სტამბოლის გეი პრაიდზე ქართული დროშა აფრიალდა

სტამბოლის გეი პრაიდზე ქართული დროშა აფრიალდა

 

24-30 ივნისს, სტამბოლში, პრაიდის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში ყოველდღე სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა.

Tomato party-ს დავესწარი, სადაც პომიდვრებით აჯილდოვებდნენ ჰომოფობებს (პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, გამოცემებს, ტელესერიალებს და სხვ). „დაჯილდოება“ მდგომარეობდა „გამარჯვებულისთვის“ ყუთში ჩადებული პომიდვრის გაგზავნაში. Tomato party-ს ესწრებოდა ადგილობრივი პოპულარული მომღერალი გოგონა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ერთ-ერთი სიმღერა რამდენიმე წლის წინ თურქეთში მოკლული ახალგაზრდა გეის ხსოვნას ეძღვნებოდა. ერთ-ერთი „გამარჯვებულის“, ტელესერიალის მონაწილე მსახიობმა გოგონამ განაცხადა, რომ ჰომოფობიური კონტექსტის ეპიზოდებში მონაწილეობაზე შეგნებულად უარი თქვა, ღონისძიებაზე კი იმიტომ მოვიდა, რომ ლგბტ ადამიანებისთვის თავისი მხარდაჭერა გამოეხატა.

სამწუხაროდ, ენის არცოდნის გამო, პრაიდის ბევრი ივენთი, მაგალითად, ლგბტ საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, უბრალოდ გამოვტოვე.

თვითმხილველებმა ვივარაუდეთ, რომ პრაიდში 50 000 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა გადასცეს, რომ პრაიდის მონაწილეთა რიცხვმა 100 000-ს მიაღწია. ტაქსიმის მოედანი, საიდანაც მსვლელობა დაიწყო, დაახლოებით ჩვენი თავისუფლების მოედნის ზომისაა, ან ოდნავ დიდი. იგი სრულად იყო გადაჭედილი ხალხით. ხალხი იმდენად მჭიდროდ იდგა, სამოძრაო ადგილიც კი აღარ იყო. შემდეგ, ხალხმა გადმოინაცვლა სტამბოლის მთავარ ქუჩაზე – ისტიკლალზე, რომელიც დაახლოებით მეტრო თავისუფლებიდან მეტრო რუსთაველამდე მანძილს მოიცავს, და ეს ტერიტორიაც ბოლომდე გადავსებული იყო. ქუჩა, რომელზეც მსვლელობა უნდა მოწყობილიყო, მთლიანად სავსე აღმოჩნდა, და ხალხის ნაკადი სხვა ადგილებში, ზემოთ-ქვემოთ, მოძრაობდა.

მაინც ისლამური ქვეყანაა, დაპირისპირებას თუ არა, პატარა აგრესიას მაინც ველოდი პრაიდის მონაწილეთა მიმართ. თეოდორე გიგნაძემ რომ განაცხადა, აგერ ნატოს წევრ თურქეთში არ აძლევენ ჰომოსექსუალებს პროპაგანდის უფლებასო, არ აძლევენ კი არა, 2003 წლიდან სტამბოლში პრაიდები ტარდება. რამდენჯერმე ქალაქის შედარებით „უკაცრიელ“ ჩიხებშიც მოვხვდი. როდესაც სარკმელებიდან მომზირალ სტამბოლელებს ვხედავდი, როგორც მინიმუმ, სარკმლის მოჯახუნებას ან აგრესიულ ჟესტიკულაციას მაინც ველოდი მათგან, მაგრამ სახტად დავრჩი, როდესაც თითქმის ყველა მათგანი საოცარი პოზიტიური განწყობით გვეგებებოდა. ისინი ცეკვავდნენ, უამრავი სარკმლიდან ცისარტყელას დროშები იყო გადმოფენილი, მხიარული მუსიკა ჰქონდათ ჩართული. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღეებში პრაიდის და მისი მონაწილეების მიმართ არანაირი აგრესია, არავის გამოუხატავს. გამაოცა ბავშვების სიმრავლემ. პრაიდზე საბავშვო ეტლების ძალიან დიდ რაოდენობას იხილავდით, პატარებს ფეხებზე გეი დროშები ჰქონდათ გადაფარებული. შედარებით მოზრდილი ბავშვები მშობლებს კისერზე ესვათ და ფერად დროშებს აფრიალებდნენ.

