შპს “ავტო 2001”-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნუგზარ ჯავახიშვილმა “ქრონიკას” სენსაციურო სქემა გაუშიფრა _ როგორ იგდებდნენ ხელში ბიზნესმენებისა თუ კერძო პირების წართმეულ ქონებას ნაციონალები და საპატრიარქოსთან გარიგებული პირები.
ნუგზარ ჯავახიშვილი:
_ სამშენებლო ბიზნესი მქონდა და ფირმის საკუთრებას წარმოადგენდა 24 კვადრატული მეტრი მიწა ზაჰესის ტერიტორიაზე, 13 ათასი კვადრატული მეტრი სოფელ საგურამოში შენობა-ნაგებობებით. იყო სარემონტო სამუშაოებისთვის “ცეხი”, მანქანების სამრეცხაო ბლოკის საამქრო, “სეტკების” საქსოვი დანადგარები და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სამუშაოების შესრულება საქართველოს ყველა რეგიონში გვიწევდა. დიდ ტენდერებში, ცხადია, ნაციონალების შექმნილ კომპანიებს ამარჯვებინებდნენ, მაგრამ პატარა ტენდერებში მონაწილეობას მაინც ვახერხებდით დაბალი ტარიფებით და როგორც ჩანს, ეს მათაც აწყობდათ. ნაციონალები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ერთი წელი არ შეგვხებიან, მერე საგადასახადო ხშირად გვამოწმებდა, არაკანონიერადაც გვარიცხავდა გადასახადებს. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდა, პირველი საშუალო სკოლის გვერდით, ნაციონალების ოფისში მიმიყვანეს, სადაც მდივანთან ერთად საფინანსო პოლიციის წარმომადგენელი, ვინმე თემურიც დამხვდა. მითხრეს, რომ 50 ათასი ლარი უნდა გადამერიცხა “ნაციონალური მოძრაობისთვის”. თუ არ გადარიცხავ, პრობლემები შეგექმნებაო. მაქვს საბუთი, რომ მათ ანგარიშზე გადავრიცხე 30 ათასი ლარი, 20 ათასი კი ამ ადამიანებს მივუტანე ხელზე, რომელიც საარჩევნოდ გამოიყენეს თუ სხვა რამეში, ნამდვილად ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, ეს 20 ათასი “ზემოთ” არ მივიდა, მტრად ჩამთვალეს და დაიწყეს ჩემი შევიწროება. კამერალური შემოწმების მიზნით საგადასახადო ინსპექცია შემოუშვეს. რამდენიმე თვე გვამოწმებდნენ, ხელჩასაჭიდი ვერ ნახეს, მაგრამ მაინც დაწერეს 183 ათას ლარზე აქტი. 2008 წლის ომის შემდეგ კი დავალება მივიღე, რომ მცხეთის რაიონში უნდა ამეშენებინა დევნილების სოფელი ფრეზეთი. 140 კოტეჯი ავაშენე და 12 კილომეტრ-ნახევარზე გავიყვანე შიდა გზები ყოველგვარი პროექტისა და ნახაზის გარეშე. ქვეყანას რომ სჭირდებოდა, ვიმუშავე უპროექტოდ და უხელშეკრულებოდ. გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა დაგვიძახა და გვითხრა, უნდა აგვეშენებინა 100 კოტეჯი, რომელშიც სახელმწიფო გადაიხდიდა ფულს. თითო კოტეჯი, ვიცოდი, რომ 28 ათასი ლარი ჯდებოდა. ამას პლუს გზები, თან ორ თვე-ნახევარში უნდა დასრულებულიყო ეს საქმე. ამ საქმის ბოლოში რომ გავედი, უკვე თავად გააკეთეს პროექტი და ეს გზა ახლა ასფალტისთვის უნდა გავამზადოთო. მზად ვიყავი, ესეც გამეკეთებინა, მაგრამ მითხრეს, შენ არა, ამას ჩვენი ახლობელი ფირმა გააკეთებს, შენ მისი ქვეკონტრაქტორი იქნები მხოლოდო. ჩემს გაკეთებულ საქმეზე ხელშეკრულება გაუფორმეს ახალშექმნილ ფირმას. ჩემი ნამუშევრის თანხა რომ ამომეღო, ორი კვირა ვდიე ამ ფირმის ხელმძღვანელს, ვინმე ლეკვეიშვილს. ახალი წელი მოდიოდა და მუშები გასასტუმრებელი მყავდა. ბოლოს, მინდორში, 12-კილომეტრიანი გზის გაყვანაში მხოლოდ 105 ათასი ლარი გადამიხადეს, როცა 500 ათასის მხოლოდ საწვავი მქონდა შეძენილი. უკან მივაგდე, ეგეც თქვენი იყოს, ვითომ არაფერი არ გამიკეთებია-მეთქი.
