წავა თუ არა თანამდებობიდან კბილაშვილი

წავა თუ არა თანამდებობიდან კბილაშვილი

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც კითხვა იმ პირთა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებისა თუ სასჯელის შემსუბუქების მიზანშეწონილობის შესახებაც დაუსვეს, რომელთაც პატიმართა წამებაში ედებოდათ ბრალი. ლაპარაკი, უპირველესად, შეეხო ლადო ბედუკაძეს, რომელსაც უკავშირდება წამების ამსახველი ვიდეოკადრების ციხიდან გამოტანა და რო­მელიც მთავარი პროკურორის შუამდგომლობით საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა. პრემიერმა კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცნობდა მომხდარის დეტალებს, რაც პირადად მეც, რომელიც ვესწრებოდი პრესკონფერენციას, ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა, რადგან ლადო ბედუკაძის საქართველოში დაბრუნება და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მართლაც რეზონანსული იყო. ივანიშვილის პასუხი მით უფ­რო იმის გათვალისწინებით იყო უცნაური, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე სასურველი შედეგი მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ კადრების გასაჯაროების შედეგად საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტის ტალღაზე მიიღო და თანაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბოლო ხანს მმართველ ძალას ყველაზე ხშირად ბედუკაძის თავისუფლებაზე ყოფნის გამო აკრიტიკებდნენ. მოკლედ, ცოტა ძნე­ლი დასაჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა, როგორ, რატომ და ვისი შუამდგომლობით გაათავისუფლეს ლადო ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, კიდევ უფრო გასაკვირი იყო მისი საჯარო მიმართვა მთავარი პროკურორისადმი, სადაც ის ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევდა და ამ საქმის გადახედვას ითხოვდა.

"მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, რომ კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - წერდა ივანიშვილი ღია წერილში. მთავარმა პროკურორმა პრემიერს იმავე დღეს არ უპასუხა, რამაც ინსინუაციებისთვის კარგი პირობები შექმნა. როგორც აღმოჩნდა, მთავრობისა და ზოგადად კოალიციის წარმომადგენლების უმეტესობა პრემიერის მოთხოვნას იზიარებდა. საინტერესო იყო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება, რომ მან შუამდგომლობის შინაარსი მხოლოდ მას მერე გაიგო, რაც ის სასამართლოს წარედ­გინა, რაც, თავის მხრივ, ბადებს კითხვებს, რადგან როდესაც ეს მოხდა, მთავარი პროკურატურა ჯერ კიდევ ემორჩილებოდა იუსტიციის სამინისტროს და საეჭვოა, ასეთ რეზონანსულ საქმეზე იუსტიციის მინისტრი წინასწარ არ ჩაეყენებინათ საქმის კურსში. იურისტთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ პრემიერის მოთხოვნა საქმის გადახედვასთან დაკავშირებით სამართლებრივად არ იყო სწორი და ეს ვერ მოხდებო­და, რაც შემდეგ მთავარმა პროკურორმაც დაადასტურა. ამასობაში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ კბილაშვილს გადადგომა მოუწევდა ან მას გაათავისუფლებდნენ, დაიწყო მისი სავარაუდო შემცვლელების დასახელებაც: ლაშა ნაცვლიშვილი, მაია მწარიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი... ასევ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც კოალიციის შიგნით ცდილობდა კბილაშვილისთვის ფეხის დადებას და პროკურატურაზე სა­კუთარი გავლენის გაძლიერებას. ამბობენ, რომ სწორედ ამ ძალებმა წააქეზეს ივანიშვილი ამ ფორმით დაპირისპირებოდა კბილაშვილს. საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ადამიანები კოალიციის შიგნით, ელოდნენ, რომ კბილაშვილი გაითვალისწინებდა ივანიშვილის მოთხოვნას და მოძებნიდა სამართლებრივ გზას საქმის გადასახედად, მაგრამ ასე არ მოხდა. მთავარმა პროკურორმა პრესკონფერენციაზე ცალ-ცალკე მიმოიხილა საქმის სამართლებრივი მხარე და შინაარსობრივი ასპექტი, რომლებიც საფუძვლად დაედო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას. არჩილ კბილაშვილის განმარტებით, მთავარი პროკურორის ამ უფლებამოსილებას კანონი არეგულირებს და შესაბამისად, ვერ დაისმება კითხვა, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება კანონიერი. მან ასევე განმარტა გა­
დაწყვეტილების მოტივებიც და განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ეს აუხსნა პრემიერ-მინისტრსაც. როგორც ჩანს, ეს ახსნა ივანიშვილმა საკმარისად არ მიიჩნია, შესაბამისად, კვლავაც აქტუალურია კითხვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და მოუწევს თუ არა კბილაშვილს თანამდებობიდან წასვლა? ფაქტი ერთია: მას კანონი არ დაურღვევია და ამასთანვე მის გადაწყვეტილებას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც იწონებს, თუმცა ეს არ მოსწონს "ნაციონალურ მოძრაობას" და კბილაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. როგორც აღმოჩნდა, ეს არც "ქართულ ოცნებაში" მოსწონთ.

"იმათგან, ვისთანაც ამ თემაზე მომიწია აზრთა ურთიერთგაცვლამ კოალიციის შიგნით, ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობის აზრით, ამ ტიპის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ არის მიზანშეწონილი", - ეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის აზრია. ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ყვე­ლასთვის ასეთი მიუღებელია მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება, მანამდე რატომ არ ამოიღეს ხმა, ვიდრე პრემიერი იტყოდა ამაზე რამეს, ან აზრთა ამგვარი სხვადასხვაობის პირობებში როგორ მოახერხებენ გუნდის შიგნით მთავარ პროკურორთან თანამშრომლობას?