ყველაზე დიდი ხმაური მაშინ ატყდა, როდესაც მსვლელობამ მთავარ გამზირზე მანგოს მაღაზიას ჩაუარა. როგორც კი მსვლელობა მაღაზიას მიუახლოვდა, იგი შეჩერდა, მონაწილეებმა იმღერეს, იცეკვეს, შიგნით დროშები შეიტანეს, ანტიჰომოფობიურ ტექსტებს სკანდირებდნენ. როგორც აღმოჩნდა, 2011 წელს, ზუსტად ამ მაღაზიაში შესულა ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ჰეტერონორმატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო იქიდან გააძევეს. ამ ამბის შემდეგ, დასახელებულმა პიროვნებამ ადგილობრივ ლგბტ ორგანიზაციებს მიმართა. იმავე საღამოს, მაღაზიის მესვეურთა ჰომოფობიური ქმედების გასაპროტესტებლად, მაღაზიაში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მას შემდეგ, მსგავსი პროტესტი მაღაზიის მიმართ ყოველ პრაიდზე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ძალიან მომეწონა პროტესტის ფორმა: ადამიანებმა მაღაზიაში იმღერეს, იცეკვეს, დროშები აფრიალეს, შემდეგ კი გზა განაგრძეს.

რაც შეეხება გეზი პარკის მოვლენებს, ამ საპროტესტო აქციაზეც მოვხვდი. ამ მიტინგებს არანაირი ორგანიზატორი არ ჰყავთ. ხალხი თავად ნიშნავს შეკრების დროს. მართალია, პრაიდს ხალხის გაცილებით დიდი რაოდენობა ესწრებოდა, მაგრამ გეზი პარკის მიტინგსაც არ აკლდა მონაწილეები, დაახლოებით 30 000 კაცზე მეტი თავისუფლად იქნებოდა. დასახელებული აქციის მონაწილეებიც გამოხატავდნენ პროტესტს გარკვეული შენობების, მაგალითად, სახელმწიფო ბანკების მიმართ. დასახელებულ აქციებთან დაკავშირებით, მოსახლეობა სოლიდარობას ასევე სარკმელებში ქემალ ათათურქის პორტრეტებისა და თურქეთის დროშების გამოფენით გამოხატავდა. მთლიანობაში, ქალაქში ერთსულოვნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის გასაოცარი მუხტი ტრიალებდა. გეზი-პარკის აქციებში ლგბტ ორგანიზაციებიც აქტიურობენ. ჩემს იქ ყოფნაში, მიტინგს თურქული ლგბტ ორგანიზაცია Lambdaistanbul შემოუერთდა. ცისარტყელას დროშებით აქციაში შესულ ორგანიზაციის წევრებს ხალხი დიდი ოვაციებითა და სიხარულით შეხვდა.

უშუალოდ პრაიდის დღეს, როგორც კი 30 ივნისი გათენდა და ქუჩაში გავედი, უკვე თვალნათლივ იგრძნობოდა, რომ ქალაქი გეი პრაიდისთვის ემზადებოდა. ისტიკლალზე პრაიდის დღეს ყველაფერი სხვანაირი იყო. სუვენირების მაღაზიებში გააქტიურდა ცისარტყელას მოტივი, თექის მაღაზიაში შეგეძლოთ ცისარტყელას დროშის, ნაირ-ნაირი ზომისა და ფორმის ქუდების შეძენა. მაღაზიებმა შესაბამისი თემატიკა გაააქტიურეს, ცისარტყელას დროშები გამოფინეს, წიგნების მაღაზიებს კი პრაიდის ვერც ერთი მონაწილე გულგრილად ვერ ჩაუვლიდა, რადგან გარეთ ლგბტ თემატიკაზე შექმნილი წიგნების ძალიან დიდი რაოდენობა იყო გამოფენილი. პრაიდი 5 საათზე, ტაქსიმის მოედანზე იყო დანიშნული, თუმცა ადამიანები სტამბოლის ქუჩებში დილიდანვე გავიდნენ და ცისარტყელას დროშების ფრიალით ზეიმობდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ არავის მხრიდან არანაირი აგრესია არ დამინახავს. როდესაც მსვლელობამ ერთ-ერთ ქუჩაზე ჩაიარა, იქ იდგა პრაიდის მოწინააღმდეგე რამდენიმე ადამიანი, მაქსიმუმ ოცი კაცი. იქვე პოლიციაც იდგა, ყოველგვარი კორდონის გარეშე, რადგან, როგორც ჩანს, შეხლა-შემოხლას არავინ ელოდა. „კონტრდემონსტრანტები“ ჩუმად იდგნენ, ხმა არ ამოუღიათ, უბრალოდ ხელში ეჭირათ რამდენიმე პოსტერი და ოსმალეთის იმპერიის დროშას აფრიალებდნენ. პრაიდის მონაწილეები მათთან მივიდნენ, ეცეკვებოდნენ, უმღეროდნენ. ისეთი სიტუაცია სუფევდა, რომ თბილისის გახსენებაც კი აღარ მსურდა. სადღაც 15 წუთში იგივე ადგილზე გავიარე და ისინი იქ უკვე აღარ დამხვდნენ – აქცია უკვე დაშლილი იყო.