_ ამას ჩოჩელი აკეთებდა?
_ არა, ყველამ იცის, რომ მერაბიშვილის ფირმა იყო “ნიუ ენერჯი”. მთლიანი კონტრაქტი ამ საქმეზე სწორედ მას გაუფორმეს.
ჩვენ კი თითოეულ კოტეჯში მხოლოდ 7 ათასი მოგვცეს და აქედან გადასახადებიც დაგვაფარინეს. სახელმწიფოდან რა ოდენობის თანხა გამოიტანა “ნიუ ენერჯმა”, არ ვიცი, მაგრამ მას 44 ათასი ლარი ჩვენი ვალი ახლაც აქვს. 2 მილიონამდე ზარალში ჩამაგდეს, პრეტენზია რომ გამოვთქვი, რეგიონალური პროკურატურა შემოუშვეს და 3 თვე მე და ჩემი ბუღალტრები იქ ვიჯექით. ვერაფერი ნახეს და ორ აქტზე მოიგონეს, თითქოს გაყალბებული იყო. ამ დროს არაფერი არ იყო დარღვევით. ხელმოწერების ექსპერტიზას ვითხოვდით, მაგრამ უარი გვითხრეს. ამ დოკუმენტებზე ჩემს მოადგილეს ჰქონდა ხელი მოწერილი და ის დააპატიმრეს. საპროცესოში ფული გადაგვახდევინეს და ისე გამოუშვეს, თუმცა ეს არ გვაკმარეს. 2008 წელს ურთიერთობა გვქონდა ჰოლდინგ “ალიანს ჯგუფ ლიზინგთან”. უნდოდათ, მათ ბიზნესში შევსულიყავით და ერთად გვემუშავა. დავთანხმდი. მათი მოთხოვნა იყო, უძრავ-მოძრავი ქონება გაფორმებულიყო მათზე, ისინი გადაიხდიდნენ ყველა გადასახადს და ქონებას ლიზინგის წესით ჩვენ დაგვიბრუნებდნენ, მერე ახალ ტექნიკას შემოვიტანდით ერთად და ა.შ. კარგი წინადადებები ჰქონდათ. გადავაფორმე ქონება მათზე და მერე დამიბრუნდა უკან ლიზინგით. ეს იყო და შემოვარდა მსხვილგადამხდელთა ინსპექცია, რატომ გააკეთე ასეო?! სასამართლოშიც მიჩივლეს. ლიზინგის ქონებაზე ყადაღა არ ვრცელდება და ეგონათ, ეს სპეციალურად იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემს ქონებაზე ყადაღა არ დაედოთ.
_ რატომ უნდა დაედოთ ყადაღა?
_ მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია ხომ მთავრობის დაკვეთებს ასრულებდა და როგორც ჩანს, ნაციონალებს, ჩემი ქონების წართმევა ჰქონდათ გადაწყვეტილი. 7-8 მილიონის ქონებაზეა საუბარი, ცოტაზე კი არა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, მაგრამ ამ პერიოდში, როგორც ჩანს, მეორე მხარესთან მოლაპარაკება-დაშინებას აწარმოებდნენ. “ალიანს ჯგუფ ლიზინში”, ვისთანაც ხელშეკრულებები დავდეთ, ყველა მოხსნეს და სამსახურიდან გაყარეს. ფირმის ხელმძღვანელი იყო აიეტ კუკავა. გახსოვთ, ალბათ, თავდაცვის სამინისტრომ რომ შემოიტანა “ბრონეჟილეტები”, რომელიც ტყვიას ატარებდა, იქ ხომ გაიჟღერა მელნიკოვის გვარმა, ამ “ბრონეჟილეტების” შემომტანი ეს ფირმა გახლდათ. 3 მილიონი თანხა ჩაურიცხეს და უკან არ დაუბრუნებიათ. მოკლედ, ლიზინგმა არბიტრაჟის გადაწყვეტილება მოიტანა, რომ შემიჩერა ნასყიდობის უფლება. “ალიანს ჯგუფმა” კი ახალი ფირმა ჩამოაყალიბა და ყველა ჩვენი ქონება მასზე გადავიდა.
სასამართლოში ამ საქმის მოსამართლე იყო ილონა თოდუა. ვამტკიცებდი, რომ ქონება იყო ჩემი, მაგრამ მათ სახელზე იყო გაფორმებული. სხვათა შორის, თოდუამ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და გვცნო ცრუმაგიერ პირებად, რაც ნიშნავდა, რომ ქონება უნდა დამბრუნებოდა. სადავო ქონებას დაედო ყადაღა, ანუ მისი გასხვისება საქმის დამთავრებამდე არ შეიძლებოდა. აპელაციამაც და უზენაესმაც ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თუმცა ამ პროცესების დროს “ალიანს ჯგუფმა” მაინც დაიწყო ქონების გასხვისება. ისინი საპატრიარქოში მივიდნენ და უთხრეს, ქონება შემოწირულობით უნდა მოგცეთო. სასულიერო პირებმა ნახეს, მოეწონათ და ბერი, ვინმე ბერაძე შეუშვეს ჩემს ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავდა.
იქ ჩემი პირადი ქონებაც მქონდა, დაზგა-დანადგარები, მანქანები, რომელიც არაფერ შუაში არ იყო ამ ფირმასთან და სასამართლოსთან. ბერაძემ მოიყვანა შემდუღებლები და დაჭრა მთელი ჩემი ქონება. როცა ეს გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, მამაო, შეცდომაში ხართ შეყვანილი, თავი გაანებეთ ჩემს ქონებას, ბათუმიდან ხვალ ჩამოვალ და დაგარწმუნებთ, რომ ჩემს საკუთრებას ანადგურებთ-მეთქი.
_ მოქმედ დანადგარებსა და ავტომანქანებს ჭრიდნენ? რატომ?
_ ჯართში აბარებდნენ, რადგან დაყადაღებულს, იცოდნენ, რომ ვერ გამოიყენებდნენ. ეკლესიას ხმას არ გასცემდნენ და ამიტომ ჩარიეს. 11 “კამაზი” დაჭრეს, ქალბატონო ნელი, რომელსაც არაფერი არ სჭირდა. ობიექტიდან მოხსნეს და დაჭრეს. 2 მტვირთავი მანქანა დაჭრეს, საჩარხი, საპრესი დანადგარები, ყველაფერი დაანაწევრეს და ჯართში ჩააბარეს. ამ ბერმა კედლებიდან შნურიც კი მოხსნა და გაძარცვა.
_ ამას მხოლოდ ბერი ვერ გააკეთებდა და ვინ იყო ის, ვინც მას ამის უფლებას აძლევდა?
