53 წლის ჯემალ ლეონიძემ ციხე რამდენიმე თვის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობდა, ახლა უსახლკაროდაა დარჩენილი. ლეონიძე დაკარგული ქონების დაბრუნებას სხვადასხვა სამართლებრივი გზით ცდილობს. მსგავს მდომარეობაში ათასობით საქართველოს მოაქალაქეა. დავების საბჭოში, სასამართლოში და პროკურატურაში მათი საჩივრების რაოდენობა 20 ათასს აღწევს.
ჯემალ ლეონიძემ კომპანია “მაგნატი 2006” 2006 წელს დააარსა. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების შეძენა-რეალიზაცია იყო. ამისთვის კომპანიას ოთხი ნავთობტერმინალი, ორმოცდაორი ბენზინგასამართი სადგური, და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები ჰქონდა. კომპანიას არაპროფილური საქმიანობის ისეთი ობიექტებიც გააჩნდა, როგორებიცაა რესტორნები “მწვანე კონცხი”, “მაგნატი გვირილა”, “იმერეთი” და მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო”.
ლეონიძე 2009 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს. მას ბრალი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითური ხელშეკრულების დადებაში დაედო. ბიზნესმენი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მიხედვით ცნეს და ათი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
“ჯემალ ლეონიძის ეკონომიკური ფაქტობრივი გარემოება ნავთობპროდუქტის სარეალიზაციო ბაზარზე, მისი მატერიალური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება “ზემოთ” დადგენილ საწვავის სარეალიზაციო ფასებისადმი, გახდა საფუძველი სახელისუფლებო ელიტის მიერ მისი კომპანიის ხელისუფლებისადმი მორჩილი, ახლოს მდგომი პირისადმი კომპანიის გადაცემისა. სწორედ ამ მიზნით ხელისუფლებამ მიიღო ორი პოლიტიკურ გადაწყვეტილება: მისთვის ქონების წართმევა, და საპყრობილეში გამწესება”, _ ეს არის ამონარიდი ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებიდან, რომლითაც მან პარლამენტს 2102 წლის 22 ოქტომბერს მიმართა. ადვოკატი პარლამენტისგან ყოფილი ბიზნესმენის პოლიტპატიმრად აღიარებას ითხოვდა, საბოლოოდ 5 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატების წინაშე 215 კაციანი სია ჩაიკითხა. ეს ადამიანები, მათ შორის ჯემალ ლეონიძე, საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ პოლიტპატიმრებად ცნო. “დღეს იმ ქონების უმეტესი ნაწილს, რომელიც დავკარგე, მესამე ან მეოთხე მყიდველი ჰყავს. ასეთ პირზე თუ არის გადაყიდული, მათ ხომ ვეღარ წაართმევ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა ამინაზღაუროს. თუმცა ამ ზარალის ტარიფებიც კი არ არის დადგენილი. გასარკვევია, რა ღირდა მაშინ ბიზნესი და ახლა რა ღირს”, _ ამბობს ჯემალ ლეონიძე. მისი თქმით, დავა 2010 წლიდან, ჯერ კიდევ ციხეში მყოფმა დაიწყო, შედეგებს დღემდე ელის.
თვენახევრის წინ განცხადება საგადასახადო დავების საბჭოში შეიტანა, მისი ინფორმაციით, “ვისაც ქონების დაბრუნებაზე სარჩელი ან საჩივარი აქვს შეტანილი, არც ერთის საკითხი დადებითად გადაწყვეტილი არ არის”.
2012 წლის ნოემბერში ქონებადაკარგულმა ბიზნესმენებმა (და არამხოლოდ ბიზნესმენებმა) არასამთავრობო ორგანიზაცია `დააბრუნე~ ჩამოაყალიბეს, ინიციატორი კავკასუს-ონლაინის ყოფილი მფლლობელი მამია სანადირაძეა. ორგანიზაცია ამ მომენტისთვის 300-მდე წევრს ითვლის.
“დააბრუნემ” 3013 წლის მაისს კონფერენცია გამართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას თავიანთი პრობლემები გააცნეს.
ბესარიონ გაბუნია “დააბრუნეს” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქონებრივ დავებზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, თუმცა აპრილის ბოლოს მათი აბსოლუტური უმრავლესობა შეჩერდა. რატომ? ამაზე პასუხი გაბუნიას არ აქვს. “ჩვენც მაგას ვიკვლევთ, ვხვდებით მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრს, ბიზნესობუდსმენს…”
“დააბრუნეს” დამფუძნებელი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მისი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეფერხდა გამოძიება, შესაძლოა, ისაა, რომ ხელისუფლება მსხვილი, მონოპოლისტი ბიზნესჯგუფებისგან საბოტაჟს უფრთხის. “სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმუშევერთა რაოდენობა 42 000 კაცით გაიზარდა, მსხვილმა ბიზნესმა წარმოებები რომ გააჩეროს, ეს დიდ ძვრებს და უკმაყოფილებას გამოიწვევს, არჩევნების წინ ამას ერიდებიან”.
თუმცა გაბუნია არჩევნების მოახლოებას იმედითაც შეჰყურებს. მისი აზრით, ქონებადაკარგული ბიზნესმენები ის თემაა, რომელსაც ხელს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი მოჰკიდებს. ის მოძრაობის გააქტიურებას და აქციების გამართვას არ გამორიცხავს. “ჩვენი წევრები ამას ითხოვენ, ხედავენ, რომ მშვიდი მოლაპარაკებებით არაფერი გამოდის.”
