2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მაღალ ეშელონებში გადაჯგუფების გარდა, თვალსაჩინოდ ბევრი არაფერი შეცვლილა
ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის პარკს ისევ ისე ჩეხავენ, როგორც არჩევნებამდე;
არაგვი ისევ ისე ყარს ცეზარ ჩოჩელის ლუდსახარშიდან ჩაღვრილი მასის გამო, როგორც მისი გუბერნატორობისას;
პატიმრებს ისევ აწამებენ, ოღონდ ამას დღეს ისინი აპროტესტებენ, ვინც 9 წელი დუმდა;
9 წელი დუმდა დასავლეთიც, რომელიც ახლა შეშფოთდა ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავების გამო, მაშინ კი მოქმედი პრემიერის საეჭვო გარემოებაში საიქიოს გასტუმრებაზე დიდი შფოთვა არ დატყობია;
ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლისა და ასევე ორგზის პარლამენტის თავმჯდომარის აქციის სასტიკად დარბევაზეც არ შეწუხებულან მაინცდამაინც;
ჰეტეროსექსუალი მამაკაცების ციხეში, პოლიციაში თუ გამგეობაში გაუპატიურებაზე საგანგაშო თურმე ლგტბ აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა ყოფილა!
როგორც ჩანს, დასავლეთიდან არასწორად შერჩეული სათვალით უყურებენ საქართველოს და მხოლოდ იმას ხედავენ, რაც უნდათ, რომ დაინახონ!
ერთი სიტყვით, დასავლურ შფოთს მკვეთრად გამოხატული ადრესატი ჰყავს – სააკაშვილი და მისი „ნაცმო“. მთავარია, მათ არ შეეხო, სხვა წყალს და მეწყერს წაუღია!
აქედან მოდის სიტყვა კოჰაბიტაცია, რომელიც ურეკის რეზიდენციაში გარიგების შემდეგ წმინდა წყლის კოლაბორაციონიზმად ჩამოყალიბდა. აბა სხვა რა უნდა დაარქვა დამნაშავე რეჟიმის (ყოველ შემთხვევაში, „ოცნება“ ასე ამბობდა საპარლამენტო არჩევნებამდე) პრეზიდენტობის კანდიდატთან ჩახუტებას და მასთან დათმობებზე წასვლას? თუმცა უხუცეს „რესპუბლიკელს“ – ლევან ბერძენიშვილს არ დაუმალავს, რომ მას მეორე ადგილზე ბაქრაძე ურჩევნია, ვიდრე ბურჯანაძე! ძნელი წარმოსადგენი არ არის, პირველ ადგილზე ბურჯანაძის ხილვაზე როგორი რეაქციაც ექნება!
თუმცა დათმობაც არის და დათმობაც: „ნაციონალებთან“ სიამტკბილობაში „ქართულ ოცნებას“ არც საკუთარი თავი დაავიწყდა და „რესპუბლიკელების“ დაჟინებული მოთხოვნით, დაფინანსება გაიოთხმაგა. კოალიცია, რომელიც ნაციონალური რეჟიმის დასამარებას გვპირდებოდა, ხალხის ჯიბიდან ხუთ მილიონს აძლევს მას;
ქართველ ხალხს ერთობ ძვირი დაუჯდება მათი „დასამარება“, თანაც, ეს ხარჯი ერთჯერადი როდია – შემდეგ არჩევნებამდე „ნაცმოძრაობას“ ხალხის ფული გარანტირებული ექნება! რა თქმა უნდა, ხუთი მილიონი არაფერია თუნდაც მხოლოდ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონით დაფინანსებული „ნაციონალებისთვის“, მაგრამ ალალად და უსაყვედუროდ მიცემულს მაინც სხვა ეშხი აქვს.
მხოლოდ დაფინანსების საკითხიც კი აჩვენებს, რომ ახალი მმართველი ძალა ყოფილს სასათბურე პირობებს უქმნის. ეს უკვე აღარ არის კოჰაბიტაცია, ეს უკვე ექსტაზში შერწყმაა.
