„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევების შესწავლას (ვის გადაეცა სიმბოლურ ერთ ლარად ქონება ბათუმში, აჭარაში ქონების გასხვისება 1 ლარად (ნაწილი მეორე), ერთ ლარად გაცემული ქონება - პრობლემატური ტენდენციები) აგრძელებს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით განმარტავენ, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული.
„ჩვენთვის უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ასევე ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო გასცემდა სხვადასხვა სახის ქონებას გარკვეული პირობით თუ უპირობოდ კონკრეტულ პირებზე.
მიღებული ინფორმაცია შესაძლებელია ორ კატეგორიად დავყოთ: კერძო პირებზე სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება და საინვესტიციო პირობის სანაცვლოდ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება"- განმარტავენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. მაგალითისთვის: თბილისის მერის გიგი უგულავას ძმის ირაკლი უგულავას კომპანია შპს „ჯეო ლენდი", შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა, ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს „ქროსვეისი", შპს „Avante Hospital Management Group", რომლის წილის 25%-ს ფლობს ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი, ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინსტროს სსიპ-ის „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის" დირექტორი იყო. სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს ,,ახალ ოფისს", რომლის დამფუძნებელიც კომპანია „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია". მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ეკუთვნის.
2007 წელი
უპირობოდ გადაცემული ქონება
ამ პერიოდში ჩუქების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს. ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები).
2008 წელი
უპირობოდ გაცემული ქონება
ამავე წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისის გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.
2008 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს საპატრიარქომ ერთ ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. #13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 4 971.44 მ2 და მასზე დამაგრებული 2272 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კინოთეატრ ,,ხულოს" შენობა მიიღო, 486.1 მ2 საერთო სასარგებლო ფართობით და მასზე დამაგრებული 462 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2010 წელი
უპირობოდ გაცემული ქონება
2010 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე ჯამში 8200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1310 მ2 შენობა ნაგებობები.
პრეზიდენტის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა დიდ დიღომში მდებარე ბინა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას.
2010 წელს სახელწიფო ქონება (გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე 21 მიწის ნაკვეთი) საპრივატიზაციო პირობის გარეშე, ერთ ლარად მიიღო ააიპ ,,თელეთი 2009-მ".
საინვესტიციო პირობით გადაცემული ქონება
2010 წელს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ქუთაისში აკაკი ხორავას ქუჩა #1-ში შენობა ფართობით 1,127.64 მ2 და 22,518 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.
საინვესტიციო პირობა: საინვესტიციო პირობად სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ქუთაისის #11 სპორტთამაშების კომპლექსური სასპორტო სკოლის ჩოგბურთის სექციის აღსაზრდელებისა და ქუთაისის საჩოგბურთო ნაკრები გუნდის მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა და ქუთაისის #10 კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეთა და ქუთაისის ცურვისა და წყალბურთის ნაკრები გუნდების მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა დაევალა.
2011 წელი
უპირობოდ გადაცემული ქონება
2011 წელს საქართველოს საპატრიარქოს ერთ ლარად გადაეცა მესტიის (1206.5 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 122 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა), ქარელისა (სოფელ აბისში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2137კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 402.17 კვ.მ, ასევე, სოფელ ელბაქიაანთკარში მდებარე 1235კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 108.92კვ.მ) შუახევის მუნიციპალიტეტში ( სოფელ ტაკიძეებში, ,,ხიჭაურში'' მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 61 776 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართობით 17055.86 კვ.მ; ქ.თბილისში, წინანდლის ქუჩაზე მდებარე 3830კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთვასებული შენობა-ნაგებობები; ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაბა ლენტეხში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაზე არსებული 189 86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ქ.სენაკში, მდებარე 1864კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართობით - 119.54კვ.მ და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 913,7კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართობით 147.8კვ.მ.
2011 წელს დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა #12 (საერთო ფართობით 78.50კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ზურაბ შამათავას (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა #43(საერთო ფართობით 132კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ.#5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
სახელწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე ერთ ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო.-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი). აღნიშნულ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
2012 წელი
უპირობოდ გადაცემული ქონება
2012 წელს საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა უძრავი ქონება თბილისში, ფოთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში, ბაღდადში, ქუთაისში, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ონში. გადაცემული უძრავი ქონების საერთო რაოდენობამ 149 541.29 კვ.მ. შეადგინა.
