"არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაძლიერდეს დასავლეთისგან ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა გარკვეულ ფაქტებზე თვალი დახუჭოს. სავარაუდოდ, იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღოს, ჩართულია პრეზიდენტის ბიძა - თემურ ალასანია, რომელიც მართლაც ლეგენდად არის ქცეული ქართული სინამდვილისთვის. მას ხშირად მოიხსენიებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების "რუხ კარდინალად" და ამბობდნენ, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მის გარეშე, ფაქტობრივად, არ მიიღებოდა. ის ჩართული იყო ეკონომიკურ გარიგებებში. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალება ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამგვარ ეკონომიკურ გარიგებასა და თემურ ალასანიას სახელს უკავშირდებოდა, თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი. მას ხშირად მოიხსენიებენ რუსული "კაგებეს" გენერლად, ადამიანად, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ოფიციალურ მოსკოვთან, თუმცა წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქაურ პოლიტიკურ წრეებთანაც სერიოზული კონტაქტები აქვს. 2011 წელს ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "რა სურს თემურ ალასანიას ივანიშვილისგან".
"ივნისის ბოლოს თემურ ალასანია რამდენიმე დღით სტუმრობდა საქართველოს. ალასანიას ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. "თურმე პაგონებიანი ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა საქართველოში. ეს ან იმას ნიშნავს, რომ მიშას გაუჭირდა, ან იმას, რომ მთელი ოჯახი ძალიან არხეინად გრძნობს თავს! დაკითხვაზე არ უნდა იყოს დაბარებული, ნეტავ, და თბილისის მაგივრად მოსკოვს არ უნდა უბრუნდებოდეს მრავალწლიანი ეფექტური სამსახურის დასასრულს?" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში. ოჯახთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა გვითხრა, რომ თემურ ალასანია საქართველოში სულ სამ დღეს გაჩერდა და მისი ვიზიტის მიზანი პოლიტიკური არ ყოფილა, ის დროდადრო ჩამოდის საქართველოში ახლობლების მოსანახულებლად და ამაში საოცარი არაფერიაო. თუმცა, როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ირჩია, გვითხრა, თემურ ალასანიას ვიზიტს სულ სხვა მიზანი ჰქონდა: "თემურ ალასანია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ცდილობს. მან გარკვეული არხების გამოყენებით შეუთვალა პრემიერს, რომ მასთან შეხვედრა სურდა. ერთ-ერთი უცხოელი დიპლომატი ძალიან ეცადა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ იქნება ბოლო მცდელობა და მიხეილ სააკაშვილის ბიძა მომავალში ყველანაირად შეეცდება, რომ პირისპირ ესაუბროს პრემიერს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ზემოხსენებული მაღალჩინოსნის განცხადებით, მან არ იცის, რა თემებზე სურდა თემურ ალასანიას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. ვერსიებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ალბათ, ორი მათგანი მაინც უნდა გამოვყოთ: სავარაუდოდ, თემურ ალასანია პრეზიდენტისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებას ცდილობს. როგორ და რა სქემით შეიძლება ეს განხორციელდეს, გაურკვეველია. ალბათ, ისიც ბუნდოვანია, რატომ ფიქრობს თემურ ალასანია (თუ, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ვერსია სიმართლეს შეესაბამება), რომ ივანიშვილთან პირისპირ საუბრით რაიმეს მიაღწევს ან პრემიერს გარიგებაზე დაითანხმებს. მეორე ვერსიის მიხედვით, თემურ ალასანია შესაძლოა ცდილობდეს საკუთარი სამსახურის შეთავაზებას ახალი ხელისუფლებისთვის თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სფეროში. ცნობილია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ კრემლთან ურთიერთობის დალაგებას სააკაშვილი სწორედ თემურ ალასანიას საშუალებით ცდილობდა. იმჟამად ამის თაობაზე ინფორმაცია ექსპრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა გაახმაურა", - განაგრძობს გამოცემა.
"მოკლედ, ასეა თუ ისე, შეხვედრა არ შედგა. "ივანიშვილის უარმა თემურ ალასანია ძალიან გააბრაზა. თქვა, მალე აქეთ შემეხვეწებიან შეხვედრას, მაგრამ უკვე გვიან იქნებაო. თუმცა შესაძლოა, ეს სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის გასამხნევებლადაც იყო ნათქვამი, სადაც პანიკური განწყობები და ერთმანეთის მიმართაც დიდი უნდობლობაა გამეფებული. ბიძამისმა, სხვათა შორის, ერთ-ერთ პრივატულ შეხვედრაზე სააკაშვილსაც უთხრა - რაც მოგივიდა, ყველაფერი შენი ბრალია და კიდევ იმის, ზოგიერთების ჭკუაზე რომ დადიოდიო. რას გულისხმობდა ალასანია, უცნობია - იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სააკაშვილმა უფრო მეტი სიხისტე არ გამოიჩინა და რეპრესიები არ გაატარა ოპონენტების მიმართ, როგორც მას რიგი "კეთილისმყოფელები" ურჩევდნენ, თუ იმას, რომ უფრო ლიბერალური არ იყო", - აღნიშნავს წყარო. მოკლედ, სააკაშვილი სერიოზული დილემის წინაშე დგას - მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, არა მხოლოდ მისი მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. დაიხსნის თუ არა ამისგან გავლენიანი ბიძა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდება", - დასძენს გამოცემა.