2011 წლიდან საქართველოს მთავრობა მის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზებას ახალი შემართებით შეუდგა. გაყიდა „საქსტატის“ შენობა, თანაც საკმაოდ სოლიდურ ფასად, ამასთან, უკვე გამიტანა აუქციონზე თბილისში მდებარე რამდენიმე სამედიცინო კლინიკა. გარდა ამისა, ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე მიბაძა აჭარის მთავრობამაც და წლის პირველ უქციონზე 3 ობიექტი უკვე გაასხვისა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა, „საქართველოს ფოსტის“ შენობა, ფინანსთა სამინისტრო და „იმელის“ შენობა - ეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული იმ მცირე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალია, რომელიც ვერა ქობალიას უწყებამ საპრივატიზაციოდ გამოიტანა. ნაწილი ამ შენობების გაიყიდა, ნაწილი კი მიუხედავად რამდენჯერმე გამართული აუქციონისა, ისევ მყიდველს ელოდება.
როგორც ჩანს, მთავრობას საპრივატიზაციო მადა გაეხსნა და აუქციონზე შენობა-შენობაზე გამოაქვს. უკანასკნელი, რომლის გაყიდვის გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მიიღო „საქსტატის“ შენობაა. ის თავდაპირველად 3 500 000 აშშდოლარად შეაფასა. იმის გამო, რომ შენობა პირველ აუქციონზე არ გაიყიდა, ფასი დასწია. უკვე 2011 წლის დასაწყისში კი როგორც იქნა „საქსტატის“ შენობა გაყიდა, ის 4 200 000 დოლარად შპს „ოთხმა პეკინმა“ შეიძინა.
როგორც აუქციონის დასრულების შემდეგ „ოთხი პეკინის“ დირექტორმა რამაზ გაჩეჩილაძემ განაცხადა, შენობაში ბიზნეს-ცენტრები განთავსდება.
„პეკინის 4-ში მდებარე შენობაში „საქსტატი“ მიმდინარე წლის მაისამდე დარჩება, შენობის გამოთავისუფლების შემდეგ კი ბიზნეს-ცენტრი შეიქმნება. ასევე შესაძლოა, სავაჭრო ცენტრები და კვების ობიექტები განთავსდეს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, შპს „ოთხი პეკინი“ ახლადშექმნილი კომპანიაა და აქამდე სხვა ბიზნეს-საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია ისიც, რომ „საქატატის“ შენობის ყიდვის სხვამ სურველი აუქციონზე არ ყოფილა.
ამასთან, კომპანიის მენეჯმენტი ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებს თუ რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება „საქსტატი“-ს ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის. მათი ინფორმაციით, ბიზნესგეგმაზე მუშაობა ამ დროისათვის მიმდინარეობს და გარკვეული ციფრები დაანგარიშებული არ არის.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით მოახდინოს: თანხის 50% საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი 50% 2011 წლის 30 ივნისამდე დაფაროს. პირობების თანახმადვე, საპრივატიზებო ობიექტის გამოთავისუფლება ეტაპობრივად: სარდაფის, I და II სართულების გამოთავისუფლება აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო III, IV, V, VI და VII სართულების გამოთავისუფლება 2011 წლის 1 მაისამდე;
ამას გარდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისში მდებარე სამედიცინო კლინიკების გაყიდვასაც აგრძელებს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, 21 იანვარს დაგეგმილ აუქციონზე გასაყიდად „თბილისის გინეკოლოგიური კლინიკა“ გავა, რომლის საწყისი ღირებულება 350000 ლარს შეადგენს.
25 იანვარს დაგეგმილ აუქციონზე კი სამინისტრო გასაყიდად წინანდლის 9-ში მდებარე შპს თვალის სნეულებათა კლინიკა „მზერას“, შპს „ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკას“ და შპს „ზოგადი თერაპიის კლინიკას“ გაიტანს. თვალის სნეულებათა კლინიკა „მზერას“ საწყისი ფასი - 380 000 ლარს, „ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკისა“ - 340000 ლარს, ხოლო „ზოგადი თერაპიის კლინიკისა“ 170 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის პირობების თანახმად, ახალმა მფლობელმა ობიექტებს პროფილი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს.
გარდა ცენტრალური ხელისუფლებისა, წლის დასაწყისში აჭარის მთავრობამ აუქციონზე 5 ობიექტი გამოიტანა და აქედან სამი უკვე გაასხვისა. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირობიანი საჯარო აუქციონზე კომპანია „დისკ-მ“-მა 130 ათას ლარად, დაბა ხელვაჩაურში მდებარე მექანიკური საამქროს შენობა-ნაგებობა შეიძინა, სადაც 15 თვის ვადაში საწარმო უნდა შექნას და არანაკლებ საქართველოს 25 მოქალაქე დაასაქმოს. აუქციონზე გაიყიდა ასევე გათბობის სისტემა, დიზელ გენერატორი და ალუმინის კარ-ფანჯრები. საერთო ჯამში, სამი ობიექტის გასხვისებიდან, ბიუჯეტში 133 ათას 100 ლარი შევიდა.