რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ სკანდალური თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძე გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პოლიციაში იყო დაკითხვაზე, ხოლო იქედან წამოსულმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. როგორც ახლობლები პირად საუბარში ყვებიან, მამუკა საოცრად დადებითი პიროვნება იყო, მეგობრული, თავმდაბალი.. მისგან მსგავსი ქმედება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენ ამ საქმის დეტალებზე გარდაცვლილის მეუღლეს ზიზი ეძგვერაძეს და მის მეგობარს, ბრალდებულ გელა მანჯავიძეს ვესაუბრეთ.
-ბატონო გელა, ხდებოდა თუ არა მამუკა მიქაუტაძესა და თქვენს მიმართ რაიმე სახის ზეწოლა?
გელა მანჯავიძე:
– ჯერ მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი ბრალდებას, პროკურორი გაბრაზდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, ხოლო თუ ვაღიარებდი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამომიშვებდნენ. მერე შემეშვნენ, მითხრეს, ვიცით "ნასროკალი" ხარ და ვერ გაგა****ებთო... მამუკა კი უპატიოსნესი ადამიანი იყო, ალბათ ვერ გაუძლო ზეწოლას... როცა მიგვიყვანეს პოლიციის შენობაში, მამუკა წაიყვანეს და ერთად აღარ ვყოფილვართ. უბრალოდ ვხედავდი, რომ ერთ-ერთ ოთახში მას კითხავდნენ, მერე დაახლოებით 30-40 წუთით გაიყვანეს და აღარც შემოუყვანიათ.
ამირან გიგუაშვილი:
– იცით რა ზეწოლა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ფიზიკური ზეწოლა და დამუქრება. ფსიქიკური ზეწოლაა, როდესაც ადამიანი 7 საათის განმავლობაში იხვეწებოდა, რომ ადვოკატთან შეეხევდრებინათ და უარს ეუბნებოდნენ. არც ოჯახს არ აცნობეს, რომ გელა იქ იმყოფებოდა. ადვოკატი ამ პერიოდის განმავლობაში იდგა საგამოძიებო იზოლატორთან და ელოდებოდა, გამომძიებელი როდის ინებებდა ტელეფონზე პასუხს, შემდეგ გამომძიებელმა ისიც კი განუცხადა, რომ მე იმიტომ ვერ გიპასუხეთ და შემდეგ იმიტომ გაგითიშეთ, რომ ტელეფონი წყალში ჩამივარდაო. გელა და მამუკა დაკითხვის მომენტში ერთად არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად მამუკას მიმართ თუ ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა, გელასთვის უცნობია.
- თქვენს მიმართ გარდა მუქარის შემცველი ზეწოლისა, ფიზიკურ ზეწოლას ხომ არ ქონია ადგილი?
გელა მანჯავიძე:
– არა, ფიზიკურ ზეწოლას ნამდვილად არ ქონია ადგილი. ამ მხრივ ნორმალურად მექცეოდნენ, უბრალოდ ადვოკატთან შეხვერაზე იყო პრობლემა...
ამირან გიგუაშვილი:
– იცით, კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა - გელა გაანთავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, მაშინ როცა გელა არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან, 7 სულიანი ოჯახია და ძალიან მაინტერესებს, როცა სასამართლო 2000 ლარიანი გირაოს უფარდებდა რას ფიქრობდა რით უნდა გადაეხადა ამ ოჯახს ეს ფული? მეტსაც გეტყვით პროკურატურა 5000 ლარს ითხოვდა, მაგრამ "გადაიფიქრეს"...
- ბატონო გელა ამბობთ, რომ მამუკა და ახლო მეგობრები იყავით, თუმცა მამუკას მეუღლემ განცხადა, რომ არ გიცნობთ...