_ მეორე დღეს შევხვდი მას. მანამდე კი ჯართის პუნქტებში ვნახე ჩემი დანადგარები, რომელში 160 ათასი პირადად მქონდა გადახდილი, დაჭრილი იყო. გავგიჟდი, ეს რომ დავინახე. მეჯართეს უკვე მიჰქონდა და ვუთხარი, არ მოკიდო ხელი, ასეა საქმე-მეთქი. ბერმა ჩემს წინ დაიჩოქა, პირჯვარს იწერდა, დაწყნარდიო. წარმოებაში რა ხდებოდა, ჯერ არ ვიცოდი. ავუხსენი, რომ ამ საქმეზე სასამართლო წარმოება იყო დაწყებული, დაყადაღებული ჰქონდათ და მისი გაჩუქება არავის შეეძლო. გამოვიძახე საპატრულოც, კრიმინალური პოლიციაც, გლდანი-ნაძალადევის მეოთხე განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის უფროსმა მითხრა, ახლა პროკურორი მოვა და ყველას დავაკავებთო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიღაც ჩაერია და საქმე დაიხურა. ამ საქმეს გლდანი-ნაძალადევის პროკურორი, ირაკლი წერეთელი კურირებდა. მის გარეშე საქმის დაბლოკვა არ ხდებოდა, მას კიდევ ვინ ავალებდა, ეს უკვე აღარ ვიცი. წარმოებაში აღარაფერი დამხვდა. ფეხით დავდიოდი მთელ ქალაქში და გაგიჟებული ვეძებდი ჩემს კუთვნილ ტექნიკას. 9 “კამაზი” ვიპოვე თბილისში, სამების ლავრის ეზოში, წინამძღვარ ილია ნასიძის ოფისის წინ. როგორც დავტვირთეთ, ისევე იყო წაყვანილი. იქ გავიგე, რომ ნასიძის დაქვემდებარებაში ყოფილა ბერაძეც. იქაც გამოვიძახე პოლიცია და დალუქეს ქონება. ნატახტარში მონასტერი შენდება და იქაც ვიპოვე, პოლიციამ იქაც დალუქა ეს ტექნიკა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, არც ერთგან აღარაფერი დამხვდა. დალუქულიც დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. მანქანებზე დატვირთული იყო მარაგნაწილები და ისიც გაქრა. საპატრიარქოში წავედი. შეწირულობას ხელმძღვანელობდა მეუფე იაკობი, მაგრამ მასთან შეხვედრა გამიჭირდა. ბოლოს დაცვამ ტელეფონზე დამალაპარაკა. ვუთხარი, რომ შეწირულობის საკითხთან დაკავშირებით ვიყავი მისული. ალბათ, ელოდა, რაღაცას შევწირავდი და მიმიღო, მაგრამ, როცა ვუთხარი, რაზედაც მივედი, ნირი წაუხდა. მითხრა, შეცდომით ხარ ჩემთან მოსული, მაგ საქმის არაფერი ვიცი, მიაკითხეთ ილია ნასიძესო. ოფიციალური პასუხი მოვითხოვე საპატრიარქოდან, დავწერე წერილი და დაცვას ჩავაბარე, მაგრამ დღემდე არაფერი ისმის. საქმე ისაა, რომ დღემდე მიდის ამ ქონების განადგურებაც.
_ დღეს რაღაც ანადგურებენ?