ამ იდეის ადეკვატურობაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დარწმუნებული არ არის. ის ფიქრობს, რომ კონკრეტული შედეგების მიღება მხოლოდ ინდივიდუალური სარჩელებით და სამართლებრივი გზებით შეიძლება. `ამ კოლექტიური აქტივობებით მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი იქმნება, საზოგადოებრივი აზრი კი ვინმეს კონკრეტულ ქონებას ვერ დაუბრუნებს”.
“დააბრუნეს” დამფუძნებლის ბესარიონ გაბუნიას აზრით, საგამოძიებო ორგანოები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელიან, “ამას ბიძინა ივანიშვილიც ამბობს. ხელისუფლება ხვდება, რომ 20 000 საქმეს ვერცერთი პროკურატურა, გამოძიება და სასამართლო ვერ გაუძლებს. თუმცა როგორი იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვიცით. ჩემი აზრით კი, გამოძიება უალტერნატივოა, რადგან მე თუ ვითხოვ რაიმე ქონების დაბრუნებას, იქნებ ვიგონებ და არაფერი წაურთმევიათ? თუ არ გამოიძიეს, ვერავინ ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ან ბრძანებით ვერანაირ ქონებას ვერ დააბრუნებს”.
ხელისუფლებასთან ურთიერთობისას ქონებადაკარგული ბიზნესმენები ბიუროკრატიულ პრობლემებსაც აწყდებიან. მათ 18 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე კითხვაზე პასუხების თხოვნით წერილი დატოვეს, თუმცა პასუხები თვეების შემდეგაც არ ჩანს.
“ამ ბიზნესმენებს არამარტო ქონება წაართვეს, არამედ ღირსებაც შეულახეს, მათი დიდი ნაწილი ციხეშიც იჯდა. იმ საშინელებებმა, რაზეც ახლა ვიდეო ჩანაწერების მიხედვით საუბრობენ, მათ თავზეც გადაიარა. სხვანაირად ვერავის ვერაფერს წაართმევდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთ დღეს ადამიანმა გაიღვიძოს და მთელი ცხოვრება ნაწვალები, რაც უშოვნია, ფული, სახლი თუ მანქანა, ადგეს და სახელმწიფოს თავისი ნებით აჩუქეს?” _ კითხულობს გახარია.
ორი თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა.
როგორც აღმოჩნდა, 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ − ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ, ასევე − უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. სხვა ფიზიკურმა პირმა კი _ გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, შპს კორპორაცია „ივერია პლიუსმა“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8,496 კვ.მ. 2,000,000 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს „სნაიპერმა“ კი, _ 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო“. შპს „ოლიმპმა“ სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა.
სამართლიანობის აღდგენის პროცესის სირთულეზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კახა კოჟორიძეც საუბრობს: “წლების განმავლობაში უსამართლობას იმდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა, რომ ახლა სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად უზარმაზარი ადამიანური და ფინასური რესურსის დახარჯვა სჭირდება. უბრალოდ, რომ წარმოიდგინოთ, რა მაშსტაბებზეა საუბარი, ერთი მაგალითიც საკმარისი იქნება: მთავარი პროკურორის ინფორმაციით, მხოლოდ უძრავი ქონების ჩუქების 9 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ცალკეა მოძრავი ქონება, ცალკე ბიზნესის წილები, რომლებიც ასევე კოლოსალურ თანხებს აღწევს. ბიუჯეტი ამას ფიზიკურად ვერ გაწვდება”.
იურისტის აზრით, ცხადია, არავის სჯერა, რომ “სახელმწიფოს მიმართ გლობალური ქველმოქმედების სურვილით გულანთებული მოქალაქეები მასობრივად მიდიოდნენ პროკურატურაში და ჩუქების ხელწერილებს წერდნენ. ამ ადამიანებს აიძულებდნენ, აშინებდნენ, აპატიმრებდნენ…”
“იმ შემთხვევაში, თუ წართმეული ქონება ისევ სახელმწიფოს ხელშია, პრობლემა უფრო მარტივად მოსაგვარებელი უნდა იყოს. თუმცა თუ ქონება სახელმწიფოს ხელში აღარ არის და მან კეთილსინდისიერ მყიდველზე გაასხვისა, ახლა მისთვის ჩამორთმევა არ უნდა დაიწყოს. რადგან ეს სხვა უკანონობაში გადაგვიყვანს. `ასეთი ადამიანებისთვის კომპენსაციების მექანიზმი უნდა არსებოდეს, მაქვს იდეა, რომ ამ საქმეში გამოიყენონ მიწის ის ძალიან დიდი ფართობები, რომელიც დაურეგისტრირებელია და სახელმწიფოს მფლობელობაშია”. _ ამბობს კოჟორიძე.
ქონებაწართმეული ბიზნესმენების პრობლემის გადაჭრა წინასაარჩევნოდ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. “დააბრუნეს” დამფუძნებელ ბესარიონ გაბუნიას თუ ვერწმუნებით, ამ თემის წინ წამოწევას კიდევ ერთხელ უკვე საპრეზიდენტო არჩევნები გამოიწვევს. საკითხავი მხოლოდ ისაა, იდგება თუ არა ეს საკითხი უკვე პრეზიდენტის არჩევის შემდგომი არჩევნების წინაც?!