რუსეთის საელჩო ისტიკლალის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. აი ამ შენობის წინ, იმ დღეს მართლაც საოცრებები მოხდა – გალავანზე ცისარტყელას დროშებს აგდებდნენ, შესასვლელზე კი აკრული იყო ძალიან დიდი, ვარდისფერი ქსოვილი, რომელზეც ეწერა: ”Hе бойтесь, гомофобия излечима” (ნუ გეშინიათ, ჰომოფობია იკურნება). ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ რუსეთის საელჩოს შესასვლელი პრაქტიკულად ამოიქოლა ამ ლოზუნგებით. პრაიდის წინადღით, პირადად მე „ერთკაციანი პერფორმანსი“ დავდგი და რუსეთის საელჩოს წინ გეი დროშა კარგა ხნის მანძილზე ვაფრიალე. ამაზე გამვლელებს ძალიან ეცინებოდათ, ზოგმა აპლოდისმენტებთაც დამაჯილდოვა.

პრაიდზე, სამი უზარმაზარი გეი დროშა ჰქონდათ გაშლილი. პერიოდულად, დროშაზე გეი და ლესბოსელი წყვილები ადიოდნენ, რომლებიც ხალხს მიყავდა. რაღა თქმა უნდა, პრაიდზე საქართველოს დროშა გავშალე. რამდენჯერმე ყურში მომხვდა “გურჯისტან” -ხალხმა დროშა იცნო. ბევრი მიღიმოდა, ვიღაც უცნობები სურათებს მიღებდნენ.
ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა ცერა თითის აწევით მიჩვენა, რომ ესიამოვნა საქართველოს დროშის იქ დანახვა. პრაიდის მონაწილეების უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ. ტურისტები, სხვათა შორის, ძალზე ცოტა რაოდენობით შემხვდა. შესაძლოა, ეს ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ფონს უკავშირდებოდეს.

ადგილობრივი ლგბტ თემი ძალიან ძლიერი და მებრძოლია. მისი წარმომადგენლების თქმით, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება საკმაოდ ჰომოფობიურია, მაგრამ ლგბტ თემის შეკრულობისა და მის მიმართ დანარჩენი საზოგადოების დიდი სოლიდარობის გამო, იგი პრაქტიკაში ვერ ახორციელებს ამ ჰომოფობიურ განწყობებს. მართალია, ვითარება სტამბოლში მთლიანად თურქეთში არსებულ ჰომოფობიურ სურათს ზუსტად ვერ აღწერს, რადგან, როგორც წესი, მეტროპოლიებს მიღმა, პროვინციებში, მეტი ჰომოფობიური განწყობებია, მაგრამ, ჩემი თურქი მეგობრების მტკიცებით, საერთო ფონი ყველაზე მივარდნილ თურქულ პროვინციებში ბევრად უკეთესია, ვიდრე მთელს საქართველოში. ის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რიცხვი საქართველოში არცთუ ისე მაღალია, თურქი ლგბტ აქტივისტების განმარტებით, გამოწვეულია არა ადგილობრივი საზოგადოების ტოლერანტობის ხარისხით, არამედ ლგბტ ადამიანების ხილვადობის დაბალი მაჩვენებლით.

ერთ-ერთი გერმანელი ლგბტ აქტივისტი პრაიდის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ ლგბტ აქტივიზმის გაძლიერების მიზნით ყოველთვის ჩადის ჰომოფობიურ ქვეყნებში, თურქეთმა კი ამ მხრივ მას „იმედი გაუცრუა“. მან გერმანიის წარსულზე, ნაციზმზე ისაუბრა და თქვა, რომ გერმანიამ მას შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უზარმაზარი პროგრესი განიცადა, ასე რომ, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ახლა უიმედო ჰომოფობიური მდგომარეობაა, ამგვარი ვითარება მუდმივი არ არის, და რომ ისლამური ქვეყნებისთვის თურქეთი ამ მხრივ გასაოცარი მაგალითია.

სტამბოლის გეი პრაიდმა მომაგონა საქართველოში ჩემი პატარა სამეგობრო წრე, რომელიც მაქსიმუმ ოცი ადამიანისგან შედგება და სადაც ყველანი ერთმანეთთან გახსნილები, გულწრფელები ვართ, თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ჩვენთან არ არსებობს არც ჰომოფობია, არც რასიზმი, არც სექსიზმი. დაახლოებით, სტამბოლი ჩემი სამეგობრო იყო, ოღონდ ძალიან დიდი და მასშტაბური.