ამავე წელს საინვესტიციო პირობის გარეშე სახელწიფო ქონება გადაეცა: შპს „Hospital Digomi" (თბილისი, ლუბლიანას ქუჩის #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #7, ფართობით 206.89კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 4,283.3 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი); კავკასიის სამთო ჯგუფი (ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. #2-ში მდებარე 29813 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); გოდაკო + (ყვარელში (ილიას ტბა) მდებარე 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ლოპოტა ტურ სერვისი (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქობულეთის ქ. 3/15" (თბილისში, ქობულეთის ქ.#15-ში მდებარე 387კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 და #2 შენობა-ნაგებობები); სს „ინტერ ბიზნეს სერვისი" (თბილისში, იუმაშევის ქ.#23-ში მდებარე 13 15კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1685კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი" (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე 1312 კვ.მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შპს „ჯეოლენდს" პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 8 000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
საინვესტიციო პირობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს „ჯეოლენდს" აღნიშნულ ტერიტორიაზე ევალება სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა.
შპს „ჯეოლენდი" დარეგისტრირდა 2003 წლის 10 ივლისს. კომპანიის წილის 50%-ს ფლობს თბილისის მერის გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა.
შპს „განმუხურის სასტუმროს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განმუხურში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 14 699 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.
საინვესტიციო პირობა: სასტუმროს საძირკველის მშენებლობის დასრულებიდან 18 თვის განმავლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა. ამ მიზნით 1 000 000 (მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება
შპს „Avante Hospital Management Group-ს" შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის" 100% წილი გადაეცა.
საინვესტიციო პირობა: კომპანიას დაევალა 200 მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო საწოლის შექმნა, ასევე, „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის" საკუთრებაში არსებული შპს „ქუთაისის მოზრდილთა #5 პოლიკლინიკის", შპს „ქუთაისის #3 ქალთა კონსულტაციის", შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის", შპს „ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის", შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკის" და შპს „ქუთაისის #2 ქალთა კონსულტაციის" სერვისის გადმოტანა და სამედიცინო პერსონალის დასაქმება სულ მცირე ერთი თვით, პოზიციებისა და ანაზღაურების შენარჩუნებით.
ამასთან ერთად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის მანძილზე შპს „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის" სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების გაგრძელება.
შპს „Avante Hospital Management Group-ს" ასევე ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, ხელაიას ქუჩის #3-ში მდებარე 15,140 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
საინვესტიციო პირობა: ამ შემთხვევაში კომპანიას საინვესტიციო პირობად ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში 80 მაღალტექნოლოგიური სამედიცინო საწოლის შექმნა და გადაცემული ქონების სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება განესაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ შპს Avante Hospital Management Group-ის ხელმძღვანელია ივანე ყაჭიური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ის „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის" დირექტორი, 75% წილის მფლობელია გივი კაპანაძე, ხოლო 25%-ს კი ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი ფლობს.
შპს „ქროსვეისს" - ბორჯომში, რუსთაველის მოედნის N1-ში მდებარე 3875.63 კვ.მ შენობა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.
საინვესტიციო პირობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ქონებაზე და ამ მიზნით 1,000 000 (მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება. ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში ბორჯომის მინიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი მუნიციპალური პროექტების შესრულება ან/და დაფინანსება 1,300 000 (მილიონ სამასი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს „ქროსვეისსის" ერთადერთი დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი არის ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავა.
ამავე წელს შპს „ველაჯიოს" სახელწიფოსაგან სიმბოლურ ფასად თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის N25-ში მდებარე 4782 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენონა-ნაგებობა გადაეცა.
საინვესტიციო პირობა: 3,985 239.8 აშშ დოლარის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი დევნილთა განსახლების ღონისძიებების დაფინანსება; 14,760.21 აშშ დოლარის ჩარიცხვა საქართველოს ბანკის მიერ მითითებულ ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში.
შპს „ახალი ოფისი". თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარე 3259კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 521კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1-ის (შადრევანი) და თბილისში, საქანელას #23-ში მდებარე შენობის 90.95/416 ნაწილი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საინვესტიციო პირობა: თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარე 3,259 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, 521 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1-ის (შადრევანი), აგრეთვე, თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედნის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე 2,491 მ2 არასასოფლო-სამეურნე დანიშნულების მიწის კეთილმოწყობა 2013 წლის 1 მაისამდე.
შპს „ახალი ოფისის" დამფუძნებელია კომპანია „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი".
სს „ლიბერთი ბანკს" გადაეცა თბილისში, სანაპიროს ქუჩა #2-ში მდებარე შენობის ნულოვან სართულზე განთავსებული 156.53 მ2 არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე ბანკის ფილიალი/სერვისცენტრის მოწყობა და ამოქმედება არა უგვიანეს 2012 წლის 1 ოქტომბრისა.
აიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია" - კახეთის გზატკეცილი #3-ში სამხედრო დასახლებაში მდებარე 3,7366 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
საინვესტიციო პირობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში გადაცემულ ქონების ბაზაზე ლაბორატორიული კომპლექსის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება, რომელიც უნდა მოიცავდეს გარკვეული პირობების შესრულებას.
