თამბაქოს სადა შეფუთვის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა პიკურ ფაზაშია

თამბაქოს სადა შეფუთვის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა პიკურ ფაზაშია

პირველი იანვრიდან თამბაქოს რეალიზაცია ახალი შეფუთვით უნდა მოხდეს. ცვლილების მიხედვით, ყველა ტიპის კოლოფი უნდა იყოს ერთგვაროვანი და სადა. კანონის მხარდამჭერები უკვე ემზადებიან ძირეული ცვლილებებისათვის, მაგრამ ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. საქმე ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

თამბაქოს სადა შეფუთვის ნორმა მსოფლიოში ათი წელია არსებობს და უკვე 35 ქვეყანაში მოქმედებს. საქართველო კი მას წლის ბოლომდე უნდა შეუერთდეს.

„თამბაქოს დიზაინი კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, მაგალითად, ქალბატონებზე და გოგონებზე, ყვავილებით სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული დიზაინები, სწორედ ამ სეგმენტის ათვისებაზეა გათვლილი. ასევე ახალგაზრდებზე და ბავშვებზე, რადგან ზრდასრულ ასაკში თამბაქოს მოხმარებას არავინ იწყებს. შესაბამისად, სწორედ ბავშვების და ახალგაზრდების მიმზიდველობას დაკარგავს ერთგვაროვანი შეფუთვა.

რაც შეეხება არსებულ მწეველებს, ეფექტურობა აქაც დადასტურებულია და კლება დაახლოებით 2%-ის ფარგლებში იქნება. თავად დიზაინი, აბსოლუტურად ყველა კოლოფი, იქნება ერთფეროვანი. თუმცა იქნება ბრენდის წარწერა და სახეობა დატანილი, ოღონდ ქართულ ენაზე და შრიფტით ბრენდის დასახელება 14 ზომას არ უნდა აღემატებოდეს და ქვესახეობის დასახელება 10-ს“, - აღნიშნა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

ბახტურიძის თქმით, ამ ცვლილებას, რომ ეფექტი არ ჰქონდეს თამბაქოს ინდუსტრია კონკრეტული თანამდებობის პირებს ამ ნორმას არ გადაავადებინებდა და 2018 წელს შევიდოდა ძალაში. მისივე თქმით, ინდუსტრიას მცდელობები დღესაც აქვს, თუმცა გადავადების საფუძველი და წინაპირობა დღეს არ არსებობს.

„წინა პერიოდში პანდემიით მანიპულირებდნენ, დღეს ომით, ამ ყველაფერს არანაირი საფუძველი არ აქვს და გადავადების საფუძველი არ არსებობს. ყველა საწარმო, რაც კი უკრაინაში მოქმედებდა, მოქმედია და აწვდიან სადა შეფუთვას ისრაელს, რომლისთვისაც ომამდეც იგზავნებოდა ეს სადა შეფუთვები და ახლაც იგზავნება, ამ კუთხით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - აღნიშნა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბახტურიძემ.

ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც თამბაქოს რეალიზაცია ხდება. ყოველ შემთხვევაზე იქნება 5000-ლარიანი საჯარიმო სანქცია. შეფუთვაზე კვლავ დატანილი იქნება პიქტოგრამები და დანარჩენი თავისუფალი ადგილი იქნება სადა.

ის, რაც გიორგი ბახტურიძეს ადვილად ეჩვენება, სინამდვილეში სულაც არ ჩანს ასე მარტივი. საქმე ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის განხილვა ძალიან მალე დაიწყება.

პროექტის განხილვას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი უახლოეს დღეებში გეგმავს. განიხილება აღნიშნული ვალდებულების 2 წლით გადავადება, რაზეც სწორედ კომიტეტში იმსჯელებენ.

2022 წლის ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, გოჩა ენუქიძემ, გელა სამხარაულმა და ისკო დასენმა პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ვალდებულების გადავადებას ითხოვდა. დეპუტატების აზრით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ, რათა ცვლილების ამოქმედებისთვის გადაწყობა მოახერხონ.

„ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია-განლაგების ვალდებულების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის-შეფუთვის, შეფუთვის ფერის, წარწერებისა და ნიშნების, ზედაპირის, ხმის სურნელისა და ჩანართის, ჩასაფენისა და ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების სტანდარტიზებულ შეფუთვას.

კომპანიების განმარტებით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია, ძირითადად, უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.

ნორმალურ პირობებში, მსგავსს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შეუძლებელი იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო რეჟიმში, რადგან წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რასაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადას“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასე რომ, თამბაქოს სადა შეფუთვის ვალდებულების შემოღება შეიძლება კიდევ ერთხელ გადავადდეს, ხოლო არასამთავრობო სექტორის წინასწარი მითითებები კი სრულიად ფუჭი აღმოჩნდეს.

dimpi ანუ, კიდევ უნდა გააძვიროთ?
2 წლის უკან
dimpi ხოხ, ხოხ, რა ცივილიზებულად მოაზროვნე ბოზნესმენები არიან აქანე, ამერიკაც ვერ დაიკვეხნის
2 წლის უკან