმეორებ, რომ სასაცილოა ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ. ეს შეკითხვა კი ჯარიმებთან დაკავშირებით საერთოდ კომედიაა, ვინც არის ინიციატორი, ვეტყოდი, უკან წაიღოს ეს სულელური კანონი... პირიქით, სასიყვარულო სცენები სიჯანსაღეზე მეტყველებს, ახალგაზრდობა რომ დაკომპლექსებული არ არის. ვიმეორებ, ვინმემ ქუჩაში ორგია მოაწყო თუ რამ მოაფიქრათ ეს?! - ერთი მაგალითი მაჩვენონ რა... ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩემს მსგავსად ამ სულელური კანონის წინააღმდეგი. და არბიტრი ვინ იქნება, არბიტრი?! ვინ შეაფასებს, რა არის აღვირახსნილი და რა კდემამოსილი? მე ვერ დავადგენდი კატეგორიას, რომელია აღვირახსნილი და რომელი - ჩვეულებრივი ალერსი. დასავლეთში აღარავის უნახავს, წინ რომ კაცი მოდის ქუჩაში, უკან წყვილი მოყვებათ და ერთმანეთს ეალერსებიან?! - უკვირს იქ ვინმეს და თავში ხელს იცემენ, გავირყვენითო?! თუ წივიან, კივიან და ორგიები გამართეს ქუჩაში, ეს უნდა აიკრძალოს რასაკვირველია. სმაზე და ფურთხებაზე ჯარიმა უნდა იყოს, მაგრამ სამასი ლარი რა ამბავია!? - ეს ხდება იმ დროს, როცა ახალგაზრდებს ფული საერთოდ არ აქვთ. ალბათ აფრთხილებენ ახალგაზრდებს თუ ვეღარ გავიგე რა ხდება.