_ ახალი ხელისუფლების მოსვლის მერეც, თუ რაიმე იყო დარჩენილი, სასწრაფოდ დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. ისევ ეს ბერი და ნასიძე მოქმედებდნენ. სარჩელი შეტანილი მაქვს პროკურატურაში, იძიებენ, მაგრამ ესენი მაინც აკეთებენ თავის საქმეს და რა ჰქვია ამას, იქნებ თქვენ მიხვდეთ?! გამომძიებელი არის გიორგი შარიფაშვილი. ზედამხედველი პროკურორი 10-ჯერ მაინც შეცვალეს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს აკეთებდა. პირველად სანდრო ფოცხვერაშვილი იყო პროკურორი და მეორე წრეზე წასული საქმე, დღეს ისევ ფოცხვერაშვილს გადაელოცა. ქალაქის პროკურორის მოადგილესთან, მინდორაძესთან ვიყავი, ზედამხედველად პროკურორი თამარ პაპავა დანიშნეს, მაგრამ ვერაფერს ვერც ესენი აკეთებენ. ახლა გეტყვით, რა სქემაც მუშაობს _ ნაციონალებს საპატრიარქოს გარკვეულ პირებთან ერთად შემუშავებული ჰქონდათ თაღლითური სქემა, რომელიც ახლაც მოქმედებს. ნაციონალები წაართმევდნენ მათთვის არასასურველ ადამიანს ქონებას, ნაწილს თავად ისაკუთრებდნენ და გარკვეულ ნაწილს, რომელიც საპრობლემო იყო, საპატრიარქოს ჩუქნიდნენ, ბოლოს კი ისევ მათთან ხვდებოდა. ეკლესიის გავლით ისევ ნაციონალებს უვარდებოდათ ხელში. საპრობლემო ქონებას რადგან ვერ იფორმებდნენ, ასე ადვილად იგდებდნენ ხელში, თანაც შეწირულ ქონებაზე საპატრიარქოს გადასახადები არ აქვს და რამდენიმე კურდღლის ერთად დაჭერა ხდებოდა. ეკლესიიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საჩუქრად იღებდა კონკრეტული ნაციონალი ამავე ქონებას. ასეთი შემთხვევები ერთი და ორი არ მომხდარა. ჩემი ქონება დიდი იყო და ამიტომ ვლაპარაკობ, თორემ პატარა ქონებებზე ხალხი ხმას არ იღებს.
_ თქვენს ტერიტორიაზე ახლა ეკლესია რას აკეთებს?
_ ჯერჯერობით არაფერს. უზენაესის გადაწყვეტილება ავიღე, ცრუმაგიერი რომ ვიყავი და ეს ქონება იყო ჩემი, მივედი რეესტრში და ვუთხარი, ჩემთვის გადმოეფორმებინათ. სამ დღეში პასუხი უნდა მიმეღო, მაგრამ 5 დღე რომ გავიდა ისევ მივედი. მითხრეს, ხარვეზი არის და სასამართლოს მიაკითხეო. სასამართლოში მითხრეს, რომ “ალიანს ჯგუფმა” ხელახალი სარჩელი შეიტანა უზენაესის გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
_ უზენაესის გადაწყვეტილების გაუქმება შეიძლება? ეს რაღაც ახალია?
_ დიახ, მეც არ ვიცოდი, ასეთი რამ თუ შეიძლებოდა, მაგრამ ნაციონალებისთვის არაფერი იყო შეუძლებელი.
ილონა თოდუას, დღეს რომ იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა, გამოტანილი ჰქონდა გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ, ამჯერად კი საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და საპირისპირო მიიღო. გააუქმეს უზენაესის გადაწყვეტილებაც და გამოიტანეს საპირისპირო. ასეთი “დამსახურებისთვის” მოხვდა ის საბჭოში და ამიტომ უფრო გადავწყვიტე ამ წერილის გამოქვეყნება. როგორც ჩანს, საშველი არ არის არც ჩვენი და არც ჩვენი ქვეყნის.
გადავწყვიტე პატრიარქისთვის მეთქვა ეს ყველაფერი. შევხვდი მის უახლოეს ნათესავს, მან ორი დღე მოითხოვა პასუხისთვის, მაგრამ რამდენიმე საათში დამირეკა და მითხრა, ეს საქმე გადაწყვეტილია სხვაგან, ვიღაცასთან და პატრიარქი ვერაფერს შეცვლის, აზრი არ აქვს შეხვედრასო.
დედაეკლესიისთვის ბევრი შეწირულობა მაქვს გაკეთებული და თუ მექნება, არც ახლა დავიხევ უკან, მაგრამ იმას ვერ დავუშვებ, რომ ჩემი ქონება ვიღაც გარეწარმა შეწიროს. საპატრიარქოც გარეწრებით არის სავსე და ასეთ საქმეებზე ერთად მუშაობენ. საეკლესიო პირებს ხელშეუხებლობაზე აქვთ მემორანდუმი გაფორმებული და ერთად იგდებენ ქონებებს ხელში.