შპს „ჯემედი" - თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში ნულოვან სართულზე განთავსებული 183 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე კვების ოქბიექტის მოწყობა და მისი ექპლუატაციაში შეყვანა. ამ მიზნით არანაკლებ 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
შპს „საქართველოს მეტროპოლიის ცენტრი" - თბილისში, ჩარგლის ქუჩა N67-ში მდებარე შენონა-ნაგებობა N1 - ის სარდაფი (705.29), 1-ლი სართ. 771.95. შენობა-ნაგებობა N2 - 54.46, შენობა-ნაგებობა N3 - 325.39 და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 384 ცალი (სახეობის) მოძრავი ქონება.
საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში ამ უკანასკნელი პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ $100 000 ინვესტიციის განხორციელება.
სს „თიბისი ბანკი" თბილისში, სანაპიროს ქ.N2-ში განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნულოვან სართულზე განთავსებული 358.92კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე ბანკის ფილიალი/სერვისცენტრის მოწყობა და ამოქმედება არა უგვიანეს 2012 წლის 1 ოქტომბრისა.
სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია"
1) თბილისი, დასახლება აეროპორტი, აეროპორტის ავტოსადგომის მიმდებარედ 4 141 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისი, აეროპორტი 5307 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე ვაზის პოპულარიზაციის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა.
2) თბილისი, სოფელი დიღომი 18910 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ,,ავტოვაზის'' მიმდებარედ 12026, თბილისი, მდ.მტკვრის მარცხენა სანაპირო, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 4711კვ.მ; თბილისი, მდ.მტკვრის მარცხენა სანაპირო, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 3229კვ.მ.
საინვესტიციო პირობა: გადაცემულ ქონებაზე ვაზის პოპულარიზაციის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისამდე, საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 10 000 ლარის ივესტიციის განხორციელება.
საინვესტიციო პირობით პირდაპირი მიყიდვის გზით ერთ ლარად სახელწიფო ქონება ასევე მიიღო ოცდაშვიდმა სხვა იურიდიულ პირმაც, რომლების საინვესტიციო პირობის განსახორციელებელი დრო ჯერ არ გასულა. მათ შორისაა ააიპ. „ფონდი კავკასიის უნივერსიტეტი", რომელსაც სამტრედიაში გეგეშიძის ქუჩაზე 13 741 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის განმავლობაში ამ ქონების საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენებისა და მისთვის საგანმანათლებლო პროფილის შენარჩუნების პირობით. შპს ,,EKO GEORGIA'', რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2012 წელს პირდაპირი მიყიდვის გზით, სახელწიფომ ერთ ლარად უძრავ ქონებასთან ერთად საინვესტიციო პირობის გარეშე გაასხვისა მოძრავი ნივთებიც. ამ პერიოდში შვიდ შპს-ს გადაეცა ჯამში 1365 ერთეული მოძრავი ქონება, მათ შორის რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა და სხვადასხვა სახის ტექნიკური ინვენტარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განმარტავენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისება თავისთავად კანონდარღვევა არ არის, კანონმდებლობა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ქონების სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაცემას. თუმცა, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრების უფლების სიმბოლურ ფასად მიღება ღიად უნდა მოხდეს, რადგან შესაძლებელია სხვა კომპანიამ უკეთესი საინვესტიციო პირობა წამოაყენოს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას, ან გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. გამჭვირვალობის კუთხით, არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონის მიზანსა და მოთხოვნებს. ასევე აუცილებელია, რომ ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების შემდეგ საინვესტიციო პირობების შესრულებაზე განხორციელდეს კონტროლი, რის შესაბამისადაც დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირსა თუ კომპანიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გასხვისება მრავალ ქვეყანაშია მიღებული. როგორც წესი, აღნიშნული ემსახურება ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, რაც შესაბამისად სტიმულს აძლევს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. ქონების პირდაპირი მიყიდვით საკუთრების უფლება უნდა გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება. სახელმწიფო ქონების გასხვისება კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, კერძოდ იგი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და მისი ეფექტურობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების უზრუნველყოფასა და ა.შ. ქონების გასხვისებისას სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ინვესტორს (ქონების შემძენს), რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას. შესაბამისად აუცილებელია, რომ ქონების გადაცემისთვის დადგინდეს გარკვეული კრიტერიუმები და პირობები. რისკის შემცველია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგად ქონების განკარგვა ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე მოხდა. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია დასაბუთდეს ქონების განკარგვის აუცილებლობა. ჩვენს მიერ შესწავლილ დოკუმენტებში მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, დაუსაბუთებელია.
„სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი გამომდინარეობს არასრულყოფილი რეგულირებიდან, ხოლო ნაწილი კი წარმოიშვა ხელისუფლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, პრობლემის გამოსწორებისთვის აუცილებელია:
საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების ზრდა;
პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ეფექტური ინფორმირება;
პრეზიდენტისათვის გადაწყვეტილების მისაღებად გადაცემული წარდგინების სრულყოფილად დასაბუთება და კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა"- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".