გელა მანჯავიძე:
-მე და მამუკა ვიყავით ახლო მეგობრები და მართლა შოკისმომგვრელია ჩემთვის მამუკას გარდაცვალება. თუ ეს მართალია, გამოდის, მამუკა ჩემზე საქმის "შეკერვას" შეეწირა... ძალიან მიჭირს მასზე საუბარი წარსულში. ძალიან თბილი და მართალი პიროვნება იყო და სწორედ ამიტომაც ვმეგობრობდით. რაც შეეხება მამუკას მეუღლეს, მე ნამდვილად არ ვიცნობდი, ასევე ჩვენ სამეგობრო წრეში არიან სხვა ჩვენი მეგობრებიც, რომლებსაც მამუკას მეუღლესთან ნაცნობობა არ აკავშირებთ. ძირითადად სამსახურის პერიოდში ვურთიერთობდით და ამიტომ მის მეუღლესთან შეხება ფაქტობრივად არ მქონია.
- როგორ ფიქრობთ რატომ გადაწყვიტეს თქვენს მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება?
გელა მანჯავიძე:
– ვერ გეტყვით. მიჭირს ამაზე ოასუხის გაცემა. ერთი უბრალო, პატიოსანი კაცი ვარ, ჩემი შრომითა და "რულით" ვჭამ პურს, მე ვისთვის რა უნდა მიმეცა...
ამირან გიგუაშვილი:
– ფაქტია, რომ გელა მანჯავიძე არაა ისეთი ფიგურა, რომ მის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაეგეგმათ. ეჭვი მაქვს, რომ ამ ოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო არათუ მინისტრი, არამედ სამმართველოს უფროსიც კი. როგორც ჩანს, ვიღაცეებს უნდოდათ მაღალი თანამდებობის პირებთან ქულების დაწერა, ეს როგორი შედეგითაც დასრულდა ვნახეთ.
ზიზი, გარდაცვლილის მეუღლე:
-მამუკა ჭირდებოდათ როგორც მოწმე, რომელიც იტყოდა რომ მის მეგობარს, გელა მანჯავიძეს მარიხუანა ქონდა. როცა დაკავებულები ძირს დააწვინეს და გაჩხრიკეს, არცერთს არაფერი არ აღმოაჩნდა. აღნიშნეს კიდეც პოლიციელებმა- არაფერი არ აქვთ, სუფთები არიანო (ამას ამბობენ უშუალოდ დაკავების თვითმხილვლები), მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი, იქვე ახლოს მდგომ ტრაილერთან მისულა და ბორბლიდან გამოიღო თურმე სიგარეტის ქაღალდში გახვეული რაღაც და გელასთვის უთქვამს, აგე, "პლანი", რომელიც შენ მამუკას პატივისცემის ნიშნად მოუტანეო. მამუკა, ისე შეიყვანეს დაკითხვაზე არც გაუფორმებიათ...
-როცა დაბრუნდა სახლში რა გელაპარაკათ?
- მითხრა რომ ცუდად იყო და გულს უჩიოდა, მთელი სხეული მტკივაო. მერე მის მიერ დაწერილი ჩვენება მანახა, წაქცეულს იძულებით მომაწერინეს ხელიო, მაგრამ არ წამიკითხავს, შიგნით რა წერიაო... როგორც მითხრეს იქ ეწერა, რომ გელას პატივისცემის მიზნით ჩემთან "პლანი" მოქონდაო, მამუკას უთქვამს, მე მაგაზე ხელს არ მოვაწერ, ტყუილია ეგ ყველაფერიო... არ მოაწერ და 9 წლიან "სროკზე" გაგიშვებთო – დამუქრებიან. დამიჭირეთ მაინც არ მოვაწერო და მერე დაუწყიათ მამუკას ცემა და წამება. ვიღაცამ მკრა ხელი და კედელზე მიმახეთქაო, სახით წავიქეცი და მერე წიხლებით შემდგნენო. მინდა გითხრათ, რომ ის ჩვენება რაც შსს-მ გაავრცელა, მამუკას წაკითხულიც არ ქონდა.
- სახლში რომ დაბრუნდა შეშინებული ხომ არ იყო, ვინმე ხომ არ აშინებდა?
