სავალუტო ფონდმა საქართველოს ბოლო ლუკმა უწილადა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ბოლო ლუკმა უწილადა

 

საქართველომ სავალუტო ფონდისგან ბოლო ტრანში მიიღო. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, საქართველოს სავალუტო ფონდის დახმარება აღარ სჭირდება. ზუსტად იგივე განცხადება, პრემიერმა ნიკა გილაურმა რამდენიმე თვის წინათ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით ეს უარყო და ფონდს ფინანსური დახმარების გაზრდა სთხოვა.

 

ასე რომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 153 მილიონის სესხი გამოუყო. ეს ბოლო ტრანშია, რომელსაც საქართველო ფონდის მიერ დამტკიცებული ერთმილიარდ დოლარიანი პროგრამიდან იღებს. გილაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების გამოყენებას, ჯერჯერობით, არ აპირებს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაინდურაშვილის განცხადებით, საქართველოში ფონდის მისია ამოიწურა. სინამდვილეში კი, მთავრობას ფონდი არ ეთმობა, მაგრამ მისი რეკომენდაციები და ფონდის დასკვნები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებაც არ მოსწონს.

 

შარშან, ფონდი მთავრობას უმტკიცებდა, რომ 2010 წლის ინვესტიციებს შეიძლება 2009 წლის მაჩვენებლისთვისაც კი ვერ მიეღწია, თუმცა მთავრობამ ფონდის ექსპერტებს ყური არ უგდო და 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაგეგმა. კატასტროფულად შემცირებულმა ინვესტიციებმა კი აჩვენა, რომ ფონდი არ ტყუოდა.

 

ამჯერად მთავრობამ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა, ფონდის ექსპერტების რჩევით კი ეს მეტისმეტად ოპტიმისტური განაცხადია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლეულს შემცირდება და იგი მაქსიმუმ 4,5% იქნება.

 

საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედუარდ გარდნერის თქმით, ზრდა მთლიანად იქნება დამოკიდებული კერძო სექტორსა და ინვესტიციებზე.

ზაფხულში უკრაინულმა „კომერსანტმა“ გაავრცელა პრემიერის ინტერვიუ, რომელშიც გილაური სავალუტო ფონდს ღიად აკრიტიკებდა. პრემიერი აცხადებდა, რომ თბილისი სავალუტო ფონდის კრედიტს იაფ რესურსად არ აღიქვამს და ფონდის წინაშე არსებული ვალდებულების განულება სურს.

 

„ეს 3-5%-იანი სესხია და მოკლევადიანი ფული არასდროსაა იაფი. ასეთი პირობებით სესხი 10 წლით რომ გაიცემოდეს, იაფი რესურსი იქნებოდა. ამასთან, მთავრობა ვალდებულია საკუთარი პოლიტიკა ფონდთან შეათანხმოს. რა საჭიროა ჩვენთვის ასეთი პირობები“, - ამბობდა უკრაინულ „კომერსანტში“ ნიკა გილაური. 

 

მოგვიანებით, პრემიერის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ უკრაინელმა ჟურნალისტმა გილაურის ნათქვამი დაამახინჯა. სხვათა შორის, საქართველოში სავალუტო ფონდის არაეფექტური მუშაობის საკითხი სხვა დროსაც წამოჭრილა, თუმცა, ფინანსური დახმარებების გამო, მთავრობა ფულს მაინც ვერ ელევა.

 

საერთოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოწოდებულია მსოფლიოში სავალუტო-საფინასო სტაბილურობის დასამყარებლად. ის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკაცრ საფინანსო დისციპლინასა და სტაბილური სავალუტო კურსების უზრუნველყოფას მოითხოვს.

 

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდში 1992 წელს გაწევრიანდა მაშინ, როცა მათი წევრ სახელმწიფოთა რიცხვი 170 იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში პირველად1991 წლის ნოემბერში ჩამოვიდა. ამ შეხვედრას ურთიერთგაცნობის დატვირთვა ჰქონდა.

 

ყოველ მომდევნო ჩამოსვლაზე მისია საქართველოს ხელისუფლებას მაკროეკონომიური სტაბილურობის მიღწევის მიზნით თავის რეკომენდაციას უტოვებდა. ვლადიმერ პაპავას თქმით, საქართველს იმდროინდელი ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს სერიოზულად არ ეკიდებოდა, რის შედეგადაც ქვეყანაში საფინანსო სისტემა საერთოდ მოიშალა.

 

პაპავას მოსაზრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში მოღვაწეობა ორ ეტაპად განიხილება. პირველ ეტაპზე, 1991-94 წლებში, ფონდი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციებს, რომელსაც მთავრობაში არაფრად აგდებენ.

 

მეორე ეტაპზე - 1994 წლიდან დღემდე - ფონდის რეკომენდაციები საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ცხოვრებაში არც ადვილი გასატარებელია და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის არც ყოველთვისაა მოსაწონი.

 

პაპავა ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში დაშვებული სხვადასხვა შეცდომა განსხვავებული ბუნებისა და მნიშვნელობისაა. მისი თქმით, ამ შეცდომების ნაწილი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და ისინი ფონდმა არა მარტო საქართველოში მუშაობისას დაუშვა, არამედ უფრო ფართო მასშტაბით, სხვა სახელმწიფოების მიმართაც.