ერთი საეკლესიო პირი მაჩვენეთ, რომელიც დანაშაულისთვის დაისაჯა, ეს სტატუსი არის დამნაშავეთა თავშესაფარი. ბერი ჩვენებაში აღიარებს, რომ მან სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება დაჭრა, რის უფლებაც არ ჰქონდა და ეს დანაშაული რატომ არ უნდა დაისაჯოს?! კანონგარეთ არიან და არ ემორჩილებიან კანონს და მეტი რაღა ვთქვა?!
“ქრონიკა” მამა ილია ნასიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენს კითხვებს მოკლედ უპასუხა:
_ ვინ არის ნუგზარ ჯავახიშვილი, არ ვიცი. აგერ იყო და წაიღეს. მე თქვენ ტელეფონის ნომერს მოგცემთ მამა გრიგოლის, რომელიც დაგაკავშირებთ იმ ადამიანთან, ვისი ქონებაც არის ეს ყველაფერი.
_ დაყადაღებული ქონება იყო, მამაო…
_ იმათთან გაარკვიეთ. აქ იდგა და იმათ წაიღეს და… ვინც წაიღო, იმას დაურეკეთ.
_ თქვენიდან წაიღო იმ ხალხმა? თქვენთან რა უნდოდა, მამაო?
_ ვისიც არის, იმან წაიღო. ტყუილია, აქ რა უნდა დამეჭრა. ბერაძის ტელეფონის ნომერი მოგეცით და დაურეკეთ.
ამის შემდეგ მამა გრიგოლ ბერაძეს ვუკავშირდები, რომელიც მეუბნება, რომ ბევრი სასაუბროა და ტელეფონით ამაზე ვერ დამელაპარაკება. მე მაინც მინდა მოვიპოვო ინფორმაცია, მართლაც დაჭრეს თუ არა მოქმედი ქონება საპატრიარქოს შეწირვის შემდეგ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მამა გრიგოლმა კონკრეტულად მიპასუხოს, მარიგებს, კარგად გავარკვიო და მერე დავწერო გაზეთში, პრობლემა რომ არ შეიქმნას. მეც ვუხსნი, რომ მიპასუხოს. მისი პასუხი კვლავ ასეთია: ეგ საკითხი არის პროკურატურაში, განხილულია სამი პროკურორის მიერ და ახლა თქვენ თუ ვიღაცას მოუსმენთ და დაწერთ, უკვე თქვენი პრობლემა იქნება? როგორც ჩანს, ეს უკვე მუქარაა. მეც ვაკონკრეტებინებ, თუ დავწერ, მე შემექმნება პრობლემა მამაო?! მამა ილიას არ დაუმალავს, რომ სამების ეზოში იდგა ეს ტექნიკა და ბარემ თქვენც მითხარით თქვენი სათქმელი-მეთქი. თუ ისეთ რაღაცას გამოამჟღავნებთ, რომელიც სიმართლეს არ შეეფერება, თან ერთი მხარის მოსმენილი გექნებათ, რა თქმა უნდა, პრობლემა გექნებათ, _ მიკონკრეტებს მამა გრიგოლი. თუ თქვენს ჭკუაზე გააკეთებთ მაინც, კი ბატონო, მე არ შეგიშლით, რაც გინდათ ის დაწერეთ და თუ სიმართლე გაინტერესებთ, მას აქვს მიდგომის წესებიო. მოკლედ, მამაომ მითხრა, რომ ვერც ტელეფონზე დამელაპარაკებოდა და ვერც რედაქციაში მოვიდოდა. ერთადერთი გამოსავალი იყო მასთან მისვლა ნატახტარში, ან სამებაში, რასაც უახლოეს დღეებში, იმედია, შევძლებთ.