ბინის გამქირავებლების პრობლემები იმდენად მწვავე გახდა, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე ფიქრობენ. უძრავი ქონების ასოციაციამ მთავრობას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა, ხოლო დეპუტატები განხილვებს იწყებენ. გამოსავალი ერთადერთია - საპოლიციო გამოსახლების აღდგენა, ოღონდ მხოლოდ ბინების გაქირავების ნაწილში.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს, ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა დროსაც გახშირდა ფაქტები, ბინის დამქირავებელი ურჩი გადამხდელები ფართებს არ ტოვებენ.
„მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ქონების მესაკუთრეების უფლებების დასაცავად, დაუყოვნებლივ მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად, რათა დაცული იყოს მესაკუთრე კონსტიტუციით აღიარებულ უფლებაში და ხელშეშლის გარეშე განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას“, - ნათქვამია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში.
პრობლემა ბოლო რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ წელს უკვე ძალიან გამწვავდა. საქმე ისაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილი მიგრანტთა ნაკადმა ბინების გაქირავების ბაზარზე დიდი მოთხოვნა გააჩინა. ამან გაზარდა, როგორც ქირის, ასევე საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასი. მალევე იჩინა თავი იმ პრობლემამ, რაზეც ბოლო თვეებში ძალიან ბევრი მესაკუთრე საუბრობს. გაზრდილი შემოსვლების ფონზე, ბინის მფლობელები, დამქირავებელთა მხრიდან ქირის გადაუხდელობისა და მათი კუთვნილი ქონებიდან უკანონოდ შეჭრილი ადამიანების გასახლების შეუძლებლობის წინაშე დადგნენ. ვინაიდან ქვეყანაში საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის 29 დეკემბერს მიღებული პარლამენტის გადაწყვეტილებით აღარ მოქმედებს, ისინი თვეობით და ზოგჯერ წლობითაც ელოდებიან სასამართლოს გადაწვეტილებას. ამასობაში კი უზარმაზარ ზარალს იღებენ.
ამ საკითხს პარლამენტში მხარს უჭერენ უმრავლესობის დეპუტატებიც. ოღონდ „ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან წაქაძე ერთ პირობას აყენებს - წესის ამოქმედება მხოლოდ ბინების გაქირავების მხრივ უნდა მოხდეს.
იგი ამბობს, რომ გაქირავებული ბინებიდან, შეთანხმების შეუსრულებლობისას გასახლების პრობლემების შესახებ მასთანაც არაერთი ინფორმაცია შევიდა, რის გამოც შესაბამისმა უწყებებმა საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.
„ამ მიმართულებით მოკვლევას შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ ინიციატივას, რაც ადამიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული, აუცილებლად დაუჭერენ მხარს და მომხრეებიც აუცილებლად ეყოლებათ. პრობლემა იმ ადამიანებს შეექმნათ, რომლებმაც სახლის გაქირავება ბიზნესად აქციეს, რისთვისაც ისინი წლის განმავლობაში გარკვეულ გადასახადს იხდიან. მე მაქვს ინიციატივა, კანონის იმ მუხლში, რომელიც ადრე მივიღეთ, რადგან იპოთეკარების გასახლება არ მომხდარიყო, ამ კუთხით კანონში ცვლილებები მხოლოდ ბინების გაქირავების ნაწილში შევიდეს. საპოლიციო გასახლების წესით სარგებლობა მხოლოდ ბინის გამქირავებლებმა შეძლონ“, - განაცხადა გადაცემა „რედაქტ2“-ში ბეჟან წაქაძემ.
მისი შეფასებით, ბინების გამქირავებელთა პრობლემები დროებითია, თუმცა საკითხის გადაწყვეტა აუცილებლელია.