- უცხო ნომრების დარეკვის ეშინოდა და ტელეფონს თიშავდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცას ემალებოდა. ორჯერ ვცადე, მინდოდა მისი მეგობრის ნომერი მენახა და გამომგლიჯა ხელიდან. ტელეფონი არ ჩართო, ვინმემ არ დამირეკოსო. ერთიანად ცახცახებდა, საშინლად იყო შეშინებული. მსგავსი მამუკა არასოდეს არ მინახავს.დილით ელოდებოდა ვიღაცის ზარს, როგორც მერე გაირკვა, დილით 9 საათზე ისევ დაბარებული იყო, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ალბათ უკვე პოლიციასთან აქტიურ თანამშრომლობას თხოვდნენ, რასაც მამუკა არასოდეს არ გააკეთებდა და ამიტომაც დაასრულა ასე სიცოცხლე.
- რამდენადაც ვიცი თითქოს გაგაფრთხილათ, რომ თავის მოკვლას აპირებდა...
-სახლში დაბრუნებულმა მითხრა, რომ ხვალიდან მარტო მოგიწევს ცხოვრება და გამაგრდიო. შვილებს ძალიან ბევრი ეფერა, მივხვდი, აფორიაქებული იყო და მეგონა, უბრალოდ ამბობდა ასეთ რაღაცეებს. მთელი ღამე მელაპარაკებოდა, მამხნევებდა, დილით ჩამეძინა და მაგ დროს გავიდა სახლიდან. როცა ვნახე, რომ სახლში არ იყო, დავრეკე და სამსახურში ვარო, მივხვდი, მატყუებდა და წავედი სამსახურში, როცა იქ არ დამხვდა, ისევ დავურეკე და ნუ გეშინია, თბილისის ზღვაზე ვარ ასული, ვიბანავებ, იქნებ ცოტა გული გადავაყოლოო და მალე მოვალ სახლშიო.
- შემდეგ თქვენს ერთ-ერთ ზარზე სხვამ უპასუხა...
- კი. ერთ-ერთი ზარის დროს ბავშვმა მიპასუხა და მითხრა, ეს ბიძია ახლა გავიცანი თვითონ მაღაზიაში შევიდა თოკის საყიდლადო და მე დამტოვა მანქანაშიო, ამ დროს იქიდან მამუკამ დამიძახა, მალე დაგირეკავო, მართლაც დამირეკა ათ წუთში. სინამდვილეში თოკი არ უყიდია, რადგან თავი ე.წ. "ბუქსირის" თოკით ჩამოიხრჩო და აღსანიშნავია, რომ ასეთი თოკი მას მანქნაში არასოდეს არ ქონია. სხვათაშორის ერთ-ერთი დარეკვისას თავის მეგობარს უთხრა, ზღვაში ვერ მოვახერხე თავის დახრჩობა და ახლა უნდა ჩამოვიხრჩო თავიო...
-ქალბატონო ზიზი, როგორ ფიქრობთ გარდა იძულებით ჩვენებისა სხვა რაიმე ფაქტორიც ხო მარ იყო რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო?
--დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სხვა ფაქტორიც იყო, რასაც არ მეუბნებოდა. ზუსტად ვიცი რაღაც იყო, რისიც ეშინოდა,მაგრამ რა, ამაზე არ შემიძლია პასუხის გაცემა და იმედია გამოძიება დაადგენს.
- ენდობით გამოძიებას?
-ძალიან მინდა რომ ვენდო, მაგრამ მიჭირს. ვიმედოვნებ, რომ ობიექტურად გამოიძიებენ, თუმცა მე მაინც დამოუკიდებლადაც ბოლომდე მივყვები ამ საქმეს. სრული ნდობა როგორ შეიძლება მქონდეს, ფაქტობრივად მაგათ მოკლეს მამუკა...
საქმეში იმაზე მეტი კითხვის ნიშნებია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. როგორც უკვე ვთქვით გამოძიება დაწყებულია და იმედია ყველა კითხვას ობიექტური პასუხი გაეცემა და დაუსჯელობის სინდორმი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.