13 ათასამდე წამებისა და ძალადობის, ან სულაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების ავტორები დღეს იმ კაცის დასჯას ითხოვენ კატეგორიულად, რომელმაც მათი შვიდიოდე ჩანაწერი გამოაქვეყნა. ეს არის ახლა მთავარი თემა.
ბედუკაძის მაგალითზე ვინმე მოინდომებს, ჩვენება მისცეს დამნაშავე რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელზე? მით უფრო, რომ იგეგმება ახალი შესწორების შეტანა საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც მოწმის იძულებით დაბარება აიკრძალება – მან მხოლოდ ნებაყოფლობით შეიძლება მისცეს ჩვენება! რისთვის იღებენ ამ ცვლილებას – „ნაციონალური მოძრაობის“ დასაცავად? აკი განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა სწორედ „ნაცმოძრაობის“ გადარჩენაა!
ბატონებო! ქართველ ხალხს „ნაცმოს“ გადარჩენა რომ სდომებოდა, 41–ს არ შემოხაზავდა, 5–იანი კარგად დაასწავლეს ცხრა წელიწადში და ბევრად უფრო იოლად (და მეტი სარგებლით!) გადაარჩენდა დამნაშავე რეჟიმს, ვიდრე ეს უსუფაშვილს წარმოუდგენია!
და კიდევ ერთი – მიქაუტაძის თვითმკვლელობა, რომელზეც მყისიერ სამართლიანობას ითხოვენ გირგვლიანის და სხვების (სია გრძელია) მკვლელები და მათი მფარველები. ცნობისათვის – მხოლოდ 2010 წლის ექვს თვეში საქართველოში 161 თვითმკვლელობა, ხოლო თვითმკვლელობის მცდელობის 593 შემთხვევა მოხდა. რომელიმე მათგანი, ვინც დღეს მიქაუტაძის საქმეზე ლაპარაკობს, დაინტერესდა ამ შემზარავი სტატისტიკით? თვითმკვლელობის მიზეზებით? თუ მხოლოდ პოლიციიდან გამოსული ადამიანის თვითმკვლელობაა აქტუალური?
10 სექტემბერი თვითმკვლელობის პრევენციის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. ჩვენს „დემოკრატებს“ და „უფლებადამცველებს“ ეს თარიღი არასოდეს აღუნიშნავთ, ისინი 17 მაისის აქციაზე ჭმუნავენ. მერე რა, რომ 26 მაისისგან განსხვავებით არავინ მოუკლავთ და გვამები მაღაზიის სახურავზე არ შემოუწყვიათ, მთავარი ხომ სულ სხვაა!
მთავარია გაგება და კოჰაბიტაცია. კიდევ უფრო მთავარი – „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია და ქართულ პოლიტიკაში სამუდამოდ დამკვიდრება. სიტყვამ მოიტანა და 2003 წელს პოსტსაბჭოთა სივრცის აღიარებული ჩე გევარა (გივი თარგამაძე) აცხადებდა: – სანიტრად ვარ ნამუშევარი და შევარდნაძის ხელისუფლებაზე გვამურ ლაქები ვხედავო. ახლა ვერ ამჩნევთ გვამურ ლაქებს „ნაციონალური მოძრაობის“ სხეულზე, რომლის ფერუმარილით შელამაზებას „ქართული ოცნება“ ცდილობს?
ჩვენ ვხედავთ. იმასაც ვხედავთ, რომ ვიღაც დიდი რუდუნებით ქმნის საქართველოში ხელოვნურ ორპარტიულ სისტემას. „ნაციონალები“ და „ოცნება“ მორიგეობით უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ექსტაზში შერწყმისას კი სულ ერთია – ვინ არის მმართველი ძალა და ვინ თამაშობს ოპოზიციის როლს. პირველ–მეორეზე გაითვლებიან და ასე, ექსტატურად მართავენ ქვეყანას.
ვისაც ამისთვის ხმა არ მიუცია, ამ მოღალატურ გეგმას უნდა დაუპირისპირდეს. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და რაკი კოჰაბიტაცია კოლაბორაციონიზმად ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი არცერთი ამ „კოჰაბიტანტის“ რიგებიდან არ უნდა იყოს.
მათ უკვე მოიგეს, რაც უნდოდათ.
ახლა ხალხის გამარჯვების დროა!