"უპირველესად გეტყვით, რომ ავღანეთში ჩვენი კონტინგენტი გადასულია მუშაობის სრულიად ახალ რეჟიმზე. უსაფრთხოების ის სამუშაოები, რაც ავღანეთში ჩემი ვიზიტისას ქართული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და ნატოს სარდლობასთან ერთად დაიგეგმა, პრაქტიკულად შესრულებულია. ის ორი მცირე ბაზა, რომელთა დახურვაც დაგეგმილი იყო, დაიხურა. ჩვენი შენაერთები გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას. ახლახან გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე დაბრუნდა ავღანეთიდან, ახლა უკვე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალი კაპანაძე მიემგზავრება იქ, რათა შესრულებული სამუშაოები შეამოწმოს. ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებაა. გარწმუნებთ, ამ მიმართულებით რის გაკეთებაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება. ისე კი, მომხდარის დროს ჩვენს სამხედრო მეთაურებს არც ერთი სტანდარტული ოპერატიული პროცედურა არ დაურღვევიათ, ამგვარი თავდასხმები ხორციელდება არ მხოლოდ ჩვენს დანაყოფებზე. ნატოს წარმომადგენლებთან ერთად შევისწავლეთ მომხდარი და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ჩვენი ბაზა ტერორისტების სამიზნე იმიტომ არ გამხდარა, რომ ეს მაინცდამაინც ქართული ბაზა იყო. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, თითქოს ეს იყო საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, თალიბანი ძალიან გააქტიურებულია, ისინი სამშვიდობო ოპერაციის ყველა მონაწილე ქვეყნის კონტინგენტს უქმნიან საფრთხეს", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას".
"იმ ვიდეომუქარის ინტერნეტში გამოჩენა არანაირად არ უკავშირდება ჩვენს ბაზაზე ტერორისტულ თავდასხმას. როგორც უკვე ვთქვი, თალიბანი ზოგადად არის გააქტიურებული. ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშია ამის რაც შეიძლება სწრაფად გამოძიება. უნდა გავიგოთ, რა სახის ანტიქართულ კამპანიასთან გვაქვს საქმე. ვხედავ გარკვეულ კავშირს ამ ვიდეომუქარასა და იმ ამორალურ წერილს შორის, რომელიც "ნიუ იორკ თაიმსში" დაიბეჭდა და რაც ემსახურებოდა ავღანეთში მყოფი ჩვენი კონტინგენტის დისკრედიტაციას. როგორც ამ ვიდეოების, ასევე ამ წერილის მიზანი ჩვენი ევროპული არჩევანის დისკრედიტაციაა. გზა დასავლეთისკენ - ეს არის არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი. ვინც ამაზე ცდილობს დარტყმას, ყველა უნდა გაიშიფროს და უმკაცრესად დაისაჯოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"ნატოს ვიზიტით კმაყოფილი ვარ. ევროატლანტიკური საბჭოს დეპუტატებმა შეძლეს ადგილზე ენახათ, თუ საით მიდის საქართველო. უამრავი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა ახალი ხელისუფლების შესახებ, თუმცა ამჯერად მათ მკვეთრად დაინახეს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოს არჩეული გზა ევროპისკენ შეუქცევადია, რომ საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული ცვლილებები და რეფორმები როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სფეროში. დაინახეს ისიც, რომ შესაძლებელია პოლიტიკური თანაარსებობა. მოეწონათ, რომ საგარეო პოლიტიკასა და გარე ვექტორის შესახებ ძირითადი პოლიტიკური აქტორები ვთანხმდებით. ისინი ახლა ელოდებიან საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც ციკლი უნდა დაასრულოს და რომელიც უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტით. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე ნატოს სტანდარტებზეა გადასული. ბევრი რამ შეიძლება დასახვეწია ლოჯისტიკის ან ინფრასტრუქტურის კუთხით, მაგრამ შეიარაღებული ძალების კვალიფიკაცია ზუსტად ნატოელთა კვალიფიკაციის ფარდია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები უკვე ნატოში არიან. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გადავდგათ ნაბიჯები როგორც საქართველოში, ასევე ნატოში და დავეწიოთ ჩვენს ჯარისკაცებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, იგეგმება ნატოს სამიტი, გვქონდა ძალიან საფუძვლიანი განხილვა იმისა, თუ რა იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯი. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად წავიწევთ წინ. სპეკულაციები რომ არ გამომივიდეს, კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ამას არ ვიტყვი", - ამბობს რესპონდენტი.
"რაც სტადიონზე მოხდა, ბუნებრივია. პროტესტის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ქართულ-რუსული ურთიერთობები რთული და წინააღმდეგობრივია. ქართველ საზოგადოებას სწორად აქვს გაიგივებული რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო შეიარაღებული ძალები. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ამავდროულად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესებას მხარს უჭერს 70%-ზე მეტი. სხვა გზა და ალტერნატივა არა გვაქვს, მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, უნდა გვქონდეს სწორი დამოკიდებულება. ურთიერთობა საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო? ვფიქრობ, დავიწყეთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებით, ამას მიესალმენ ნატოც და სხვა ორგანიზაციებიც. სპორტი პოლიტიკის მიღმაა. კარგია, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე ლაპარაკი რომ დასრულდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვართ ჩართული, რათა უსაფრთხოდ ჩაიაროს სოჭის ოლიმპიადამ. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო განვითარებისთვის, რათა მეტი სივრცე დავიტოვოთ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობისთვის. იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ამ საპროტესტო აქციაში ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას და გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას. მაგრამ პოლიტიკოსებს და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვთ, ამ საკითხზე მსჯელობისას უფრო მეტი დაფიქრება და წინდახედულება მართებთ. რაც შეეხება ახალგაზრდების დაკავებას, არ ვიცი, რა სამართალდარღვევა ჩაიდინეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გაათავისუფლებენ. რას ვიზამთ, კანონი კანონია და ამას ყველა უნდა დავემორჩილოთ", - ხაზგასმით აღნიშნავს რესპონდენტი.
"პრემიერს თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას, როდის მივა ქვეყნის სტაბილური განვითარება იმ დონემდე, რომ ივანიშვილი წავიდეს, არ ვიცი, ეს მისი საქმეა. პირადად მე, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. დღეს ხელისუფლება მომართულია მხოლოდ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებები შევასრულოთ. არ მიწყინოთ, მაგრამ `თუზე~ ლაპარაკს არ ვაპირებ", - დასძენს ირაკლი ალასანია.