"გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი. როგორც "პირველი რადიო" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რუსმა მილიარდერმა შეხვედრა გამართა საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, თუმცა ამ თემაზე ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "რა მიზნით იმყოფებოდა პუტინის "რუხი კარდინალი" ვექსელბერგი საქართველოში?".
"კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მისი ჩამოსვლის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო საინვესტიციო სურვილი. ეს შეიძლება ყოფილიყო ენერგეტიკის სფერო ან სხვა რამ. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამოყენებული იქნება ვიქტორ ვექსელბერგის საინვესტიციო სურვილები საქართველოს საკეთილდღეოდ. მე ის მიკვირს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ტიპის ინფორმაციებს მუდმივად იყენებენ სპეკულაციის მიზნით. არც სააკაშვილის დროს ყოფილა იშვიათი რუსი ოლიგარქების ჩამოსვლა. მაგალითად, გენერალოვი. ეს ადამიანი იყო მაშინ ძალიან სერიოზული აქტივების მფლობელი რუსთავში. საკმაოდ დაახლოებული პირია კრემლთან. თუ მაშინ შეიძლებოდა ამ ტიპის ბიზნესმენი ჩამოსულიყო საქართველოში, თან პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას ხელშეწყობით, დღეს რატომ არ შეიძლება რუსი ბიზნესმენების ჩამოსვლა?" - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"მაქვს ვარაუდი, რომ თემურ ალასანია ჩამოსული იყო არა მხოლოდ საკუთარი დისშვილის, მიხეილ სააკაშვილის ბედის მოსაგვარებლად, არამედ თავისი აქტივების გადასარჩენად. მას საკმაოდ სერიოზული აქტივები აქვს საქართველოში, მაგალითად, იგივე "ტავ"-ი, ასევე თბილისის აეროპორტი. ის შეშფოთებულია "ტავ"-ის აქტივების ხვალინდელი მდგომარეობით, რადგან სამართალდამცავი ორგანოები საკმაოდ სერიოზულად ინტერესდებიან იმ პროექტებით, რომელიც განხორციელებული იყო ამ კომპანიის მიერ. მოგეხსენებათ, ამ პროექტების ერთ-ერთი ნაწილი იყო ის ნახევრად აშენებული თბილისის აეროპორტი, რომელსაც ჭერი ხან ძვრებოდა და ხან წყალი ჩადიოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ თემურ ალასანიას ბიზნესაქტივების საკითხს. ამიტომ შესაძლოა, თემურ ალასანია ამიტომაც იყო ჩამოსული საქართველოში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"სააკაშვილმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვის "დყნამოს" საზოგადოების წევრია და ის ჩამოჰყვა მოსკოვის "დყნამოს" საქართველოში. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ასეთი პიროვნებების ვიზიტები შეიზღუდოს საქართველოში, ანუ იმ ადამიანებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფას. თუმცა უნდა გითხრათ, რომ თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან რუსეთის დუმის დეპუტატები, ისინი ვინც შსს-მ დაასახელა, ნამდვილად იმყოფებოდნენ საქართველოში სხვადასხვა დროს", - დასძენს რესპონდენტი.