სომხეთში, ისტორიულად ქართულ ქობერის (ქობაირის) ტაძარში ფრესკებს რესტავრაციას სამი იტალიელი რესტავრატორი ქალი უტარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა გაავრცელა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ლორედან ორი დღის წინ ახლახან დაბრუნდა. მისივე თქმით, ქობერში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ქობერის წმინდა გიორგის სახელობის XI საუკუნის ტაძრის მონახულებისას საკურთხეველში არსებული ფრესკების რესტავრაციაზე მხოლოდ სამი იტალიელი ქალბატონი დახვდათ. აი, რას ჰყვება ჩვენთან ინტერვიუში მთვარისა თარხნიშვილი:
- ორშაბათს ლორეტაშირში ჩემი მორიგი გასვლისას დავინახე, რომ ფრესკების რესტავრაციაა დაწყებული. მართალი გითხრათ, რესტავრაციები აქამდეც მინახავს, მაგალითად, სამრეკლო სომეხმა რესტავრატორებმა გააკეთეს, გავსაუბრებივარ კიდეც და მათი რესტავრაციის შედეგიც შემიმჩნევია, - სამრეკლოში სომხური ელემენტები მრავლად შეინიშნება, ეს ეხება ჩუქურთმებსაც. ის, რომ ქართულ ისტორიულ ძეგლს ძველი იერსახე დაკარგული აქვს, ადვილი შესამჩნევია. როდესაც ხელოსნებს გამოვესაუბრე, მითხრეს, რომ ერევნის დაფინანსებით მუშაობდნენ... ახლა, ბოლო ტურის დროს, საკურთხეველში სამი არასომხური შესახედაობის ქალბატონი შევნიშნე. იტალიელები აღმოჩნდნენ და მითხრეს, რომ ერევნის უნივერსიტეტის მოწვევით და დაფინანსებით მუშაობდნენ. როდესაც ვკითხე, იცით თუ არა ტაძრის ქართული წარმომავლობის შესახებ-მეთქი, მერე რაო, მიპასუხეს. საერთოდ, ლორეტაშირის ხეობა სასაზღვრო რაიონია და დროის სხვადასხვა მონაკვეთში რომელი ქვეყანაც გაიყოფდა, ის მხარე თავისებურად ცვლიდა. როდესაც საქართველო იყო ძლიერი ქვეყანა, ტაძარიც გაქართულებული და დიოფიზიტური იყო, და პირიქით... ამ ტერიტორიაზე პირველი სომხური ტაძარი XI საუკუნეშია აგებული, რომელიც სომეხ ბაგრატიონთა შთამომავლის მეფე კვირიკეს ასულ მარიამს აუშენებია. ტაძარზე არსებული სომხური წარწერების მიხედვით, მარიამი ამ მონასტრის წინამძღვარიც გამხდარა. თუმცა, იქვე არის დიდი ტაძარი, რომლის წარმომავლობაც ქართულია. ისიც ქობერს ეკუთვნის... წლების შემდგომ, ზაქარია მხარგრძელის რძალმა, შანშეს ცოლმა ეს ტერიტორია სომხებისგან იყიდა და იქ უკვე დიოფიზიტები გაძლიერდნენ. სწორედ მის პერიოდში, XIII საუკუნეში კიდევ ერთი ტაძარია აგებული (ფრესკები მაშინდელია), სადაც ამჟამად იტალიელი რესტავრატორები მუშაობენ. შესამჩნევად გასომხურებულია ოძუნის ტაძარი, ამ ტაძრის სამრეკლო პრაქტიკულად შეცვლილია. იქ ქართული ელემენტები თითქმის არ შეინიშნება... არადა ის, რომ ეს ტაძარი გიორგი მხარგრძელის აშენებულია, ამაზე ტაძარზე შემორჩენილი 1292 წლით დათარიღებული ძველქართული წარწერებიც მოწმობს.
- როგორი ვითარება დაგხვდათ ქობერში მას შემდეგ, რაც იქ იტალიელი რესტავრატორების ყოფნის ამბავი გახმაურდა, ისინი მუშაობას განაგრძობენ თუ შეაჩერეს?
- არა, არ მუშაობენ. ორი დღის წინ იქ ჩასულს იტალიელი რესტავრატორები არ დამხვდნენ, მაგრამ დაგვხვდა სომხური წარწერა: - ფრთხილად, მიმდინარეობს რესტავრაცია!.. ფრესკებზე მუშაობა ახალი დაწყებულია და არ ვიცი, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული დამკვეთსა და შემსრულებელს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გაჩუმება არ შეიძლება და ზემოთ ამის არაერთი მაგალითი მოგიყევით... ვიცი, რომ კულტურის სამინისტროს დელეგაცია იყო ჩასული და გარკვეული შეთანხმება მოხდა. თუმცა, რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცი... აუცილებელია, რომ ამაში სპეციალისტები ჩაერთონ. ამ ისტორიული ძეგლების შენარჩუნება სწორედ ამ გზით შეიძლება.
- ხშირად დადიხართ სომხეთში, მსგავსი ფაქტები ადრეც შეგხვედრიათ?
- საკმაოდ. ამას წინათ ვნახე ჰნევანქი, ქართულად ამ ისტორიულ ძეგლს "ძელი ჭეშმარიტებისა" ჰქვია. ეს ძეგლი საგულდაგულოდ არის გასომხურებული. სავალალო მდგომარეობაა ოძუნში. როდესაც იქ მოღვაწე სომეხ სასულიერო პირს გავესაუბრე, გაოცებული დავრჩი, ქართული ტაძრის ისტორია, თარიღების მიხედვით სხაპასხუპით მომიყვა, ოღონდ ქართველი არც უხსენებია; ყველაფერი სომხებს მიაწერეს, თითქოს, ქართველს არათუ არ აუგია, არც არასდროს უმსახურია...… გაჩუმება კარგს არაფერს მოგვიტანს.